აგრარული განათლებააგროტექნოლოგიები

მწვანე სასუქი და მისი სიკეთე

   მწვანე სასუქი ნედლი მცენარეული მასაა, რომელიც ნიადაგში უნდა ჩაიხნას. იგი  ორგანულ სასუქს განეკუთვნება და ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების საუკეთესო საშუალებაა. ამ მეთოდს პრაქტიკაში სიდერაცია ეწოდება, ხოლო ამ მიზნით დათესილ მცენარეებს- სიდერატები.

სიდერატებად უმთავრესად პარკოსანი მცენარეები გამოიყენება, როგორიცაა: ხანჭკოლა, ჩიტფეხა, ძიძო, საშემოდგომო ცერცველა, ესპარცეტი. ასევე შეიძლება გამოყენებული იქნეს არაპარკოსანი მცენარეები: მდოგვი, წიწიბურა  და სხვა. მაგრამ, ნიადაგში აზოტის დაგროვების უზრუნველსაყოფად სიდერატებად მხოლოდ  პარკოსანი მცენარეები გამოიყენება.

ნიადაგის თვისებებზე  და სასოფლო სამეურნეო კულტურების მოსავლიანობაზე მწვანე სასუქების მოქმედება  მრავალმხრივია და სხვა ორგანულ სასუქებთან შედარებით გააჩნია სპეციფიკური თვისებები.

მწვანე სასუქები უპირველეს ყოვლისა ამდიდრებს ნიადაგს ორგანული ნივთიერებებით და აზოტით.  სიდერატების მწვანე მასის  ჩახვნით ნიადაგში გროვდება 150- 200 კგ/ჰა აზოტი, რაც პარკოსანი მცენარეების კოჟრის ბაქტერიების მიერ ჰაერიდან ფიქსირებული აზოტის ტოლფასია.

მწვანე სასუქები, გარდა აზოტისა, იწვევს სხვა საკვები ნივთიერებების დაგროვებას ნიადაგში.

  სოფლის მეურნეობაში მწვანე სასუქების  გამოყენებას 3-4 ათასი წლის ისტორია აქვს.

პირველად მის გამოყენებას დაიწყეს ჩინეთში, ინდოეთში, იაპონიაში, სადაც პარკოსანი მცენარეების ზრდა-განვითარების ხელსაყრელი ბუნებრივი პირობებია. ჩვენამდე მოაღწია მასალებმა იმის შესახებ, რომ ძველ რომში მწვანე სასუქებს ფართედ იყენებდნენ.

დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მწვანე სასუქების გამოყენება დაკავშირებულია ძვირფასი სუბტროპიკული  და ხეხილოვანი კულტურების საწარმოო განვითარებასთან.

სიდერატების მწვანე მასა თითქმის ისეთივე რაოდენობის აზოტს შეიცავს, რამდენსაც ნაკელი, ხოლო ფოსფორი და კალიუმი შედარებით ნაკლებია, რის გამოსწორებაც ადვილად შეიძლება სიდერატების ჩახვნის წინ ნიადაგში ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქის შეტანით.

მცენარის მიერ მწვანე სასუქის აზოტის გამოყენების კოეფიციენტი ნიადაგში მისი ჩაკეთების პირველსავე წელს, თითქმის, ორჯერ მეტია, ვიდრე ნაკელის აზოტის.

ნიადაგში მწვანე სასუქის   ჩახვნით, მასში შემავალი აზოტი არ იკარგება, ხოლო ნაკელის გამოყენებისას ეს დანაკარგები დიდია. მწვანე სასუქის დაშლა ნიადაგში უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე უჯრედანათი მდიდარი სხვა ორგანული სასუქისა.

ანალოგიურად სხვა ორგანული სასუქებისა, მწვანე სასუქები იწვევს ნიადაგის მჟავიანობისა და მოძრავი ალუმინის შემცველობის შემცირებას. ადიდებს ბუფერობას, შთანთქმის ტევადობას, ტენტევადობას, წყალგამტარობას, აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას და ქმნის ხელსაყრელ პირობებს მიკროორგანიზმების  ცხოველმყოფელობისათვის.

ნიადაგში მიკრობიოლოგიური პროცესების გაძლიერებას არსებითი მნიშვნელობა აქვს სიდერატების ზრდა-განვითარების პერიოდში. მისი გავლენით ძლიერდება კოჟრის ბაქტერიების აქტივობა.

მწვანე სასუქების დაშლისას წარმოიქმნება C02, რითაც მდიდრდება  ნიადაგი და ნიადაგის ზედაპირზე ჰაერი.

მწვანე სასუქების გამოყენება ქვიშნარ და ქვიშიან ნიადაგებზე მათი ნაყოფიერების მნიშვნელოვანი საშუალებაა.

მწვანე სასუქებად გამოსაყენებელი მცენარეებისათვის დამახასიათებელია მძლავრი ფესვთა სისტემა და მიწის ზედა ნაწილის ძლიერი განვითარება. ამიტომაც მცირდება ეროზიული პროცესები, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სუბტროპიკული ზონისათვის, სადაც ნალექების დიდი რაოდენობა მოდის და ტერიტორია მთაგორიანია. ამასთან ერთად იზღუდება სარეველა მცენარეების   განვითარება.

კარგად განვითარებული სასიდერაციო კულტურები  შთანთქავენ ნიტრატებს, რითაც წინ აღუდგებიან ნიტრატების დანაკარგს და ნიტრატებით გარემოს დაბინძურებას.

არჩევენ სიდერატების დამოუკიდებელ  და შერეულ ნათესს.  მარტო სიდერატების ნათესს დამოუკიდებელი ნათესი ეწოდება, ხოლო სხვა კულტურებთან ერთად-შერეული ნათესი.

მწვანე სასუქად სიდერატების გამოყენება შეიძლება მათი მწვანე მასის (მიწისზედა და მიწისქვეშა) მთლიანად ან მისი ნაწილის ნიადაგში ჩახვნით. არჩევენ მწვანე სასუქის სამ ძირითად ფორმას. დამოუკიდებელ, საცელავ და წამონაზარდს.

მწვანე სასუქის დამოუკიდებელი ფორმა ეწოდება ისეთ ნათესს, როცა ნაკვეთი ერთწლიანი კულტურების სავეგეტაციო პერიოდში მთლიანად, ან ნაწილობრივ დაკავებულია მწვანე მასით, მთლიანად ჩაიხვნება ნიადაგში. ამგვარ სასუქს სრული მწვანე სასუქიც ეწოდება.

საცელავი ფორმა ეწოდება ისეთ მწვანე სასუქს, როცა ნიადაგში ჩაიხვნება სხვა ნაკვეთზე მოყვანილი სიდერატების მხოლოდ მიწისზედა ნაწილი, რაც მოცელვის შემდეგ გადაიზიდება გასანოყიერებელ ნაკვეთზე. ამ ფორმის მწვანე სასუქის გამოყენებას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ჩაის, ციტრუსებისა და  ხეხილის ბაღებისათვის, სადაც ვარჯის შეკრულობის გამო სიდერატების ადგილზე მოყვანა შეუძლებელია

წამონაზარდის ფორმა ნიშნავს ნიადაგში მწვანე სასუქად ნაწვერალისა (წამონაზარდი) და ფესვების ჩახვნას. ამ ფორმის მწვანე სასუქის  გამოყენების პირობებში პირველი ნათიბი გამოიყენება პირუტყვის საკვებად, ან სხვა ნაკვეთის გასანოყიერებლად, ან მულჩად.

მწვანე სასუქი მათი ფომებისა და თესვის ვადების სწორად შერჩევით მაღალ ეფექტს იძლევა ყველა ნიადაგურ და კლიმატურ ზონაში.

მწვანე სასუქის ეფექტურობის  ძირითადი განმსაზღვრელია მწვანე მასის მოსავალი, რაც დამოკიდებულია გარემო პირობებზე, აგროტექნიკაზე, ნიადაგზე, მცენარის განოყიერების სისტემაზე.

დიდი მნიშვნელობა აქვს სასიდერაციო მცენარეების ნიადაგში ჩახვნის ვადებს. ძირითადად მათი ნიადაგში ჩახვნა უნდა მოხდეს ყვავილობის და მწვანე პარკების ამოღების ფაზაში. თუ აზოტის გადიდების მიზნით ხდება მწვანე მასის ჩახვნა, მაშინ მწვანე მასა  ადრე უნდა ჩაიხნას, რადგან  მის დასაშლელად გარკვეული პერიოდი არის საჭირო. ნიადაგის გამოშრობის საშიშროებისას სიდერატების ჩახვნის დაგვიანება დაუშვებელია, რადგანაც მოსალოდნელია ნიადაგის დაჯდომა.

  მწვანე მასის დაშლის დასაჩქარებლად იგი მცირე სიღრმეზე და ადრეულად უნდა ჩაიხნას.

აღსანიშნავია ისიც, რომ მწვანე სასუქები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიოლოგიურ მიწათმოქმედებაში, რადგან დიდად ამცირებს განოყიერების სისტემაში ქიმიური სასუქების გამოყენებას.

დღევანდელ პირობებში, როდესაც დიდი პრობლემებია უსაფრთხო პროდუქციის წარმოების სფეროში, ფერმერებმა უფრო ინტენსიურად უნდა გამოიყენონ მწვანე სასუქები, რითაც მიაღწევენ ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებას,სასოფლო სამეურნეო კულტურათა მაღალ და ეკოლოგიურად უსაფრთხო მოსავალს, გარემოს დაცვას დაბინძურებისაგან.

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“