ნიადაგის დამუშავება ქარისმიერი და წყლისმიერი ეროზიის ზონებში
ქარისმიერი ეროზიის ზონებში (საგარეჯო, გურჯაანი, თეთრიწყარო, მარნეული, მცხეთა) თავთავიანი კულტურების მოსავლის აღებისთანავე ნაწვერალი უნდა აიჩეჩოს საოში ან ბრტყლადმჭრელი კულტივატორით 8-10 სმ. სიღრმეზე, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ზედაპირზე ნაწვერალის შენარჩუნება.
ფესურიანი სარეველებით ნაკვეთის დასარევლიანების შემთხვევაში აჩეჩვა ტარდება უფრო ღრმად (10-12 სმ). აჩეჩილი მინდორი მუშავდება 22-25 სმ. სიღრმეზე ბრტყლადმჭრელი კულტივატორით (კპგ-250). ადრე გაზაფხულზე ტენის შენარჩუნების მიზნით მზრალი უნდა დაიფარცხოს ბიგ-3 ფარცხით, ხოლო მზრალის თესვისწინა დამუშავება ჩატარდეს ბრტყლადმჭრელი კულტივატორით.
ფერდობებზე წყლისმიერი ეროზიის საწინააღმდეგოდ ხვნა, ნიადაგის თესვისწინა დამუშავება, თესვა დანათესის მოვლის ღონისძიებები ტარდება ფერდობის დახრილობის პარალელურად.
3-4 გრადუსიანი დახრილობის ფერდობებზე განივად ხვნის გარდა ჩამონადენი წყლის შეკავების უნარისგადიდებისათვის 2-3 წელიწადში ერთხელ ტარდება ღრმად ხვნა 30-32 სმ. სიღრმეზე.
მცირე სიღრმის ნიადაგებზე ეს ღონისძიება ტარდება ქვედა, ნაკლებნაყოფიერი ფენის გაფხვიერებით გუთანზე დაყენებული დამაღრმავებელის საშუალებით.
4-6 გრადუსიანი დახრილობის ფერდობებზე ტარდება ხნულის დაბაძოება, რაც ხორციელდება გუთნის ერთ-ერთ განაპირა ტანზე გაკეთებული გადიდებული ფრთით.
7-8 გრადუსიანი დახრილობის ფერდობებზე კარგ შედეგს იძლევა კულტურათა ზოლურად თესვა. პირველ ზოლში ითესება მრავალწლიანი ბალახები, მეორეში — თავთავიანი კულტურები, მესამეში — სათოხნი კულტურები.
მრავალწლიანი ბალახები ითესება 2-3 წლის სარგებლობით, ხოლო თავთავიანი და სათოხნი კულტურები ურთიერთმონაცვლეობენ. 7-8 გრადუსიან დახრილობის ფერდობებზე ზოლის სიგანე არ უნდა აღემატებოდეს 25-30 მეტრს, ხოლო 10-15 გრადუსიანზე 15-20 მეტრს.
ზოლების სიგანე სასოფლო-სამეურნეო მანქანების მოდების განის ჯერადი უნდა იყოს.