მთის არწივი – ძალაუფლების სიმბოლო

გავრცელება და ზოგადი დახასიათება: მთის არწივი (aquila chrysaetos) –  ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გავრცელებული ერთ-ერთი ყველაზე უკეთ ცნობილი მტაცებელი ფრინველია. დღესაც ეს სახეობა ევრაზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში (მობუდარი მთის არწივების ყველაზე დიდი სიმჭიდროვე  კალიფორნიაში აღინიშნება) და აფრიკის ზოგიერთ ნაწილებში გვხვდება. ერთ დროს ჰოლარკტიკის გასწვრივ იყო გავრცელებული, მაგრამ დღეს ადამიანით მჭიდრო დასახლებული რეგიონებიდან გაქრა.  

მთის არწივი აკონტროლებს ტერიტორიას, რომელიც შეიძლება 155 კვ. კმ-ის ტოლი იყოს. ის მონოგამური ფრინველია, ანუ არწივების წყვილი ერთად რამდენიმე წლის ან მთელი ცხოვრების განმავლობაში რჩება. ამ ფრინველისთვის  მუქი ყავისფერი შეფერილობაა დამახასიათებელი, უფრო ღია ოქროსფერი ბუმბულით კისერსა და თავზე.
აგებულება: მთის არწივის სიგრძემ 100 სმ-ს , ფრთაგაშლილობამ 134 სმ-ს, წონამ კი შეიძლება 6,35 კგ-ს მიაღწიოს (ყველაზე დიდი ეგზემპლარების ზომებზე კამათი დღესაც მიმდინარეობს). სქესებს შორის სხეულის ზომები განსხვავებული, თუმცა შეფერილობა მსგავსია. ზრდასრული ფრინველის შეფერილობა უფრო ღია ფერისაა, ვიდრე ახალგაზრდისა და ნისკარტის ბოლოც მუქია. კუდზე დამახასიათებელია ნახევრად თეთრი ბუმბული.
კვება: მთის არწივი ყველაზე ძლიერი მტაცებელი ფრინველია და ადგილის მიხედვით ის სხვადასხვა მსხვერპლზე ნადირობს. მისი მსხვერპლის სახით დაფიქსირებულია ფრინველების და ძუძუმწოვრების 200-მდე სახეობა. ნადავლის უმეტესობის წონა მისი წონის ნახევარს შეადგენს, თუმცა ამ ფრინველს შეუძლია ჰაერში ისეთი მსხვერპლის აყვანაც, რომლის წონა მისი წონის ტოლია ან მისას ოდნავ აღემატება.

გამრავლება: როგორც უკვე ვთქვით, მთის არწივი მონოგამური ფრინველია. ის  ერთ ბუდეს აშენებს, რომელსაც ყოველწლიურად უბრუნდება, აახლებს და ზომაში ზრდის. ამიტომ ძველი ბუდის დიამეტრი შეიძლება 2 მეტრს შეადგენდეს, სიმაღლე კი_ 1 მეტრს. ბუდე  ხის ტოტებისა და ბალახისგან შენდება. თუ ბუდე განლაგებულია ხეზე, ხის ტოტი, რომელსაც ის ეყრდნობა, შეიძლება მისი სიმძიმისგან ჩატყდეს კიდეც. ზოგი სხვა ცხოველი, რომლის ზომა იმდენად მცირეა, რომ მსხვერპლის სახით ისინი არწივს არ აინტერესებს, მის ბუდეს თავშესაფრად იყენებენ.
მდედრი ბუდეში ერთიდან ოთხ კვერცხამდე   იანვარსა და სექტემბერს შორის დებს. კვერცხის შეფერილობა  თეთრიდან, ყავისფერ წინწკლებიან ან ლაქებიან თეთრამდეა. ინკუბაციის პერიოდი პირველივე კვერცხის დადებიდან იწყება და პატარები 40-45 დღის შემდეგ იჩეკებიან. ბარტყები თეთრი ბუმბულით არიან დაფარული. მშობლები მათ 50 დღის განმავლობაში კვებავენ,მანამ სანამ ისინი ფრენას პირველად ეცდებიან და დამოუკიდებელად კვებას დაიწყებენ. ბუნებრივ პირობებში, უმეტეს შემთხვევაში, გამოჩეკილი ბარტყებიდან მხოლოდ უფროსი ბარტყი რჩება ცოცხალი, ყველაზე ახალგაზრდა კი ბუდეშივე იღუპება. ეს გამოწვეულია იმით, რომ უფროსი რამდენიმე დღით ადრე იჩეკება და ამ დროის განმავლობაში ზრდაში უსწრებს დანარჩენებს, რის გამოც მეტ საკვებსაც იღებს. ეს სტრატეგია გამოსადეგია მშობლებისთვისაც, ვინაიდან მათ შეუძლია ბარტყის გამოკვება მაშინაც, თუ საკვების ნაკლებობაა. ამასობაში იჩეკება შემდეგი ბარტყი, რომელიც პირველს შეცვლის, მისი დაღუპვის შემთხვევაში. მთის არწივი უამრავ ენერგიას და ძალისხმევას ხარჯავს ბარტყების გამოკვებაზე. როცა არწივები დამოუკიდებელ ნადირობას იწყებენ, ისინი მრავალი წლის განმავლობაში ცოცხლობენ. ერთადერთი მტაცებლები, რომლებიც არწივის ბუდეს ერჩის, მურა დათვია.

ადამიანი და არწივი: შუა საუკუნეებიდან დაწყებული, ადამიანები მთის არწივს სანადიროდ იყენებენ. აზიაში მათ იყენებდნენ ისეთ ცხოველებზე სანადიროდ, როგორიცაა ირემი, ანტილოპა და მგელი.
მთის არწივი ხუთი ერის: ალბანელების, გერმანელების, ავსტრიელების, მექსიკელების და ყაზახების ეროვნული სიმბოლოა. ის ასევე გავრცელებული სიმბოლოა იმ ერებშიც, სადაც ეროვნული სიმბოლოდ არ გადაიქცა. არწივი ძალაუფლების სიმბოლო იყო არაბულ პოეზიაში. ლეგენდის მიხედვით იგი სალადინის პერსონალურ ემბლემას წარმოადგენდა. ამჯერად მისი გამოსახულება არსებობს ეგვიპტეს, ერაყის და პალესტინის სამხედრო ჰერალდიკაში.
ზოგიერთ კულტურაში ამ არწივს ეთაყვანებიან. მის ბუმბულს იყენებენ მრავალ რელიგიურ და სასულიერო ტანსაცმელში, განსაკუთრებით აბორიგენი ჩრდილოეთი ამერიკის ხალხები (მართალია, შეერთებულ შტატებში ბუმბულის გამოყენება ამჯერად შეზღუდულია კანონის ძალით).