ცხვრის ბრადზოტი

ს.ს.ი.პ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში ტარდება ყველა სახის ცხოველისა და ფრინველის გადამდები და არაგადამდები დაავადებების დიაგნოსტიკა კლასიკური და თანამედროვე მეთოდებით. გვინდა ყურადღება შევაჩეროთ ცხვრის ბრადზოტზე, რომელიც მეცხვარეობისთვის მეტად აქტუალურია, რადგანაც ცხვრის სიკვდილიანობის პროცენტი ძალიან მაღალია.


ცნობილია, რომ ბევრ დაავადებას ახასიათებს სეზონურობა. მათ შორისაა ცხვრის ბრადზოტიც.

განვიხილოთ დაავადება თავისი გამომწვევი მიზეზებით,კლინიკური და პათანატომიური ცვლილებებით, მისი პროფილაქტიკა და მკურნალობა.

ცხვრის ბრადზოტი არაკონტაგიოზური ინფექციური დაავადებაა, რომელიც ვლინდება ეპიზოოტიური აფეთქების სახით, განსაკუთრებით გვიან შემოდგომაზე და ადრე გაზაფხულზე (საზამთრო საძოვრებზე ყოფნის დროს). ამ პერიოდში ცხვარს გამხმარი ბალახის ძოვის დროს შეიძლება შეყვეს ნიადაგი, რომელშიც ხშირად არის აღმძვრელის სპორები. დაავადების გავრცელებას ხელს უწყობს საწყურებელი გუბურები, რომლებიც არ არის გამდინარე და არ იწმინდება.

ბრადზოტით ძირითადად ავადდება კარგი შეხორცების ცხვარი. კერძოდ, მოზარდი ავადდება ბაგური შენახვის პირობებში და ზრდასრული — საძოვარზე. ავადდება სულადობის 35% და სიკვდილიანობამ შეიძლება მიაღწიოს 95%-ს. ბრადზოტის დროს ინკუბაციური პერიოდი საათობით განისაზღვრება და იშვიათად 1-2 დღემდე გრძელდება. ახასიათებს როგორც ელვისებური, ისე მწვავე მიმდინარეობა. „ბრადზოტი“ ნორვეგიული სიტყვაა და უცაბედ სიკვდილს ნიშნავს. ამას ადასტურებს ის, რომ ელვისებური ფორმის დროს შეიძლება მეპატრონემ დილით ფარეხში ან საღამოს საძოვარზე ნახოს რამდენიმე ცხვრის ლეში, რომლებსაც გარეგნულად დაავადების ნიშნები ადრე არ აღენიშნებოდა. მწვავე მიმდინარეობის დროს კი ცხოველს ემჩნევა სხეულის ტემპერატურის მომატება 41 გრადუსამდე, მადის დაკარგვა, სუნთქვის გახშირება, ტიმპანია, კბილების კრაჭუნი, შეზღუდული მოძრაობა, ზოგჯერ აღენიშნება წრიული მოძრაობა, რაც გამოწვეულია ნერვული სისტემის დაზიანებით. ცხოველი კვდება 8-12 საათში.

პათანატომიური ცვლილებებიდან აღსანიშნავია ის, რომ ბრადზოტით მკვდარი ცხვრის ლეში სიკვდილიდან 3-4 საათის გასვლის შემდეგ ძლიერ გაბერილია, აქვს მყრალი სუნი, სწრაფად იხრწნება. კანქვეშა ქსოვილი გაჟღენთილია სეროზულ-ჰემორაგიული ინფილტრატით და შეიცავს აირის ბუშტუკებს. ხილული ლორწოვანი გარსები ციანოზურია, სისხლი შეუდედებელია. დიაფრაგმასა და პლევრაზე მრავლობითი წერტილოვანი სისხლჩაქცევებია. მუცლისა და გულ-მკერდის ღრუებში სისხლნარევი ექსუდატია. ფილტვები შეშუპებულია, გულის პერანგი სავსეა სითხით, გული დუნეა, ეპიკარდიუმსა და ენდოკარდიუმზე მრავლობითი წერტილოვანი სისხლჩაქცევებია, ღვიძლი სისხლსავსეა, აღინიშნება ნეკროზული კერები. ორივე თირკმელი ჰიპერემიული, მოდუნებული და შეშუპებულია. მაჭიკის ლორწოვან გარსზე აღინიშნება ანთებადი კერები და მრავლობითი ლაქოვანი სისხლჩაქცევები. მსხვილი ნაწლავების ლორწოვანი გარსი ცვლილებების გარეშეა. ბრადზოტზე დიაგნოზი ისმება კომპლექსური მეთოდით, სადაც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ეპიზოოტოლოგიური მონაცემები, კლინიკური ნიშნები და პათანატომიური გაკვეთის შედეგები. ბრადზოტზე დიაგნოზის დასმის დროს აუცილებელია დიფერენცირება ისეთ დაავადებებთან, როგორიცაა: ჯილეხი, პასტერელოზი, ანაერობული ენტეროტოქსემია, ემფიზემატოზური კარბუნკული (ემკარი), პიროპლაზმოზი და მოწამვლა.

ბრადზოტის ელვისებური ფორმის დროს მკურნალობა ვერ ესწრება და არც არის ეფექტური. იყენებენ სულფანილამიდურ პრეპარატებს, ბიომიცინს, სინტომიცინს. ბრადზოტის სპეციფიკური პროფილაქტიკის მიზნით დღეისათვის ფართოდ გამოიყენება კონცენტრირებული პოლივალენტური ვაქცინა ბრადზოტის, ინფექციური ენტეროტოქსემიის, ავთვისებიანი შეშუპების და ბატკნის ანაერობული დიზენტერიის საწინააღმდეგოდ. იმუნიტეტი ჩამოყალიბდება 12-14 დღეში და გრძელდება 6 თვეს. საქართველოში დანერგილია ცხვრის ერთდროული ვაქცინაცია ბრადზოტის, ინფექციური ენტეროტოქსემიის, ავთვისებიანი შეშუპების, ბრუცელოზის და ყვავილის საწინააღმდეგოდ (გ. ბედენაშვილი, ი. მიხაილოვა, ჯ. ბაბაკიშვილი, თ. გესლაიძე, მ. ჟვანია.)

ცხვრის ბრადზოტზე დიაგნოსტიკა ტარდება სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში. შემოსული ცხვრის ლეშის ან პათოლოგიური მასალის გამოკვლევა ხდება ბაქტერიოლოგიური მეთოდებით, რაც გულისხმობს მასალის მიკროსკოპიას და ამ მასალიდან სუფთა კულტურის მიღებას.

უნდა აღინიშნოს, რომ ბაქტერიოლოგიურ გამოკვლევას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ბრადზოტის დიაგნოსტიკაში. ლაბორატორიის მონაცემებით ბოლო სამი წლის მანძილზე ბრადზოტზე გამოსაკვლევად შემოვიდა 35 პათოლოგიური მასალა, საიდანაც 15 აღმოჩნდა დადებითი, 2015 წლის იანვრის თვეში კი უკვე დაფიქსირდა ერთი დადებითი შემთხვევა.

აღსანიშნავია, რომ დიაგნოზის შედეგი დიდად არის დამოკიდებული მასალის აღების წესის დაცვაზე. გამოსაკვლევი მასალა, ცხვრის ლეში ან ცალკეული ორგანოები (ან ორგანოთა ნაწილები) აღებული უნდა იქნას ცხოველის სიკვდილიდან არაუგვიანეს 4 საათისა.

ბრადზოტის პროფილაქტიკისთვის აუცილებელია სპეციფიკური და ზოგადი ხასიათის ვეტერინარული და სანიტარულ-სამეურნეო ღონისძიებების გატარება. რადგანაც საქართველოში ცხვარი ძირითადად მთელი წლის განმავლობაში იმყოფება საძოვრული შენახვის პირობებში, ამიტომ ბრადზოტის საწინააღმდეგოდ იგი უნდა აიცრას ოქტომბერში 22 დღის ინტერვალით ორჯერ.

დაავადებული ცხვრების სადგომებს უტარდება დეზინფექცია. იკრძალება ავადმყოფი ცხვრის დაკვლა სახორცედ, რძის საკვებად ან რაიმე პროდუქტის დასამზადებლად გამოყენება. ლეშის გაკვეთა ნებადართულია მხოლოდ სადიაგნოსტიკო მიზნით სპეციალურ ადგილზე.    შეზღუდვა იხსნება ცხვრის ბრადზოტით სიკვდილის უკანასკნელი შემთხვევიდან 20 დღის შემდეგ.

ლალი კვიტაიშვილი,

ვეტერინარი ექიმი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.