თესლბრუნვების, მცენარეული სასუქებისა და ბიოპრეპარატების კომპლექსური გამოყენება
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში 2014 წლიდან ფუნქციონირებს ბიოაგროწარმოების სამსახური, რომლის დანიშნულებაა სამეცნიერო-პრაქტიკული და გამოყენებითი კვლევების განხორციელება, ადგილობრივი და უცხოური წარმოების ბიოსასუქების, ბიოსტიმულატორებისა და ბიოპესტიციდების გამოცდა და მეცნიერულად დასაბუთებული დასკვნებისა და რეკომენდაციების გაკეთებაა.
2014 წლიდან დღემდე ბიოაგროწარმოების სამსახურის წილკნის და დუზაგრამის საცდელ ბაზებზე, დაახლოებით, 50-ზე მეტი დასახელების ბიოპრეპარატია გამოცდილი.
საქართველოში დღეისათვის სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მდგომარეობა არასახარბიელოა: ნიადაგის სტრუქტურა დარღვეულია, დაქვეითებულია ჰუმუსისა და საკვებ ნივთიერებათა შემცველობა, წარმოქმნილია სახნავი ფენის ქვედა გამკვრივებული ფენა, გაუარესებულია ნიადაგის თვისებები – წყალგამტარობა, ტენიანობა, აერაცია და სხვა. ასეთ დეგრადირებულ, „გადაღლილ“ ნიადაგებზე კი მოსავლიანობა მნიშვნელოვნად (შესაძლოა 60%-ითაც კი) მცირდება. ასეთი დეგრადირებული ნიადაგების ბიოლოგიური გაუმჯობესების ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია თესლბრუნვების, მცენარეული სასუქებისა და ბიოპრეპარატების კომპლექსური გამოყენება.
ბიოლოგიურ მიწათმოქმედებაში მარცვლოვანი კულტურები და პარკოსანი ბალახების სხვადასხვა სახეობები მოჰყავთ, ან შერეული ნათესების სახით, ან მორიგეობით. ისინი ეფექტურად ავსებენ ერთმანეთს. უსიამოვნებივარ მძლავრი ფესვთა სისტემა და პარკოსნების აზოტის ფიქსაციის უნარი ხელს უწყობს ნაყოფიერი ნიადაგის ფორმირებას და ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებას. მარცვლოვანი კულტურის და პარკოსანი ბალახების სიდერალური ნარევის როლია: სარეველების დათრგუნვა გათიბვისას დაჩრდილვით, ნიადაგის სტრუქტურის გაუმჯობესება, დაცვა ქარისა და წყლისმიერი ეროზიისაგან, ჰუმუსის დაგროვება, ატმოსფერული აზოტის ფიქსაცია კოჟრის ბაქტერიების მეშვეობით, მცენარეებისათვის საკვები ნივთიერებების მიწოდების გაუმჯობესება, საკვები ნივთიერებების მობილიზაცია ნიადაგის ქვედა ფენიდან.
თესლბრუნვების, მცენარეული სასუქებისა და ბიოპრეპარატების კომპლექსური გამოყენების შესაძლებლობების კვლევის მიზნით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, სოფელ დუზაგრამის საცდელ ნაკვეთზე 2019-2022 წლებში თესლბრუნვასთან და ბიოპრეპარატებთან ერთად ცდებში ჩართული გვქონდა სიდერაციისათვის განკუთვნილი პარკოსანი კულტურები. 1.5 ჰა-ზე გვეთესა იონჯა, 1.03 ჰა ცულისპირა და 0.5 ჰა-ზე ესპარცეტი. ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების მიზნით 1.5 ჰა ფართობზე თესლბრუნვასთან ერთად კომპლექსურად იქნა გამოყენებული მწვანე სასუქი – განხორციელდა 4 წლიანი იონჯისა და ესპარცეტის ჩახვნა სიდერატად, ჩახვნის შემდეგ დაითესა თავთავიანი კულტურები და გამოიცადა ბიოპრეპარატები. ვეგეტაციის ბოლოს ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახურის მიერ აღებული იქნა ნიადაგის საანალიზო ნიმუშები.
თესლბრუნვების, მცენარეული სასუქებისა და ბიოპრეპარატების კომპლექსური გამოყენების შესაძლებლობების კვლევის 4 წლიანი შედეგები მოტანილია ცხრილ N 1-ში.
ცხრილი N 1თესლბრუნვების, მცენარეული სასუქებისა და ბიოპრეპარატების კომპლექსური გამოყენების გავლენა ქერის მოსავლიანობაზე
წელი | წინამორბედი კულტურა | ქერის მოსავლიანობა ტ/ჰა | |
საცდელი ვარიანტი ბიოპრეპარატებით | საკონტროლო
ბიოპრეპარატების გარეშე |
||
2019 | შვრიანარევი ცულისპირა | 1.81 | 1.03 |
2020 | სოიო, მუხუდო, სიმინდი,
ლობიო, (ქერის აღების შემდეგ) |
1.85 | 1.20 |
2021 | ცულისპირა სიდერატად
(ქერის აღების შემდეგ) |
3.0 | 1.15 |
2022 | იონჯა სიდერატად | 3.0 | 1.18 |
როგორც ცხრილიდან ჩანს, მწვანე სასუქების და ბიოპრეპარატების ერთობლივად გამოყენების შემთხვევაში მოსავლის რაოდენობა დაახლოებით 2-ჯერ აღემატება საკონტროლო ვარიანტში მიღებულ მონაცემებს. გარდა მოსავლიანობის ზრდისა, თესლბრუნვების, სიდერატებისა და ბიოპრეპარატების კომპლექსური გამოყენება დადებითად მოქმედებს ნიადაგზე. ოთხწლიანი კვლევის მონაცემების შეჯამებისას აღინიშნება ასევე ნიადაგის სტრუქტურისა და ნაყოფიერების გაუმჯობესება.
რაც შეეხება უშუალოდ ბიოპრეპარატების გავლენას, ოთხი წლის საშუალო მონაცემების მიხედვით, ქერზე პროდუქტიულობის ყველაზე კარგი მაჩვენებლები მიღებული იქნა თხევადი ბიოჰუმუსის – 2.28 ტ/ჰა, შპს „ბიოაგროს“ პრეპარატების (ორგანიკა, ლეპიდინი, ტურინგენი, ფიტოკატენა, აგროკატენა) – 2.34 ტ/ჰა, ჯეოჰუმატის -1.96 ტ/ჰა, ბიოსუპერის – 1.93 ტ/ჰა გამოყენებისას. გამოკვლეული ბიოპრეპარატები ხასიათდებიან მცენარეთა მასტიმულირებელი, განვითარების ხელშემწყობი თვისებებით, ზრდიან პროდუქტიულობას და გარკვეულწილად ამცირებენ მავნებელ-დაავადებათა განვითარების რისკს, რის გამოც მიზანშეწონილია მათი გამოყენება როგორც ბიო, ისე ინტენსიურ კონვენციურ მეურნეობებში.
გამოყენებული ლიტერატურა:
ჭანიშვილი, შ.დევდარიანი, ზ. ჯულუხიძე, რ. მირიანაშვილი. თესლბრუნვა საქართველოში. ,,მემცენარეობა’’, თბილისი, 1985
ბადრიშვილი -„მემცენარეობა“, თბილისი, 1981
კარბელაშვილი. ბიომეურნეობის საფუძვლები, ელკანა, 2009
მზეინაბ სარალიძე – სოფლის მეურნეობის დოქტორი,
გოჩა წერეთელი – სოფლის მეურნეობის დოქტორი,
მზია ბერუაშვილი – სოფლის მეურნეობის დოქტორი,
გივი წილოსანი – ბიოლოგიის დოქტორი,
ზურა ბილანიშვილი – სპეციალისტი,
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ბიოაგროწარმოების სამსახური,
ლიზი თვალიაშვილი – აგრარული უნივერსიტეტის (სპეციალობა, თავისუფალი მეცნიერება) სტუდენტი