დარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

ოჯახში ეკლესიისთვის შესაწირი ზედაშე ღვინის დაყენება

გარდა ბარძიმში ჩასასხმელი ზედაშე ღვინისა, რომელსაც ეკლესია-მონასტრებში აყენებდნენ, არის ეკლესიისათვის შესაწირი ზედაშე ღვინო, რომლის დაყენებას ძველ საქართველოში ყველა ოჯახი მიმართავდა. ამიტომ ყველა ოჯახს მარანში ზედაშე ღვინისთვის განკუთვნილი ერთი ან რამდენიმე ქვევრი ჰქონდა ჩადგმული. ზედაშე ღვინის დასაყენებლად განკუთვნილ ქვევრში სხვა ღვინის დაყენება ან მისი სხვა მიზნით გამოყენება ცოდვად მიიჩნეოდა.

ოჯახის გაყოფის დროს საზედაშე ღვინის ქვევრი მარანში რჩებოდა და ის გასაყოფი ქონების ჩამონათვალში არ შედიოდა.

ოჯახში ზედაშეს გადარჩეული საუკეთესო ყურძნისგან აყენებდნენ. მას ორი დანიშნულება ჰქონდა: ან ეკლესია-მონასტრისთვის უნდა შეეწირათ ან ოჯახში იმ საეკლესიო დღესასწაულზე დაეხარჯათ, რომლის სახელზედაც ქვევრი იყო მარანში ჩადგმული. საქართველოში იყო ოჯახები, სადაც მარანში რამდენიმე საეკლესიო დღესასწაულისთვის განკუთვნილი საზედაშე ქვევრები ჰქონდათ ჩადგმული. მაგ. „შობის“, „აღდგომის“, „პეტრე-პავლობის“, „გიორგობის“, „ხვთშობლობის“, „მარიამობის“ და სხვა. ეს ქვევრები მხოლოდ ამ დღესასწაულის დადგომის დღეს იხსნებოდა, ნაწილს ეკლესიას სწირავდნენ, ნაწილს კი სადღესასწაულო სუფრაზე სვავდნენ.

როგორც ცნობილია, წმინდა ბარძიმში ჩასასხმელ ზედაშეს მხოლოდ წითელი ჯიშის ყურძნისგან აყენებენ და მისი დაყენება, გარდა იშვიათი გამონაკლისისა, ეკლესია-მონასტრებში უნდა მოხდეს. მისგან განსხვავებით, ოჯახში ეკლესიისთვის შესაწირი ზედაშეს დაყენება ორივე ფერის ყურძნისგან შეიძლება. ოჯახში ზედაშეს დაყენების დროს აუცილებელია სანთლის დანთება და ლოცვა-გალობა. თუ ოჯახში ზედაშეს დაყენების დროს საეკლესიო რიტუალებს საეკლესიო პირი ჩაატარებს, კარგია, თუ ამის საშუალება არ არის, მაშინ ოჯახის უფროსის მიერ წაკითხული ლოცვა და შესრულებული გალობა საკმარისია, სანთელი კი მუშაობის დასრულებამდე უნდა ენთოს.

 ბარძიმში ჩასასხმელ ზედაშესა და ოჯახში დაყენებულ ზედაშეს დაყენების თითქმის ერთნაირი მეთოდი აქვთ. სხვაობა ისაა, რომ წმინდა ბარძიმში ჩასასხმელ ზედაშეს, ძირითადად, ეკლესია-მონასტერში აყენებენ და დაყენების დროს ჩასატარებელ რიტუალს მღვდელმსახური წარმართავს, ასევე, ღვინო აუცილებლად წითელი ფერის უნდა იყოს, ოჯახში ზედაშეს დაყენების დროს კი საეკლესიო მსახურებაც შეკვეცილ-გამარტივებულია და რიტუალში მღვდლის მონაწილეობა აუცილებელი არაა. ეკლესიისთვის შესაწირი ზედაშე, თუ ამის საშუალებაა, უმჯობესია, წითელი ჯიშის ყურძნისგან დააყენოთ.

ერში, უძველესი წესის თანახმად, რთველის დაწყების წინ, რამდენიმე დღით ადრე, ოჯახის უფროსის ხელმძღვანელობით და ოჯახის ყველა მამაკაცის მონაწილეობით, ვახშმის შემდეგ, ოჯახურ თათბირზე, რთვლის დაწყების დღე ინიშნებოდა. აქვე წყდებოდა, რთვლისთვის მომზადების პროცესში ვის რისი გაკეთება ევალებოდა. ოჯახურ თათბირზე წყდებოდა მეზედაშეს ვინაობაც. ზედაშეს ისე, როგორც ეკლესიაში, ოჯახშიც ძირითადად ერთი და იგივე მამაკაცი აყენებდა. სართვლო საქმის განაწილების შემდეგ, ოჯახის უფროსი ოჯახის მამაკაცებს უცხადებდა, რომ მათ იმ დღიდან რთვლის დამთავრებამდე ცოლთან ახლო ურთიერთობა ეკრძალებოდათ. დარღვევა, ძველი გადმოცემის თანახმად, ღვინის წახდენით დამთავრდებოდა, ამიტომ ამის შიშით, წესის დარღვევას ყველა ერიდებოდა. ასეთი იყო ტრადიციები, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, არავის ახსოვს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ადრე ქართველებს დიდი ოჯახები ჰქონდათ, ანუ ოჯახები ათეულობით წევრისგან შედგებოდა.

დღეს ხალხში თითქმის აღარაა შემორჩენილი ტრადიცია და ცოდნა ზედაშეს დაყენების წესების შესახებ და ეკლესია-მონასტრებს ღვინოს ან საერთოდ არ წირავენ ან ჩვეულებრივი, ოჯახური წესით დაყენებული ღვინო მიაქვთ. არაა გამორიცხული, რომ ამ ღვინოებს ბუნებრიობის პრობლემაც ჰქონდეს. მართალია, ეკლესია შესაწირზე უარს ვერ იტყვის და ყველანაირ ღვინოს იღებს (ეკლესია-მონასტრებში გარდა წმიდა ბარძიმში ჩასასხმელი ღვინისა, სხვა ღვინოც სჭირდებათ), მაგრამ საეჭვო ხარისხის ღვინის ეკლესიისთვის შეწირვა, პირველ ყოვლისა, თვითონ შემწირველისთვისაა ცოდვა და მადლში არ ჩაეთვლება, შესაწირის გაღების ძირითადი მიზანი კი მადლის მიღებაა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თუ ოჯახი საზედაშე ქვევრში ღვინის დაყენებას აღარ აპირებს (ამ ქვევრში სხვა ღვინის დაყენება არ შეიძლება), უძველესი ტრადიციის თანახმად, ასეთი ქვევრი, მიწიდან უნდა ამოიღოთ და ეკლესიაში უნდა მიიტანოთ. მისი ბედისანაბარად დატოვება ოჯახს ცოდვაში ჩაეთვლება. ასევე, ცოდვაში გეთვლება ბედის ანაბარად მიტოვებულ საზედაშე ქვევრს რომ ნახავ და მის დასაბინავებლად ზომებს რომ არ მიიღებთ.