გაქვთ შეკითხვა ვეტერინართან?

მოგვწერეთ ან დარეკეთ, ტელ.: 595 80 80 81; ელ.ფოსტა: info@agro.ge
პასუხს მიიღებთ ინტერნეტჟურნალ agronews.ge-ს და  ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს” საშუალებით.

1. ხბოს აწუხებს თვალებიდან ცრემლდენა და თვალი თანდათანობით იფარება ლიბრით. რა საშუალება გამოვიყენო, რომ ჩემს ცხოველს დავეხმარო?
_ თვალიდან ცრემლდენა ხდება თვალის პარაზიტის ან მექანიკური დაზიანების გამო, რა დროსაც იყენებენ თვალის წვეთებს და „ტეტრაციკლინს“, თვალის მალამოს. თუ თვალიდან ცრემლდენა არ არის მექანიკური, ცხოველი დასამუშავებელია თვალის ჭიაზე. ამ დროს ვიყენებთ „ივერმექტინის“ შემცველ პრეპარატებს: „პრომექტინს“, „ვილმექტინს“, „ბიომექტინს“. პრეპარატი აუცილებლად კეთდება კანქვეშ და მეორდება 10-12 დღეში.

2. მყავს ჭრელი, შინაური ჯიშის ქათმები. ამ ბოლო დროს ხშირად იბუზებიან, ნაკლებად ჭამენ, აქვთ ღია ფერის ფაღარათი. განსაკუთრებით დამძიმდა მათი მდგომარეობა მას  შემდეგ, რაც სიმინდის საკვები ხორბლით შევუცვალე. რას მირჩევთ, როგორ ვუმკურნალო მათ?
_ პირველ რიგში, აუცილებელია კვების გამოსწორება. მიეცით სიმინდის მარცვალი, თუ პატარები არიან — ღერღილი, რომლის გამდიდრებაც შეგვიძლია საკვებდანამატებით: „განასუპერვიტი“, „განამინოვიტი“. სასმელ წყალში კი ვურევთ „პოლოდოქსინს“ „ბიოკოკცინთან“ ერთად სამ დღეს.
სამი დღის შემდეგ „პოლოდოქსინს“ შეგიძლიათ დაუმატოთ „დასი“, ან „ჩიკტონიკი“.

3. მაქვს საოჯახო მეურნეობა და მყავს საქონელი. ზამთარში ზოგჯერ თითქმის არაა საშუალება, რომ ცხოველებს ვიტამინები მივაწოდოთ. რა საშუალებები გამოვიყენოთ, რომ ცხოველებს ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი მოვუხსნათ, თუ კვება ამის საშუალებას არ იძლევა?
_ ფრანგული წარმოების, კომპანია ნეოლაიტ-ის მინერალებისა და ვიტამინების შემცველ ბოლუსებს აქვთ უნიკალური თვისება, თანდათანობით, საჭიროებისამებრ მიაწოდონ ცხოველს დეფიციტური ნივთიერებები, მას შემდეგ, რაც მოხვდებიან მათ ორგანიზმში. მოიკითხეთ შპს „როქში“ (თბილისი, ქეთევან წამებულის #91-ის მოპირდაპირე მხარე. მეტრო — სამგორი) და ვეტაფთიაქებში.

4. შემოდგომით მაქვს მარცვლეულის უხვი მოსავალი და ხშირად გვჭირდება სიმინდის ან ხორბლის დაფქვა. თუ არის შესაძლებელი ისეთი ხელსაწყოს შეძენა, რომლითაც ოჯახურ პირობებშიც მოვახდენთ მარცვლეულის დაფქვას?
_ შეგიძლიათ შეიძინოთ თურქული წარმოების მარცვლის საღერღი აპარატი, რომელიც განკუთვნილია ყველა სახის მარცვლოვანი თუ ბოსტნეული კულტურის სხვადასხვა ფრაქციებად დასაყოფად. მოიკითხეთ შპს „როქში“ (თბილისი, ქეთევან წამებულის #91-ის მოპირდაპირე მხარე. მეტრო — სამგორი).

5. ძლიერი სიცხეების პერიოდში ჩემს ღორს შევამჩნიე უმადობა. ცხოველი ცდილობს დასაწოლად გრილი ადგილი მონახოს. ამ ყველაფერს თან დაერთო ძლიერი სისუსტე, მაღალი ტემპერატურა და ფაღარათი. როგორ დავეხმარო მას ასეთ დროს?
_ აუცილებელია მშვიდი გარემო. ხშირად მორწყეთ მიწა, სადაც ის წვება, მაგრამ წყალს უშუალოდ ცხოველს ნუ დაასხავთ. მაღალი ტემპერატურის ან სხვა გართულებების დროს გაუკეთეთ ანტიბიოტიკი („პრიმავილინი“, „ოქსიტეტრაციკლინი 200“, „პენბექსი“). სისუსტის დროს გაუკეთეთ კალსიმინი ან კალფოსეტი.

რუბრიკას უძღვება „მომავლის ფერმერი“

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.