თაფლი _  ბავშვის რაციონის შეუცვლელი პროდუქტი

საქართველოში თაფლს უხსოვარი დროიდან მოიხმარდნენ, მათ შორის, სამკურნალოდაც. ძველად ჩვენს მთასა თუ ბარში იშვიათი იყო ოჯახი, ვისაც ფუტკარი არ ჰყავდა, თუმცა იმ დროს მათი შენახვა ძალიან რთული იყო. ფუტკრის მოშენებას მხარს უჭერდა ეკლესიაც, მრევლს შთააგონებდა, ფუტკრის პროდუქტები ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლო იყო. სწორედ თაფლის მოხმარების მაღალი კულტურის გამო საქართველოში თაფლისგან უამრავი ტკბილეული მზადდებოდა. საყოველთაოდ ცნობილი გოზინაყისა და ტკბილი სასმელების გარდა, საყოველთაოდ იყო გავრცელებული ბავშვებისთვის საყვარელი ნუგბარი: ფალუსტაკი, ალვახაზი, თაფლიპურს და სხვა. ისინი ძალიან გემრიელიც არის და  დიდხანსაც ინახებოდა.

ბოლო დროს, რატომღაც, საქართველოში თაფლის მოხმარების კულტურა დაკნინდა. მას ქართულ სუფრაზე დღეს იშვიათად ნახავთ. თუმცა იყო დრო, როცა ტრადიციული ქართული სუფრა უთაფლოდ არ ჩაივლიდა. უთაფლოდ არც ნადიმები და წვეულებები იმართებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს ის, უფრო სადღესასწაულო-სარიტუალო როლს ასრულებს.

თაფლი და მეფუტკრეობის პროდუქტი (აპიპროდუქტი), ადამიანის სრულყოფილი კვებისა და პროფილაქტიკისთვის უებარი პროდუქტია, ბავშვებისთვის კი იგი, უბრალოდ, შეუცვლელი საკვებია.

ძველ საბერძნეთში, სადაც მეფუტკრეობა ძალიან განვითარებული იყო, დედები ჩვილებს რძეში თაფლს ურევდნენ. შემონახულია ცნობები, რომ ძველი გერმანული ტომებიც ჩვილთა საკვებად, თურმე თაფლს იყენებდნენ. ჩვილს, ვიდრე ძუძუს მისცემდა დედა, ერთორ წვეთ თაფლს აწვეთებდა პირში. რუსეთში ბებიაქალი მკაცრად მეთვალყურეობდა ახალშობილის დედას, რომ ძუძუსთავები თაფლით შეეზილა.

ძველად ადამიანები, როგორც იცით, თაფლს ტყეში მოიპოვებდნენ. ხის ფუღუროებსა თუ კლდის ნაპრალებში გარეული ფუტკრების მიერ დამზადებულ თაფლს ფიჭიანად იღებდნენ და ყველაფერს: ფუტკარს, ჭუპრებს, ცვილს, დინდგელს, ფუტკრის რძეს ერთმანეთში ურევდნენ, რასაც მომწარომომჟავო გემო ჰქონდა. იგი უამრავ სხვადასხვა ნივთიერებას  შეიცავდა, რაც ერთმანეთთან კომპლექსური მოქმედების, ე.წ. „სინერგიზმი“ (როცა 1+1 მეტია 2_ზე) ეფექტიანობას ზრდიდა. ამ მასას ინახავდნენ თიხის ქოთნებში და ბავშვებს, როგორც ნუგბარს (ტკბილეულს), უზოგავდნენ.

ამდენად ბავშვებისათვის თაფლის დოზირებულად მიცემის ტრადიცია ჩვენს დროში არ დამკვიდრებულა. ჩვენმა წინაპრებმა კარგად იცოდნენ თაფლის ფასი და მისი სწორად გამოყენება.

თაფლი დედის რძეს ვერ ცვლის, მაგრამ...

დედის რძე ჩვილისთვის იდეალური საკვებია. იგი დიდი რაოდენობით სპეციფი-კურ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს შეიცავს, რაც ახალდაბადებულის კუჭნაწლავის ინფექციებისგანაც იცავს, იმუნიტეტს უყალიბებს და მის გარე სამყაროსთან ადაპტაციას დიდწილად უზრუნველყოფს,.

ბუნებამ ისე მოაწყო, რომ საჭირო მომენტში სარძევე ჯირკვლები გამოიმუშავებენ იმ შემადგენლობის რძეს, რაც მოცემულ მომენტში ჩვილის ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.

მაგალითად, ლაქტაციის პირველი ორი კვირის განმავლობაში თავისი შემცველობით ხსენი  დიდი რაოდენობით იმუნოგლობულინებით და მიკროელემენტებითაა გაჯერებული, რაც პატარას სხვადსხვა დაავადებისგან იცავს.

დედის რძის შემადგენლობაში 87 % წყალია, 7 % ნახშირწყლები, ლაქტოზა (რძის შაქარი), გლაქტოზა, ფრუქტოზა და სხვა ოლიგოსახარიდები. ცხიმები მხოლოდ 4%-ია, ხოლო ცილები _ 1 %. დედის რძე იდეალურადაა  დაბალანსებული საკვები ნივთიერებებით და ბავშვის ორგანიზმს საჭირო რაოდენობის ცხიმებით სიცოცხლის პირველ წლებში სრულად უზრუნველყოფს.

დანარჩენი 1% კი მიკროელემენტები, ჰორმონები, ვიტამინები, მინერალური მა-რილები და მიკროელემენტებია. მაგალითად, ბავშვის კუჭნაწლავი დედის რძეში არსებული რკინის 70%-ს ითვისებს, მაშინ, როცა ძროხის რძიდან _ 30-ს, ხოლო ხელოვნური საკვებიდან მხოლოდ 10%-ს ითვისებს. ამიტომ ბავშვებს, რომლებიც დედის რძით კვების ბედნიერებას მოკლებულნი არიან, ხშირად უვითარდებათ რკინის უკმარისობით გამოწვეული ანემია. ჩვილების ყველაზე საუკეთესო ხელოვნურ საკვებში დედის რძეში არსებული ჰორმონებიდან, დახლოებით 15 არ გვხვდება. მათი სხვა რაიმე დანამატით შეცვლა, ან იმგვარად დოზირება და  შეზავება, როგორც დედის რძეშია, შეუძლებელია. ამიტომ პატარა ადამიანის დედის რძეზე უკეთესი საკვები უზენაესს არ შეუქმნია.

გამოუცდელობისა და საკუთარი ქცევის გაუთვითცნობიერებლობის გამო, ხშირად ახალგაზრდა დედები წუწუნებენ, რომ მათ რძე არ აქვთ და ბავშვის ძუძუთი კვება არ შეუძლიათ. ბუნებაში საერთოდ არ არსებობენ „რძიანი“ და „ურძეო“ დედები! არამედ არიან ქალები, ვისაც სურთ თავიანთი შვილების ძუძუთი კვება და რომლებსაც არ სურთ. მიზეზი ყოველთვის მოიძებნება.

კარგი ფსიქოლოგიური განწყობილების შექმნისა და რამდენიმე მარტივი წესის დაცვის შემდეგ ძუძუთი კვება ქალების 97%-ს შეუძლიათ. ამისთვის საჭიროა ცოტა ადრიანად მომზადება, ვიდრე თქვენი პატარა საოცრება მოევლინება სამყაროს. დედებს რომ გაცნობიერებული ჰქონდეთ, მათ პატარებს როგორ  სჭირდებათ ძუძუთი კვება, დედობრივი სითბოს, დედის მკერდში უსაზღვრო სიმშვიდისა და უსაფრთხოების განცდა, ამ სიამოვნებაზე უარს არასდროს იტყოდნენ.

დედის რძის მნიშვნელობაზე ასეთი ფართო ანალიზი იმიტომ გავაკეთეთ, რომ დაგვედგინა რა მნიშვნელობა აქვს მეფუტკრეობის პროდუქტს ბავშვთა კვებაში, რომლებიც მოკლებულნი არიან დედის რძეს, ასევე იმ ბავშვებისთვის ვისაც სუსტი ჯანმრთელობა აქვთ.

თუ დაბადებიდან ჩვილს დედის რძის გარდა (თუ დედაც წესისამებრ იკვებება) არაფერი მიუღია, მაშინ მის კუჭნაწლავში სწრაფად იქმნება ნორმალური მიკროფლორა, რაც დედის რძეში შემავალი ნივთიერებების დამსახურებაა.

*** ბაცილუს ბიფიდუს – არაპათოგენური გრამდადებითი ბაქტერიაა, რომელიც  ახალდაბადებულის კუჭ-ნაწლავი მიკროფლორის 90%-ია და იგი ხელს უწყობს ფერმენტაციის პროცესს. ბაცილუს ბიფიდუს გასამრავლებლად ყველაზე კარგ გარემოს დედის რძე უქმნის, მაგრამ ექსპერიმენტებით დადგინდა, რომ ბიფიდუსის ანალოგიური მიკროფლორის მიღება (ბავშვის ხელოვნური კვების დროს) შე-საძლებელია ჩვეულებრივი ძროხის რძითაც, თუ იგი თაფლის მონოსახარიდები-თაა გაზავებული. ჩვილის საკვებს შაქრის ნაცვლად თუ თაფლი დაემატება, მისი საკვები ღირებულება ერთიათად იზრდება. ეს განსაკუთრებით სასარგებ-ლოა დღენაკლული და სუსტი, სხვადასხვა პათოლოგიის მქონე ბავშვებისთვის. მაგალითად, რძეში, ბრინჯის ნახარშისა და თაფლის 3%-იანი ნარევის დამატე-ბით შესაძლებელია, თავიდან ავიცილოთ ჩირქოვანი პროცესების განვითარება, კუჭნაწლავში გაზების წარმოქმნა და ტკივილი, დიზბაქტერიოზის განვითარება.

დღეს მსოფლიოში თაფლი, როგორც გამაჯანსაღებელი და სამკურნალო საშუალება, ბავშვთა კვებაში ფართოდ გამოიყენება. იგი შეიცავს კაროტინსა და კსანტოილას, ფუტკრის საჭმლის მომნელებელი ჯირკვლის ფერმენტს _ ინვერტოზას, დიასტაზას, კატალაზას, ფოსფატაზას. ამის გარდა, თაფლი შეიცავს ფისს, ტერპენებს, ალდეგიდებს და სპირტს, რომელიც კარგად მოქმედებს მეძუძური ბავშვის მეტაბოლიზმზე. თაფლში რკინის, მაგნიუმის და სხვადასხვა მჟავების არსებობა, ხელს უწყობს ერითროციტების წარმოქმნას, გემოგლობინის გაზრდას, რაც თაფლს ეფექტიანს ხდის ახალდაბადებულთა ანემიის დროს. თაფლის რძეში დამატებით უმჯობესდება კალცის შეთვისება, რაც კეთილსაიმედოდ მოქმედებს კბილების ამოჭრის დროს და ძვლების ფორმირებაზე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბავშვები სიამოვნებით სვამენ ასეთ რძეს.

როგორც წესი, ბავშვები კარგად იტანენ თაფლს. თაფლზე ალერგია ძალიან იშვიათად   შეინიშნება. პირველი რეაქცია შეიძლება პირველ 15 წუთის განმავლობაში გამოვლინდეს, იმ ნივთიერებების მიმართ (თუ მათ შეიცავს თაფლი) რაზედაც ბავშვს ალერგია აღენიშნება.

ყველაზე ხშირად ბავშვები, ისევე როგორც უფროსები, რეაგირებენ ფალსიფიცირებულ და უხარისხო თაფლზე.

ნატურალური, ხარისხიანი თაფლი შეიცავს მარტივ შაქარს _ გლუკოზას და ფრუქტოზას. ის იოლად გადამუშავდება და ფერმენტაციის გარეშე სწრაფად შეიწოვება წვრილი ნაწლავის მიერ და არ წარმოიქნება ნარჩენები რთული ნახშირწყლების მსგავსად. თაფლს ფაქიზი გემო და არომატი აქვს. ბავშვის რაციონში თუნდაც ერთი ჩაის კოვზი თაფლის დამატებით, თქვენ სწრაფად იგრძნობთ, რა კეთილსაიმედოდ აისახება იგი მის ჯანმრთელობაზე; როგორ უუმ-ჯობესდება მადა, სტიმულირდება საჭმლის მომნელებელი სისტემა, ბავშვი ნაკლებად ითენთება.

ბავშვებისთვის რეკომენდებული დოზაა, წლოვანების მიხედვით _ ნახევარი ჩაის კოვზიდან – ერთ კოვზამდე ორსამჯერ დღეში (უკეთესია უზმოზე).

თაფლის უპირატესობა განისაზღვრება იმით, რომ მისი მაღალკალორიულობის გამო (330 კალორია) მცირე ულუფით შესაძლებელია დიდი რაოდენობის კალორია მივაწოდოთ ბავშვს, რაც, განსაკუთრებით, მნიშვნელოვანია უმადოთათვის.

მაგრამ, არის ერთი „მაგრამ“ _ ყველაფერი უნდა იყოს ნორმირებული! თაფლის ბოროტად გამოყენება არ შეიძლება. ამან შესაძლოა გამოიწვიოს თაფლისადმი ზიზღი და უარყოფითად იმოქმედოს კუჭქვეშა ჯიკრვლის მუშაობაზე.

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“