ნიადაგი, სასუქი, მცენარე
გავეცანი ინტერნეტჟურნალ agronews.ge-ზე და ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“ №7 ნომერში გამოქვეყნებულ ბატონ ადოლ ტყეშელაშვილის და ბატონ გოჩა წერეთლის სტატიას „როგორ მოვამზადოთ ნიადაგი ბიოპროდუქტების საწარმოებლად“. ამ წერილში ნათლად აისახა საქართველოს ნიადაგების-ქვეყნის სიმდიდრის დღევანდელი მდგომარეობა და მისი გამოსწორების ღონისძიებები.
ყველასათვის ცნობილია, რომ იყო პერიოდები როდესაც მინერალური სასუქების და შხამქიმიკატების გამოყენებამ პიკს მიაღწია. შემდეგ იყო უძრაობის პერიოდი და ნიადაგის განოყიერება საერთოდ იგნორირებული იყო სოფლის მეურნეობასთან ერთად. იყენებდნენ მხოლოდ აზოტოვან სასუქებს, რამაც კიდევ უფრო გაზარდა ნიადაგების გამოფიტვა, დაჭუჭყიანებაა, მასთან ერთად დაირღვა ნიადაგის ბიომრავალფეროვნება, საკვებ ელემენტთა შეფარდების წონასწორობა.
ნიადაგის ხარისხობრივი მაჩვენებლების შესწავლამ გვიჩვენა, რომ გამოკვლეული ნაკვეთების უმეტეს ფართობებში ჰუმუსის და საკვები ელემენტების შემცველობა მინიმუმია. ასევე გაუარესებულია ნიადაგის სტრუქტურა, განსაკუთრებით მთიან ზონაში, სადაც ნიადაგების უმეტესობა განიცდის ეროზიულ პროცესებს. ნიადაგები დეგრადირებულია, დაფარულია სარეველებით, განსაკუთრებით ჩაის ფართობები.
დამერწმუნებით, დღეს საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მიესალმება ბიოპროდუქტების წარმოებას, მაგრამ საკითხავია: რამდენად მზად არის საქართველოს ნიადაგები ამისთვის. სწორედ ამას სცემს პასუხს ბატონ ადოლ ტყეშელაშვილის და ბატონ გოჩა წერეთლის სტატია.
საქართველოს კლიმატური და ნიადაგური პირობები იძლევა იმის საშუალებას, რომ ვაწარმოოთ ბიოპროდუქტი, მაგრამ არა ასე ერთბაშად.ჩვენ ერთი უკიდურესობიდან მეორეში არ უნდა გადავარდეთ, რათა სავალალო შედეგი არ მივიღოთ და ფერმერთა უმეტესობა არ დავაზარალოთ.
ცნობილია, რომ ორგანული სასუქები ნიადაგში განიცდიან მინერალიზაციას და შემდეგ არის ის მცენარისათვის ხელმისაწვდომი. ეს ხანგრძლივი პროცესია, ამიტომ პირველ წლებში ორგანული სასუქები მხოლოდ მინერალურ სასუქებთან ერთად იძლევა შედეგს. მაგრამ შემდეგ წლებში შესაძლებელია მინერალური სასუქების დოზების შემცირება, შემდეგ კი შუალედურ ორგანო-მინერალურ სასუქებზე გადასვლა. ამ დროს დიდ ეფექტს მოგვცემს „ბაქტოფერტი“, „ჯეოჰუმატი“, „ორგანიკა“, „ჰუმაფოსკა“, „აგროვიტა“ და სხვა. ეს სასუქები ნიადაგს ამდიდრებენ ორგანიკით და ააქტიურებენ მიკროორგანიზმებს, რომ მოხდეს ორგანული სასუქების მინერალიზაცია და მცენარის მიერ საჭირო საკვები ელემენტების შეთვისება.
ბიო-სასუქების გამოყენების დროს საჭიროა ყურადღება მივაქციოთ მინიმუმის კანონს და მოვახდინოთ ნიადაგების კომპლექსური შესწავლა რეგიონების მიხედვით,რადგან საქართველოს ყველა რეგიონის ნიადაგურ კლიმატურ პირობებს თავისებურება გააჩნია. ნიადაგის ხარისხობრივი მაჩვენებლების და კლიმატური პირობების გათვალისწინებით მოვახდინოთ კულტურათა დარაიონება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება. ბიოპროდუქტების წარმოებისას ყველა კონკრეტულ ნაკვეთს ესაჭიროება კვლევა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
დასავლეთ საქართველოში ნიადაგების 60%-ზე მეტი მჟავე ნიადაგებს უჭირავთ,ამიტომ ასეთ ნიადაგებზე ჩაის კულტურის გაშენება ყველაზე ხელსაყრელია. ასევეა ლურჯი მოცვის კულტურა. რაც შეეხება დანარჩენ კულტურებს ისინი უნდა განლაგდნენ ისეთ ნიადგებზე რომლებიც შედარებით სუსტი მჟავეა,ან კიდევ მათი გაკულტურება მოვახდინოთ ქიმიური მელიორაციით — მოკირიანებით. მოსაკირიანებლად შესაძლებელია გამოვიყენოთ ადგილობრივი კირქვები, სამეგრელოში გავრცელებული მერგელები, აგარის შაქრის ქარხნის ანარჩენი — დეფეკაციური ტალახი, ასევე მაღალმაჩვენებლიანი Ph-ის მქონე ჰუმინური სასუქები. ყურადღება უნდა მიექცეს კოლხეთის ზონის დაჭაობებულ ნიადაგებში მელიორაციული სისტემების მოწესრიგებას, ქარსაფარი ზოლების გაშენებას და ასე შემდეგ.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქ ჩვენ დამლაშებული და ტუტე ნიადაგების პრობლემები გვაქვს გადასაჭრელი.
ნიადაგების გაკულტურებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს სიდერატების თესვას, როგორც კულტურათა გაშენებამდე, ისე კულტურის გაშენების შემდეგ მწკრივთა შორის. სიდერატებიდან გამოვყოფდით სოიას, რადგან იგი დაბალკალორიული საკვები პროდუქტების მიღების ერთ-ერთი წყაროა. სიდერატების თესვა,მათი გაცელვა, მულჩად გამოყენება ან ჩაკეთება აუმჯობესებს ნიადაგის ფიზიკურ თვისებებს, ტენტევადობას, ზრდის ორგანულ მასას, იგი ჰერბიციდების გამოყენების ერთ-ერთი საწინააღმდეგო ღონისძიებაა.
ბიოპროდუქტების წარმოება მოითხოვს კომპლექსურ კვლევებს და კვლევის საფუძველზე ეკოლოგიურად უსაფრთხო ტექნოლოგიების დანერგვას ყველა იმ პირობების გათვალისწინებით, რაც დაკავშირებულია ბიოპროდუქტების მიღებასთან.
რუსუდან ტაკიძე,
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური
დოქტორი, ცენტრ „ანასეულის“ დირექტორი სამეცნიერო დარგში