მცენარეთა დაცვა მავნებელ-დაავადებებისაგან
ცნობილია, რომ მსოფლიოში ყოველწლიურად დაავადებებისა და მავნებლებისაგან გამოწვეული დაზიანების შედეგად იკარგება მოსავლის 20-25%. ზოგიერთი კულტურა ზიანდება 100-ზე მეტი სახეობის მავნებლისაგან და დაავადების გამომწვევებით.
მცენარეთა მავნებლები
მწერების მიერ გამოწვეული მავნეობა სხვადასხვაგვარია იმის მიხედვით, თუ რა ვითარებაში ან პირობებში არსებობს იგი. მნიშვნელობა აქვს არამარტო სახეობას და მის ბიოლოგიურ თავისებურებებს, არამედ გავრცელებასაც. თუ მწერი მცირე ფართობზეა გავრცელებული, მის მიერ გამოწვეული ზარალიც შედარებით უმნიშვნელოა. არსებითი მნიშვნელობა აქვს მცენარის განვითარების ფაზას და ჯიშსაც.
მავნებლის უარყოფითი მოქმედების ხარისხზე გავლენას ახდენს მეტეოროლოგიური პირობები: გვალვიან პერიოდში, როცა მცენარეები წყლის ნაკლებობის გამო ისედაც დასუსტებულები არიან, მწუწნავი მწერებისაგან კიდევ უფრო ზიანდებიან. იგივე უნდა ითქვას ქერქიჭამიების შესახებაც.
მცენარის დაზიანება შეიძლება გამოწვეული იყოს ე.წ. პირველადი ან მეორადი მავნებლის მიერ. პირველადია მავნებელი, თუ ის აზიანებს სრულიად საღ, ჯანმრთელ მცენარეს (ქერცლფრთიანების, ხერხიების მატლები, კალიები, მახრა, ჭრიჭინები და სხვ). მეორეული მავნებლები კი სახლდებიან ამა თუ იმ მიზეზით დასუსტებულ, დაზიანებულ, დაავადებულ მცენარეზე (ქერქიჭამიები, ხარაბუზების დიდი ნაწილი და სხვ.).
არჩევენ აგრეთვე ფიზიოლოგიურ და ტექნიკურ მავნებლებს. ფიზიოლოგიური მავნებლები აზიანებენ და ანადგურებენ მცენარის ვეგეტაციურ, საასიმილაციო ორგანოებს. ტექნიკური მავნებლები აზიანებენ მაგალითად, ავეჯს და საერთოდ მკვდარ მერქანს.
მავნებლები მცენარეს სხვადასხვანაირად აზიანებენ. მღრღნელ მავნებელს შეუძლია მცენარის ცალკეული ორგანოების ან მთლიანად განადგურება, მწუწნი მავნებელი კი მას ასუსტებს.
ფესვის დაზიანების დროს მავნებელმა შეიძლება ამოღრღნას ფესვის გარე შრე ცალკეული მოედნების სახით (ღრაჭა მატლები); მახრა ფლეთავს მთლიან ფესვს ან ანადგურებს კარტოფილის გორგლებსა და ჭარხლის ძირხვენას და სხვ. ხვატარების მატლებს შეუძლიათ აღმონაცენისა და ნორჩი მცენარის ფესვის ყელთან გადაღრღნა; მავთულა ჭიების მატლები იჭრებიან მცენარის ფესვში და მისი გულით იკვებებიან; ღეროსა და ჭიების მატლები იჭრებიან მცენარის ფესვში და მისი გულით იკვებებიან; ღეროსა და ტოტების დაზიანებისას შეიძლება კანი იყოს გარედან მოღრღნილი (ცხვირგრძელები), მასში იყოს გაკეთებული სასვლელები (ხარაბუზები, მაჟაურა, სუნიანი მერქნიჭამია), გახვრეტილი იყოს ქერქი კვერცხის დასადებად (ქერქიჭამიები) და სხვ.
მრავალფეროვანია ფოთლებისა და მწვანე ყლორტების დაზიანება. ერთ შემთხვევაში ფოთოლი მთლიანად შეჭმულია და დარჩენილია ყუნწი (პეპლების ზოგიერთი სახეობების უკანასკნელი ხნოვანების მატლები); ზოგჯერ ადგილი აქვს დაჩონჩხვას, როდესაც მავნებელი იკვებება რბილი ნაწილებით და ტოვებს ფოთლის ძარღვებს (ვაშლის ჩრჩილი), ზედა და ქვედა ეპიდერმისს და წარმოშობს ნაღმებს (ჩაის ჩრჩილი, ჭარხლის ბუზი); ხშირად მავნებელი კვერცხდების ან კვების მიზნით ფოთლებს სიგარებად ახვევს (მსხლის მილმხვევი).
ზოგიერთი მწუწნი მწერის სანერწყვე ჯირკვლებიდან გამოყოფილი ნერწყვი იწვევს მცენარის რეაქციას, რაც გამოიხატება ქსოვილის გადაჭარბებულ ზრდაში და მცენარის სხვადასხვა ორგანოებზე წარმოიშობა ღუდუდოები ანუ გალიები, კოჟრები და სხვ. კოჟრები ჩნდება, მაგალითად, ტოტებსა და ყლორტებზე (ბურტყლაბუგრი), ფესვებზე (ვაზის ფილოქსერა), ფოთლებზე (მუხის მეკაკლურა).
მავნებლები იწვევენ ფოთლების დახუჭუჭებას (ბუგრები), ფერის შეცვლას და სხვ. ასეთი დაზიანების დროს ადგილი აქვს შესაბამის ორგანოებში ანატომიურფიზიოლოგიურ ცვლილებებს, ბიოქიმიურ გარდაქმნებს. გარდა ამისა, მწუწნავი მწერები ჭრილობების მიყენებით ხელს უწყობენ მცენარეში ბაქტერიული, სოკოვანი და ვირუსული დაავადებების გავრცელებას. ამ მხრივ უფრო საშიშნი არიან ბუგრები, ჭიჭინობელები, თრიფსები და სხვ. გენერაციული ორგანოების დაზიანება შეიძლება გამოიხატოს ყვავილების მთლიან განადგურებაში (კოლორადოს ხოჭო), მტვრიანებისა და ბუტკოების ამოჭმით (კოკრიჭამია ცხვირგრძელა), ნაყოფის რბილობისა და ნამდვილი ნაყოფის დაღრღნით, ვაშლის ნაყოფჭამია, ქლიავის ხერხია) და სხვ. დაზიანების ფორმა, ჩვეულებრივ, სპეციფიურია. ამიტომ, მავნებლის მრავალი სახეობის დადგენა შეიძლება მის მიერ დაზიანებული მცენარის მიხედვით.
სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მავნებლები მრავალფეროვანია. მათ მიეკუთვნებიან: ფეხსახსრიანები, ტკიპები, ნემატოდები, მღრღნელები და სხვ.
ნაირჭამია მავნებლები . ნაირჭამია მავნებლები იკვებებიან მრავალი სახეობის ველური და კულტურული მცენარეებით. მათთვის დამახასიათებელია მასობრივი გამრავლება. ამ ჯგუფის მავნებლებიდან თავისი მავნებლობით ყურადღებას იპყრობენ: სწორფრთიანები – კალიისებრნი), კუტკალიისებრნი და ჭრიჭინასებრნი ხეშეშფრთიანთა რაზმიდან – ნამდვილი მავთულა ჭიები ანუ ტკაცუნები, ცრუმავთულა ჭიები ანუ შავტანიანები და ღრაჭები; ქერცლფრთიანთა რაზმიდან – ნაირჭამია ხვატარები, მდელოს ფარვანა, სიმინდის ფარვანა და ზოგიერთი სხვა.
კალიების ოჯახიდან საქართველოში ყურადღებას იპყრობს რამდენიმე სახეობა: აზიური ანუ გადამფრენი კალია, მაროკოული კალია, ნამდვილი იტალიური კალია, ამიერკავკასიის იტალიური კალია, ეგვიპტური კალია.
კალიებში გვხვდება ორი ბიოლოგიური ჯგუფი _ ჯოგური და არაჯოგური. ჯოგურს აკუთვნებენ აზიურ ანუ გადამფრენ კალიას, არაჯოგურს _ ეგვიპტურ კალიას მათ შორის გარდამავალია იტალიური კალია.
აზიური ანუ გადამფრენი კალია. როგორც მატლის, ისე ზრდასრულ ფაზაში აზიური კალია ღრღნით აზიანებს მრავალ მცენარეს და იწვევს სერიოზულ დანაკარგებს. აზიური კალია ზამთრობს კვერცხში ემბრიონის სახით, პარკუჭანაში, ნიადაგში. ერთი დედალი 2-3 პარკუჭანას წარმოქმნის, ერთ პარკუჭანაში შეიძლება იყოს 30-დან 120-მდე კვერცხი. გაზაფხულზე, დაახლოებით მაისში, იჩეკებიან მატლები. ისინი ინტენსიურად იკვებებიან, როდესაც ჰაერის ტემპერატურა 20-280C-ის ფარგლებშია. 150C-ზე ქვემოთ ან 300C-ზე ზემოთ ტემპერატურაზე ისინი წყვეტენ კვებას და თავშესაფარში არიან.
კანის ოთხჯერ გამოცვლის შემდეგ მატლები გადაიქცევიან ზრდასრულ ფორმებად, იკვებებიან დამატებით, სქესობრივად მწიფდებიან, კოპულირდებიან და დებენ კვერცხებს. აზიურ კალიას წელიწადში ერთი თაობა აქვს.
აზიური კალიას წინააღმდეგ აგროტექნიკური ღონისძიებებიდან ურჩევენ ბუდობების ძირითადი კერების დაშრობას და გაკულტურებას, სარეველებისაგან სავარგულების გასუფთავებას. გამოუყენებელია რომელიმე პესტიციდით მომზადებული მისატყუარი მიმზიდველი მასალა (ქატო, კოპტონი, სიმინდი, ღერღილი და სხვა.), რომელსაც დილით ადრე მოაბნევენ კალიების მოქმედების ადგილებში.
ინსექტიციდებიდან წარმატებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს კარატე (ეკ, 50გ/ლ) ან კონფიდორი (ეკ, 200გ/ლ). ორივე მათგანი რეკომენდებულია ვეგეტაციის პერიოდში გამოსაყენებლად.
კუტკალიების ოჯახიდან საქართველოში გავრცელებულია შემდეგი მავნე სახეობები: მწვანე კუტკალია, გრძელკუდა კუტკალია, თეთრშუბლა კუტკალია, ამიერკავკასიის რუხი ანუ ლაქებიანი კუტკალია, მავნე ანუ უფრთო კუტკალია და სხვ.
მწვანე კუტკალია. კუტკალიები ღრღნით ანადგურებენ მცენარის ფოთლებს და ღეროებს, აგრეთვე ნორჩ ნაყოფსაც. კუტკალიები ზამთარს ატარებენ კვერცხის ფაზაში, ნიადაგში, კვერცხსადების სიგრძის მიხედვით 20-34 სმ სიღრმეზე. კვერცხები ნიადაგში გაფანტულია, პარკუჭანის გარეშე. მატლების გამოჩეკა იწყება მარტის შუა რიცხვებიდან და გრძელდება აპრილის შუა რიცხვებამდე. მატლი 5-7 ჯერ იცვლის კანს, რასაც 2-2,5 თვე სჭირდება და წარმოიქმნება იმაგო. სქესობრივად მომწიფების შემდეგ, კუტკალიები კვერცხებს დებენ რბილ, ნასვენ ნიადაგებზე. სქესობრივი პროდუქცია 20-50 ცალია, რომლებიც შეიძლება მცენარეებზეც დაიდოს. წელიწადში ისინი ერთ თაობას იძლევიან.
საჭიროა გამოვლინდეს კუტკალიების კვერცხის დების ადგილები და ისინი გადაიხსნას მატლების გამოჩეკამდე ან გამოჩეკისას. კარგ შედეგს იძლევა მოშხამული მისატყუარი მასალის მობნევა ნაკვეთებზე დილის ან საღამოს საათებში.
მცენარეთა ვეგეტაციის პერიოდში შეიძლება გამოყენებული იქნეს კარატე (ეკ, 50 გ/ლ) ან კონფიდორი (ეკ, 200 გ/ლ).
ჭრიჭინასებრნი. ნაირჭამია მავნებლებს შორის ყურადღებას იპყრობენ ამ ქვერაზმის ორი ოჯახის წარმომადგენლები.
ოჯახის ჭრიჭინები. ამ ოჯახში სოფლის მეურნეობის მავნებლები არიან: ველის ჭრიჭინა, შუბლზოლიანი ჭრიჭინა, მინდვრის ჭრიჭინა.
ჩვეულებრივი ბოსტანა. ახასიათებს არასრული მეტამორფოზი, აზიანებს ღრღნით, დამზიანებელი ფაზებია მატლი და იმაგო. გარდა ერთწლიანი მცენარეებისა, შეუძლია სერიოზული ზიანი მიაყენოს ხეხილს სანერგეში.
ბოსტანა მეზამთრეობს ნიადაგში, უმთავრესად უფრო ხნოვანების მატლებისა და ახალგაზრდა იმაგოს ფაზაში, სხვადასხვა სიღრმეზე. მავნებელი უპირატესობას ანიჭებს ჰუმუსით მდიდარ ნიადაგებს. სქესობრივი მომწიფების შემდეგ იგი ნიადაგში დებს კვერცხებს აპრილიდან ივნისამდე, 20-300 ცალს, მის მიერვე შეკოწიწებულ ბუდეში.
დაახლოებით სამი კვირის შემდეგ გამოჩეკილი მატლები თავდაპირველად ქორიონით იკვებებიან, შემდეგ კი – ორგანული ნივთიერებებით, მწერების მატ-ლებით, ჭიაყელებით და სხვ. აქვს ერთწლიანი გენერაცია.
ბოსტანას რიცხოვნობას ნაწილობრივ არეგულირებენ მწერიჭამია ფრინველები, როცა წყალდიდობისა თუ უხვად მორწყვის გამო ისინი მიწის ზედაპირზე ამოდიან. ეფექტურია მოშხამული მისატყუარი მასალის გამოყენება, რომელსაც უმატებენ 2-3% მზესუმზირის ზეთს. ბოსტანას წინააღმდეგ ბრძოლა უკეთესია ჩატარდეს დატესვამდე ან ჩითილის დარგვამდე 2-3 დღით ადრე, ხოლო ნიადაგის დამუშავებიდან, არაუადრეს 3 დღისა.
ეკოლოგიურად უსაფრთხოა შემდეგი ღონისძიება: ზაფხულის ბოლოს ან ადრე შემოდგომაზე ნაკვეთის დიაგონალზე, რამდენიმე ადგილას იღებენ პატარა ორმოებს (1მ2) ერთი ბარის პირის სიღრმეზე და ჩაყრიან შიგ ცხენის ნაკელს. ცხენის ნაკელი ცხელია და დასაზამთრებლად მახრები სწორედ აქ მოიყრიან თავს. ყინვიან დღეებში ისინი ზემოთ უნდა ამოიყაროს და დიაპაუზაში მყოფი მავნებლები ადვილად გაიყინებიან.
რაზმი ხეშეშფრთიანები. მნიშვნელოვანია ამ რაზმის შემდეგი ოჯახები: ნამდვილი მავთულაჭიები, ცრუმავთულაჭიები და ფირფიტულვაშიანი.
ოჯახი ნამდვილი მავთულაჭიები ანუ ტკაცუნები. ამ ოჯახის წარმომადგენლებიდან სოფლის მეურნეობისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვთ: ქართულ ტკაცუნას, ზოლიან ტკაცუნას, შავ ტკაცუნას, ნათესის ტკაცუნას და სხვ. მავნეობა მოაქვთ ძირითადად მატლებს, რომელთაც მავთულისებრი ფორმის სხეული აქვთ, ისინი ცხოვრობენ ნიადაგში, სადაც ღრღნით ანად-გურებენ დათესილ მარცვალს, ახლად ამოსულ სასოფლო-სამეურნეო მცენარეებს, ძირხვენებს, გორგლებს, ბოლქვებს, ფესვებს, ფესვის ყელს. მავთულაჭიების მატლე-ბის მიერ წარმოშობილი ხვრელის გზით იჭრებიან ლპობის გამომწვევი მიკრო-ორგანიზმები, რომლებიც მათ გახრწნას იწვევენ. ისინი უპირატესობას ანიჭებენ ტენიან ნიადაგებს, ამიტომ, უფრო მეტად არიან გავრცელებული დასავლეთ საქართველოში. სხვადასხვა სახეობის მავთულაჭია ზამთარს სხვადასხვა ფაზაში ატარებს. ისინი ამ დროს ნიადაგში შეიძლება შეგვხვდნენ მატლისა და იმაგოს ფაზაში. სიღრმე დამოკიდებულია ნიადაგის ტიპზე, ჰუმუსის შემცველობაზე, გრუნტის წყლების სიახლოვეზე. ამასთან, გაზაფხულსა და შემოდგომაზე მატლები ნიადაგის ზედა ფენაში არიან, ხოლო ზაფხულში – მაღალი ტემპერატურისა და დიდი გვალვების გამო უფრო ღრმად ჩადიან ნიადაგში და ა.შ. ნიადაგის 25% ტენიანობის შემთხვევაში მატლები ვეღარ იკვებებიან. ზრდასრული მატლები აქვე, 10–12სმ სიღ-რმეზე იჭუპრებენ. ჭუპრის ფაზის ხანგრძლივობა 2-3 კვირაა. იმაგო კვერცხებს დებს ნიადაგში ჯგუფჯგუფად, სულ 100-ზე მეტ ეგზემპლარს. 3–4 წელიწადში ისინი ერთ თაობას იძლევიან.
ღრაჭები. ნაირჭამია ღრაჭებიდან სასოფლო-სამეურნეო კულტურებისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვთ შემდეგ სახეობებს: მარმარა ღრაჭა, მაისის ღრაჭა, სიმინდის ფუნაგორია, ივნისის ღრაჭა და სხვ.
მაისის ღრაჭა. მისი მატლი იკვებება მიწისქვეშა ორგანოებით, ხოჭო კი როგორც კულტურული, ისე ტყის მცენარეულობის ფოთლებით. იგი ხშირად ამ მცენარეთა სრულ განადგურებას იწვევს. ღრაჭები ზამთრობენ მატლისა და იმაგოს ფაზაში, ნიადაგის სხვადასხვა სიღრმეზე. როცა ჰაერის ტემეპერატურა 120C-ს ასცილდება, ხოჭოები იწყებენ გამოფრენას. გაზაფხულზე იკვებებიან კვირტებით, ფოთლებითა და მწვანე ყლორტით. მომწიფების შემდეგ ხოჭო კვერცხებს დებს ნიადაგის ზედა შრეში 10-15 სმ. სიღრმეზე. გარდა ვერტიკალური მიგრაციისა, მატლებს ახასიათებთ ჰორიზონტალური გადაადგილებაც, რომელიც დაკავშირებულია საკვების მოპოვებასთან.
ბრძოლის ღონისძიებებიდან გამოიყენება როგორც აგროტექნიკური, ისე ქიმიური მეთოდები. მატლების წინააღმდეგ მნიშვნელოვანია ნიადაგის ღრმად დამუშავება; ჰექსაქლორანის გამა-იზომერის შეტანა ნიადაგში აპრილის დამლევს ან მაისის დასაწყისში ანუ მაშინ, როდესაც მაისის ღრაჭას მატლები მიწის ზედა ფენებში იმყოფებიან.
იმაგოს წინააღმდეგ შეიძლება მცენარეების დამუშავება 0,3%-იანი ფოსფორორგანული პრეპარატებით (ფოზალონი, კარბოფოსი, დდვფ და სხვ.) ნიადაგის მომსახურება ნემატობაქტერიალური კომპლექსით (ნბკ).
რაზმი ქერცლფრთიანები. ნაირჭამია ქერცლფრთიანებიდან მავნეობით გამოირჩევიან: მდელოს ფარვანა, შემოდგომის ნათესების ხვატარი, ხორბლის ხვატარი, სამხრეთის ანუ ველური ხვატარი, მიწის შავი ხვატარი და სხვ.
შემოდგომის ნათესების ხვატარი. ქერცლფრთიანები მსოფლიოში თითქმის ყველაზე მეტად არიან გავრცელებული. მისი მკვებავი მცენარეების სახეობათა რაოდენობა 50-ს აღემატება. მისი მატლები აღმონაცენს გადაღრღნიან ხოლმე ნიადაგის ზედაპირის დონეზე, ანადგურებენ ახლად დათესილ და უკვე გაღივებულ თესლებს, გორგლებს, ძირხვენებს, ბოლქვებს, ფესვებს ანუ მიწისქვეშა ყველა ორგანოს.
შემოდგომის ნათესების ხვატარის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებებია: მზრალად ხვნა; კვერცხების დადებისთანავე სათოხნი კულტურების გათოხნა, რომლის დროსაც იღუპება კვერცხში განვითარებული ჩანასახი სუბსტრაქტის გაჭკნობა-გახმობის გამო; დაუმუშავებელ ადგილებში, გზის ნაპირებზე ყვავილოვანი სარეველების გათიბვა, რაც პეპლებს დამატებითი საკვების მიღების საშუალებას აღარ მისცემს; კვერცხდების მიწურულში კვერცხის პარაზიტის-ტრიქოგრამას გაშვება; თესლის დამუშავება რეკომენდებული პესტიციდებით და სხვა.
რ. ძიძიშვილი