რუბრიკებისტატიები

ნორმან ბერლოუ _ კაცი რომელმაც შიმშილისგან იხსნა მსოფლიო

ამერიკელი აგრონომი ნორმან ბერლოუ, რომლის ღვაწლი მსოფლიოში სასურსათო პრობლემის მოგვარების საქმეში 1972 წელს ნობელის  პრემიით აღინიშნა, მსოფლიოში „მწვანე რევოლუციის მამად“ იწოდება.

ბევრ ექსპერტს მიაჩნია, რომ სწორედ მისი ძალისხმევით მოხერხდა XX საუკუნის მეორე ნახევარში მსოფლიოში გლობალური შიმშილისგან თავის დაღწევა და, სულ ცოტა, მილიარდი ადამიანის გადარჩენა.

ნორმან ბერლოუ 1914 წლის 25 მარტს აშშ აიოვას შტატში დაიბადა. დაამთავრა მინესოტის უნივერსიტეტი (1937 წ.), 1942 წელს ფიტოპათოლოგიის თემაზე დაიცვა დისერტაცია.

1944 წელს იგი მექსიკაში გადავიდა, სხვა მეცნიერებთან ერთად ხორბლის ჯიშების გასაუმჯობესებლად დაიწყო მუშაობა და აღმოაჩინა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილ მრავალრიცხოვან ჯიშებს შორის მხოლოდ ოთხს შესწევდა უნარი გამკლავებოდა (მარცვლეული კულტურების დაავადება) ჟანგას. სელექციონერმა ისინი ადგილობრივ ჯიშების შეაჯვარება-შეარჩევით გამოიყვანა ჰიბრიდები, რომლებიც კარგად ეგუებოდა მექსიკის კლიმატს, უმკლავდებოდა  დაავადებებსა თუ მავნებლებს და მოსავლიანობით მნიშვნელოვნად სჯობნიდა ადგილობრივ ჯიშებს. სწორედ ბერლოუს ძალისხმევით 1956 წელს მექსიკამ უკვე სრულად შეძლო მარცვლეულზე საკუთარი მოთხოვნილების დაკმაყოფილება და მისი ექსპორტზე გატანა. ბორლოუ მექსიკაში შექმნა დღეს მსოფლიოში ხორბლის ცნობილი ჯიშები: „სონორა-63“; „ლერმა პოხო“ და სხვები. იგი ახალი სახეობების გამოყვანის მიზნით წარმატებით მუშაობდა ცალკეულ მონათესავე ჯიშების შეჯვარებაზე, რომელთაც მშობლების საუკეთესო თვისებები გამოჰყვებოდა. მისი შრომის ბრწყინვალე შედეგია ხორბლისა და ჭვავის შეჯვარებით მიღებული მარცვლეული კულტურის ახალი სახეობა ტრიტიკალე.

იგი 1965 წელს ბერლოუ სათავეში ჩაუდგა ხორბლის ჯიშების გაუმჯობესების  საერთაშორისო პროგრამას. 60-იანი წლების ბოლოს კი სოფლის მეურნეობაში მისი ძალისხმევით დაწყებული მოძრაობა „მწვანე რევოლუციის“ სახელით მოინათლა.

„მწვანე რევოლუციის“ წყალობით (1960-1990წ.) სურსათის (მარცვლეულის) წარმოება მსოფლიოში გაორმაგდა, ხოლო პაკისტანსა და ინდოეთში _ გაოთხმაგდა.

 „ნორმან ბორლოუმ შეძლო გადაერჩინა იმაზე მეტი ადამიანი, ვიდრე ვინმემ ოდესმე კაცობრიობის ისტორიაში. მისი გული ისეთივე დიდი, როგორც მისი ბრწყინვალე გონება, მისმა კაცთმოყვარეობამ და სათნოებამ შეცვალა მსოფლიო“ _ ასეთი ეპითეტებით ამკობენ მას კოლეგები, სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები და პოლიტიკოსები.

ნატურალისტსა და ჰუმანისტ ნორმან ბერლოუს ესმოდა, რომ სასოფლო-სამეურნეო ჯიშების გაუმჯობესებით  მხოლოდ პრობლემის ნაწილობრივ გადაჭრა თუ იყო შესაძლებელი. ის ცდილობდა ხელისუფლებებზე მოეხდინა ზემოქმედება, რათა მათ მხარი დაეჭირათ ფერმერებისთვის და გაეუმჯობესებინათ ინფრასტრუქტურა, მოეძებნათ ახალი ბაზრები და, თქვენ წარმოიდგინეთ, ამას აღწევდა კიდეც აზიაში, აფრიკასა თუ ამერიკის კონტინენტზე. ამიტომაც მისი ბიოგრაფიას, რომელიც 2006 წელს ცალკე წიგნად გამოიცა, შემთხვევით არ დაერქვა: „კაცი, რომელმაც დააპურა მსოფლიო“.

მოგვიანებით მისი ხელმძღვანელობითა და მეთოდებით გააუმჯობესეს ბრინჯისა და სიმინდის ჯიშები აზიაში, სამხრეთ ამერიკასა და აფრიკაში, რამაც ამ რეგიონებში მნიშვნელოვნად გაზარდა სურსათის წარმოება და ბევრ ექსპერტს, ვინც დარწმუნებული იყო, რომ ომისშემდგომი დემოგრაფიული აფეთქება განვითარებად ქვეყნებში გლობალურ შიმშილსა და ახალ ომებს გამოიწვევდა, იმედები გაუცრუა.

1986 წელს ბერლოუმ დააწესა მსოფლიო სასურსათო პრემია, რომელიც 250 000 დოლარს აჭარბებს. იგი სოფლის მეურნეობის სფეროში მომუშავე მეცნიერებსა და ღარიბთა სურსათით უზრუნველყოფის საუკეთესო სოციალურ პროგრამის ავტორებს ენიჭებათ. დოქტორი ნორმან ბერლოუ დაჯილდოებულია ამერიკის უმაღლესი ჯილდოთი _ კონგრესის ოქროს მედლით.

იგი 2009 წლის 13 სექტემბერს 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„მწვანე რევოლუცია“ _ ეს არის სოფლის მეურნეობის გარდაქმნა თანამედროვე აგროტექნიკაზე. იგი შემდეგ ძირითად კომპონენტებს აერთიანებს: ახალი სწრაფმწიფადი ხორბლის ჯიშების გამოყვანას, რომლებიც მკვეთრად გაზრდიან მოსავლიანობას და შესაძლებელი იქნება მიღებული მოსავლიდან თესლის აღება და კვლავ დათესვა.

ირიგაციას, რადგან ხელოვნურად მოშენების პირობებში ახალმა ჯიშებმა შესაძლოა გამოავლინონ საუკეთესო თვისებები.

თანამედროვე ტექნოლოგიების და სასუქების გამოყენებას.
„მწვანე რევოლუციის“ შედეგად ბევრმა განვითარებადმა ქვეყანამ შეძლო სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების ორჯერ და მეტად გაზრდით საკუთარი მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფა.
ამასთან ერთად აუცილებელია აღინიშნოს, რომ „მწვანე რევოლუცია“ მექსიკიდან  სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში გავრცელდა.

„მწვანე რევოლუციამ “5-ჯერ გაზარდა ბრინჯის მოსავლიანობა ინდონეზიაში,ფაქტიურად ქვეყანა შიმშილისაგან იხსნა.

მაგრამ მაინც, იგი ძირითადად  მსხვილ ფართობებს და უცხოურ კომპანიებს შეეხო, თითქმის არაფერი შეუცვლია ტრადიციულ სამომხმარებლო სექტორსა და შიდა მეურნეობებში.

მიუხედავად „მწვანე რევოლუციის” შედეგად მიღწეული წარმატებებისა,მსოფლიოს არაერთ რეგიონში საბოლოოდ მაინც არ არის აღმოფხვრილი სურსათის ნაკლებობის და შიმშილის პრობლემები.ამიტომ ამჟამად უკვე დაიწყო საუბარი ახალ „მწვანე რევოლუციაზე”.იგი უკავშირდება ბიოტექნოლოგიების ახალ მიღწევებს და მათ დანერგვას სოფლის მეურნეობაში.ბიოტექნოლოგიების მეშვეობით ხორციელდება მცენარეული ორგანიზმების გენეტიკური გარდაქმნა.რის შედეგადაც მიიღება გენმოდიფიცირებული ორგანიზმები რომლებიც ადვილად იტანენ ნიადაგური ტენის დეფიციტს, სიცხესა და სიცივეს.

პროფესორი ნორმან ბერლოუს მიაჩნდა, რომ ამჟამად არსებული ტექნოლოგიების ჯეროვანი გამოყენება დედამიწაზე 10 მილიარდი ადამიანის გამოკვების საშუალებას იძლევა.

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“