მცენარეთა როლი ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტაში
ტერმინი ეკოლოგია შემოიღო გერმანელმა ბიოლოგმა ერნსტ ჰეკელმა 1866 წელს. სიტყვა ეკოლოგია ძველბერძნული წარმოშობისაა „ოიკოსი“, რაც ნიშნავს საცხოვრებელს, სამყოფელს, სახლს, „ლოგოს“ ნიშნავს მოძღვრებას, მეცნიერებას. ცოცხალი და არაცოცხალი ბუნების ურთიერთქმედების შემსწავლელი მეცნიერებაა ეკოლოგია. უფრო ზუსტად, ეკოლოგია არის ბიოლოგიური მეცნიერება, რომელიც იკვლევს სისტემების (პოპულაციების, ეკოსისტემების და სხვ.) სტრუქტურას და ფუნქციონირებას დროსა და სივრცეში ბუნებრივ და ადამიანის მიერ შეცვლილ პირობებში. ამ გამონათქვამიდან ძალაუნებურად ჩნდება აზრი: ადამიანი ბუნების ორგანული ნაწილია.
ადამიანი და ბუნება იმდენად ენათესავებიან ერთმანეთს, რომ თითქმის ერთია. ბუნება ნაწილობრივ, თითქოს მკვდარია, მაგრამ ამავე დროს ცოცხალია მცენარეების და ცხოველთა სამყაროს საშუალებით. და, რაც მთავარია, ბუნება ცოცხალია ადამიანის საშუალებით. ადამიანი “მკვდარი” ბუნების ის ნაწილია, რომლითაც ბუნება საკუთარი თავის გაცნობიერებას და შემეცნებას ცდილობს. ეკოლოგია ყოველივე ამასთან ერთად, ბუნების სიყვარულს და პატივისცემასაც ნიშნავს.
ცოცხალი სამყაროს უსასრულო არსებობას მისი მუდმივი განახლება აპირობებს. განახლებადია სიცოცხლის ყველა ფორმა, უმარტივესიდან ურთულეს, უმაღლეს ფორმებამდე. სწორედ ახალი თაობის წარმოქმნისას მიიღწევა ორგანიზმის ცვლილებები, მისი სრულყოფა და ადაპტაცია გარემო პირობებთან. ეს პროცესი მილიონობით წელი გრძელდება და დღესაც დასრულებული არ არის. დედამიწა ტიპიური ციური სხეულია და თვითგანახლების მაღალი უნარი გააჩნია. წარსულში დედამიწის თვითგანახლების პოტენციალი საზოგადოებისათვის დამაკმაყოფილებელი იყო. დღეისათვის კი ვითარება პრაქტიკულად შეიცვალა და გაუარესების პროცესი გაძლიერებული ინტენსივობით მიმდინარეობს. ბუნებრივად მიმდინარე ეკოლოგიურ ცვლილებებს დაემატა, ადამიანის საქმიანობით გამოწვეული ანთროპოგენული დაბინძურების ფაქტორები, რამაც ეკოლოგიურ კატასტროფამდე შეიძლება მიგვიყვანოს. ფაქტორთა შორის მნიშვნელოვანი დამაბინძურებელია სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსი, მძიმე მრეწველობა, ტრანსპორტი და აგრარული სექტორი.
დღეს დედამიწაზე არსებობს – კაცობრიობა, თავისი უნიკალური ცივილიზაციით და კულტურით. მიღწევები გასაოცარი და განსაცვიფრებელია, მაგრამ რა გველოდება წინ, საით მივდივართ?! რა ელოდება დედამიწას, კაცობრიობას, რომელიც შეუგნებულიცაა და შეგნებელიც?! მათ ხომ ხელეწიფებათ საკუთარი თავის და დედამიწის მოსპობა-განადგურება და გადარჩენა-აყვავებაც. მიწისგან ვართ შექმნილნი და ისევ მიწად ვიქცევით.
ბუნებამ თავისი განვითარების სამი ძირითადი საფეხური განვლო: ორგანული ბუნება, როგორც სიცოცხლეს მოკლებული სტრუქტურა, ე.წ. აბიოსფერო; ორგანული ბუნება, დაწყებული პირველი ცოცხალი ორგანიზმებით – მცენარეები, ცხოველები და ადამიანი, როგორც ბიოსფერო; საზოგადოება, ყველაზე სრულყოფილი ბიოსფერული სტრუქტურა, რომლშიც ხდება აბიოგენური და ბიოგენური მოვლენების გარდაქმნა სოციოგენურ მოვლენად – ნოოსფეროდ ანუ ანთროპოსფეროდ.
ადამიანის და გარემოს ურთიერთკავშირს აქვს პლანეტარული ხასიათი. ადამიანის მიერ ბუნებრივი რესურსების გამოყენებას მოსდევს გარემოს შეცვლა, დადებითად და უარყოფითად. ამიტომ, გარემოს დაცვა ყველა ქვეყნისთვის პრიორიტეტული უნდა იყოს.
გარემოს დაბინძურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა აგრარული მიმართულება. ადამიანის კვება მსოფლიო პრობლემას წარმოადგენს. აქტუალური გამოთქმაა „ჭამა ყველას უნდა“. ბუნებრივი რესურსების გამოყენება არ იძლევა საშუალებას მივიღოთ იმდენი მოსავალი, რამდენიც დააკმაყოფილებს ადამიანის მოთხოვნას საკვებზე. ამიტომ, იძულებულნი ვართ გამოვიყენოთ გაზრდილი დოზებით სასუქები, ჰერბიციდები, დაავადებების და მავნებლების საწინააღმდეგო ქიმიური საშუალებები.
21 საუკუნე ამ მხრივაც გამორჩეულია და ადამიანებმა შენიშნეს რა გარდაუვალი კატასტროფის მოახლოება, დაიწყეს ახალი საშუალებების ძებნა. ამ მხრივ მეტად მნიშვნელოვანია: ქიმიური ეკოლოგია, რომელიც შეისწავლის ცოცხალი ორგანიზმების და მათ გარემოს შორის ქიმიური ურთიერთქმედებების როლს ევოლუციაზე. ქიმიური ეკოლოგია აქცენტს აკეთებს ეკოლოგიის ბიოქიმიაზე და სპეციფიკურ მოლეკულათა ჯგუფებზე. ქიმიური ეკოლოგიური პროცესები შეიძლება იყოს ინტრასპეციფიკური (სახეობის შიგნით) და ინტერსპეციფიკური (სახეობებს შორის).
მცენარეთა ქიმიური ეკოლოგია უმთავრესად იმ მცენარეებს შეისწავლის, რომლებიც სხვადასხვა ფიტოქიმიურ ნივთიერებას გამოყოფენ. იგი ხშირად ორგანიზმებს შორის მუტუალისტურ(სხვა სახეობებების რიცხოვნებაზე მოქმედება) ურთიერთმოქმედებებს მოიცავს.
მიკროორგანიზმებს შორის ურთიერთქმედება მეტად მნიშვნელოვანია. მიკრობები მათსა და მცენარეებს შორის ინტერფეისს შეიმუშავებენ, მცენარეთა ზედაპირის მეშვეობით მცენარეებში ზრდით. ამისათვის მიკრობებს მცენარეთა დამცავი ზედაპირის ჰიდროფობური ცვილის ფენის გადალახვა უწევთ. მიკროორგანიზმები სპეციალურ სითხეებს გამოყოფენ, რისი მეშვეობითაც მცენარეთა დამცავ გარე საფარში აღწევენ.
მცენარის და მწერის ურთიერთმოქმედება მნიშვნელოვანი სუბველია. მცენარეები და მწერები ქიმიურ ევოლუციურ რბოლაში არიან ჩართულნი. მცენარეებს მწერებისაგან (მტრებისგან) თავდასაცავად ქიმიური დამცავი საშუალებები უვითარდებათ, მწერებს კი მცენარეების შხამის წინააღმდეგ იმუნიტეტი, ზოგიერთ შემთხვევაში კი მცენარეთა შხამებს მათი მტაცებლის წინააღმდეგ ქიმიური თავდაცვის საშუალებად ხელახლა იყენებენ.
ბიოსფეროს აღუდგენელი კომპონენტია ნიადაგი. ნიადაგი წარმოადგენს ცოცხალი ორგანიზმების, უმეტესად მცენარეული ნივთიერებების ურთიერთქმედების ბუნებრივ პროდუქტს. მისი ზედაპირული მინერალური საფუძველია წყალი, მზის ენერგია, ჰაერი და დადებითი ტემპერატურა. ნიადაგის ფენის წარმოშობისა და განვითარების რთულ პროცესში ორგანული ნივთიერებები იხრწნება და ჰუმუსად გარდაიქმნება. ამ დროს ერთი სახის მინერალების გახლეჩა და სხვა მინერალების სინთეზი, სხვა ორგანული მჟავების, მინერალური კოლოიდების წარმოქმნა ხდება. ასე ხდება ნიადაგზე დასახლებული მცენარეების დაკმაყოფილება საკვებზე. ამ პროცესების განხორციელებით ხდება ნიადაგი ნაყოფიერი. ეს პროცესი კი მეტად ხანგრძლივია და ამერიკელი მეცნიერების გამოკვლევებით 2-3 სმ ნიადაგის ფენის წარმოქმნას 200-დან 1000 წელი გრძელდება. ნორმალური სახნავი ფენის (18-20სმ) მიღებას კი 1400- 7000 წელი.
აღწერილი საგანგაშო მდგომარეობიდან გამომდინარე აკადემიკოსი ს. შვარცი წერს: “ დღეს ყველა ადამიანი ცოტა ეკოლოგი უნდა იყოს“. დღეისათვის სოფლის მეურნეობაში მუშავდება მრავალი საკითხი, რომელიც საშუალებას იძლევა დავიცვათ გარემო და გავაუმჯობესოთ ეკოლოგიური პირობები.
თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა ზუსტად განვსაზღვროთ სასუქების დოზები. ამის საუკეთესო საშუალებაა წინასწარ ნიადაგის ანალიზის ჩატარება. ეს ფერმერებს საშუალებას მისცემს დაზოგონ სახსრები და ზუსტი რაოდენობით შეიტანონ სასუქები და დაიცვან თავი დანაკარგებისაგან. მნიშველოვანია მსოფლიოს ტენდენცია ხსნადი სასუქების გამოყენებაზე. ეს საშუალებას იძლევა სასუქის მოქმედება იყოს უფრო აქტიური, დანაკარგები შევამციროთ მინიმუმამდე და დავიცვათ ბუნება დაბინძურებისაგან.
თანამედროვე მსოფლიოში სასუქების ფორმები მეტად მრავალფეროვანი გახდა. არსებული სასუქების უმეტესობა მრავალკომპონენტიანია. არის სასუქები, რომლებიც შეიცავს 5, 8 და 12 ელემენტს. ეს საუკეთესო საშუალებაა, არა მარტო მოსავლიანობის გაზრდის, არამედ ნიადაგის ნაყოფიერების დასაცავად. დიდი ხანია იყენებენ ბაქტერიულ და მიკრობულ სასუქებს, შეტანილი სასუქების უკეთ ასათვისებლად. ეს ღონისძიებები კი ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებაა.
მნიშვნელოვანია ჰერბიციდების ეფექტური გამოყენება. აქ ორი პრობლემა გვაქვს: ერთი – დოზები და მეორე – შეტანის დრო. ალბათ დამეთანხმებიან ფერმერები, რომ ხშირად ელოდებიან ყველა სარეველას წამოსვლას, რომ მერე შეიტანონ. ეს ორმხრივ უარყოფით შედეგს გვაძლევს: მაღალი დოზა კულტურულ მცენარეს ანადგურებს და გამოყენების კოეფიციენტი დაბალია, მოსავლიანობა 20%-ით იკლებს, გარემო კი ბინძურდება. თანამედროვე ტექნოლოგიებით აუცილებელია პრევენციული ღონისძიებების გატარება სარეველების შესამცირებლად, როგორიცაა: თესლბრუნვები, შუალედური კულტურები, მორწყვა სარეველების გამოსატყუებლად, თესვამდე ტოტალური ჰერბიციდების გამოყენება. ეს საშუალებას მოგვცემს გამოვიყენოთ ჰერბიციდების დაბალი დოზები. მათთან ერთად თხევადი სასუქის გამოყენება კი საშუალებას მოგვცემს არ შევამციროთ მოსავალი და დავიცვათ გარემო დაბინძურებისაგან.
მნიშვნელოვანი ღონისძიებაა „სასწაულმოქმედი“ მცენარეების გამოყენება. არის მცენარეთა ჯგუფები, რომლებიც (ზემოთ ავღნიშნეთ) სხვა მცენარეთა განვითარებაზე დადებითად მოქმედებენ, ე. წ. “მეგობარი მცენარეები”. ეს მცენარეები საშუალებას გვაძლევს ბოსტნეულ კულტურებში მთლიანათ ამოვიღოთ, ან მკვეთრად შევამციროთ მწერების საწინააღმდეგო ქიმიური საშუალებები. ასეთებია: ნიახური, პირშუშხა, კამა, რეჰანი და სხვ. მრავალწლიან კულტურებში რიგთშორისებში თეთრი სამყურა მთლიანად სპობს სარეველებს. ეს ღონისძიებები საშუალებას გვაძლევს ვაწარმოოთ ბიოპროდუქტი და გავაუმჯობესოთ ეკოლოგიური პირობები.
ბიომეთოდების გამოყენება მცენარეთა დაავადებების წინააღმდეგ დიდი ხანია მოქმედებს. საბედნიეროდ, საქართველოშიც ინტენსიურად მიმდინარებს კვლევები და შედეგებიც მალე გვექნება, თუ ფერმერები დროულად დაეუფლებიან სიახლეებს და დანერგავენ წარმოებაში. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორების – მედეა ბურჯანაძისა და ნანა ბიწაძის კვლევები. მათი კვლევები სწორედ მიმართულია ბუნებრივი რესურსების გამოყენებისაკენ ეკოლოგიური პირობების გასაუმჯობესებლად. მნიშვნელოვანია ქართული უძველესი ტექნოლოგიების გამოყენება, როგორიცაა: ნაკელის დამზადება ქართული ტექნოლოგია, სხვადასხვა მცენარეული ნაყენების (ჭინჭრის, ნივრის, რძის გადამუშავების შედეგად მიღებული ნარჩენი) გამოყენება.
სასოფლო-სამეურნეო წარმოების დროს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი მომდევნო წელი კიდევ უფრო მეტ ცოდნას მოითხოვს, რათა შევინარჩუნოთ ნიადაგის ნაყოფიერება, მაღალი მოსავლის მიღების შესაძლებლობა და რაც მთავარია გავაუმჯობესოთ ეკოლოგიური პირობები.
ცოტნე სამადაშვილი – სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
გამოყენებული ლიტერატურა:
- ალექსიძე გ., ლოლიშვილი ს., საქართველოს გარემოს გაბინძურების ძირითადი ასპექტები. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები, 2016, თბილისი;
- კვესიტაძე გ., ურუშაძე თ., საველე ნიადაგმცოდნეობა. 2016, თბილისი;
- კვესიტაძე გ., თანამედროვე ეკოლოგია: გარემოს მდგომარეობა, დისბალანსის გამომწვევი მიზეზები და რემედიაციული ტექნოლოგიები. 2020, თბილისი;
- ქაჯაია გ., გარემოს დაცვის ეკოლოგიური პრინციპები. გამომცემლობა „ინტელექტი“. თბილისი, 2008
- ქაჯაია გ., ეკოლოგიის თანამედროვე საკითხები.თბილისი 2020.
- Hargrove E., Foundation of environmental ethics. New Jersey: Prentice Hall., 1988. Sagan C., Cosmos – L., 1983.