„ნორჩი აგრონომის“ წარმატებული სტარტი _ ბათუმელი მოსწავლეების პირველი მოსავალი
საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისა და გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველყოფის ერთ-ერთ მთავარ პირობას კვალიფიციური კადრების აღზრდა და ახალგაზრდებში აგრარული კულტურის პოპულარიზაცია წარმოადგენს.
თანამედროვე აგროსექტორი მხოლოდ ტრადიციული მიწათმოქმედება აღარ არის. დღეს ის ინოვაციური ტექნოლოგიების, მეცნიერების და პრაქტიკული გადაწყვეტილებების სინთეზია.
სწორედ ამ მიზანს ემსახურება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტი „ნორჩი აგრონომი“, რომლის 2026 წლის სეზონიც მიწურულს მიუახლოვდა და კიდევ ერთი წარმატებული და ემოციური აკორდით დასრულდა.

ორი თვის წინათ პროექტის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე ორგანიზაციის, ბათუმის N25 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანის მიზნით, საკუთარი ხელით გამოზრდილი პომიდვრის ჩითილები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სათბურში, სპეციალურ სუბსტრატში დარგეს. ამ პროცესში ახალგაზრდები ეტაპობრივად ეცნობოდნენ თანამედროვე აგროტექნოლოგიებს, წვეთოვანი მორწყვისა და კვების პრინციპებს, ასევე პრაქტიკულად სწავლობდნენ მცენარეთა მოვლის ძირითად აგროტექნიკურ წესებს.
დღეს კი ისინი პროექტის ყველაზე სასიამოვნო და ნანატრ ეტაპზე, საკუთარი შრომის შედეგის მისაღებად ესტუმრნენ უნივერსიტეტს. მოსწავლეებმა დიდი ენთუზიაზმითა და სიხარულით საკუთარი ხელით დაკრიფეს, ეკოლოგიურად სუფთა პომიდვრის მოსავალი, რომელიც მათ სიმბოლურად საჩუქრად გადაეცათ. სახეებზე აღბეჭდილი სიამაყე საუკეთესო დასტური იყო იმისა, რომ მიწასთან შეხებამ და საკუთარი ხელით შექმნილმა პროდუქტმა მათში ღრმა ემოციური კვალი დატოვა.
მსგავსი პრაქტიკული პროექტების მნიშვნელობა სკოლის მოსწავლეებისათვის ფასდაუდებელია. თეორიული წიგნებთან ერთად, რეალურ სამუშაო გარემოში — სათბურსა და მინდორში მიღებული გამოცდილება ახალგაზრდებს უყალიბებს შრომის, პასუხისმგებლობისა და ბუნებისადმიმოფრთხილების გრძნობას. სოფლის მეურნეობა დღეს საჭიროებს ინიციატივიან, განათლებულ და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მეგობარ ახალგაზრდა კადრებს.
პროექტი „ნორჩი აგრონომი“ კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ პრაქტიკული სწავლება საუკეთესო გზაა მოზარდებში აგრარული სფეროსადმი ინტერესის გასაღვივებლად.
შესაძლოა, სწორედ ამ სათბურში დაწყებული მცირე ექსპერიმენტით აირჩიონ ამ ბავშვებიდან რამდენიმემ თავისი მომავალი პროფესია.
პროექტში აქტიური მონაწილეობის მიღებისთვის განსაკუთრებულ მადლობა ეკუთვნით ბათუმის N25 საჯარო სკოლის მოსწავლეებს და მათ პედაგოგს ქალბატონ მზიკო მახაჭაშვილს.

