ნარჩენების მართვის კომპანიამ მოსწავლეებს და სტუდენტებს ქაღალდისა და მუყაოს განცალკევებულად შეგროვების საპილოტე პროექტი გააცნო
საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის წარმომადგენლებმა ქალაქ ზუგდიდისა და ქალაქ ფოთის სკოლის მოსწავლეებსა და პროფესიული კოლეჯის სტუდენტებს ქაღალდისა და მუყაოს საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან განცალკევებულად შეგროვების საპილოტე პროექტი გააცნეს.
მოსწავლეები და სტუდენტები ქაღალდისა და მუყაოს სეპარირების საწარმოშიც იმყოფებოდნენ, სადაც მუშაობის პროცესს გაეცნენ.
საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით, სამეგრელოსა და კახეთის რეგიონებში, „მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა 2“-ს ახორციელებს.
პროგრამის მიხედვით, 2023 წლის აპრილში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ქაღალდისა და მუყაოს განცალკევებული შეგროვების საპილოტე პროექტი დაიწყო.
აღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის მუნიციპალიტეტს ქაღალდისა და მუყაოს შესაგროვებელი 1,100 ლიტრიანი კონტეინერები, ნარჩენების შესაგროვებელი სპეციალური მანქანა, ქაღალდის და მუყაოს კომპაქტირებისთვის საჭირო ტექნიკა, ე.წ. „პრესი” და მექანიკური დამტვირთველი/ამწე გადაეცა.
მომავალი წლიდან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტს დამატებით სპეციალური ტექნიკა და კონტეინერები გადაეცემა; საპილოტე პროექტი იწყება ფოთშიც.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა, გასულ წელს, განცალკევებულად, 240 ტონა ქაღალდი და მუყაო შეგროვდა, რომელსაც საქართველოში მომუშავე საწარმოები ნედლეულად გადაამუშავებენ და მისგან მუყაოს ახალ ყუთებს დაამზადებენ.

