აგრარული განათლებარუბრიკები

ნიადაგის დამუშავების სისტემები და მეთოდები

 მცენარეთა ზრდა_განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნის მიზნით ჩატარებული ნიადაგის დამუშავების სისტემა გულისხმობს ურთიერთ დაკავშირებულ აგროტექნიკური ხერხების გარკვეულ ერთობლიობასა და თანმიმდევრობას.

ნიადაგის დამუშავების სისტემა არ არის მუდმივი, მასში ცვლილებების შეტანა ხდება სხვადასხვა ზონაში ნიადაგურ_კლიმატური პირობების, მოსაყვანი კულტურის ბიოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით. ნიადაგის დამუშავების სისტემას ყოფენ შემდეგ ჯგუფებად:

  1. ნიადაგის მზრალად ანუ საგაზაფხულო კულტურებისათვის დამუშავების სისტემა;
  2. ნიადაგის დამუშავების სისტემა საშემოდგომო კულტურებისათვის;
  3. ნიადაგის თესვისწინა და თესვის შემდგომი დამუშავების სისტემა.
  4. ნიადაგის ანეულად დამუშავების სისტემა;
  5. ყამირი მიწების დამუშავების სისტემა;
  6. ბუჩქნარების და დაჭაობებული ნიადაგების დამუშავების სისტემა და სხვ.

არსებობს ნიადაგის მზრალად დამუშავების რამდენიმე სახე:

1) ნაწვერლის დამუშავების სისტემა;

2) სათოხნი კულტურებისაგან განთავისუფლებული ნაკვეთის დამუშავების სისტემა;

3) კორდის დამუშავების სისტემა.

ნაწვერლის დამუშავების სისტემა

ნაწვერალი არის ნარჩენი თავთავიანი კულტურების მოსავლის აღების შემდეგ. ნაწვერლის დამუშავებას მზრალად დამუშავებასაც უწოდებენ. მისი მიზანია ნიადაგის ზედაპირის გაფხვიერება, მოსული ნალექების სრულყოფილად შთანთქმა, ნიადაგის წყლისა და საკვების რეჟიმის რეგულირება, ნიადაგის დასარევლიანებისა და მავნებელ_დაავადებების კერების მოსპობა. გვალვიან და ურწყავ რაიონებში აჩეჩვა დადებით შედეგს არ იძლევა, რადგანაც წინამორბედი კულტურის აღების შემდეგ ძალიან გამომშრალია და სარეველების თესლები არ ღივდება. ასეთ პირობებში აჩეჩვის შემდეგ ნიადაგი უნდა მოირწყას. აჩეჩვიდან 2-3 კვირის შემდეგ ნიადაგი იხვნება წინმხვნელიანი გუთნით, 22-25სმ სიღრმეზე. ფერდობების დამუშავების შემთხვევაში ხვნა დაქანების გარდიგარდმო მიმართულებით ტარდება, რათა ნიადაგი დაცულ იქნას ეროზიული პროცესებისაგან.

სათოხნი კულტურებისაგ ან განთავისუფლებული ნაკვეთის მზრალად დამუშავების სისტემა

სათოხნი კულტურები შედარებით გვიან ანთავისუფლებენ ნაკვეთს, ისინი ნიადაგს ფხვიერს და ნაკლებად დასარევლიანებულს ტოვებენ. ამიტომ, ხშირ შემთხვევაში, მოხვნის ნაცვლად, შეიძლება ჩავატაროთ აოშვა 10-12 სმ, ან ბელტის გადაუბრუნებლად ხვნა.

სათოხნი კულტურების შემდეგ თუ კვლავ სათოხნი კულტურების თესვაა გათვალისწინებული, მაშინ აუცილებელია ნიადაგის ღრმად დამუშავება.

ჭარბტენიან რაიონებში სათოხნი კულტურების შემდეგ მიზანშეწონილია ნიადაგის დამუშავება გადავიტანოთ გაზაფხულისათვის. ასეთი პირობებია კოლხეთის დაბლობზე, სადაც უხვნალექიანობისა და გრუნტის წყლის ნიადაგის ზედაპირთან სიახლოვეს დგომის გამო შეიძლება დაჭაობებას ჰქონდეს ადგილი.

 კორდის დამუშავების სისტემა

მრავალწლიანი ბალახების მკვდარი და ცოცხალი ნარჩენებით დაქსელილ ზედა ფენას კორდს უწოდებენ. კორდისთვის დამახასიათებელია ნიადაგის დიდი სიმკვრივე. მით უფრო მკვრივია იგი, რაც უფრო დიდი ხნის მოუხნავია.

განასხვავებენ ბუნებრივ და ხელოვნურ კორდს: ბუნებრივი კორდი ყალიბდება ველურად მოზარდი ბალახეული მცენარეების დგომის შედეგად, ხოლო ხელოვნურია კორდი, როცა ითესება მრავალწლიანი ბალახები 2 და მეტი წლის განმავლობაში.

ყამირი და ნასვენი მიწე ბის დამუშავების სისტემა

მრავალწლიანი ბალახებით უმეტესად დაფარულ, აუთვისებელ, მოუხნავ მიწის ნაკვეთს ყამირი ეწოდება, ხოლო ისეთი მიწის ნაკვეთს, რომელიც დამუშავების შემდეგ ხანგრძლივი დროით მიტოვებულ იქნა, ნასვენს უწოდებენ. ყამირი და ნასვენი მიწები ხასიათდებიან მაღალი ნაყოფიერებით, აქედან გამომდინარე მათ ათვისებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ყამირი და ნასვენი მიწები უნდა მოიხნას აუცილებლად წინმხვნელიანი გუთნებით, ბელტი კარგად უნდა ჩაკეთდეს ნიადაგში, ეს შესაძლებელია მხოლოდ ღრმა ხვნით. კორდის ჩვეულებრივი ხვნა 25-30სმ-ია. თუ ნაკვეთი ძლიერ დასარევლიანებულია მრავალწლიანი ფესურიანი სარეველებით, მაშინ ჯერ დისკოებიანი ფარცხით უნდა დაიფარცხოს და შემდეგ უნდა მოიხნას.

სწორი აგროტექნიკის პირობებში ყამირი და ნასვენი მიწები დიდხანს ინარჩუნებენ მაღალ ნაყოფიერებას.

ნიადაგის ანეულად დამუშავების სისტემა

ანეულს უწოდებენ განსაზღვრული დროის განმავლობაში დაუთესავად დატოვებულ ნაკვეთს, რომელიც დასვენების პერიოდში სისტემატურად მუშავდება, რათა გაუმჯობესდეს მისი ნაყოფიერება, უკეთ მომარაგდეს წყლით და საკვები ნივთიერებით. დამუშავების სისტემა განსხვავებულია იმისდა მიხედვით, თუ რომელი წინამორბედის შემდეგ უნდა დაითესოს ესა თუჲ ის საშემოდგომო კულტურა. ანეულები ორ გჯუფად იყოფიან: სუფთა და მოთესილ ანეულებად.

ნიადაგის ანეულად დამუშავება. როდესაც ნაკვეთი სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში თავისუფალია მოსაყვანი კულტურისაგან, ხოლო ნიადაგი არის დამუშავებული, ფხვიერი და სარეველებისაგან სუფთა ანეულს უწოდებენ. ასეთ ნაკვეთზე წლის განმავლობაში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიღება არ ხდება.

სუფთა ანეულს ყოფენ შემდეგ სახეებად: ა) საშემოდგომო ანუ შავი ანეული; ბ) საგაზაფხულო ანუ ადრეული ანეული; გ) საგვიანო ანეული; დ) კულისებიანი ანეული.

ნაწვერლის წინასწარი აჩეჩვის შემდეგ, საშემოდგომო ანეულისათვის, შემოდგომაზე წარმოებს ძირითადი ხვნა, ხოლო მომავალი წლის შემოდგომამდე მინდორი   ,,გადაშავებულია”, ამიტომაც მიიღო შავი ანეულის სახელწოდება.

საადრეო ანეულის ეფექტურობა მკვეთრად იზრდება იმ შემთხვევაში, თუ შემოდგომაზე ჩავატარებთ აჩეჩვას, ხოლო გაზაფხულზე დროულად მოვხნავთ. ხვნა წარმოებს წინმხვნელიანი გუთნით, ერთდროულად ატარებენ ფარცხვასაც. სარეველების გამოჩენისთანავე ატარებენ აოშვას დისკოებიანი საოშით ივნისის დასაწყისში ატარებენ ღრმა ხვნას გუთნით, ე.ი. ბელტის გადაუბრუნებლად 40-50 სმ–ის სიღრმეზე, ფარცხვით, ზაფხულის განმავლობაში სარეველების განვითარების მიხედვით, ხოლო რამოდენიმე აოშვას აწარმოებენ დისკოებიანი საოშებით. აგვისტოში ტარდება მეორე ღრმა ხვნა იმავე სიღრმეზე (40-50სმ), ისევ უფრთო გუთნით, ოღონდ პირველი ხვნის საწინააღმდეგო მიმართულებით, სარეველების გამოჩენის შემთხვევაში თესვის წინ ნიადაგი უნდა დამუშავდეს თათებიანი ,,ზიგზაგებიანი” ფარცხით და ითესება საგაზაფხულო კულტურა_შემდეგ,  3-4 წლის განმავლობაში ნაკვეთი არ იხვნება, საგაზაფხულო კულტურის მოსავლის აღების შემდეგ 7-8სმ სიღემეზე ტარდება 1-2 დადისკოება, გაზაფხულზე ნაკვეთი დაიფარცხება და დაითესება.

საადრეო ანეულის მოხვნის ვადები ადგილობრივი პირობების მიხედვით ცვალებადობს. საუკეთესოდ ითვლება ხვნა აპრილ–მაისში, ან არაუგვიანეს ივნისის პირველი დეკადისა. ადრეულ ანეულებზე ორგანული სასუქი შეაქვთ ძირითადი ხვნის წინ, ან მომდევნო გადახვნის წინ. ხნულის შემდგომი დამუშავება ზაფხულისა და შემოდგომის განმავლობაში იმავე წესით და იმავე ვადებში ტარდება, როგორც შავი ანეულის დამუშავებისას.

კულისებიანი ანეული. სუფთა ანეულის სახესხვაობას კულისებიანი ანეული წარმოადგენს იმ განსხვავებით, რომ შემოდგომაზე მოხნულ მინდორზე გაზაფხულ-ზაფხულში კულისებად ზოლ-ზოლად ითესება მაღალღეროიანი მცენარეები, თოვლის დაგროვების, ყინვისა და ქარისაგან საშემოდგომო ნათესის დაცვის მიზნით.

კულისებიანი ანეულის ძირითადი დანიშნულებაა მაღალღეროიანი მცენარეების თესვის საშუალებით მინდვრებზე თოვლის შეკავება და ნიადაგში ტენის მარაგის გადიდება. ამიტომ_კულისებიან ანეულებს იყენებენ მშრალ რაიონებში, სადაც მცირეთოვლიანი მკაცრი და მასთან ქარიანი ზამთარი იცის ტენიანობის გადიდების გარდა, ასეთი ანეული თოვლის საბურველის გადიდების გამო, ხელს უწყობს ტემპერატურული რეჟიმის გაუმჯობესებას და საშემოდგომო კულტურების უკეთ გამოზამთრებას.

საკულისე კულტურების მოსავლის აღების შემდეგ ღეროებს არ ჭრიან, არამედ ისე ტოვებენ თოვლის შესაკავებლად, გაზაფხულზე კი ქარების პერიოდის გავლის შემდეგ ჭრიან და გამოაქვთ ნაკვეთიდან.

მოთესილი ანეულები. სუფთა ანეულების აგროტექნიკური მნიშვნელობა ნიადაგის ნაყოფიერების გადიდების საქმეში, განსაკუთრებით სარეველებთან ბრძოლაში, მეტად დიდია, მაგრამ  ეკონომიკურად იგი მისაღებია მხოლოდ მშრალ რაიონებში, სადაც ნალექების წლიური რაოდენობა მცირეა და მაღალი მოსავლის მიღებას ვერ უზრუნველყოფს. სუფთა ანეულზე ორი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი მოსავლის მიღება შეიძლება. ანეულზე დათესილი კულტურა მოკლე ვეგეტაციისა უნდა იყოს, რათა მოსავლის აღების შემდეგ დროულად და ხარისხიანად  დამუშავდეს ნიადაგი საშემოდგომო კულტურის თესვისათვის. გარდა ამისა, მოსათესი კულტურა ნიადაგს არ უნდა ფიტავდეს წყლითა და საკვებით, დიდ გავლენას უნდა ახდენდეს თავისი ბიოლოგიური თავისებურებებით და აგროტექნიკით ნიადაგის ნაყოფიერების გადიდებაზე. ასეთებია ერთწლიანი პარკოსანი კულტურები (ცერცველა, ცულისპირა, ბარდა, ოსპი, ხანდური და სხვ.), სათოხნი კულტურები (კარტოფილი, სასილოსე სიმინდი, საკვები ბაღჩეულები, სათესლე ძირხვენების მეორე წლის ნარგავები და სხვ.), კარგია აგრეთვე სამარცვლე პარკოსნები (ლობიო, ბარდა, სოია და სხვ.).

   სიდერალური ანეული.  სიდერალური ანეული საკმაოდ გავრცელებული სახეა. სიდერალური ანეულის მინდორზე დათესილი პარკოსანი კულტურების (ხანჭკოლა, ბარდა, ცულისპირა, სოია, ცერცველა, ჩიტიფეხა, ძიძო და სხვ.). სიდერატების გამოყენებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს აგროტექნიკურ ღონისძიებათა სისტემაში, როგორც მაღალეფექტურ, იაფსა და ადვილად გასატარებელ ღონისძიებას.

სიდერატებით მოთესილი ანეულები ხელს უწყობენ მინდვრების სარეველა მცენარეთაგან გაწმენდას, რაც იმაში გამოიხატება, რომ კარგად განვითარებული სიდერატებით ნიადაგის ზედაპირი მთლიანად იფარება (იჩრდილება) მწვანე მასით და  იწვევს სარეველების ჩახშობას. სიდერატებად იყენებენ როგორც პარკოსან, ისე მარცვლოვან კულტურებს და ხშირად მათ ნარევსაც, მაგრამ უმთავრესი მნიშვნელობა მაინც პარკოსან მცენარეებს ეკუთვნით. პარკოსნებს უნარი შესწევთ კოჟრის ბაქტერიების საშუალებით გამოიყენონ ატმოსფეროს თავისუფალი აზოტი და ამგვარად გაამდიდრონ ნიადაგი ამ მნიშვნელოვანი და ძირითადი საკვები ელემენტით. სიდერატების ჩახვნით ნიადაგს ვამდიდრებთ ორგანული ნივთიერებით და აზოტით, რის საფუძველზეც უმჯობესდება ნიადაგის ფიზიკურ-ქიმიური და მიკრობიოლოგიური პროცესები. სასიდერატოდ გამოსაყენებელი მცენარეები ღრმად ივითარებენ ფესვთა სისტემებს, აფხვიერებენ ნიადაგის ქვედა ფენებს, ამოაქვთ იქედან მცენარეთათვის აუცილებელი საკვები ნივთიერებანი, ხოლო ზოგიერთი ძნელად ხსნადი ნივთიერება ადვილად შესათვისებელი ხდება მომდევნო კულტურებისათვის.

ნიადაგის თესვისწინა დამუშავების სისტემა

ნიადაგის თესვისწინა დამუშავებაში იგულისხმება გარკვეული თანმიმდევრობით შესრულებული დამუშავების წესების ერთობლიობა ნიადაგის დასათესად მოსამზადებლად. იგი (კულტივაცია, დადისკოება, ფარცხვა) უნდა ჩატარდეს მხოლოდ დათესვის დღეს, რაც ადიდებს კულტურის კონკურენტუნარიანობას სარეველებთან შედარებით. თუ ერთმანეთს დაშორდება თესვისწინა დამუშავება და თესვა, მაშინ სარეველები ადრე აღმოცენდებიან, ვიდრე მოსაყვანი კულტურები და განვითარდებიან მათზე უკეთესად. თუ თესვისწინა კულტივაციის შემდეგ წვიმის ან სხვა მიზეზის გამო შეუძლებელია თესვის ჩატარება, აუცილებელია განმეორდეს თესვისწინა დამუშავება. თესვისწინა დამუშავების დროს არ არის რეკომენდებული ნიადაგის გადაბრუნება.

თესვისწინა დამუშავება საგაზაფხულო კულტურებისათვის უნდა დაიწყოს ადრე გაზაფხულზე ფარცხვის ჩატარებით მსუბუქ ნიადაგებზე და კულტივაცია-ფარცხვით მძიმე ნიადაგებზე

  ნიადაგის თესვის შემდგომი დამუშავების სისტემა

ნიადაგის თესვის შემდგომი დამუშავების ამოცანაა _შექმნას მცენარეთა აღმოცენებისა და მათი შემდგომი განვითარების ოპტიმალური პირობები; უზრუნველყოს მცენარეთა საჭირო სიხშირე; დაიცვას ნიადაგის წყალი აორთქლებისაგან; გააუმჯობესოს ნიადაგის ჰაერაცია და მასთან დაკავშირებული სასარგებლო მიკროორგანიზმების ცხოველმოქმედება; მოსპოს სარეველა მცენარეები.

რ. ძიძიშვილი,

მიწათმოქმედების საფუძვლები