დარგებიმე და ჩემი სოფელიმეცხოველეობა

რატომ სჯობს თხის რძე ძროხისას?

თხა მრავალ გარეულ ცხოველთაგან ერთ-ერთი პირველია, რომელიც ადამიანმა მოიშინაურა.
თხის რძის სასარგებლო თვისებები უძველესი დროიდან არის ცნობილი. შუმერები მას ღვთაებრივ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. ძველ რომსა და საბერძნეთში მას ელენთის დაავადებათა სამკურნალოდ იყენებდნენ. შუა საუკუნეების ფილოსოფოსი და მკურნალი იბნ სინა ავიცენა თხის რძეს სამკურნალო სითხედ მიიჩნევდა.

ძველი მითების თანახმად, ღვთიური თხა ამალთეა თავისი რძით კვებავდა ზევსს.
თხის რძეს, როგრც ვთქვით, ადამიანები უხსოვარი დროიდან იყენებდნენ და მისგან სხვადასხვა სახის ყველს, არაჟანს, ჩუმა-მაწონს და სხვა ნაწარმს ამზადებდნენ და ამზადებენ დღესაც. რაც დრო გადის, ტექნოკრატიული საზოგადოება სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევს და იყენებს თხის რძისა და ხორცის პროდუქტებს.
თხის რძე, ძროხის რძის მსგავსად კაზეინს შეიცავს, მაგრამ, ძროხის რძისგან განსხვავებით, მასში პრაქტიკულად არ არის ალფა-1შ-კაზეინი, რომელიც რძის ალერგიის გამომწვევი ძირითადი ფაქტორია, ამიტომაც ძროხის რძეზე ალერგიის მქონე პირებისთვის რეკომენდებულია თხის რძე. კაზეინი ამინომჟავებით გაჯერებული ცილაა, რომელსაც ძალიან ნელა ითვისებს და ასევე ნელა გამოიყოფა ორგანიზმიდან.
ამ და მრავალი სხვა ფაქტორის გათვალისწინებით, როგორც მედიკოსები გვარწმუნებენ, თხის რძე უნიკალური და ძალზე სასარგებლო პროდუქტია.
თხის რძეში სხვა ცხოველებისგან მიღებულ რძესთან შეუდარებლად მეტია სასარგებლო ნივთიერებები, მინერალები, ანტიოქსიდანტები, ფოსფორი, კალიუმი, ნატრიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, სპილენძი, რკინა და მანგანუმი, თუმცა, შედარებით მცირე რაოდენობით შეიცავს ვიტამინებს, მათ შორის — ასკორბინის მჟავას (ჩ ვიტამინს), რეტინოლს (ა ვიტამინს), თიამინს (ბ1 ვიტამინს), რიბოფლავინს (ბ2 ვიტამინს) და ციანკობალამინს (ბ12 ვიტამინს). 100 გრამი თხის რძის ენერგეტიკული ღირებულება 68 კილოკალორიაა.
თხის რძე შეუცვლელია კუჭისა და მხედველობის ორგანოს დაავადებათა დროს, დიათეზისა და ძვლოვანი ქსოვილის დემინერალიზაციის პროცესში.

მაგალითად, მასში ძროხის რძეზე გაცილებით მეტია კალიუმი, რომელიც აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციობისთვის. გარდა ამისა, ის მდიდარია კობალტით, რომლის გარეშე წარმოუდგენელია სისხლის წარმოქმნა. თხის რძეს ზოგიერთი სპეციალისტი ქალის რძესაც კი ადარებს, რადგან მასში ბევრია ბეტა-კაზეინი. თხის რძე აუცილებელია რაქიტით დაავადებული ბავშვებისთვის. ის შეიცავს სიალის მჟავას, რომელიც შედის ორგანიზმის ბუნებრივი ბარიერული სისტემის სტრუქტურაში. თხის რძის ცილების უმრავლესობა ალბუმინებითაა წარმოდგენილი. ალბუმინები უკეთ ურთიერთქმედებს კუჭის წვენთან, იოლი ასათვისებელია და არ იწვევს კუჭ-ნაწლავის ფუნქციურ დარღვევებს. თხის რძის კიდევ ერთი უპირატესობა ის გახლავთ, რომ ნაკლებცხიმიანია. ცხიმების შემცველობა მასში 4%-მდე მერყეობს. ეს 4%-იც კი სრულად აითვისება და, რაც მთავარია, არ გროვდება ორგანიზმში. თხის რძე ლაქტოზის მცირე შემცველობით გამოირჩევა. ძროხის რძეში — დაახლოებით 13%-ით, დედის რძეში კი 41%-ით მეტი ლაქტოზაა, ვიდრე თხის რძეში, ეს კი მეტად მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც ლაქტოზის აუტანლობა აქვს. ამასთან, თხის რძით გამოწვეული დიარეის შემთხვევები პრაქტიკულად გამორიცხულია.
მოკლედ, თხაზე და თხის რძისგან მიღებულ პროდუქტებზე ლაპარაკის გაგრძელება კიდევ შეიძლება, მაგრამ, მოდით, ჩვენ მთავარ სათქმელზე გადავიდეთ — რა პერსპექტივა აქვს მეთხევეობის განვითარებას საქართველოში? სტატისტიკის მიხედვით მეოცე საუკუნის 90-იანი წლებიდან საქართველოში თხის სულადობა თანდათან მცირდებოდა და ბოლოს კრიტიკულ ზღვარსაც კი მიაღწია, მაგრამ ბოლო პერიოდში მეთხევეობის აღორძინების კარგი ნიშნები იკვეთება და არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ამ კეთილ საქმეში ერთ სათნო, რკინისქალამნებიან ქალბატონს ლომის წილი მიუძღვის.
ბოლო 5-6 წელიწადია არ მახსენდება სოფლის მეურნეობის ირგვლივ გამართული დიდი თუ მცირე თავყრილობა, უცხოურ ორგანიზაციებთან შეხვედრა, რასაც მე დავსწრებივარ, ქალბატონ ლია დემეტრაშვილს თხებზე რომ არ წამოეწყო ლაპარაკი და საზოგადოების ყურადღება არ მიექცია. ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ თემის გააქტიურება და პოპულარიზება სწორედაც რომ მისი დამსახურებაა.
დღეს ქალბატონ ლია დემეტრაშვილს ყველა იცნობს. თუ ვინმეს თხის შესახებ რამის გაგება უნდა, მას ურეკავენ, აკითხავენ, რჩევას ეკითხებიან და ისიც უანგაროდ უზიარებს გამოცდილებას ყველას, ვისაც თხისა და მეთხევეობის შესახებ სურს მეტის გაგება.
ის კი არადა, უდიდეს ქართველ მოღვაწე ექვთიმე თაყაიშვილზე გადაღებული ფილმის ერთ-ერთი ეპიზოდი სწორედ მის ფერმაშია გადაღებული.
ვიდრე თხების მოშენებას წამოიწყებდა, ქალბატონ ლია დემეტრაშვილს თხასთან და საერთოდ სოფლის მეურნეობასთან არაფერი აკავშირებდა. ის თბილისელია და ამ საქმეს, შეიძლება ითქვას, შემთხვევით მოკიდა ხელი.
რამდენიმე წლის წინათ მეუღლესთან ერთად ბაქო-ჯეიხანის ნავთობსადენის მშენებლობაზე თეთრიწყაროში მოუწიათ მუშაობა. მოგეხსენებათ, თეთრიწყაროს რაიონი რძისა და რძის პროდუქტებით განთქმულია, მის მეუღლეს კი ძროხის რძის შეუთავსებლობა აქვს და დაინტერესდა, თხის რძე გაესინჯა. გასინჯა და აღმოაჩინა, რომ შეუთავსებლობა კი არა, არგო კიდეც. ოჯახმა ჯერ ერთი თხა შეიძინა, შემდეგ კი გადაწყვიტა თხები მოეშენებინა და მცირე ბიზნესი წამოეწყოთ.
საქართველოში თხები კი ჰყავდათ, მაგრამ თხის ფერმა და თხის რძის პროდუქტების ბიზნესის (თხის ყველის დამზადება, რძის ჩამოსხმა-გაყიდვა) გამოცდილება არავის ჰქონდა. ინფორმაციის შეგროვებას დიდი დრო დასჭირდა, უცხოეთიდან შემოიყვანეს ზაანური ჯიშის თხები. ახალი ბიზნესის პიონერებს ინტერესით აკვირდებოდნენ მეზობლები და არა მარტო ისინი.
— თეთრიწყაროში, ზუსტად იქ, სადაც ბაქო-ჯეიხანის ნავთობსადენი გადის — მიხსნის ქალბატონი ლია — ვიყიდეთ სახლი,— 1400 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვთი, ავაშენეთ მცირე ფერმა და იქვე მოგვყავდა ოჯახისთვის ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურები. თავიდან ზაანური და ალპური ჯიშის თხუთმეტი თხა გვყავდა, ახლა ასი სული გვყავს, არადა, 700 და მეტი უნდა გვყავდეს, რადგან თხა ძალიან სწრაფად მრავლდება, მაგრამ მიწის ნაკვეთის შეძენა ვერ შევძელით, სადაც უფრო დიდ ფერმას ავაშენებდით.
ბიზნესი ექვსი წლის წინათ დავიწყეთ და დღეს, ნორმალურად განვითარების საშუალება რომ გვქონოდა, სულ მცირე, 700 სული თხა და ძლიერი ფერმა მაინც უნდა გვქონდეს, მაგრამ მეტად ვერ ვვითარდებით. სულადობას 100-ზე მეტად ვერ ვზრდით, იძულებული ვართ ციკნები გავყიდოთ.
ზაანური და ალპური თხები ჩვენებურ ჯიშებს არ ჰგვანან, ძალიან მორჩილები და თვინიერები არიან, კედლებზე და ხეებზე არ დადიან. სხვა მხრივ ჩვეულებრივი თხაა. ესენიც ავადდებიან ბრუცელოზით, მასტიტებით, მუდმივი ყურადღება და პირობების შექმნა სჭირდება, რომ არ უნდა იწვეს ბეტონზე, ხე ან სხვა სპეციალური საფენი სჭირდება, ცური არ უნდა დაუსველდეთ, არ უყვართ ორპირი ქარი, რადგან სუსტი ფილტვები აქვთ, თუმცა, სხვა მხრივ იოლი მოსავლელები არიან.
მოგეხსენებათ, თხის რძე თვისებებით თითქმის დედის რძესთან არის გათანაბრებული, თვითონ მედიცინა აღიარებს, რომ საწყის სტადიაში ფილტვების, ასევე კუჭ-ნაწლავის, წყლულს ყოველგვარი მედიკამენტების გარეშე სრულად კურნავს. ვისაც აქვს რძისადმი შეუთავსებლობა, ლაქტოზა, გულსისხლძარღვთა დაავადებების და მრავალი სხვა სენის სამკურნალო-პროფილაქტიკური პროდუქტია.
ჩვენ ფერმაში გადაიღეს ფილმ „ექვთიმე თაყაიშვილის“ ერთ-ერთი ეპიზოდი. თვითონ ფილმის მთავარი გმირი რეზო ჩხიკვიშვილი იყო ჩამოსული და მოიხიბლა ჩვენი საქმიანობით, ჩემი პატარა შვილიშვილით — დაჩი ვაჩეიშვილი უწევდა მასპინძლობა-მეგზურობას. ძალიან კარგი შვილიშვილი მყავს, ყოჩაღი ბიჭია, დილით 4 საათზე დგება და მიჰყვება პაპას თხების მოსავლელად. უნარიანი ბიჭია, შესანიშნავ ყველს აკეთებს უფროსების დაუხმარებლად, დამოუკიდებლად. სურს ვეტერინარი გახდეს. მეც როგორც შემიძლია, ხელს ვუწყობ, ყველგან დამყვება, რძის კონგრესზეც ერთად ვიყავით. ყურადღება არ მოუდუნებია, ინტერესით ისმენდა ყველაფერს. უკრაინელ, კომპანია დელავალის წარმომადგენლებსაც ერთად შევხვდით, გაუკვირდათ, ბავშვს ასეთი ინტერესი გამოეჩინოს ვეტერინარიის მიმართ, არ გვინახავსო, ცოტა წამოიზარდე და ჩვენ ვიცით, მოგხედავთო.

დაჩიმ, 10 წლის იყო მაშინ, ისრაელიდან ჩამოსული ფერმერის თანდასწრებით ამიყვანა და დაამზადა ნიგვზით და წიწაკით შეკეთებული ყველი. დღეს უკვე 12 წლისაა და შეიძლება ითქვას, რომ მან ამ თხის ყველის დამზადების ავანჩავანი იცის.
ძალიან მინდა კარგი პროფესიონალი დადგეს. დღეს კარგი ვეტერინარის, ზოოტექნიკოსის ნახვა ჭირს, არადა მათ მეცხოველე ფერმერების წარმატებაში დიდი წვლილი შეაქვთ.
თუ თხას სწორად არ კვებავ, სასურველ შედეგს ვერ მიიღებ, დაავადების მხრივაც პრობლემები შეგექმნება.
უფროსი შვილიშვილიც მყავს, ისიც მომავალი ფერმერია და მინდა შვილიშვილებმა ჩვენი საქმე გააგრძელონ.
დღეს ჩვენ ფერმერებს ბევრ ყოფით პრობლემასთან უწევთ გამკლავება. მე თბილისიდან სოფელში გადავედი საცხოვრებლად. როცა ქალაქში ვსაქმიანობდი, სხვა მოთხოვნები მქონდა, სხვა შეხედულება მქონდა სოფელზე, აქცენტი უფრო იმაზე მქონდა გადატანილი, რაც მჭირდებოდა. აქაც ისევეა, სოფელში ცხოვრება იმას არ ნიშნავს, არ გქონდეს წყალი, გზა, ტელეფონი, ინტერნეტი. აქ მართალია ბევრი სხვა აუცილებელი საჭიროებებია, მაგრამ ელემენტარული პირობები ყველას უნდა ჰქონდეს. დღეს ამაზე ლაპარაკიც არ უნდა იყოს, რომ გზა, წყალი, ტელეფონი, ელენერგია, ინტერნეტი გაქვს თუ არა.
მე ძალიან აქტიური ადამიანია ვარ, ყველგან დავდივარ — ფესტივალებზე, შეკრებებზე, სწავლებაზე, რა ღონისძიებაც კი იმართება ქვეყანაში. დღეს ჩვენ სოფელს აქტიური ხალხი აკლია, აქტიურობა კი დღეს გადამწყვეტი ფაქტორია. ამ რამდენიმე ხნის წინათ ჩინელებმა მიმიწვიეს კიტრის მყნობის მეთოდების სწავლებაზე და იქაც თხებზე ვილაპარაკე. ვთვლი, რომ ჩემი ასეთი აქტიურობით დარგისადმი ინტერესი და პოპულარობა გავზარდე. ამ ორიოდე წლის წინათ თუ მარტო ვიყავი, დღეს ბევრი ინტერესდება ამ საქმით.
დღეს ჩვენი პრობლემა ის არის, რომ წვრილმა ფერმერებმა არ ვიცით დაგეგმარება. რძე ხან ჭარბად გვაქვს, ხან არ გვაქვს. გლეხი ვერ ახერხებს ისე მოაწყოს მეურნეობა, რომ ასეთი ჩავარდნები არ ჰქონდეს. თუ არსებული გენოფონდი არ გაუმჯობესდა, ადგილობრივი ჯიშები არ გაუმჯობესდა, არაფერი გამოგვივა.
სახელმწიფოს თანადგომა ჩვენ საქმეში მნიშვნელოვანია, ამბობს ქალბატონი ლია, — „აწარმოე საქართველოში“ ძალიან კარგი პროექტია, მივიღე მონაწილეობა და პასტერიზატორი შევიძინე, მაგრამ ახლა უკვე მინი-საწარმო არის საჭირო, სადაც განვათავსებ მაგიდას, პასტერიზატორს, რძის ჩამოსასხმელ ხაზს, ლაბორატორიას. თუ ყველა ეს აღჭურვილობა არ გაქვს, რძეს ვერ ჩამოასხამ და ვერ ჩააბარებ.
ბოთლში ჩამოსხმული რძე მივიტანე გუდვილში, სხვაგანაც, შეამოწმეს, მოეწონათ, მაგრამ სათანადოდ არ არის შეფუთულიო, და არ მიიღეს, ამიტომ აქ მჭირდება დახმარება. თხის პროდუქტი სულ უფრო პოპულარული ხდება. ბევრმა დაიწყოს თხის მოშენება, მათგან რძე რომ ჩაიბარო, შეამოწმო, ლაბორატორია უნდა გქონდეს, სხვაგვარად ვერ იმუშავებ.
— დღეს სად ყიდით პროდუქციას? — ვეკითხები ქალბატონ ლია დემეტრაშვილს.
— მიაქვთ რესტორანს, ბაზრობაზე, ფესტივალები ტარდება, სადაც კარგად იყიდება ჩვენი პროდუქტი, ჩემი მომხმარებელიც მყავს.
— რამდენ რძეს აწარმოებთ?
— 100 ლიტრს, ხან მეტს, ხან ნაკლებს. ზაანური ჯიში დღეში 3-დან 5 ლიტრამდე რძეს იძლევა. ბაგურ კვებაზე უკეთეს შედეგზე გავალთ. არც ცური გაუფუჭდება, აღარც დაავადება იქნება პრობლემა
ამიტომ გვჭირდება დახმარება, რომ შევქმნათ საკუთარი საწარმო და პროდუქცია თავისუფლად გავიტანოთ ბაზარზე. სახელმწიფო მხარში გვიდგას, იმედია, ამ პრობლემასაც დავძლევთ და განვვითარდებით.

ნესტან გუგუშვილი