ნიადაგის ცოცხალი და არაცოცხალი კომპონენტები
მწვანე მცენარის კვება გამოირჩევა იმით, რომ მათ უნარი აქვთ არაორგანული ნივთიერებებისაგან შექმნან რთული ორგანული ნივთიერებები. ცნობილია, მცენარეთა კვების შემდეგი ტიპები: ავტოტროფული, მიკოტროფული და ჰეტეროტროფული. ავტოტროფული მცენარეები ნიადაგიდან ითვისებენ საკვებ ნივთიერებებს.
მიკოტროფული მცენარეები უშუალოდ მინერალური ნივთიერებების შეთვისების გარდა იკვებებიან მიკორიზის საშუალებით. ჰეტეროტროფული მცენარეები იკვებებიან მზა ორგანული ნივთიერებებით.
ცნობილია, რომ ძირითადი მასალა ორგანული ნივთიერების სინთეზისათვის ესაა ნახშირორჟანგი და წყალი, რომლებისგანაც სინათლეზე ქლოროფილის მარცვლების მეშვეობით წარმოიქმნება ნახშირწყლები, მაგრამ სინთეზი შეიძლება მოხდეს მაშინ, თუ მცენარე უზრუნველყოფილია მინერალური საკვები ნივთიერებებით. დღეისათვის მცენარის შემადგენლობაში აღმოჩენილია 74-ზე მეტი სხვადასხვა ელემენტი, რომლებიც ქმნიან მრავალ ათას ორგანულ და მინერალურ ნივთიერებებს.
ამ ელემენტებიდან მცენარის ზრდა-განვითარებისათვის აუცილებელია: ნახშირბადი, ჟანგბადი, წყალბადი და შვიდი ელემენტი: აზოტი, ფოსფორი, კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, გოგირდი, რკინა. ეს ელემენტები, რკინის გარდა, მცენარის შემადგენლობაში მნიშვნელოვანი რაოდენობითაა, ამ ჯგუფის ელემენტებს მაკროელემენტები ეწოდება.
ძირითადი 7 ელემენტის გარდა მცენარეს ესაჭიროება ძალზე მცირე რაოდენობით მანგანუმი, ბორი, მოლიბდენი, ვანადიუმი, სპილენძი, თუთია, კობალტი, იოდი, ქლორი და სხვა.
ამ ჯგუფის ელემენტებს ეწოდება მიკროელემენტები. მცენარეებში, გარდა მაკრო და მიკრო ელემენტებისა, შედის აგრეთვე უფრო მცირე რაოდენობით – რუბიდიუმი, ცეზიუმი, სელენი, კადმიუმი, ვერცხლი და სხვა, მათ ულტრამიკროელემენტებს უწოდებენ. მცენარის დაწვის შედეგად: ნატრიუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, კალციუმი, კალიუმი, რკინა, ბორი და სხვა ელემენეტები რჩებიან ნიადაგში. მათ ნაცრის ელემენტები ეწოდებათ.
მაკროელემენტებიდან გამოყოფენ ორგანოგენებს. ესენია: ნახშირბადი, ჟანგბადი, წყალბადი და აზოტი, რომლებიც ასრულებენ მნიშვნელოვან როლს მცენარის ზრდა განვითარებაში. ორგანული ნივთიერების სინთეზისათვის მცენარე ნახშირბადს ითვისებს, როგორც ნიადაგიდან, ისე ჰაერიდან ნახშირორჟანგის სახით. ნახშირორჟანგიდან მცენარე ითვისებს ნახშირბადს და ჟანგბადს, წყლიდან კი წყალბადს, ხოლო წყალში შემავალ ჟანგბადს მცენარე გამოყოფს ატმოსფეროში.
სასოფლო–სამეურნეო კულტურების მშრალი ნივთიერების შემადგენლობაში ნახშირბადი საშუალოდ 42-45%- ია, ჟანგბადი 40-42%-ია, წყალბადი 6-7%. ამ ელემენტების ხარჯზე საშუალოდ მოდის მცენარის მშრალი ნივთიერების 90- 94%.
განვიხილოთ თითოეული მათგანის მნიშვნელობა: აზოტი- დიდი რაოდენობით შედის ამინომჟავებში, რომელთაგანაც აგებულია ცილების რთული მოლეკულა. ცილა წარმოადგენს სიცოცხლის საფუძველს. აზოტი ხელს უწყობს მცენარის ვეგეტატიური ორგანოების ზრდას, ხოლო მისი ჭარბი რაოდენობა იწვევს მცენარის ვეგეტაციის გახანგრძლივებას და ნაყოფის მომწიფების დაგვიანებას. აზოტის დეფიციტის დროს მცენარის ფოთლები ღია მწვანე ფერს ღებულობენ, იზრდება სუსტად, შედეგად მცირდება მოსავლიანობა.
ნიადაგში აზოტის რაოდენობას და ორგანულ ნივთიერებებს შორის პირდაპირი დამოკიდებულება არსებობს. ორგანული ნივთიერებებით მდიდარი ნიადაგი აზოტს 0,5-1%-მდე შეიცავს. ჰუმუსით ღარიბ ნიადაგებში კი მისი შემცველობა 0,10-0,15%- მდეა.
ფოსფორი _ დიდ როლს თამაშობს მცენარეული ორგანიზმების ნივთიერებათა ცვლაში, ფოტოსინთეზის პროცესში, მზის სინათლის ენერგია და ენერგია გამოყოფილი სუნთქვის პროცესში, ადრე სინთეზირებული ორგანული შენაერთების დაჟანგვის დროს არეგულირებდა მცენარეებში ფოსფატური კავშირების ენერგიის სახით, ე.წ. მაკროერგულ შენაერთებთან, რომლისგანაც უმთავრესია ადენოზინტრიფოსფორის მჟავა(ატფ).
კალიუმი _ ამ ელემენტით მდიდარია მცენარის ახალგაზრდა მოზარდი ორგანოები. კალიუმი დიდ როლს ასრულებს მცენარეში ასიმილაციისა და ნახშირწყლების გავრცელების პროცესში, ხელს უწყობს ნახშირწყლების დაგროვებას. იგი ცილებში არ შედის, მაგრამ ხელს უწყობს მის დაგროვებას, მექანიკური ქსოვილების წარმოქმნას, იწვევს ღეროს გამაგრებას, ამით ადიდებს თავთავიანი კულტურების გამძლეობას ჩაწოლის მიმართ. კალიუმის დეფიციტის დროს თესლი და ნაყოფი წვრილია, არ არის დასრულებული და ადვილად კარგავს აღმოცენების უნარს.
კალციუმი _ დიდი როლს თამაშობს ფოტოსინთეზში და ნახშირწყლების გაადგილებაში. ის მონაწილეობს მცენარის უჯრედების ფორმირებაში, ძლიერ გავლენას ახდენს მცენარეული კოლოიდების გაწყლიანებაზე, ხელს უწყობს ფესვთა სისტემის განვითარებას. მისი ნაკლებობის დროს ფესვები წყვეტენ ზრდას.
მაგნიუმი _ მაგნიუმი ხელს უწყობს ქლოროფილის, ცილების წარმოქმნას, მონაწილეობას ღებულობს აზოტის, ფოსფორის და გოგირდის უტილიზაციაში. მაგნიუმის უკმარისობის დროს მცენარის ქვედა ფოთლები ჭკნება, ღებულობს ბრინჯაოსფერ შეფერილობას და შემდეგ ცვივა. ადგილი აქვს მოსავლის და ნაყოფის შემცირებას.
რკინა _ მცენარე რკინას უმნიშვნელო რაოდენობით ხარჯავს, მაგრამ მისი მნიშვნელობა მაინც მეტად დიდია. რკინის ნაკლებობის შემთხვევაში მცენარე ავადდება ქლოროზით. რკინა ნიადაგში 3% და მეტი რაოდენობით მოიპოვება. მას განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შეიცავს წითელმიწები და ლატერიტები. რკინა და მიკროელემენტები ან შედის ცილოვან კატალიზატორის_ფერმენტების შემადგენლობაში, ან ააქტიურებს მათ მოქმედებას ნივთიერებათა მრავალრიცხოვან გარდაქმნებში, რომლებიც გამუდმებით მიმდინარეობენ ცოცხალ მცენარეებში.
გოგირდი _ მნიშვნელოვან როლს თამაშობს მცენარეული ცილების შექმნაში, განსაკუთრებით პარკოსნებში. მისი უკმარისობის ან სიჭარბის დროს ადგილი აქვს ღეროსთან მიმაგრების ადგილებში ფოთლების კვდომას. მცირდება ცილების წარმოქმნა, მაგრამ ხშირად არ არის გამოხატული სიმპტომები. ნიადაგის შემადგენლობის მცირე, მაგრამ მნიშვნელოვან ნაწილს ორგანული სუბსტანციები წარმოადგენენ, რომელთა 5% ნიადაგის ორგანიზმებითაა წარმოდგენილი. ნიადაგის 1მ2 ფართობზე გადაანგარიშებით და 20 სმ სიღრმემდე მათი მასა 650გ-ს შეადგენს, რაც შეესატყვისება 6,5ტ-ს ჰა-ზე. ნიადაგის ორგანიზმებს მიეკუთვნება: ბოცვრები, ზაზუნები, თაგვები, თხუნელა, ჭიანჭველები, ხოჭოები, ჭიაყელები, ჭიები, ლოკოკინები, უმარტივესები, ბაქტერიები, სოკოები, წყალმცენარეები, რომლებიც მომაწილეობენ ნიადაგის სუბსტანციების დაშლასა და აღდგენაში. ინგლისელი მეცნიერის ა. ჰოვარდის მონაცემებით, კარგ ნიადაგში 1ჰა-ზე დაახლოებით 600კგ. ჭიაყელა მოიპოვება, რომლებიც გამოყოფენ 12-15ტ. ექსკრემენტს, რომელშიც მცენარისათვის საჭირო საკვები ნივთიერებები მაღალი კონცენტრაციითაა.
კერძოდ ჭიაყელების ექსკრემენტები შეიცავენ 5 ჯერ მეტ აზოტს, 7 ჯერ მეტ ფოსფორს, 11 ჯერ მეტ კალიუმს, 2 ჯერ მეტ მაგნიუმს, ვიდრე ჭიაყელების გარეშე ნიადაგები. ნიადაგში არსებული ორგანიზმების ოპტიმალური ბიოლოგიური აქტივობისათვის ხელშესაწყობად საჭიროა ბიომეურნემ გაატაროს რიგი ღონისძიებები: ხშირი მულჩირება, ნიადაგის მექანიკური გაფხვიერება, ნიადაგში კომპოსტის უხვად შეტანა, რომელშიც წინასწარ შეჰყავთ ჭიაყელების დიდი რაოდენობა, ნიადაგის ჭინჭრის ნაყენით მორწყვა ხრწნის პროცესების ხელშეწყობისათვის.
ნიადაგის შედგენლობა
ნიადაგი შედგება მაგარი, თხიერი და აიროვანი ფაზებისაგან. ნორმალური ტენიანობის პირობებში ნიადაგის ჰაერი დაკავებულია სახნავი ფენის მოცულობის 1/4_1/3. მასში ნახშირორჟანგი საშუალოდ 1%-ით მეტია და ჟანგბადი კი ატმოსფეროს ჰაერთან შედარებით ნაკლები.
ნიადაგის ხსნარი ყველაზე უფრო მოძრავი, აქტიური და ცვალებადი ფაზაა. ის მცენარისათვის უშუალო წყაროს წარმოადგენს საკვები ნივთიერებათა და წყლით მომარაგების საქმეში. ნიადაგის მაგარი ფაზა შედგება მინერალური და ორგანული ნაწილებისაგან. მინერალური ნაწილი შეადგენს მისი მასის 90-99%-ს.
ნიადაგის ორგანული ნაწილი შეადგენს მაგარი ფაზის მცირე ნაწილს, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს მისი ნაყოფიერების საქმეში.
ორგანული ნაწილის შემცველობა მერყეობს ეწერ და რუხ ნიადაგებში: 1 _2%-მდე, ხოლო 10%-მდე და მეტი მძლავრ შავმიწებში. ნიადაგის ორგანული ნაწილი ძირითადად წარმოდგენილია ჰუმუსით, მხოლოდ მცირე მცენარეული ნარჩენებითა და მიკრობულ-ცხოველური წარმოშობის არა ჰუმიფიცირებული ნივთიერებებით. სხვადასხვა ტიპის ნიადაგები განსხვავდება არამარტო ჰუმუსის საერთო შემცველობით, არამედ მისი შედგენილობითა და თვისებებით.
ნუნუ ნაკაშიძე, დარეჯან ჯაში,
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი