აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებიდარგებიმებაღეობა

რიგთაშორისების გამოყენება ხეხილის ბაღში

დარგვიდან 4-6 წლის განმავლობაში ხეხილის ნერგები მათთვის გამოყოფილ კვების არეს მთლიანად ვერ იყენებენ, მათი ფესვთა სისტემა  არ არის ისე განვითარებული, რომ რიგთაშორისი სრულად მოიცვას. ამიტომაც, შესაძლებელია რიგთაშორისებში სხვადასხვა კულტურების მოყვანა.

რიგთაშორისებში დასარგავი ან დასათესი კულტურების შერჩევისას გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი: ხეხილი მომთხოვნია ტენის მიმართ, განსაკუთრებით ვეგეტაციის პირველ პერიოდში, ამიტომ უნდა შეირჩეს ისეთი კულტურები, რომ არ შეიქმნას კონკურენცია ტენსა და საკვებზე ხეხილსა და რიგთაშორისებში დარგულ კულტურებს შორის. ამასთან გასათვალისწინებელია ისიც, რომ მსხმოიარე ბაღში ხეხილის ტოტები ჩრდილავენ ნიადაგს და სინათლისმოყვარე კულტურების დარგვა მიზანშეწონილი არ არის.

ახალგაზრდა ხეხილის რიგთაშორისებში შესაძლებელია დაირგოს პამიდორი, კიტრი, ბადრიჯანი, წიწაკა, ბოლოკი, კარტოფილი, კვახი. არ არის რეკომენდებული მზესუმზირის, სალათის, ხახვის, ოხრახუშის, ისპანახის მოყვანა.

თუ ბაღში არ გამოიყენება ქიმიური პესტიციდები, რიგთაშორისებში შეიძლება მარწყვის დარგვაც.

იმისათვის, რომ ნიადაგი შევინარჩუნოთ კორდის მდგომარეობაში (შევინარჩუნოთ ნიადაგის სტრუქტურა, ტენი), როგორც ახალგაზრდა, ისე მოზრდილ, მსხმოიარე ხეხილის ბაღის რიგთაშორისებში თესავენ მრავალწლიან მარცვლოვნებსაც, რომელთა ფესვთა სისტემა ნაკლებად აშრობს ნიადაგს. ყველაზე უკეთესია ტენის ამტანი და დაბალი მარცვლოვნები: მრავალწლიანი კოინდარი, ნამიკრეფია თეთრი, წითელი წივწივა. თესვის ნორმები 100 კვ. მ ფართობზე: კოინდარი — 150-200 გრ, ნამიკრეფია — 90-100 გრ, წივწივა — 150 გრ.

თესლის შეძენის წინ სასურველია შევამოწმოთ მისი აღმოცენების უნარი, რაც შემდეგნაირად კეთდება: იღებთ დასათესი კულტურის 100 ცალ თესლს და ათავსებთ თეფშზე, რომელშიც ჩაფენილია საშრობი ქაღალდი. ქაღალდი წინასწარ კარგად გაჟღინთეთ წყლით და დააფარეთ მინა ან პოლიეთილენი. ასე დატოვეთ 7-10 დღე. თუ 100 თესლიდან აღმოცენდა 60, ეს იმას ნიშნავს, რომ აღმოცენების უნარი არის 60%. თესლი ნორმალურად ითვლება, თუ მისი აღმოცენების უნარი 80-90%-ია.

მარცვლოვნების თესლი ითესება გაზაფხულზე ან ზაფხულის დასაწყისში. ჩათესვის სიღრმე 1-2 სმ-ია. ვეგეტაციის განმავლობაში ბალახს თიბავენ, როცა მისი სიმაღლე მიაღწევს 15-20 სმ. ბალახი შეიძლება დატოვოთ მულჩის სახით ან აჭამოთ შინაურ ცხოველებს.

გოჩა წერეთელი,

სოფლის მეურნეობის მეცნიერების დოქტორი,

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“