აგრარული განათლებარუბრიკები

ნიადაგის ნაყოფიერება

ნიადაგების ნაყოფიერება მჭიდროდ არის დაკავშირებული მის გენეზისურ თავისებურებებთან, ხოლო სახნავი ნიადაგებისთვის აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო გამოყენების ხასიათთან.

საწყისი ნიადაგწარმომქმნელი ქანისთვის დამახასიათებელია ნაყოფიერების ელემენტების ჩანასახები, პრიმიტიულ ნიადაგს აქვს „პრიმიტიული” ნაყოფიერება.

ნიადაგის განვითარებასთან ერთად ვითარდება მისი ნაყოფიერებაც.

ნიადაგის ნაყოფიერება გამოირჩევა მაღალი დინამიურობით და რეაგირებს ნიადაგწარმოქმნის ფაქტორების და პირობების შეცვლაზე.

ნიადაგის ნაყოფიერების დონეზე განსაკუთრებით დიდ გავლენას ახდენს ადამიანის სამეურნეო საქმიანობა. არჩევენ ნაყოფიერების შემდეგ სახეებს: ბუნებრივს, ხელოვნურს, ეფექტურს და ეკონომიკურს.

ბუნებრივი ნაყოფიერება

 ბუნებრივი ნაყოფიერება განისაზღვრება ნიადაგების თვისებების და რეჟიმების რთული ურთიერთქმედებით, რომელიც განპირობებულია ბუნებრივი ნიადაგწარმოქმნის პროცესის განვითარებით. ის ნიშანდობლივია ყამირი ნიადაგებისთვის და ხასიათდება არსებული ცენოზების პროდუქტიულობით. ნიადაგების სამიწათმოქმედო ათვისებას შეაქვს არსებითი ცვლილებები ნიადაგური პროცესების და რეჟიმების ბუნებრივ განვითარებაში. ეს ცვლილებები განპირობებულია დამუშავებით, სასუქების შეტანით, სხვადასხვა მელიორაციული ღონისძიებებით და ა.შ. ნიადაგების თვისებებსა და რეჟიმებში ადამიანის ზემოქმედებით გამოწვეული ხარისხობრივი და რაოდენობრივი ცვლილებები ახასიათებენ მათ ხელოვნურ ნაყოფიერებას.

სუფთა სახით იქმნება სუბსტრატების შექმნისას მცენარეების გამოსაყვანად სათბურებში, კვალსათბურებში და სხვა. ნიადაგების სასოფლოსამეურნეო გამოყენებისას ხელოვნური ნაყოფიერება ბუნებრივთან ერთად მჟღავნდება როგორც ეფექტიანი ნაყოფიერება.

ეფექტიანი ნაყოფიერება

ეფექტიანი ნაყოფიერება რეალიზდება სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავალში. ეფექტური ნაყოფიერება დამოკიდებულია არა მარტო ბუნებრივი ნაყოფიერების დონეზე, არამედ უფრო მეტად საწარმოში ნიადაგების გამოყენების პირობებზე, მეცნიერების და ტექნიკის განვითარებაზე და მათი მიღწევების რეალიზაციაზე. ეფექტიანი ნაყოფიერება ყოველთვის არის დაკავშირებული სასურველი პროდუქციის მისაღებად შრომის და საშუალებების გარკვეულ დანახარჯებთან, ადამიანის სამეურნეო საქმიანობასთან. ის შეიძლება შეფასდეს ეკონომიკურ მაჩვენებლებში.

ასეთი ნაყოფიერება არის ეკონომიკური. ნიადაგს გააჩნია საკვები ელემენტების გარკვეული მარაგი (საცავი ფონდი), რომელიც რეალიზდება მცენარეების მოსავლის შექმნისას მისი ნაწილობრივი ხარჯვით (გაცვლითი ფონდი). აქედან გამომდინარეობს ცნება პოტენციური ნაყოფიერება.

პოტენციური ნაყოფიერება

პოტენციური ნაყოფიერება ხასიათდება მცენარეების კვების ელემენტების საერთო მარაგებით, მათი ნაერთების ფორმებით და სხვა თვისებების რთული ურთიერთქმედებით, რაც განაპირობებს ნიადაგის უნარს ხელსაყრელ პირობებში უზრუნველყოს მცენარეები აგრეთვე სხვა ფაქტორებით (წყლითჰაერით, სითბოთი), ხანგრძლივი დროის მანძილზე მოახდინოს მცენარეებისთვის საჭირო კვების ელემენტების მობილიზება და უზრუნველყოს ეფექტური ნაყოფიერების მაღალი დონე. მაღალი პოტენციური ნაყოფიერება გააჩნიათ ყავისფერ ნიადაგებს, დაბალი – ყვითელმიწა-ეწერ ნიადაგებს.

მაღალი პოტენციური ნაყოფიერებით გამოირჩევა ორგანულ-მინერალური და ჭაობიანი ნიადაგები, რომლებიც ხასიათდებიან კვების ელემენტების მნიშვნელოვანი მარაგით და დაშრობის შემდეგ შეუძლიათ უზრუნველყონ მაღალი ეფექტური ნაყოფიერება საცავი ფონდის ნაწილობრივი ხარჯვის შედეგად, რადგან ნაყოფიერება დიფერენცირდება სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო (და ბუნებრივი) მცენარეების მოთხოვნილების მიხედვით, ამიტომ ნიადაგის ნაყოფიერება მცენარეების რომელიმე გარკვეული ჯგუფის და სახეობის მიმართ არის ფარდობითი.

ბუნებრივი ნაყოფიერება ახასიათებს ნიადაგის საწყის პოტენციურ შესაძლებლობებს, ხოლო ნამდვილი (ეფექტური) – ამ შესაძლებლობების გამოყენების ხარისხს. იმის გამო, რომ ნიადაგის თვისებები და საკვები ნივთიერების მარაგები განპირობებულია მისი ბუნებრივი, გენეზისური თავისებურებებით და დამახასიათებელია ნიადაგისთვის, როგორც ბუნებრივი სხეულისთვის, ამიტომ პოტენციურ ნაყოფიერებას ჩვეულებრივ აიგივებენ ბუნებრივთან.

ჭეშმარიტ ეფექტურ ნაყოფიერებას ზომავენ სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობით და წარმოაჩენენ როგორც ნიადაგზე ადამიანის ზემოქმედების შედეგს. ნიადაგზე ზემოქმედებით ადამიანი არა მარტო სულ უფრო მეტად იყენებს ბუნებრივ ნიადაგურ რესურსებს, ზრდის ეფექტურ ნაყოფიერებას, არამედ არსებითად ცვლის ნიადაგის პოტენციურ შესაძლებლობებს – მის პოტენციურ ნაყოფიერებას.

ნიადაგის დამუშავება, სასუქების გამოყენება, მელიორაციული და სხვა ღონისძიებები ცვლიან ბუნებრივ ნაყოფიერებას, ხელოვნურად ქმნიან მის ახალ ნაწილს – ხელოვნურ ნაყოფიერებას. ადამიანის მიერ შექმნილ ხელოვნურ ნაყოფიერებას არ შეუძლია ცალკე იარსებოს, ბუნებრივ ნაყოფიერებასთან შეხამებით ის ქმნის ხარისხობრივად ახალ კატეგორიას – ბუნებრივ – ეკონომიკურ (ბუნებრივანთროპოგენურ) ნაყოფიერებას.

სახნავი ნიადაგების ბუნებრივეკონომიკური ნაყოფიერება მით უფრო მეტია, რაც უფრო მეტია საწყისი ბუნებრივი ნაყოფიერება და რაც უფრო მეტი შრომა და საშუალებაა ჩადებული ადამიანის მიერ. მაგრამ ანთროპოგენური ფაქტორების ზემოქმედება ნიადაგური პროცესების განვითარებაზე, ნიადაგის შედგენილობასა და თვისებებზე და შესაბამისად ნიადაგური ნაყოფიერების დონეზე, არის განსაკუთრებით ინტენსიური და აქვს არაერთგვაროვანი ხასიათი.

ადამიანის სამეურნეო საქმიანობის შედეგად შეიძლება როგორც საწყისი ყამირი ნიადაგების გაუმჯობესება, ისე გაუარესება, პოტენციური და ეფექტური ნაყოფიერების შემცირება. ამიტომ, ნიადაგურ-ეკონომიკური ნაყოფიერება, ე.ი. სახნავი ნიადაგების ნაყოფიერება, შეიძლება იყოს უფრო მაღალიც და უფრო დაბალიც, ვიდრე ბუნებრივი – ყამირი ნიადაგის ნაყოფიერება.

ამრიგად, ნიადაგის ნაყოფიერებაში გამოიყოფა ორი კატეგორია: ბუნებრივი ნაყოფიერება, რომელიც დამახასიათებელია ყამირი ნიადაგებისთვის და ბუნებრივეკონომიკური (ბუნებრივ-ანთროპოგენური) ნაყოფიერება, რომელიც დამახასიათებელია დამუშავებელი ნიადაგებისთვის. ამ კატეგორიებისთვის თანაბრად დამახასიათებელია ნაყოფიერების ორი ფორმა: პოტენციური და ნამდვილი.

ეკონომიკური ნაყოფიერება არის ეფექტური ნაყოფიერების კონკრეტული გამომჟღავნება სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეკონომიკური განვითარების ყოველ მოცემულ დონეზე. ამჟამად სახნავი მიწების შედარებითი შეფასებისთვის გამოყენება ცნება “ნორმალური ნაყოფიერება”. ამ ტერმინით აღინიშნება კონკრეტული ნიადაგის ეფექტური ნაყოფიერება მოცემული ზონის სასოფლო-სამეურნეო კულტურის მოყვანის ტექნოლოგიის პირობებში. ეს არის კონკრეტულ ნიადაგზე მიღებული ტექნოლოგიით წამყვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის საშუალო მრავალწლიური დონე.

 ნიადაგის პოტენციური ნაყოფიერების დონეს განსაზღვრავს:

  1. ჰუმუსის შემცველობით და მისი ხარისხით, რომელიც გავლენას ახდენს აზოტის და სხვა საკვები ნივთიერებების მარაგებზე, ნიადაგის შთანთქმის უნარიანობასა და ბუფერობაზე, სტრუქტურულ მდგომარეობაზე, აგროფიზიკურ მახასიათებლებზე;
  2. საკვები ნივთიერებების შემცველობით (აზოტი, ფოსფორი, კალიუმი, გოგირდი და სხვა მაკრო და მიკროელემენტები, მათი საერთო რაოდენობა და ძვრადობის ხარისხი, მცენარეებისათვის მისაწვდომობა), რომელიც განსაზღვრავს საკვებ რეჟიმს;
  3. გრანულომეტრიული შედგენილობით, რომელიც გავლენას ახდენს საერთო-ქიმიურ და მინერალოგიურ შედგენილობაზე, ნიადაგის შთანთქმისუნარიანობაზე და ბუფერობაზე, სტრუქტურულ მდგომარეობაზე, აგროფიზიკურ მახასიათებლებზე, წყლოვან-ჰაეროვან და თბურ რეჟიმებზე, ორგანული ნივთიერების ტრანსფორმაციის და მინერალიზაციის პროცესების ინტენსივობასა და შეფარდებაზე, აკუმულაციასა და გამორეცხვაზე;
  4. გაცვლითი კათიონების შედგენილობით, რომელიც გავლენას ახდენს ნიადაგური კოლოიდების მდგომარეობაზე, აგროფიზიკურ თვისებებზე, ნიადაგური ხსნარის რეაქციაზე და მის ფიზიოლოგიურ წონასწორობაზე, ნიადაგის ბუფერობაზე;
  5. მიკრობიოლოგიური და ფერმენტაციული აქტივობით, რომელიც გავლენას ახდენს ორგანული და მინერალური ნაერთების ტრანსფორმაციის პროცესებზე, საკვებ რეჟიმზე;
  6. საერთო ქიმიური და მინერალოგიური შედგენილობით, რომელიც განსაზღვრავს ნამდვილ და პოტენციურ შესაძლებლობებს, ნაყოფიერების რეზერვებს;
  7. ნიადაგური ხსნარის რეაქციით, მარილების შემცველობით, ფიტოტოქსიკური ნივთიერებებით, რომლებიც გავლენას ახდენენ ტოქსიკურ რეჟიმზე;
  8. ნიადაგური პროფილის სიმძლავრით, შენებით და სტრუქტურული მდგომარეობით, რაც გავლენას ახდენს წყლოვან-ჰაეროვან რეჟიმზე, ქიმიურ შედგენილობაზე, ნიადაგის ფიზიკურ-ქიმიურ და აგროფიზიკურ თვისებებზე;
  9. მაქსიმალური ჰიგროსკოპულობის სიდიდით და აქტიური ტენის დიაპაზონით, რაც გავლენას ახდენს წყლოვან რეჟიმზე;
  10. გრუნტის წყლების დონით და მათი მინერალიზაციით, რაც გავლენას ახდენს წყლოვან რეჟიმზე, ქიმიურ შედგენილობაზე, ნიადაგის ფიზიკურ-ქიმიურ და აგროფიზიკურ თვისებებზე.

ნიადაგის პოტენციური ნაყოფიერების დონეზე არსებით გავლენას ახდენს ადამიანის სამეურნეო საქმიანობა – ანთროპოგენური ფაქტორი. ნიადაგის ეფექტური ნაყოფიერების დონე-კონკრეტული ეკოლოგიური სისტემის (აგროპედო– ცენოზის) ნაყოფიერების დონეა. ფაქტორები, რომლებიც განსაზღვრავენ ნიადაგის ეფექტურ ნაყოფიერებას, არიან მოსავლის პრაქტიკული ფაქტორები.

 ეფექტური ნაყოფიერების დონეს განსაზღვრავენ:

  1. ნიადაგის საკვები რეჟიმი (საკვები ნივთიერებების მისაწვდომი ფორმების შემცველობა და დინამიკა, მათი შეფარდება); წყლოვანი რეჟიმი (მისაწვდომი ტენის შემცველობა და დინამიკა, წყლის გადაადგილება); ჰაეროვანი რეჟიმი (ნიადაგურ ჰაერში O2, CO2, NH3 და სხვ.); თბური რეჟიმი (ნიადაგის ტემპერატურა, მისი დინამიკა); ფიზიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შემცველობა; ნიადაგური ხსნარის რეაქცია; ფიტოტოქსიკური ნაერთების არსებობა;
  2. კლიმატური პირობები: მზის რადიაცია; ატმოსფერული ნალექების რაოდენობა და განაწილება;

ტემპერატურული რეჟიმი (აქტიურ ტემპერატურათა ჯამი, სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა, საშუალო-თვიური ტემპერატურების წლიური მსვლელობა და სხვ.); ჰაერის ფარდობითი ტენიანობა და მისი დინამიკა: CO2-ის რაოდენობა და ატმოსფეროში ჰაეროვანი მიგრანტების არსებობა;

  1. მცენარე: ჯიში, რეპროდუქცია, თესლების ხარისხი და სხვ;
  2. ფიტოსანიტარული პირობები: სარეველა მცენარეულობა (შედგენილობა, რაოდენობა); კულტურული მცენარეების დაავადებები; კულტურული მცენარეების მავნებლები;
  3. ანთროპოგენური ზემოქმედება: ნიადაგის მექანიკური დამუშავება, აგროტექნიკა; თესლბრუნვები, ორგანული სასუქების შეტანა, სიდერატების გამოყენება; მინერალური სასუქების შეტანა; კვების რეგულატორების გამოყენება; ქიმიური მელიორაცია (კირის, თაბაშირის გამოყენება და სხვ.), ჰიდრომელიორაცია (დაშრობა, მორწყვა); ეროზიის საწინააღმდეგო მელიორაცია; ტერიტორიის ორგანიზაცია. ნიადაგის ეფექტური ნაყოფიერების ფაქტორების შეფასებისას საჭიროა ყველაზე ინფორმაციული მაჩვენებლების გამოყოფა, აგრეთვე უმნიშვნელოვანესი ნიადაგური პროცესების განვითარების ინტესივობის და მიმართულების, პირველ რიგში – ორგანული ნივთიერების და მინერალების ტრანსფორმაციის გათვალისწინება.

ნუნუ ნაკაშიძე, დარეჯან ჯაში,

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი