დარგებიმეფუტკრეობა

მუშა ფუტკარი

ნატურალური თაფლი და ფუტკრის რძე „მუშა ფუტკრისგან“ 

საოჯახო ტრადიციის გაგრძელება გარდაუვალია, როცა შენი წინაპრების რამდენიმე თაობა მეფუტკრეობით იყო დაკავებული. კონტანტინე ლომთაძე უკვე რამდენიმე წელია ამაში თავად დარწმუნდა, უარი თქვა ქუთაისში სტაბილურ სამსახურზე და ოჯახთან ერთად ხონის რაიონის სოფელ კუხში მამაპაპისეულ მეურნეობას დაუბრუნდა.
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ნათესავებმა ზედიზედ რამდენიმეჯერ აჩუქეს ფუტკრის ერთი ოჯახი, ამ ისტორიას კონსტანტინე ლომთაძე ასე იხსენებს:

„ადრე როდესაც ჩემი მშობლები მეფუტკრეობას მისდევდნენ ნათესავს ერთი ოჯახი ფუტკარი აჩუქეს. იმერეთში ასეთი წესია, ერთს იმიტომ ჩუქნიან, რომ ადამიანმა მისი მოვლა ისწავლოს, თუ თავს გაართმევს, ოჯახების გამრავლებაზე მერე უნდა იფიქროს. ერთი სიტყვით, ჩვენმა ნათესავმა წარმატებით გაართვა თავი ამ საქმეს, მაგრამ ჩვენმა ოჯახმა რაღაც დროის განმავლობაში მეფუტკრეობას თავი მიანება. 2012 წელს, ახლა უკვე მე მაჩუქა ნათესავმა ერთი ოჯახი ფუტკარი, ასე ვთქვათ, ისტორია განმეორდა. ყველაფერი მივატოვე ქუთაისში და ამ საქმეს დავუბრუნდი.“

დაბრუნება ტრადიციულ საოჯახო საქმიანობასთან რისკიანი იყო, თუმცა ნაბიჯი  წარმატებული გამოდგა. დღეს უკვე 350 ოჯახი ჰყავს და წელიწადში ერთ ტონაზე მეტ თაფლს აწარმოებს. ამას გარდა, 40 კილოგრამამდე ფუტკრის რძესაც იღებს, რომელსაც უნიკალური სამკურნალო და იმუნო-მასტიმულირებელი თვისებები აქვს და საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქტია მედიცინაში.

საოჯაო ბიზნესს ბავშვობის მეგობართან ერთად უძღვება, რომელმაც ასევე უარი თქვა სტაბილურ სამსახურზე და არჩევანი სოფლის მეურნეობაზე გააკეთა. როგორც ფერმერები ამბობენ, მეფუტკრეობის შესახებ ბევრი წიგნი წაიკითხეს, მაგრამ მთავარი ცოდნა მაინც პრაქტიკული გამოცდილების შედეგად მიიღეს.

„ფუტკარი ბოლომდე ამოუცნობია, მეცნიერები მუდმივად სწავლობენ მის ფენომენს, ჩვენც ყოველდღიურად ვაკვირდებით და ვსწავლობთ. მთელი ოჯახია ამაში ჩართული, რადგან ეს საქმე ყველას გვიყვარს.“

ამ ბიზნესში, როგორც თავად ამბობს, ყველაზე დიდი სირთულე მაშინ იწყება, როცა მოსავალი დაბინავებულია და ჭურჭელში დაფასოებული ნატურალური თაფლი მყიდველს ელის. რეალიზაცია ფერმერისთვის პრობლემად რჩება, ცდილობს გამოყენოს ტრადიციულიც და თანამედროვე მეთოდებიც. ტრადიცულად, თაფლი ბაზარში მიაქვთ, ნაცნობებსა და იმათ ნაცნობებში ყიდიან, ვინც ერთხელ შეიძენს და პროდუქტი მოეწონება, ის კიდევ  დაბრუნდება – მარკეტინგის ყველაზე ძველი წესი აქაც მოქმედებს. მაგრამ ერთი ტონა თაფლის სარეალიზაციოდ მარტო ეს არ კმარა, ამიტომ კონტანტინე ლომთაძემ სოციალური ქსელები აითვისა, ფეისბუქზე ისეთ ჯგუფებში გაწევრიანდა, სადაც სოფლის მეურნეობის ნატურალური პროდუქცია იყიდება. ამას გარდა, ინფორმაციას მუდმივად აქვეყნებს სხვადასხვა საიტებზეც, შედეგად  მუდმივად იღებს შეკვეთებს, მათ შორის ხშირად თბილისიდანაც. მიწოდებასაც თავად ახორციელებს საკუთარი ავტომანქანით.

ამბობს, რომ უახლოეს გეგმებში პროდუქციის ეტიკეტირება შედის, უკვე მოელაპარაკა თურქეთში ერთ-ერთ კომპანიას, რომელიც შესაფუთ მასალებს დაუმზადებს. სავარაუდოდ,  სუპერმარკეტების დახლებზე მალე გამოჩნდება იმერული თაფლი სახელწოდებით „მუშა ფუტკარი“. თაფლი რამდენიმე სახეობისაა, სოფელი კუხი დაბლობში მდებარეობს და იქ ძირითადად აკაციის ტყეებია გავრცელებული, ღია შეფერილობის სწორედ ე.წ. აკაციის თაფლია. სეზონურად ფუტკარი მთიან ადგილებში გადაჰყავთ, მათ შორის ტყიბულის რაიონის სოფლებში და სვანეთშიც კი, სადაც უმეტესწილად წაბლის და ცაცხვის ხეებია, შესაბამისად თაფლიც მუქი შეფერილობისაა და განსხვავებული გემოთი გამოირჩევა. 
პროდუქციის ევროპის ბაზარზე გატანა ჯერჯერობით მხოლოდ შორეულ ოცნებად რჩება. კონსტანტინე ლომთაძე ამბობს, რომ საექსპორტოდ ქართულ თაფლს ბევრი რამ სჭირდება, რისთვისაც სახელმწიფოს ხელშეწყობა აუცილებელია. თუ მცირე ფერმერები კოოპერატივებში არ გაერთიანდებიან, ევროპული ბაზრის მოთხოვნებს ვერ გაუმკლავდებიან.  ამას გარდა, ხარისხის საერთაშორისო სერთიფიკატიც აუცილებელია, რისთვისაც სოლიდური თანხებია საჭირო.

ამიტომაც „მუშა ფუტკარი“  აქცენტს ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციის გაზრდაზე აკეთებს. აქვთ საინტერესო იდეაც, რომელიც აგროტურიზმს და იმერეთის ერთერთ გამორჩეულ ღირშესანიშნაობას სათაფლიას უკავშირდება.  კონსტანტინე ლომთაძე თანამოაზრეებთან ერთად სათაფლიასთან ახლოს ტურისტებისთვის საჩვენებელი მეფუტკრეობის გამართვას აპირებს, სადაც ყველას შეეძლება საკუთარი თვალით ნახოს და დააკვირდეს როგორ მუშაობს ფუტკარი და როგორ ხდება მოსავლის აღება, ყველაზე თამამებს და არა-ალერგიულებს კი თავადაც შეეძლებათ სკაში ჩახედვა და ფიჭიანი თაფლის დაგემოვნება. აქვე გაიყიდება „მუშა ფუტკრის“ სხვადასხვა ნატურალური პროდუქციაც. ფერმერები ფიქრობენ, რომ ამ გზით საკუთარი პროდუქციის და ზოგადად სოფლის მეურნეობის ამ უძველესი დარგის პოპულარიზაციასაც შეუწყობენ ხელს.

რადგან სურთ რომ ყველას  გაუზიარონ საკუთარი წარმატების ისტორია, „მუშა ფუტკარი“ წელს ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობს.

ავტორი: მაია ლიპარტელიანი

ფოტო : ირაკლი შალამბერიძე

წყარო: tbcbusiness.ge/ka/business/-gaaziarewarmateba/musha-futkari