აგრარული განათლებადარგებიმემცენარეობა

მცენარეთა კვება და მოსავლიანობა

  მცენარეთა კვება მცენარის სიცოცხლის საფუძველი და  ნივთიერებათა ცვლის ნაწილია.

   მცენარისათვის საჭირო საკვები ელემენტების წყარო ნიადაგია. მასზე მოთხოვნილება დამოკიდებულია მცენარის ბიოლოგიურ თავისებურებებზე, მოსავლის რაოდენობასა და ხარისხზე. საკვები ელემენტების საერთო რაოდენობიდან მცენარე მხოლოდ ადვილად  მისაწვდომ მოძრავ ფორმებს ითვისებს.

   აღსანიშნავია, რომ მე-18 საუკუნეში მეცნიერებს შორის გაბატონებული  იყო მოსაზრება მცენარეთა  ჰუმუსოვანი კვების შესახებ, რაც გულისხმობდა, რომ მცენარე მისთვის საჭირო საკვებ ელემენტებს ორგანული ნივთიერებების სახით ითვისებს, ხოლო მინერალური ნივთიერებები მასტიმულირებელ  როლს ასრულებს.

მე-19 საუკუნის 40-იან წლებიდან დამკვიდრდა აზრი მცენარეთა მინერალური კვების შესახებ, ჩამოყალიბდა ნიადაგში საკვები ნივთიერების სრული დაბრუნების თეორია. შემდგომი კვლევები და თანამედროვე მეცნიერების მიღწევები ადასტურებს ამ თეორიის საფუძვლიანობას. უამრავი მასალა არსებობს მცენარეთა რაციონალურ  კვებაზე, მის პირდაპირ კავშირთან მოსავლიანობასა და   ხარისხთან, აგროეკოლოგიასთან.

მცენარეული ორგანიზმის შემადგენლობაში 74-ზე მეტი ქიმიური ელემენტია, რომელთაგან 16 მეტად აუცილებელია.

ნახშირბადი, ჟანგბადი, წყალბადი და აზოტი ორგანული ელემენტებია; ფოსფორი, კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, რკინა _ გოგირდ-ნაცრის ელემენტები;  ბორი, მანგანუმი, სპილენძი, თუთია, კობალტი, მოლიბდენი –მიკროელემენტები.

მცენარეების მიერ საკვები ელემენტების შეთვისება დამოკიდებულია ნიადაგის ტიპზე, მის ტენიანობაზე, ტემპერატურაზე, განათებაზე, ნიადაგის ხსნარის რეაქციაზე და სხვა პირობებზე.

ნახშირბადი, წყალბადი და ჟანგბადი ნახშირწყლების უმნიშვნელოვანესი შემადგენილი ნაწილია. მცენარე ნახშირორჟანგს ფოთლების მეშვეობით ჰაერიდან შთანთქავს, წყალს და მინერალურ მარილებს ნიადაგიდან.

თითოეულ საკვებ ელემენტს განსაკუთრებული  მნიშვნელობა აქვს მცენარის ზრდა-განვითარების საქმეში.

    აზოტი

   აზოტი გავლენას ახდენს მცენარეთა ზრდის პროცესზე, იგი ცილის წყარო და  მეტად სასიცოცხლო ელემენტია. აზოტი  გეოქიმიური თვალსაზრისით, მცენარეში არსებული ამინომჟავების, ცილების, ქლოროფილის, ალკალოიდების შეუცვლელი შემადგენელი ნაწილია.აზოტი ატმოსფეროს ის ელემენტია, რაც უმთავრესად დედამიწის აეროვან არეში გროვდება, სადაც მისი შემცველობა 75 %-მდეა. ნიადაგში აზოტის დაგროვების ძირითადი წყარო ატმოსფეროა. დედამიწის ზედაპირის თავზე ყოველ ჰექტარ ფართობზე 70-80 ტონამდე აზოტია.

ნიადაგის ორგანულ ნივთიერებაში შემავალი აზოტის ამიაკში გადასვლას ამონიფიკაცია ეწოდება. ამიაკის ნიტრატამდე დაჟანგვას _ ნიტრიფიკაცია,  ხოლო ნიტრატული აზოტის აღდგენას _– დენიტრიფიკაცია.

ნიადაგში განუწყვეტლივ მიმდინარეობს როგორც ორგანული ნივთიერების მინერალიზაცია _ ნიტრატებამდე, ისევე უკვუ პროცესიც _ მინერალური აზოტის შენაერთები მცენარისთვის შეუთვისებელ ორგანულ შენაერთებში აღდგებიან.

ფოსფორი

ფოსფორი აძლიერებს მცენარის ღეროს და ფესვთა სისტემას, აჩქარებს ნაყოფის დამწიფებას, აუმჯობესებს მის ხარისხს, აძლიერებს მცენარის გვალვა და ყინვაგამძლეობის, მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგობის უნარს. ფოსფორი უშუალოდ მონაწილეობს მცენარის ყველა სასიცოცხლო პროცესში.

დიდია მისი როლი ნივთიერებათა ცვლაში. მცენარისათვის ფოსფორის ძირითადი წყარო ორთოფოსფორმჟავას მარილებია. ფოსფორს მცენარე მისი განვითარების ყველა ფაზაში იყენებს.

ჰუმუსით ღარიბ სილნარ კორდიან-ეწერ ნიადაგებში ფოსფორის შემცველობა მცირეა, ხოლო ჰუმუსით მდიდარ ნიადაგებში შედარებით მეტია.

   კალიუმი

კალიუმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნახშირწყლების წარმოქმნაში, განაპირობებს მცენარეთა მაღალ მდგრადობას დაავადებებისადმი. გიგი ხელს უწყობს ფოტოსინთეზის გააქტიურებას, აძლიერებს ვიტამინების  სინთეზს, ადიდებს ნაყოფში შაქრის შემცველობას, ზრდის მოსავლიანობას.

ნიადაგში კალიუმის ნაკლებობა ხშირად მცენარეებზეც ვლინდება; ფოთლის ნაპირები ხმება, უმეტეს შემთხვევაში ფოთლები მოყვითალო-ყავისფრად იფერება. ეს ნიშნები ჯერ ქვედა ფოთლებზე ვლინდება და თანდათანობით ზედა იარუსის ფოთლებზე ინაცვლებს.

  გოგირდი, მაგნიუმი და რკინა

გოგირდი, მაგნიუმი და რკინა ჟანგვა-აღდგენის  პროცესში, ქლოროფილის შექმნასა და ფოტოსინთეზში მონაწილეობს. დანარჩენი ელემენტები ორგანულ ნივთიერებათა შენებასა და სხვა ფერმენტატულ პროცესებში არიან ჩართული. ისინი ხელს უწყობს მოსავლიანობის გაზრდას  და ხარისხის გაუმჯობესებას.

მცენარეთა კვების რეგულირების ამოცანაა  მისი ზრდა-განვითარების ყველა ფაზაში საკვები ნივთიერებებით მცენარის უზრუნველყოფა.

მცენარეთა კვების სამი ფორმა არსებობს: ჰაეროვანი, ფესვური და ფესვგარეშე (ფოთლოვანი).

მცენარის ჰაეროვანი კვება მწვანე ფოთლებით საკვები ნივთიერებების შეთვისება-ასიმილაციაა, ხოლო მცენარეთა ფესვური, ანუ, ნიადაგური კვება _ მცენარის მიერ წყლისა და მინერალური მარილების ფესვების მეშვეობით შეთვისება, მცენარეთა ფესვგარეშე კვება კი _ დაბალპროცენტიანი მარილების ხსნარების ფოთლებზე შესხურებით საკვები ელემენტების შეთვისება.

ფესვგარეშე გამოკვებისათვის (ბოსტნეულისათვის) ძირითადად  მიკროელემენტები, ხოლო თავთავიანი კულტურებისათვის კი აზოტმჟავა ამონიუმი და შარდოვანა გამოიყენება. ფოთლიდან მცენარეში შესული საკვები ნივთიერება მცენარეთა მოთხოვნილებას ნაწილობრივ აკმაყოფილებს, იგი  ფესვური გამოკვების დანამატია.

კვების ელემენტებზე მოთხოვნილება მცენარის ასაკსა და მოვლა-მოყვანის პირობებს უკავშირდება. ყველა კულტურას საკვები ნივთიერების შეთვისების ინდივიდუალობა ახასიათებს.

ყველა შემთხვევაში აუცილებელია  მცენარეთა დაბალანსებული კვება, რაც მცენარის ნორმალურ ზრდა-განვითარებას, მაღალ და ხარისხიან მოსავალს, აგროეკოლოგიურ წონასწორობას განაპირობებს.

მიწათმოქმედებისა და მემცენარეობის ძირითადი კანონები

მიწათმოქმედებისა და მემცენარეობის ძირითადი კანონების ცოდნა და დაცვა ის საფუძველია, რაც სასოფლო-სამეურნეო წარმოების მაღალი კულტურის და შესაბამისად, მაღალი სამეურნეო და ეკონომიკური შედეგიანობას განაპირობებს.

პირველი „მცენარის სასიცოცხლო ფაქტორების თანაბარი მნიშვნელობისა და შეუცვლელობის კანონია“. ამ კანონის მთავარი არსი ის არის, რომ მცენარის არც ერთი ფაქტორი, სხვა ფაქტორით არ შეიძლება შეიცვალოს.

ნიადაგი საკვები ელემენტებით რაც უნდა უზრუნველყოფილი იყოს, იგი ვერ აანაზღაურებს ტენის დეფიციტს. არ შეიძლება  ფოსფორის ნაკლებობა კალიუმით ან აზოტით შეივსოს. მცენარის არსებობისთვის ყველა ფაქტორი მნიშვნელოვან ფუნქციას  ასრულებს. მათი შეუცვლელობის პრინციპი ლოგიკურად განსაზღვრავს ფაქტორთა თანაბარ მნიშვნელობას. ამა თუ იმ ფაქტორის რაოდენობრივი მოთხოვნილების მიუხედავათ, ისინი მცენარისათვის ერთნაირად საჭიროა. აქედან გამომდინარე პირველ და მეორეხარისხოვან ფაქტორებზე ლაპარაკი არ შეიძლება.

მეორე „მინიმუმის“, „ოპტიმუმის“ და „მაქსიმუმის“ კანონია. ამ კანონის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის დონე იმ ელემენტით ან ფაქტორით განისაზღვრება, რაც „მინიმუმში“ იმყოფება. ეს უკანასკნელი არ იძლევა საშუალებას ოპტიმალურად ან მაქსიმალურად წარმოდგენილი სხვა ელემენტები, ან ფაქტორები მცენარის პროდუქტიულობის ასამაღლებლად სრულყოფილად გამოიყენებოდეს. მაგალითად:  თუ ნიადაგში აზოტის რაოდენობა საკმარისია 20 ცენტნერი მოსავლის მისაღებად, მაგრამ ფოსფორისა და კალიუმის მარაგი 80 ცენტნერს ჰყოფნის,  «მოსავალი მაინც 20 ცენტნერის ფარგლებში მოიწევა. ან კიდევ, თუ წყლის მარაგი ნიადაგში 15 ცენტნერი მოსავლის მიღებას უზრუნველყოფს, ხოლო საკვები ელემენტები 50 ცენტნერის მისაღებად არის საკმარისი, მოსავალს მაინც 15 ცენტნერს  მოვიწევთ.

ამგვარად კარგი სასოფლო _ სამეურნეო წარმოება ამ შემთხვევაში „მინიმუმში“ არსებული ელემენტის ან ფაქტორის ოპტიმუმში გადაყვანაა.

მესამე „მცენარის სასიცოცხლო ფაქტორების ერთობლივი მოქმედების კანონია“. ცნობილია, რომ სასიცოცხლო ფაქტორები მცენარის პროდუქტიულობაზე გავლენას იზოლირებულად კი არ ახდენს, არამედ ისინი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. მცენარეები განუწყვეტლივ განიცდის სასიცოცხლო ფაქტორთა  მთელი სპექტრის მოქმედებას და ურთიერთმოქმედებას. ამგვარად, მაქსიმალური მოსავლის მისაღებად აუცილებელია ყველა ფაქტორის ოპტიმალური ურთიერთშეფარდებით ერთდროული არსებობა. ასეთ შემთხვევაში ყველა მათგანი მაქსიმალური სარგებლობით გამოიყენება.

მცენარეთა დაბალანსებული კვება, რაც მაღალეფექტიანი ახალი თაობის სასუქების რაციონალური გამოყენებით მიიღწევა, უზრუნველყოფს მაღალი და ხარისხიანი მოსავლის მიღებას, პროდუქციის ნაშთების დაგროვების შეზღუდვას, ნიადაგის ფიზიკურ-ქიმიური თვისებების და სტრუქტურის გაუმჯობესებას, ნაყოფიერების ამაღლებას.

რაც მთავარია, არ იქმნება აგროეკოლოგიური პრობლემები, სასუქები ნიადაგიდან ინტენსიურად გამოირეცხება,  მდინარეები, ჭები, გამდინარე წყლები არ ბინძურდება, ბიომრავალფეროვნების და ეკოლოგიური მდგრადობის შესანარჩუნებლად იქმნება ხელშემწყობი პირობები.

ირინა ცომაია

PS. ქალბატონი ირინა ცომაია სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი  გამორჩეული სპეციალისტი იყო, სამწუხაროდ ნაადრევად წავიდა ამქვეყნიდან. მან ჟურნალ „აგრარული საქართველოს“ დაარსებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, იგი სიცოცხლის ბოლომდე უანგაროდ გვერდში  გვედგა, გვაწვდიდა რჩევასა და საინტერესო მასალებს.

დღეს გთავაზობთ ქალბატონი ირინა ცომაიას პატარა, მაგრამ მნიშვნელოვან წერილს, რითაც გვსურს პატივი მივაგოთ მის ხსოვნას.