დარგებიმედია ფერმერებისთვის TV

ოჯახური წარმოების ზეთი

ძნელი სათქმელია ზუსტად რა პერიოდიდან დაიწყეს ჩვენმა წინაპრებმა საჭმლის ზეთის გამოხდა, მაგრამ თუ არქეოლოგიურ მასალებს დავეყრდნობით ნათელი ხდება, რომ ამ საქმიანობას ქართველები ძველი დროიდანვე მისდევდნენ. იმ დროიდან მოყოლებული ზეთი გახდა ჩვენი კვების რაციონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რასაც ასევე ხელი შეუწყო ქართული კულინარიის მრავალფეროვნებამ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში.
უძველესი წყაროები გვამცნობენ, რომ ჩვენს ქვეყანაში სხვა პროდუქტებთან ერთად ზეითუნის ზეთიც შემოჰქონდათ გასაყიდად. (ჩვენს მუზეუმებში დაცულია უცხო ქვეყნებიდან შემოტანილი ზეთის ამფორები). თუმცა ჩვენშიც მალევე დაიწყო ზეთის წარმოება და ეს დარგი ძალიანაც განვითარდა.

თვალსაჩინეობისთვის ახალციხის „რაბათის“ მუზეუმში (ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმი) დაცული ქვაში ნაკვეთი ძველი ზეთსახდელებიც კმარა.

ბოლო პერიოდამდე საქართველო თვის სამყოფ ზეთს თავად აწარმოებდა. ცნობილია, რომ, მაგალითად XIX – საუკუნის თბილისი ღამღამობით სელის ზეთით ნათდებოდა… ცხადია, ეს იყო ადგილზე წარმოებული ზეთი, რაც თავის მხრივ მეტყველებს იმაზე, რომ სოფლის მეურნეობის სავარგულების გარკვეული ნაწილი სელის ნათესებს ეკავა… როგორც ითქვა ზეთის და კონკრეტულად მზესუმზირის ზეთის წარმოებას ჩვენში აქამდე ფართო ხასიათი ჰქონდა. ამ საქმით ძირითადად კახეთი იყო დაკავებული, სადაც ბოლო პერიოდამდე ათეულობით ზეთსახდელი მუშაობდა. თუმცა, მაინც უნდა აღინიშნოს, რომ ეს იყო ცხელი გამოხდის ზეთი. გარდა ამისა, ამგვარი ზეთი იყო საკმაოდ სპეციფიური სუნის მქონე, რაც კულინარიაში მისი ფართო სპექტრით გამოყენებას გარკვეულწილად ზღუდავდა კიდეც…

ამ მხრივ დღევანდელი ჩვენი სიტუაცია ერთის მხრივ სამარცხვინოა, ხოლო მეორე მხრივ კი სრულიად უკონტროლო. უმეტეს შემთხვევაში მოსახლეობა იყენებს პროდუქტს, რასაც შესაძლოა ნამდვილ ზეთთან არავითარი საერთო არ ჰქონდეს… ხალხის ფსიქიკაზე „სათამაშოდ“ ამგვარ უვარგის პროდუქციას ხშირად ქართულენოვანი ეტიკეტები ამშვენებს. ასევე წარწერაც: „წარმოებულია საქართველოში“. იოლი სათქმელია! უცხოეთიდან შემოდის გაურკვეველი წარმოშობის ნახევრად ფაბრიკატი, რომლის საბოლოოდ დამუშავება თუ დაფასოვება აქ ხდება და უკვე სახეზე გვაქვს „ნატურალური ქართული პროდუქტი“. და ეს გახლავთ საუკეთესო ვარიანტი… არადა ზეთის წარმოების მხრივ ჩვენი ქვეყანა ნამდვილ ედემის ბაღს უნდა წარმოადგენდეს. ვფიქრობთ, შექმნილმა ვითარებამ უნდა დაგვაფიქროს. ამხელა პოტენციალის მქონე ქვეყანა იმ დამდნარ პლასტმასას უნდა იყენებდეს, რაც დღეს იყიდება? მაგრამ მერე ამ ყველაფრიდან ვინღა იშოვნოს მილიონები? მერე რა, რომ ეს პროდუქტი მომაკვდინებლად აისახება ერზე? აქ მთავარი ხომ ფულის კეთებაა და სხვა არაფერი? თავს ლაფი დავასხი იმას, ვინც თავის ქვეყანასა და თავის ხალხს ამგვარი შხამით წამლავს! (ჩემი მადლიანი კახელები ამ ბოლო წინადადებას ცოტა სხვანაირად იტყოდნენ…).

დღეს, როდესაც ჩვენი სოფლის მეურნეობის აღორძინების საკითხი ასმაგი სერიოზულობით დადგა ზეთის წარმოებაც უნდა აღდგეს. და უნდა აღდგეს არა ქარხნული და ინდუსტრიული, არამედ ცივი გამოხდის, ამასთან „ბიო“ ზეთის წარმოება. მეორე მხრივ ჩვენვე ძალიან მკაცრად უნდა მოვთხოვოთ მთავრობას, რომ აკრძალოს იმ „ნივთიერების“ შემოტანა, რაც ჩვენზე და ჩვენს მომავალ თაობაზე ზეთად საღდება. ახლო მომავალში დაიწყება სოფლის მეურნეობის განვითრების პროგრამების განხორციელება (მეორე მხრივ, ამ უწყებებშიც ვხვდებით კორუფციას და უნდა აღინიშნოს, საკმაოდ ფართო მასშტაბებით, რაც დაუშვებელია და ამ სფეროს მექრთამე და ნაძირალა ხალხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩამოშორდნენ! ყველასათვის ნათელია, რომ ხალხზე გასანაწილებელი რესურსი „შიგნითვე“ ნაწილდება და ზემდგომ ორგანოებთან „ატკატებიც“ საკმაოდ წარმატებულად ხორციელდება. „ატკატების“ ადრესატებამდე მისატანად ლამის სპეციალური კადრებიც კი გამოყოს ჩვენმა მთავრობამ…). ხსენებული პროგრამები ჩვენს სასიკეთოდ უნდა გამოვიყენოთ და ერთ-ერთი მიმართულება, რაც ამ პროგრამების ხელშეწყობით ფართოდ უნდა დაინერგოს ჩვენში ესაა ცივი გამოხდის ბიო ზეთის წარმოება.

იტალიის მაგალითი, ალბათ ერთ-ერთი თვალსაჩინოა ჩვენთვის, სადაც ოჯახური ზეითუნის ზეთის წარმოების დიდი პრაქტიკა არსებობს. ამ დარგში სპეციალური დეგუსტაციები და გამოფენებიც კი იმართება… მართალია, ამ ეტაპზე ჩვენში ზეთისხილის ნარგაობა საკმაოდ ცოტაა (არადა მეზობელ თურქეთში ეს საქმე პირდაპირ ყვავის!), მაგრამ მზესუმზირის მოყვანა მაინც ხომ შეგვიძლია? ასევე: მიწის თხილი, კაკალი, სიმინდი, სოიო, სელი… ყურძნის წიპწა, საიდანაც შესანიშნავი ზეთის გამოხდაა შესაძლებელი ყოველწლიურად ათეული ტონობით იყრება და ნადგურდება ჩვენი ღვინის ქარხნებიდან და მარნებიდან… აი სწორედ ამაზეა გასაკეთებელი აქცენტი! ეს გახლავთ შესანიშნავი იდეა ოჯახური, მცირე წარმოების ასაწყობად.

მადლობა ღმერთს, რომ დღეს უკვე ხელმისაწვდომია მცირე წარმადობის „ოჯახური“ ზეთსახდელები, რომელთა გამოწერა შესაძლებელია საკმაოდ ხელსაყრელ ფასად. საუბარია ძალზე მცირე დანადგარებზე, რითაც შესაძლებელი იქნება გამოიხადოს არა მხოლოდ მზესუმზირა, არამედ სხვა ბევრი კულტურებიც. მეორე მხრივ ზეთის გამოხდის შემდეგ ნარჩენი პროდუქტი ანუ „კოპტონი“ არის შინაური ცხოველების (ღორი, მსხვილფეხა საქონელი, ფრინველი, თევზი) გამოსაკვები შესანიშნავი საშუალებაც… ამგვარი დანადგარები, არათუ ელექტრო, არამედ მექანიკურებიც კი იშოვნება.

მინდა აღვნიშნოთ, რომ მინი ზეთსახდელების არჩევანი საკმაოდ ფართოა. შეკვეთისას თუ შეძენისას გასათვალისწინებელია: დანადგარის წარმადობა, მწარმოებელი ქვეყანა და ფირმა, გამოსახდელი კულტურების სპექტრი, დანადგარის დანიშნულება და სხვ. მათი მოძიება შესაძლებელია პორტალ „Amazon.com“-იდან. ან ამავე პორტალის გერმანული გვერდიდან – „Amazon.de“. სავარაუდოდ, შესაძლებელი იქნება მეორადი დანადგარების შეძენაც… გთავაზობთ ელექტრო და მექანიკური ზეთსახდელის ფოტოებს. კვლავაც გავიმეორებ, რომ ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს ინსტრუქციის ძირეულად გაცნობას და დანადგარის, მხოლოდ ამის საფუძველზე შეძენას. ამგვარი მინი დანადგარის შეძენა არა მხოლოდ „ბიზნეს“ საქმიანობისთვის, არამედ ოჯახური, საკუთარი მოხმარებისთვისაც კი შეიძლება, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც საკუთრი მეურნეობა აქვს.

გიორგი ბარისაშვილი

მცხეთა, 2020 წ.