აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებიდარგებიმებოსტნეობა

ნივრის კულტურა, ისტორია, სახალხო-სამეურნეო მნიშვნელობა

 ნიორი ერთ-ერთი უძველესი სასოფლო-სამეურნეო კულტურაა. მის შესახებ ცნობები გვხვდება საბუნებისმეტყველო და სამედიცინო უძველეს წიგნებში.

ძველი ბერძენი მეცნიერი და ბუნების მკვლევარი თეოფრასტე, რომელიც ჩვენს ერამდე 370 წლის წინათ ცხოვრობდა, საკმაოდ დაწვრილებით აღწერს ამ კულტურის ზოგიერთ ჯიშს და მის აგროტექნიკას.

ნიორი ეგვიპტეში უძველესი დროიდან ყოფილა გავრცელებული. ხეოფსის პირამიდების წარწერებზე (ჩვენ ერამდე 4500 წლის წინ) ნახსენებია ნიორი.

ნივრის სამშობლო კომანი და ხოტანის მინდვრები ითვლება, სადაც Regel-მა ველური ნიორი აღმოაჩინა. ზოგიერთი ავტორის აზრით სამხრეთ ევროპაშიც გვხვდება ამ მცენარის ველური ფორმები, თუმცა ბოტანიკოსებს მიაჩნიათ, რომ სამხრეთ ევროპაში ნიორი ველური კი არა, არამედ გაველურებული მცენარეა.

გარეული ნიორი კავკასიასა და კერძოდ საქართველოშიც არის გავრცელებული. ამათგან ზოგს ქართული სახელიც აქვს. მაგ.: Allium votundum L, რომელსაც ,,გველის ნიორი” ეწოდება და კავკასიაში ყველგან იზრდება ზღვის დონიდან 800 მ-დე.

კავკასიაში ყველგან გვხვდება აგრეთვე ,,გარეული ნიორის” სხვა სახეობაც Allium sphaerocephalium-ი, რომელიც სხვა სამკურნალო თვისებებთან ერთად გველის ნაკბენის წინააღმდეგ გამოიყენება.

როგორც აკად. ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავს, ნივრის სახელი უძველეს ქართულად ნათარგმნ ძეგლებშივე გვხვდება და ამის წყალობით საშუალება გვაქვს გამოვიკვლიოთ, რომ ნიორი უდრის ბერძნულ ტასკოროდას, ლათინურ  Allium –ს და სომხურ ხოტრს. ამგვარად, ნიორი Allium sativa  L   ყოფილა.

რაფიელ ერისთავსაც მის მიერ შედგენილ ლექსიკონში უწერია ,,ნიორი” Allium sativum-L-ს. რუსული  чеснок- ის შესატყვისად, ხოლო ,,გარეული ნიორი” Allium oleraceaum L,  რუსული полевой чеснок-ად აქვს განსაზღვრული, რასაც აკად. ივანე ჯავახიშვილი არ ეთანხმება, რადგან არსებული ბოტანიკური ცნობების მიხედვით Allium oleraceaum კავკასიაში უნდა იყოს, ამიტომ გარეული ნიორი Allium sphaerocephalium L –ს რუსული чеснок  дикий – ის უნდა წარმოადგენდეს, რომელიც მთელ კავკასიაში მოიპოვება.

საქართველოში ნივრის გავრცელების ხანდაზმულობაზე მეტყველებს აგრეთვე ის ფაქტი, რომ ამ მცენარის ქართული სახელწოდება ორიგინალურია და არც ერთ უცხო ენაში არსებულ სახელს არ მიესადაგება. საქართველოში ნივრის კულტურის სიძველეზე მრავალი წყარო მეტყველებს.

ნიორს მრავალმხრივი გამოყენება აქვს. იგი გამოიყენება როგორც კულინარიაში, კვების მრეწველობაში, ისე მედიცინაში, როგორც სამკურნალო საშუალება.

საჭმელად იყენებენ ახალგაზრდა ფოთლებს და ისრებს, მომწიფებისას კი დაკბილულ, ან დაუკბილავ (ერთკბილა) ბოლქვებს.

ნივრის ქიმიური შედგენილობა დამოკიდებულია ჯიშურობაზე და მოყვანის პირობებზე. ბოლქვის რბილობი საშუალოდ 35% მშრალ ნივთიერებას შეიცავს (მერყეობს 31%-დან 44%-მდე). საკვები ნივთიერების ძირითად ნაწილს შეადგენს ნახშირწყლები, პოლისახარიდები (27%-მდე). ნახშირწყლები შემოდგომა-ზამთრის პირზე წარმოდგენილია ინულინით და სახაროზით. გაზაფხულზე მათი დაშლის შედეგად იზრდება გლუკოზის და ფრუქტოზის შემცველობა. ცილების რაოდენობა მერყეობს 6,7-დან 13,3%-მდე. უჯრედანა _ 0,8. ნაცარი კბილებში 1,4-3,7. ფოთლებში  _ 8,8%-მდე. ბოლქვში ვიტამინი C_ 58მგ%-ია. B1 B2 და PP –ს პროცენტული წილი ფოთლებსა და ახალგაზრდა ისრებში საკმაოდ მაღალია; C –ვიტამინის შემცველობა მათში 140 მგ%-მდეა; ისინი შეიცავენ აგრეთვე A ვიტამინს კაროტინის სახით. ნაცრის შემადგენლობაში შედის 17 ელემენტი. მათ შორის ფოსფორი, კალიუმი, კალციუმი, სპილენძი, მოლიბდენი, კობალტი, ცირკონი, ვანდანი, ტიტანი და სხვა. ცხიმის შემადგენლობა მერყეობს 0,03-დან 0,08%-მდე.

უნდა აღინიშნოს, რომ ნივრის ქიმიური შემადგენლობა დამოკიდებულია ჯიშურობაზე, ფორმაზე, მოყვანის პირობებზე და სხვა ფაქტორებზე.

ნივრის სპეციფიკურ სუნს და ცხარე გემოს აპირობებს ეთერზეთების შემცველობა. გარდა ამისა, ნიორი შეიცავს პენტონზანს, გლუკოზიდებს, პექტინოვან ნივთიერებებს და ორგანულ მჟავებს.

 საქართველოში ერთ სულზე ნივრის წლიური მოხმარება ზოგიერთი ავტორის მიხედვით 5-6კილოგრამშეადგენს.

ნიორს გააჩნია ფიტონციდური და ანტისეპტიკური თვისებები, რასაც მიაწერენ მასში არსებულ ეთერზეთებს. ეთერზეთების გარდა ნიორი შეიცავს დარიშხანოვან ნაერთებს, რომლებსაც აქვთ სამკურნალო თვისებები. ამიტომაც ნიორს უხსოვარი დროიდან იყენებენ სხვადასხვა დაავადებების წინააღმდეგ ხალხურ მედიცინაში.

სხვა სამკურნალო თვისებებთან ერთად ნიორს იყენებდნენ, როგორც შხამსაწინააღმდეგო საშუალებად გველისა და ძაღლის ნაკბენის დროს.  ქართულ სამზარეულოში ნიორს განსაკუთრებით ფართოდ იყენებენ სხვადასხვა საჭმლის მომზადებისას.

სოლომონ კოტორაშვილი, სოფლის მეურნეობის დოქტორი