დარგებიმცენარეთა დაცვა

კარტოფილის ჩრჩილი

წარმომავლობა_ სამხრეთ ამერიკა (ანდები).
გავრცელება: ფართოდ არის გავრცელებული ყველა კონტინენტზე.
საქართველოში პირველად გამოჩნდა ფოთში 1938 წელს, როგორც ჩანს მაშინ კერის ჩაქრობა მოხერხდა (შუტოვი – `კარტოფილის მავნებლები~ _ 1962წ.). მოგვიანებით კარტოფილის ჩრჩილი აღმოაჩინეს ყირიმში და რუსეთის ფედერაციის სამხრეთ ნაწილში, ასტრახანში, ტაგანროგში, დაღესტანში, ყუბანში, კასპიის ზღვის სანაპიროზე, სტავროპოლში და სხვაგან (1980-2004წ.), როგორც ჩანს, მან რუსეთიდან საქართველოში, კერძოდ, აფხაზეთის რეგიონშიც შემოაღწია (1981წ.) და ქვეყნის სხვა რეგიონებშიც გავრცელდა. დღეს კარტოფილის ჩრჩილი უკვე აღმოჩენილია მარნეულის, გარდაბნის, ბოლნისის რაიონებში, თუმცა ზუსტი ცნობები ამ მავნებლის საქართველოში გავრცელების არეალის შესახებ დღემდე არ არსებობს.

მორფოლოგიური და ბიოლოგიური თავისებურებები

კარტოფილის ჩრჩილი პატარა რუხი შეფერილობის პეპელაა. პეპლის გაშლილი ფრთების სიგრძე 12-15 მილიმეტრს აღწევს, მამალი პეპელა 2-2,5 მმ. პატარაა.
ზრდასრული მუხლუხო ან ჭუპრი ნიადაგის ზედა შრეში დარჩენილ მცენარეთა ნარჩენებში იზამთრებს. პეპელა ადრიან გაზაფხულზე გამოფრინდება და ბუნებაში ოქტომბრის ბოლომდე გვხვდება. ისინი განსაკუთრებით მზის ჩასვლისა და ამოსვლის პერიოდში აქტიურდებიან, დღისით უფრო შეყუჟულები არიან მცენარეთა ფოთლებში ნიადაგთან ახლოს. კვერცხების დიდ ნაწილს დედა პეპელა შეწყვილების პირველსავე დღეებში დებს. პეპელას შეუძლია იცოცხლოს სამი და მეტი კვირა. განმეორებითი შეწყვილების შემდეგ ისინი ჯგუფებად ან განმარტოებით კვერცხებს დებენ ფოთლებზე, მიწით დაუფარავ ბოლქვებზე, ხოლო საცავში კარტოფილის ბოლქვების საკვირტე თვლებში, მცირედ ჩაღრმავებულ და  დაზიანებულ ადგილებზე. დედა ჩრჩილი 160-200 კვერცხს დებს. გამოჩეკის ხანგრძლივობა 3-დან 10 დღემდე მერყეობს (ტემპერატურის მიხედვით).
გამოჩეკისთანავე მუხლუხო საკვების მოსაპოვებლად აქტიურად გადაადგილდება და თავის ირგვლივ დასაცავად აბლაბუდას იკეთებს. ის უფრო ბოლქვებზე საკვირტე ადგილებს ეტანება. გარემო პირობების შესაბამისად მუხლუხო 11-14 დღის განმავლობაში ასრულებს განვითარებას. ისინი ტემპერატურის მკვეთრ ცვალებადობას უძლებენ; მაშინაც კი როცა ბოლქვი მოიყინება, არ იხოცებიან.
როგორც კი დაასრულებენ კვებასა და განვითარებას, ისინი ტოვებენ  ფოთლებს, ღეროებს, ბოლქვებს და სხვადასხვა თავშესაფარში (ნაგავში, ტომრებში, იატაკის ქვეშ) იკეთებენ ნაკლებად შესამჩნევ ბუდეს, რასაც ზემოდან აკრავენ ნაგვისა და მიწის ნაწილაკებს. 3-4 დღის შემდეგი ისინი გადაიქცევიან ჭუპრებად, საიდანაც 6-8 დღეში ჩრჩილის პეპლები გამოიჩეკებიან. სასიცოცხლო ციკლი კვერცხიდან საბოლოო ჩამოყალიბებამდე ზაფხულში 22-30 დღე, ხოლო ზამთარში ორიდან ოთხ თვემდე გრძელდება.
კარტოფილის ჩრჩილი განვითარების ნებისმიერ სტადიაში (კვერცხი, მუხლუხო, ჭუპრი) მინუს 40C და პლუს 340C კვდება. ცნობილია, რომ საველე პირობებში აშშ-ში ჩრჩილი ოთხ თაობას იძლევა, ჩინეთში _ ხუთს; ავსტრალიაში _ ცამეტამდე. ჩვენს ზონაში შედარებით ზომიერი კლიმატის პირობებში 3-4 გენერაციას იძლევა.
ჩრჩილი განსაკუთრებით კარგად მრავლდება კარტოფილის ფოთლებსა და ბოლქვებზე, შემდეგ ბადრიჯანსა და პამიდორზე, ნაკლებად ველურად მზარდ ძაღლყურძენასებრთა ოჯახის წარმომადგენლებზე.
საყურადღებოა, რომ ჩრდილოეთ ყირიმსა კავკასიის შავიზღვისპირეთში ველურად მოზარდი ძაღლყურძენასებრთა ოჯახის წარმომადგენლები კარტოფილის ჩრჩილის ბუნებრივი საცავია.
მავნებლობა

აზიანებს კარტოფილს, ბადრიჯანს, პამიდორს, თამბაქოს, წიწაკას, ძაღლყურძენას, ლემს და სხვა ველურად მზარდ ძაღლყურძენასებრთა        ოჯახის წარმომადგენლებს.
იგი მთელს მსოფლიოში მიჩნეულია, როგორც განსაკუთრებით საშიში მავნებელი, რომელსაც შეუძლია განვითარების ყველა სტადიაში გავრცელდეს და აუნაზღაურებელი ზიანი მიაყენოს მეურნეობას. ამიტომ იგი ყველა ქვეყანაში მკაცრ საკარანტინო პირობებს ექვემდებარება.
მაგალითად: ბევრი განვითარებული ქვეყნის კანონმდებლობით კარტოფილის ჩრჩილის კერის აღმოჩენის შემთხვევაში მთლიანად იკეტება და ისინჯება კერის მიმდებარე სამკილომეტრიანი ზონა. პორტებში იხსნება გემების საცავები და დაავადებული პროდუქტი ნადგურდება.
რისკის ზონებში კარტოფილის ნათესებს, ჩახმობამდე ერთი კვირით ადრე მწვანე ფოჩები უნდა აეჭრას და დაიწვას, კარტოფილი კი დაჩქარებული წესით აიღოს და საგანგებოდ დამუშავდეს.