აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებიმეცხოველეობა

რა უნდა იცოდეს და გაითვალისწინოს ფურის პატრონმა

ფურიდან მაქსიმალური პროდუქციის მიღება შეუძლებელია ტექნოლოგიური, ვეტერინარულ-სანიტარული, ზოოტექნიკური, საერთო პროფილაქტიკური და ეპიზოოტის საწინააღმდეგო ღონისძიებების შეუსრულებლად.

ქვემოთ განხილული ღონისძიებების ძირითადი მიზანია შემდეგი ამოცანების გადაწყვეტა: ფურისა და ბუღის მომზადება შეწყვილებისათვის, მაკე ფურებისა და დეკეულების მოვლა-შენახვა და მომზადება მშობიარობისათვის (იზვებისათვის), მშობიარობის ჩატარება, მეწველი ფურებისა და ახალშობილი ხბოების სათანადო კვება და მოვლა-შენახვა.

ფურის მომზადება დაგრილებისათვის

ჯანმრთელი ხბოს მოსაგებად და დიდი რაოდენობით რძის მისაღებად განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფურისათვის შესაფერისი ბუღის შერჩევას. თუ ფური და ბუღა იმყოფებოდნენ ცუდ პირობებში, იკვებებოდნენ არასრულფასოვნად, განაყოფიერების პროცენტიც დაბალია, ნაყოფი იღუპება განვითარების სხვადასხვა პერიოდში ან დაბალი სიცოცხლის უნარის მქონე ხბოები იბადებიან.

აღწარმოებისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ცხოველის ასაკს. მიღებულია, რომ მსხვილი რქოსანი პირუტყვი ფიზიოლოგიურ მომწიფებას აღწევს 16-20 თვის ასაკში და სწორედ ამ ასაკში უნდა დავაგრილოთ ისინი. ფურების ახურება ხდება რეგულარულად, ყოველ 21-28 დღეში ერთხელ. ეს საშუალებას გვაძლევს თვალყური ვადევნოთ პირუტყვის მდგომარეობას.

როგორ განვსაზღვროთ დაგრილების დრო? ახურების დროს ფურს (დეკეულს) სასქესო ორგანოდან გამოსდის გამჭვირვალე ლორწოვანი სითხე. 1,2 — 2 დღის შემდეგ იწყება აღგზნება, ძროხები, დეკეულები მეტს მოძრაობენ, მოუსვენრად არიან, ბღავიან, ხშირად ინაცვლებენ ფეხებს, ახტებიან სხვა ცხოველებს (შეიძლება ადამიანსაც), ცხოველს ეკარგება მადა, ქვეითდება წველადობა. ასეთი ფური (დეკეული) ადვილად იკარებს ბუღას. ნდომის პერიოდი ხანმოკლეა, გრძელდება 10-23 საათს.

ფურს (დეკეულს) შევამჩნევთ თუ არა ახურებას, სწრაფად უნდა შევაწყვილოთ ბუღასთან. დაგვიანებისას შეიძლება ციკლმა უშედეგოდ ჩაიაროს. ფურების მაკეობის რეგულირებისათვის შეიძლება გამოვიყენოთ ძროხების მაკეობის კალენდარი.

ხბოს მოგებიდან ფური რაც შეიძლება მალე უნდა დაგრილდეს. რაც უფრო გვიან დაგრილდება ფური, მით ნაკლებ რძესა და ხბოს მივიღებთ მისგან. საუკეთესო შედეგად მიჩნეულია, თუ ფური ყოველ 10,5 თვეში მოიგებს ხბოს.

ხბოების სიმახინჯის ასარიდებლად დაუშვებელია ცხოველების შიდანათესაური შეწყვილება. ფურს უნდა შევურჩიოთ მისი ტანის შესაფერისი ბუღა; ეს თავიდან აგვაცილებს გაძნელებულ მშობიარობას. შეწყვილებისას უნდა დავიცვათ ვეტერინარულ-სანიტარული ნორმები. ბუღა გამოკვლეული უნდა იყოს ინფექციურ დაავადებებზე, განსაკუთრებით ბრუცელოზზე. ეს აგვაცილებს აბორტებს, გართულებულ მშობიარობას, მომყოლის შეჩერებას, ენდომეტრიტებს, მასტიტებს, ხსენისა და რძის ხარისხის დაქვეითებას და სხვ.

ფურის მაკეობა

მაკეობა იწყება ცხოველის განაყოფიერებიდან. ეს ფიზიოლოგიური მდგომარეობა დაკავშირებულია ნაყოფმტარებლობასთან, რომელიც მთავრდება სიცოცხლისუნარიანი ხბოს დაბადებით. ფურის მაკეობა გრძელდება საშუალოდ  285 (240-311) დღე.

თუ ძროხა მაკეობის პერიოდში ცუდ პირობებში იმყოფება და არასრულფასოვნად იკვებება, ეს უარყოფითად მოქმედებს ნაყოფის განვითარებაზე. ამიტომ მაკეობის მთელ პერიოდში პირუტყვი ისე უნდა ვკვებოთ, რომ არ განიცადოს ვიტამინების, მაკრო- და მიკროელემენტების დეფიციტი.

ფურის დროული გაშრობა

როდესაც ფური ხბოს მოგებამდე იწველება, ნაყოფი არასწორად ვითარდება, მცირე წონისაა და ფიზიოლოგიურად ნაკლებ აქტიურია. გარდა ამისა, არ ხდება ხსენის საბოლოო ფორმირება და ის ღარიბია ისეთი მნიშვნელოვანი ცილებით, როგორიცაა იმუნოგლობულინები, რის გამოც ახალშობილი ხბოები ხშირად მიდრეკილებას იჩენენ მთელი რიგი ინფექციური დაავადებებისადმი. მაკეობის ბოლო 2-3 თვეში ხბოს წონა 63-73%-ით მატულობს და, აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ფურების კვებასა და მოვლას მაკეობის ამ პერიოდში. ზემოთქმულიდან ნათელია, რომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება მაკე ფურების დროულად გაშრობას. ეს უნდა მოხდეს მოგებამდე 2-2,5 თვით ადრე. იმ ფურებს, რომლებიც მოგებამდე 2-2,5 თვით ადრე დღეში 3-4 ლიტრ რძეს იწველიან, წველა შეიძლება სწრაფად შევუწყვიტოთ, მაგრამ მაღალპროდუქტიულ ძროხებს კი — თანმიმდევრობით. ფური მაშინაა გამშრალი, როდესაც წველის შეწყვეტიდან 1 კვირის შემდეგ სარძევე ჯირკვლები დაუპატარავდება.

მშრალი ფურების შენახვა

წველის შეწყვეტის შემდეგ ფურს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება, რათა პირუტყვმა შეივსოს ის დეფიციტი, რაც ამ პერიოდამდე ჰქონდა. უნდა მივცეთ კარგი ხარისხის საკვები, რომელიც უნდა შეიცავდეს 100-120 გრ პროტეინს და ამდენივე შაქარს, 7-9 გრ კალციუმს, 5 გრ ფოსფორს და 40 — 5 მგ კაროტინს. 400-500 კგ მასის ფურს დღეში ეძლევა 8-10 კგ კარგი ხარისხის თივა, 15-20 კგ სილოსი ან 12-16 კგ სენაჟი, 1-2 კგ კომბინირებული საკვები. აუცილებელია, რომ ყოველდღიურად საკვებს დაემატოს 30-40 გრ სუფრის მარილი, დაფქვილი ცარცი და სხვა მინერალური ნივთიერებები. არ შეიძლება მაკე ფურებს მიეცეს გაფუჭებული საკვები: დამპალი, ობმოკიდებული სენაჟი ან თივა და სხვ. ასეთმა საკვებმა შეიძლება გამოიწვიოს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლა და გავლენა იქონიოს ნაყოფზე. აუცილებელია ძროხებს მიეცეს ვიტამინები. ბოლო ხანებში ფართოდ იყენებენ ტრივიტამინსა და სხვადასხვა პრემიქსებს. ფურები, განსაკუთრებით კი უშობლები, ყოველდღიურად უნდა გადიოდნენ 2-3 სთ-იან მოციონზე. ზაფხულში უკეთესია მათი გაშვება საძოვარზე. მოგებამდე 1 თვით ადრე ფურები უნდა აიცრას კოლიბაქტერიოზისა და პარატიფის საწინააღმდეგო ვაქცინით.

რუსუდან ბარკალაია

„ელკანას” მრჩეველი მეცხოველეობის დარგში