ნიადაგის განოყიერება, სასუქის სახეები
ნიადაგი და მცენარე ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ სისტემას ქმნის.
ნიადაგის უმნიშვნელოვანესი თვისებაა ნაყოფიერება, ანუ ნიადაგის უნარი უზრუნველყოს მცენარის საკვებ ელემენტებისა და წყლის მოთხოვნილებები, შექმნას შესაბამისი ჰაეროვანი და თბური რეჟიმი და ამით უზრუნველყოს სასოფლო-სამეურნეო კულტურების მაღალი, ხარისხიანი მოსავალი.
ნიადაგი მცენარისათვის საჭირო ელემენტების (მიკრო- და მაკროელემენტების) წყაროა, რომელსაც მცენარე შეითვისებს როგორც ფესვთა სისტემის, ისე ფოთლების მეშვეობით.
ნიადაგში მიკროელემენტების უკმარისობას სავალალო შედეგებამდე მივყავართ, რაც აისახება სასიცოცხლო პროცესების მიმდინარეობაზე, სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის დაცემასა და ხარისხის გაუარესებაზე. თავისი საოცარი თვისებებითა და უმცირესი ნორმით სასუქები ძლიერ ზემოქმედებენ მცენარეში სასიცოცხლო პროცესების მიმდინარეობაზე და მცენარეთა იმუნიტეტის ამაღლებაზე ზრუნავენ.
ნიადაგის ნიმუშის ანალიზის შედეგების საფუძველზე დგინდება რა ელემენტი რა დოზით უნდა შევიტანოთ ნიადაგში. სასუქების შეტანა სასუქის შესატანი ინვენტარის და დამცავი საშუალებების გამოყენებით ხდება.
გახსოვდეთ! სასუქის შეტანის დროს დავიცვათ სასუქის მოხმარების ნორმები და შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის წესები.
სასუქის სახეები
ნიადაგის გასანოყიერებლად უამრავი ორგანული და არაორგანული სასუქი არსებობს, მაგრამ მათ შორის ყველაზე საუკეთესო – გადამწვარი ნაკელია. ნაკელი ორგანული სასუქია და, გარდა იმისა, რომ მცენარის საკვებ ყველა ელემენტს შეიცავს, ამავდროულად ნიადაგის სტრუქტურასაც აუმჯობესებს, არეგულირებს მასში ჰაერისა და წყლის გამტარობას და ა.შ. მცენარის დამოკიდებულებას ნიადაგთან განსაზღვრავს ამ უკანასკნელის თვისებები, რომელიც სამ ჯგუფად იყოფა: ფიზიკურმექანიკური, ქიმიური და ბიოლოგიური. მათი გავლენის ხასიათი იმდენად მრავალგვარია, რომ ერთსა და იმავე ნიადაგობრივ პირობებშიც კი ნიადაგი მცენარისათვის სხვადასხვა საარსებო პირობას ქმნის.
ფიზიკურ-მექანიკურ თვისებებში შედის: ნიადაგის მექანიკური შედგენილობა, სიღრმე, სტრუქტურა, ფორიანობა, წყალგამტარობა, ტენტევადობა, აერაცია, სითბო, ხნოვანება, შეფერილობა და სხვ. ქიმიური თვისებებიდან აგროეკოლოგებისთვის საინტერესოა ნიადაგში შემავალი ცალკეული ელემენტების რაოდენობა და ხარისხი. ბიოლოგიურ ანუ ცოცხალ ნაწილებში იგულისხმება ნიადაგში მცხოვრები მცენარეული და ცხოველური მიკროდა მაკროორგანიზმების ცხოველქმედება და გავლენა ნიადაგზე.
ბიოლოგიურ მებაღეობაში დამატებითი სასუქის მიწოდება ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ინტენსიური კომპოსტირების, მულჩირებისა და სიდერაციის მიუხედავად, ნიადაგში საკვები ელემენტების ნაკლებობაა. სასუქი შეაქვთ დათესვამდე, გადარგვამდე და ვეგეტაციის პერიოდის დაწყებამდე, ვინაიდან ნიადაგის ორგანიზმებს ესაჭიროება დრო, ტენი და სითბო, რათა მიწოდებული სასუქი მცენარეებისათვის ათვისებად ფორმაში გადაიყვანოს. ორგანულ მებაღეობაში დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე კომპოსტს.
კომპოსტი
კომპოსტის გამოყენება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ნიადაგის ნაყოფიერებას. კომპოსტი ნიადაგს მცენარის კვებისათვის საჭირო ელემენტებით ამარაგებს, რითაც ამცირებს აგროქიმიკატების გამოყენების აუცილებლობასა და რაოდენობას.
გარდა ამისა, კომპოსტი აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მცენარის ძლიერი ფესვთა სისტემის განვითარებისთვის.
აზოტიანი სასუქები
ამონიუმის გვარჯილა NH4NO3, N-34-34,5% – ამიაკურ-ნიტრატული ფორმის სასუქია. ეს გახლავთ თეთრი, ოდნავ მოყვითალო ფერის ცვილისმაგვარი მარილი, ძლიერ ჰიგროსკოპიულია, ჰაერზე ტენიანდება, ნეიტრალური ან სუსტი მჟავე რეაქციისაა. არსებობს როგორც გრანულირებული, ისე კრისტალური ფორმით, რომელთაგან პირველის ფიზიკურ-ქიმიური თვისებები უკეთესია. ამ სასუქში ნიტრატული და ამიაკური აზოტი თანაბარი რაოდენობითაა წარმოდგენილი (50-50%). მცენარე, მისი განვითარების პირველ ფაზაში, უფრო მეტი რაოდენობით შეითვისებს ამონიუმს, შემდეგ ფაზაში კი უფრო მეტად ითვისებს ნიტრატს. ამონიუმის გვარჯილას აზოტი უფრო მოძრავია, ვიდრე ამონიუმის სულფატისა, რის გამოც მცენარეთა დამატებითი გამოკვებისას ამონიუმის გვარჯილით უკეთესი შედეგი მიიღება. ამასთან, აზოტმჟავა ამონიუმის გამოყენება უკეთეს შედეგს იძლევა ურწყავ, ნალექებით ღარიბ რაიონებში. აზოტიან სასუქებს შორის ამონიუმის გვარჯილა ყველაზე კარგ სასუქად ითვლება და შესაბამისად უფრო მეტი რაოდენობით გამოიყენება.
ფოსფორიანი სასუქები
სოფლის მეურნეობაში გამოყენებული ყველა ფოსფორიანი სასუქი ფოსფორმჟავა კალციუმის მარილია. ხსნადობის მიხედვით ეს მარილები სამ ჯგუფად იყოფა:
- წყალში ხსნადი ერთჩანაცვლებული ფოსფატები.
- ნახევრადხსნადი (იხსნება სუსტი კონცენტრაციის მჟავეებში). ორჩანაცვლებული ფოსფატები.
- წყალში უხსნადი, სუსტ მჟავეებში ნაკლებად ხსნადი სამჩანაცვლებული ფოსფატები.
ფოსფორიან სასუქებს შორის ყველაზე მეტად გავრცელებულია პირველი ჯგუფის სასუქები.
კალიუმიანი სასუქები
კალიუმი ნიადაგში შედარებით მეტი რაოდენობით მოიპოვება, ვიდრე აზოტი და ფოსფორი. ნიადაგში კალიუმის საერთო რაოდენობასა და თიხის შემცველობას შორის ერთგვარი პროპორციული დამოკიდებულება არსებობს – რამდენადაც მეტია ნიადაგში თიხის შემცველობა, იმდენად მეტია კალიუმი. ნიადაგში არსებული კალიუმი ხსნადობისა და შეთვისების მიხედვით ოთხ ჯგუფად იყოფა: წყალხსნადი, შთანთქმული, ადვილად ხსნადი (მცენარისათვის შესათვისებელი) და ძნელად ხსნადი (ძნელად შესათვისებელი). წყალხსნადი და შთანთქმული კალიუმი ნიადაგში საერთო კალიუმის რაოდენობასთან შედარებით მცირეა, ხოლო ადვილად ხსნადი – გაცილებით მეტია.
კალიუმიანი სასუქები დამლაშებულ ნიადაგებზე არ გამოიყენება.
კალიუმიანი სასუქების გამოყენებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ნიადაგში მის შემცველობას. აღნიშნულის გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს კალიუმის შესატანი ნორმა, რაც დამოკიდებულია მცენარის მიერ მის გამოტანაზე, ერთეული პროდუქციის შექმნაზე და სხვ. კალიუმიანი სასუქების ეფექტურობა მაღალია ყველა კულტურაში და განსაკუთრებით კალიუმის მოყვარულ კულტურებში, როგორებიცაა: კარტოფილი, თამბაქო, ძირხვენები და სხვ.
რთული და კომპლექსური სასუქები
რთული სასუქები ორ ჯგუფად იყოფა:
- სასუქები, რომლებიც შეიცავენ ორ ელემენტს (ორმაგი სასუქები), მაგ: აზოტსა და ფოსფორს, აზოტსა და კალიუმს, ფოსფორს და კალიუმს. ასეთ სასუქებს ორმაგი ეწოდება.
- სასუქები, რომლებიც შეიცავენ სამ ელემენტს, მაგ: აზოტს, ფოსფორს და კალიუმს. ასეთ სასუქებს სამმაგი ეწოდება.
რთული სასუქები მაღალი პროცენტული შემცველობის სასუქებია. მათი გამოყენება ძალზე ეფექტურია როგორც მოსავლიანობის გადიდების და ხარისხის გაუმჯობესების, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. რამეთუ ბევრად ნაკლებია მისი ტრანსპორტირების, შენახვის, ნიადაგში შეტანის ნორმები და დანახარჯები.
ამოფოსი NH4H2PO4. N-10-12%, P2O5-46-52% – ერთჩანაცვლებული ამონიუმის ფოსფატია. თითქმის არ შეიცავს ბალასტს. ხასიათდება კარგი ფიზიკური თვისებებით, თანაბარი გაფანტვის უნარით, ნაკლებ ჰიგროსკოპულია, კარგი შენახვის პირობებში არ იბელტება. ნიადაგში სასუქების შემტანი ჩვეულებრივი ტექნიკით შეიტანება. საკვები ელემენტები მცენარის მიერ ადვილად შეითვისება. გამოიყენება ყველა ტიპის ნიადაგზე, ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურაში. ნიადაგში შეტანის ნორმა განისაზღვრება მცენარეთა ბიოლოგიური თავისებურებების, ნიადაგის ფოსფორით უზრუნველყოფის და ყველა იმ პირობის შესაბამისად, რაც ფოსფორიანი სასუქის გამოყენებაში არის გათვალისწინებული. ძირითადად, შეიტანება განოყიერების ან დარგვის დროს.
რთული სასუქები შეიძლება ასევე იყოს კომპლექსური სახის, რომლებიც მაკროელემენტებთან ერთად შეიცავენ მიკროელემენტებს სხვადასხვა პროცენტული შემცველობით – N, P, K, Mg, Ca, B, Mn და ა.შ.