მედიარუბრიკებისტატიები

პოლონეთის წარმატების გასაღები

პოლონეთში დღეს შრომისუნარიანი მოსახლეობის 65% დასაქმებულია მცირე და საშუალო ბიზნესში, მშპ-ს 75%-ს ქმნის მცირე და საშუალო საწარმოები, აქედან, მომსახურების სექტორზე მოდის 80%, 20% _ კი წარმოებაზე.
განხორციელდა პოლონეთის სოფლის მეურნეობის სრული მოდერნიზაცია. დღეს პოლონეთის სოფლის მეურნეობის და გადამმუშავებელი სექტორში წარმოებული პროდუქტის თითქმის 80%-ის ევროკავშირის ბაზარზე იყიდება.

„პოლონეთის ტრანსფორმაცია უნდა განვიხილოთ წარმატებულ მაგალითად, არა ლამაზი ავტომაგისტრალებისა და ქალაქების გამო, არამედ, იმიტომ, რომ დღეს გვყავს უფრო ფხიზელი სამოქალაქო საზოგადოება. არ გვეშინია იმის თუ ვინ მოვა ხელისუფლებაში, რადგან თუ ისინი შეცდომებს დაუშვებენ, ხალხი ამას არ შეეგუება”- ამბობს ვარშავაში დაფუძნებული ევროპის დიპლომატიური აკადემიის დირექტორი კატარჟინა პისარსკა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პოლონეთმა მოსკოვში შექმნილი ქაოსით ისარგებლა და ეს შესაძლებლობა ევროპულ ოჯახში დასაბრუნებელად გამოიყენა. ქვეყნის წარმატებული გარდაქმნის ერთ-ერთი ფაქტორი, სწორედ, გეოპოლიტიკური ვითარება გახდა- “არც ევროკავშირს და არც ნატოს არ უთქვამს ჩვენ უნდა გამოგყვეთო, ჩვენ ვთქვით, რომ ეს ჩვენი გადარჩენის ერთადერთი შანსია. არ იყო გარეშე ზეწოლა, ან იყო მინიმალური, რომ შეჩერებულიყო ტრანსფორმაცია. რაც მთავარია, იყო მნიშვნელოვანი მხარდაჭერა დასავლეთის ინსტიტუტების მხრიდან: აშშ, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ევროკავშირი.”

გეოპოლიტიკურ ვითარებასა და დასავლეთის მხარდაჭერაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ისტორიული მეხსიერება-“ტრავმებისა და დრამების ისტორია”– ასე უწოდებენ პოლონელები დამოუკიდებლობის 123 წლით დაკარგვას, რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტს, მეორე მსოფლიო ომსა და ჰოლოკოსტს- ეს იყო მეხსიერება, რომელიც მოსახლეობაში ვერასდროს წაიშლებოდა. პოლონელებს სჯეროდათ, რომ ევროკავშირში გაწევრიანებით ისინი ევროპულ ოჯახში დაბრუნდებოდნენ. რეფორმების ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა იყო ანტირუსული განწყობები.

“აუცილებლია მკაფიო ისტორიული პოლიტიკა, 10-15 წლის წინ, უკრაინასა და რუსეთში მოგზაურობისას, გვიკვირდა, რომ ხალხი არ საუბრობდა საკუთარ ისტორიაზე. კომუნისტების პროპაგანდით კოლექტიური მეხსიერება შეიქმნა, არ ჰქონდათ ინდივიდუალური მეხსიერება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია იდენტობის შესაქმნელად, ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ მათი ფესვები, მემკვიდრეობა – ის, რაც განზრახ დაანგრიეს საბჭოთა კავშირის დროს. არ შეგეძლო გქონოდა ინდივიდუალური მეხსიერება, რადგან მაშინ შეკითხვებიც გაგიჩნდებოდა.”

დამოუკიდებლობის პირველი წლები განსაკუთრებით მტკივნეული იყო მოსახლეობისთვის, “ეკონომიკური შოკთერაპია”- რეფორმები და მაქსიმალური ცვლილება მინიმალურ დროში, ეკონომიკურ ლიბერალიაზციას მოჰყვა სამუშაო ადგილების დაკარგვა, სახელმწიფო კომპანიებისა და ინდუსტრიების დაცემა, ჰიპერინფლაცია, თუმცა ხალხი არ გამოსულა რეფორმების წინააღმდეგ, ისევ ისტორიული მეხსიერებისა და გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე.

„მახსოვს სკოლაში სენდვიჩში 2000 ზლოტს (პოლონური ვალუტა) ვიხდიდი. სტრუქტურული რეფორმები ჩატარდა მთლიანი სისტემის. იყო დიდი უკმაყოფილება მუშებში, სოლიდარობის მოძრაობის წევრებშიც, ადამიანებმა, ვინც იბრძოდა ამ დამოუკიდებლობისთვის, უკეთესი ცხოვრების ნაცვლად, დაკარგა სამუშაო, მაგრამ ზოგადი განწყობა და ცვლილებების სურვილი ბევრად მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ის უარყოფითი მოვლენები, რაც თან სდევდა რეფორმების პროცესს.”

1994 წელს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმების შემდეგ ქვეყანა, რომლის ეკონომიკა მთლიანად საბჭოთა ბაზარზე იყო დამოკიდებული, კონკურენტუნარიანი უნდა გამხდარიყო ევროპაშიც. 1994 წლიდან დაიწყო პოლონური პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე საბაჟო გადასახადის გარეშე შესვლა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ პირველ ეტაპზე პოლონეთი შიდა ბაზარზე არ მიიღებდა ევროპულ პროდუქციას, ვინაიდან, ადგილობრივი ნაწარმი ვერ გაუწევდა კონკურენციას დასავლეთ ევროპულს. ამ პერიოდში გაიზარდა მშპ, ეკონომიკური სიტუაცია გაუმჯობესდა. ეკონომიკური ზრდის მთავარი მიზეზი კერძო სექტორი გახდა. დღეს 65% დასაქმებულია მცირე და საშუალო ბიზნესში, მშპ-ს 75%-ს ქმნის მცირე და საშუალო საწარმოები, აქედან, მომსახურების სექტორზე მოდის 80%, 20%- კი წარმოებაზე.მოხდა პოლონეთის სოფლის მეურნეობის მნიშვნელოვანი მოდერნიზაცია.დღეს პოლონური პროდუქტის თითქმის 80%-ის ექსპორტი ხდება ევროკავშირის ბაზარზე. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა მნიშვნელოვანი ნაწილია ქვეყნის ეკონომიკის, იმის მიუხედავად, რომ მშპ-ს მხოლოდ 3.4% მოდის ამ სექტორზე, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია მუშახელის 12.4%, 39% კი სოფლად ცხოვრობს. პოლონელი ფერმერების შემოსავალი მნიშვნელოვნად გაიზარდა, მას შემდეგ, რაც ქვეყანა 2004 წელს ევროკავშირის წევრი გახდა.

„ფერმერები ევროკავშირის ფულის ყველაზე დიდი ბენეფიციარები არიან და ყველაზე მეტად მათ ისარგებლეს ევროკავშირში შესვლით, თუმცა თავიდან ძალიან სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი. 1990-იან, 80-იან წლებში ბევრად მეტი ადამიანი მუშაობდა სოფლის მეურნეობაში, ვიდრე ამის საჭიროება იყო, შემდეგ უკვე ხალხი ტოვებდა სოფლის მეურნეობას და ქალაქში მიდიოდა, დღეს სოფლის მეურნეობა ბევრად სპეციალიზებულია.”

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა საზოგადოების ინფორმირებას, აქტიურობდა ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი. მინისტრთა საბჭომ 1999-2002 წლებისთვის 4-წლიანი გეგმა დაამტკიცა, საინფორმაციო და საგანმანათლებლო კამპანიის საწარმოებლად. მოსახლეობას ევროკავშირის სარგებელს აცნობდნენ, ამავდროულად, უხსნიდნენ, რომ გარკვეული საფასურის გადახდა მათაც მოუწევდათ, ევროკავშირის სტანდარტებთან დასაახლოებლად. პროგრამის მიზანი იყო საზოგადოებას ჰქონოდა წვდომა ზუსტ და სანდო ინფორმაციაზე და გამიზნული იყო არა მხოლოდ იმ ფენაზე, რომელიც უკვე უჭერდა მხარს ევროკავშირში ინტეგრაციას, არამედ მათზე, ვისაც ჯერ გადაწყვეტილი არ ჰქონდა და ვინც ეწინააღმდეგებოდა კავშირში შესლას. პროგრამის მეშვეობით მჭიდრო თანამშრომლობა შედგა სამთავრობო სტრუქტურებს, არსამთავრობო ინსტიტუტებს, საზოგადოების აზრის ფორმირებაზე გავლენის მქონე წრეებს შორის. დიდ როლს თამაშობდა ინფორმაციის გავრცელებაში არსამთავრობო სექტორი და მედია.

მნიშვნელოვანი იყო ელიტების როლიც. პროცესში ჩართული იყო ყველა- პოსტკომუნისტები, ოპოზიცია, ლიბერალები, ახალგაზრდები თუ ხანშიშესულები. საინტერესო მომენტი იყო რეფერენდუმზე პოლონეთის ბოლო კომუნისტი ლიდერის ვოიცეხ იარუზელსკის გამოჩენა, რომელმაც ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა20 წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, რომ ეს მოხდებოდა, ვიტყოდი, რომ აბსურდის თეატრია, მაგრამ რეალობა იცვლება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო არენაზე, ამ ახალი რეალობის გათვალისწინებით, მე ხმა მივეცი პოლონეთის ევროკავშირში შესვლას”

ევროპის დიპლომატიური აკადემიის დირექტორი იხსენებს, რომ როდესაც კომუნისტური პარტიის საფუძველზე შექმნილ სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერ ლეშეკ მილერს ჰკითხეს – თუ რა იყო მისი ყველაზე დიდი წარმატება, მან უპასუხა, რომ პოლონეთის შეყვანა ევროკავშირში. მილერი იყო პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ხელი მოაწერა ევროკავშირში შესვლის შესახებ შეთანხმებას. პრეზიდენტი ალექსანდრე კვაშნიევსკი კი რომელიც 1980-იან წლებში, კომუნისტურ მთავრობაში სპორტის მინისტრი იყო,თავად ჩაუდგა სათავეში პროევროპულ კამპანიას. პრეზიდენტი სხვადასხვა ქალაქში საჯარო შეხვედრებს მართავდა, ყველა ოჯახს ურიგებდნენ ბროშურას, ევროკავშირის, როგორც წარმატებული პროექტის შესახებ. დიდი გავლენა იქონია პოლონური წარმოშობის რომის პაპის, იოანე პავლე მეორის ღია მხარდაჭერამ ევროკავშირისადმი, პოლონეთის მოსახლეობის 90% კათოლიკე ქრისტიანია და მათთვის რომის პაპი დიდი ავტორიტეტი იყო.

ძლიერი იყო „არა” კამპანიაც, ლოზუნგით- “გუშინ, მოსკოვი, ხვალ ბრიუსელი”, ხალხს არწმუნებდნენ, რომ კავშირში გაწევრიანებით დამოუკიდებლობას კიდევ ერთხელ დაკარგავდნენ, ასევე, მოხდებოდა აბორტის, ევთანაზიისა და სექსუალური უმცირესობების ქორწინების ლეგალიზება, გერმანელები კი დასავლეთ პოლონეთში მიწებს დაეპატრონებოდნენ. ასევე შიშობდნენ, რომ პოლონურ ბაზარს მთლიანად დაიკავებდა ევროკავშირიდან შემოსული იაფი პროდუქტი, მცირე და საშუალო ბიზნესი გაკოტრდებოდა და ფერმერების მდგომარეობაც გაუარესდებოდა, თუმცა არცერთი ეს შიში არ გამართლებულა. ზოგ შემთხვევაში საპირისპირო მოხდა, არათუ ევროკავშირიდან შემოსულმა პროდუქციამ დაიპყრო პოლონური ბაზარი, არამედ თავად პოლონური ნაწარმი გახდა ექსპორტის მამოძრავებელი ძალა და მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ევროკავშირის ბაზარზე. ვაშლის ექსპორტით პოლონეთი ევროკავშირის ბაზარზე პირველ ადგილს იკავებს, მეორე პოზიცია აქვს ჭვავისა და კარტოფილის ექსპორტში, მესამე- შაქრის ჭარხალი, მეოთხე- ხორბალი და ძორხის რძე.

“ევროკავშირის წევრობა არის შესაძლებლობა და არა განვითარების გარანტია, შეძლებს თუ არა ქვეყანა ამ შესაძლებლობის სრულად კაპიტალად ქცევას, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გადაწყვეტს მართოს თავისი ეკონომიკური პოლიტიკა– წერია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოხსენებაში, სადაც ევროკავშირში ყოფნის 10 წელია შეჯამებული. ეკონომიკურ პოლიტიკასთან ერთად წარმატებული ტრანსფორმაციის გასაღები, როგორც კატარჟინა პისარსკას მიაჩნია, თავად ხალხშია, რომელსაც ესმის, რომ აუცილებლად მოუწევს მსხვერპლის გაღება უკეთესი მომავლისთვის.

“იმისათვის, რომ მოახდინოთ წარმატებული ტრანსფორმაცია, ხალხს უნდა სჯეროდეს და ესმოდეს, რომ ყოველი რეფორმა და ცვლილება საზოგადოებისგან ითხოვს დიდ მსხვერპლშეწირვას. სწორედ, აქ გჭირდება ისტორიული ელემენტები, საზოგადოების ისტორიული მეხსიერება” – ამბობს პისარსკა.

მაიკო გაბულდანი,

წყარო :eugeorgia.info