დარგებიმევენახეობა-მეღვინეობაფერმერი ფერმერს

 ოზონ-აირი გოგირდის საუკეთესო ალტერნატივა მეღვინეობაში

დადგა შემოდგომა და მეურნე კაცს ახალი საზრუნავი გაუჩნდა, მთელი გაზაფხულ-ზაფხულის ნაშრომის დაბინავება. ყურძნის მოსავლის დაბინავება პირველ რიგში მისგან ხარისხიანი ღვინის დაყენებას გულისხმობს, ეს კი დამოკიდებულია ქვევრის სისუფთავეზე, რომელიც დღემდე ბუნებრივი ღვინის დასაყენებლად ერთად-ერთი შეუცვლელი ჭურჭელია.
ქვევრში ღვინო წლობით ჯანმრთელი რომ შეინარჩუნო ის ფიზიკურადაც სუფთა უნდა იყოს, ქიმიურადაც და ბიოლოგიურადაც. ფიზიკური დაბინძურების ქვეშ ის ხილული და უხილავი ჭუჭყი იგულისხმება,  რომელიც მის კედლებზე ტკბილის დადუღებისა და ღვინის დავარგების შემდეგ რჩება. ამ პრობლემასთან ბრძოლის კარგი საშუალება, ქვევრის გაცლის შემდეგ უხეში ჯაგრისით ქვევრის თბილი და ცივი წყლით რეცხვაა. ქიმიური დაბინძურებაში კი ის მინერალური ნივთიერებები და მძიმე მეტალები შედის, რომელსაც ქვევრის თიხა შეიცავს. ღვინის ბიოლოგიური დაცვა კი ღვინის დაავადებათა გამომწვევი იმ ბაქტერიებისგან და სოკოს სპორებისაგან დაცვას გულისხმობს, რომლებიც ღვინის სხვადასხვა დაავადებებს იწვევენ.

ღვინის ქიმიური დაბინძურების კერა თვითონ ქვევრის თიხაა, რომელიც გარკვეული რაოდენობის მინერალებს და მძიმე მეტალებს შეიცავს. უნდა აღინიშნოს, რომ ქიმიური დაბიძურების პრობლემა, მხოლოდ ახალ ქვევრებს აქვთ და ისიც გამოყენების პირველ წლებში. ქვევრში ღვინის დაყენების დროს თიხაში არსებული მინერალები კედლის თიხიდან ღვინის  მიერ თანდათან გამოიწვლილება. ჩვენი წინაპრის ვარაუდით ახალი ქვევრი, 8-10 წლის შემდეგ ღვინისათვის ინერტული ხდება, რადგან  ამ ხნის მანძილზე ქვევრის კედლიდან ღვინოს ყველა ის მინერალები გამოაქვს, რომელთა რაოდენობა ქვევრის თიხაში მეტია, ვიდრე ღვინოში. ქვევრის გამოყენების პრაქტიკამ შებრუნებითი პროცესიც აჩვენა და ის მინერალი, რომელიც ღვინოში მეტი იყო, ვიდრე ქვევრის თიხაში, თიხის მიერ შთაინთქა.  

ღვინოს ასევე, აქვს ბიოლოგიური სისუფთავის პრობლემა, რომელიც დაავადებათა გამომწვევ იმ მავნე მიკროორგანიზმებს, ვირუსებს და  ბაქტერიებს გულისხმობს, რომლებიც ქვევრის კედლის ფორებში იბუდებს და მასში დაყენებულ ღვინოს ასნებოვნებს. ქვევრის ბიოლოგიური დაბინძურება ქვევრში ღვინის დაყენების დროს ხდება. გაცლილი ქვევრის ფორებში ღვინო რჩება, რომელიც შემდეგ მოსავლამდე ავადდება და მასში დაყენებულ ღვინოს ასნებოვნებს. დაავადებათა გამომწვევი ამ ბაქტერიებისა და სოკოს სპორებისაგან ღვინის დაცვის საუკეთესო საშუალება, ღვინისგან გაცლის შემდეგ ქვევრის თბილი და ცივი წყლით კარგი გარეცხვა და კარგი დეზინფექციის გაკეთებაა, რის შემდეგაც ქვევრის კედელი კირით უნდა შეათეთროთ და გამოყენებამდე ასე დატოვოთ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქვევრის ფიზიკური და ბიოლოგიური სისუფთავის დაცვა, ორი სხვადასხვა მცნებაა, მაგრამ ერთმანეთისგან განუყოფელი პროცესებია. ქვევრში დაყენებული ღვინის მაღალ ხარისხს ქვევრში ორივე ამ პროცესის უნაკლოდ შესრულება განაპირობებს, ანუ როგორ კარგადაც არ უნდა გარეცხოთ ქვევრი, კარგი დეზინფექციის გარეშე ღვინოს დასნებოვნებისგან ვერ დაიცავთ და პირიქით, ვერც კარგი დეზინფექციით ქვევრის კედელს ჭუჭყს ვერ მოაშორებთ.

ცნობილია, რომ ქვევრის დეზინფექციას მრავალი საუკუნეა გოგირდის კვამლით ახდენენ და კარგ შედეგსაც აღწევდნენ ადრე და აღწევენ დღესაც. გოგირდი, ღვინის დამასნებოვნებელ ბევრ ბაქტერიას წარმატებით ებრძვის, მაგრამ ის ღვინისთვის ინერტული არ არის, რადგან ადვილად იხსნება ღვინოში. მართალია, გოგირდი ღვინოს დიდ პრობლემებს აშორებს, მაგრამ თვითონ ხდება პატარა პრობლემა ღვინისთვის. ამიტომ მეღვინეობა იძულებული გახდა შეემუშავებინა ღვინოში გოგირდის უშიშარი ნორმა და გადაჭარბების შემთხვევაში ღვინოში ნარჩენი გოგირდის ზენორმატიულ რაოდენობას აფიქსირებს, რაც ღვინისათვის ერთ-ერთ ნაკლად ითვლება. აქედან გამომდინარე, დიდი ხანია მეღვინეობაში გოგირდის ისეთი სადეზინფექციო საშუალებებით ჩანაცვლება დგას, რომლებიც ნაშთად არ დარჩება ღვინოში. რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, ასეთი საშუალებები დიდი ხანია არსებობს და გამოცდილიცაა ღვინოზე, მაგრამ რაღაც მანქანებით მეღვინეთა უმრავლესობა, როგორც დასავლეთში, ისე საქართველოში დღემდე გოგირდის ერთგული რჩება. ქვევრის დეზინფექციის საუკეთესო საშუალებები წყალბადის ზეჟანგის დაბალ პროცენტიანი ხსნარები, ოზონირებული წყალი და ოზონ-აირია. მეღვინეობაში ოზონის გამოყენებაზე ევროპაში ცდები 1,5 საუკუნის წინ ტარდებოდა. აი რას წერს ამის შესახებ ცნობილი ქიმიკოსი ვასილ პეტრიაშვილი: „დიდი ხანია, რაც პასტერმა, კომბონიმ და ლევემ გამოცადეს ოზონის ზემოქმედება ღვინოზე და ყველა ცხადად ცნეს მისი კეთილი მოქმედება. უფრო დაწვრილებით და უფრო ვრცელი გამოკვლევა მოახდინა პროფ. ჯიანეტომ და ცნო, რომ ამ სხეულს ძალიან კარგი მოქმედება აქვს ღვინოზე“. ვ. პეტრიაშვილი, „ღვინის დაყენება“, თბილისი. 1895 წ.

მიუხედავად ასეთი კორიფე მეცნიერების დასკვნებისა, იმ დროს ოზონით გოგირდის ჩანაცვლება არ მოხდა, ამის მიზეზი ოზონის ღვინოზე ცუდი გავლენა კი არ იყო, არამედ იმ დროს, არც იაფი ოზონის წარმოების აპარატები იყო და ოზონ-აირის ტრანსპორტირებისათვის, არც ოზონო-მედეგი შლანგები. დღეს კი ყველა ეს დაბრკოლება აღმოფხვრილია და დადგა დრო ოზონ-აირით გოგირდის ჩანაცვლებისა, რაც ერთი-ორად გაზრდის ღვინის ხარისხს და საგრძნობლად შეამცირებს ამ მიზნით გაღებულ ხარჯებს.

პირადად ვერ გეტყვით ოზონის ფართოდ გამოყენებას ევროპაში და დანარჩენ მსოფლიოში რა უშლის ხელს, მაგრამ საქართველოში ეს ქართველი კაცის გაუბედაობითა და შეჩვეული ჭირის დიდი სიყვარულით აიხსნება, ანუ ქართველი მეურნე, არ არის ინოვატორი და მანამდე არ იღებს სიახლეს, სანამდე ეს სიახლე, თეთრი წვერით არ შეიმოსება.

სადაც არ უნდა წაიკითხო ოზონის შესახებ ინფორმაცია, ყველგან წერია, რომ ის ძლიერი დამჟანგავი აირია, რომ ოზონი ანადგურებს დღემდე არსებულ ყველა ბაქტერიას, ვირუსს, სოკოს სპორებს და სხვა მავნე მიკროორგანიზმებს. სპობს უსიამოვნო სუნს და ყველა სახის მავნებლებს და პარაზიტებს. ოზონი ადვილად აღწევს ყველა იმ ხვრელში სადაც ჟანგბადის თუნდაც უმნიშვნელო რაოდენობაა, შედის მასში და ამ ჟანგბადს ოზონად აქცევს. ამიტომ ის უალტერნატივოა, როგორც მადეზინფიცირებელი საშუალება, ანუ არ არსებობს დახურული სივრცეების დეზინფექციისათვის უფრო ეფექტური საშუალება, ვიდრე ოზონ-აირია.

ოზონი განსაკუთრებით უალტერნატივოა ქვევრების დეზინფექციის დროს. ქვევრი, ჯერ ერთი, დახურული სივრცეა და მეორე, ფორიანი კედელი აქვს, კედლის გარეცხვის შემდეგ მისი კედლის ფორები წყლით იჟღინთება. რადგან ოზონი მომენტალურად იხსნება წყალში და მას საუკეთესო დეზინფექტორად აქცევს, ამიტომ კედელ დასველებული ქვევრის ოზონირების დროს კედლის ფორებში არსებული წყალი მომენტალურად ოზონირდება და ანადგურებს ფორებში არსებულ ყველა სახის მავნე მიკროფლორას. ასევე, შეუცვლელია ოზონ-აირი მარნისა და ნებისმიერი დახურული სივრცის დეზინფექციის დროს. გარდა იმისა, რომ ის ძალიან ეფექტურია, მისით მარნის დეზინფექცია ძალიან იოლია, რადგან ამისთვის, მხოლოდ ოზონო-გენერატორის ჩამრთველ ღილაკზე ხელის დაჭერაა საჭირო. დღეს, მარნის დეზინფექციას სპეციალური მადეზინფიცირებელი სითხით ან გოგირდის კვამლით ახდენენ, რომელთაგან არც ერთი მათგანი უნაშთოდ არ ქრება და მათი მავნე გავლენა, დიდხანს იგრძნობა მარანში, ეს მაშინ, როცა ოზონის კონცენტრაცია ჰაერში 20-25 წუთის შემდეგ ნახევრდება, ხოლო 1-2 საათის შემდეგ უკვალოდ ქრება.

მე რა თქმა უნდა, როგორც ნახევარგამტართა ფიზიკის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელს, წვდომა, მხოლოდ ხარისხიან ოზონატორის წარმოებასთან მაქვს და ოზონის კეთილი გავლენა მეღვინეობის დიდ ფირმებში არ გამომიცდია, მაგრამ, როგორც ტრადიციული მეღვინეობის სპეციალისტს ჩემი ახლობლები და მეგობრები ხშირად მაკითხავენ ღვინის სხვადასხვა დაავადებათა სამკურნალოდ, რაც ოზონო-გენერატორის დახმარებით ყოველთვის წარმატებით მთავრდება. მიღებული პრაქტიკიდან მივედი იმ დასკვნამდე, რომ მეღვინეობაში ოზონო-აირის გამოყენება, ძალიან კარგ შედეგს იძლევა თუ ახლად დადუღებულ მაჭარს დავარგებაზე დაყენებამდე კარგად დავაოზონირებთ, რის შედეგადაც ყველა ის მავნე მიკროორგანიზმი ნადგურდება, რომლებიც ყურძენს ვენახიდან შემოყვა (ყურძნის დამპალი მარცვლები და კრაზანებისგან დაზიანებული ყურძნის მარცვალი ძმრის ბაქტერიების ბუდეა), ან მარანში დუღილის დროს მიიღო. მაჭრის ოზონირების შემდეგ თუ სიფრთხილეს გამოიჩენთ, ღვინო საერთოდ აღარ დაგისნებოვნდებათ, რადგან ის დამასნებოვნებელი მიკროფლორა, რაც ვენახიდან შემოყვა ყურძენს და დუღილის დროს მოხვდა დურდოში, ოზონირების დროს განადგურდება. აქ აღნიშნულს თითქმის ყოველწლიურად მივმართავთ ბოლნისში ჩემი მოკეთის ღვინოებზე და მშობლიურ სოფელში ჩემი ძმისა და მეზობლების ქვევრებში. ასეთ პროფილაქტიკურ მკურნალობის შემდეგ ღვინის დასნებოვნების, არც ერთი შემთხვევა არ გვქონია. ოზონით მკურნალობა კარგ შედეგს იძლევა ღვინის დაძმარების პირველ ეტაპზე, ღვინო თითქმის ბოლომდე კარგავს აქროლად მჟავეებს და ძმრის სუნი და გემო უქრება.

ზემოთ აღვნიშნე, რომ ჩვენი მეურნე ინოვაციის მიმართ ძალიან თავშეკავებულია და შეჩვეული ჭირი ურჩევნია შესაჩვევს. ამ რამდენიმე წლის წინ 52 ქართული მეღვინეობის ფირმის ელექტრო მისამართი მოვიძიე და ყველა მათგანს წერილით ვაცნობე ყველა იმ დადებითზე, რაც ოზონ-აირს გოგირდთან და სხვა მადეზინფიცირებელ საშუალებებთან შედარებით აქვს. მათგან, მხოლოდ ერთი გამომეხმაურა და მომწერა: ოზონი, მავნე ბაქტერიებს თუ ანადგურებს კეთილს, ანუ დუღილის ბაქტერიებსაც  გაანადგურებსო. მე მას ავუხსენი, რომ ოზონი და მაჭრის დუღილის ბაქტერია ორივე მჟანგავია და ამიტომ ერთმანეთს კი არ ასუსტებენ და ხოცავენ, არამედ პირიქით. მიუხედავად ამისა, არც ამ მეღვინემ გამოთქვა სიახლის ათვისების სურვილი, რაც პირადად ჩვენი ჩამორჩენის ერთ-ერთ ძირითად მიზეზად მიმაჩნია.

რა თქმა უნდა, საქართველო, მხოლოდ ეჭვიანი და სიახლის მოძულე მევენახე-მეღვინეებით არაა დასახლებული. დღეის მდგომარეობით ოზონის აპარატები შეიძინეს და წარმატებით იყენებენ: გურამ ავქოფაშვილი – ბოლნისიდან, ემზარ მასურაშვილი – კაკაბეთიდან, დავით საღინაძე და კიდევ 6 ოჯახი ამბროლაურიდან, რეზო აბრამიშვილი და ანდრო ბარნოვი – გორიდან, არჩილ გუნავა, ბონდო შუკაკიძე და ამირან ვეფხვაძე – ზესტაფონიდან, თენგიზ გელაშვილი და მერაბ ბუზალაძე – ლაგოდეხიდან. რაც შეეხება ყვარლელ მამუკა ხურციძეს მან ოზონო-გენერატორი ამერიკიდან ჩამოიტანა და წლებია მუშაობს. ასევე, რამდენიმე ოზონატორი მუშაობს -ახმეტისა და თელავის მარნებში, სულ საქართველოში ოთხი ათეული ოზონო-გენერატორია წაღებული. თუ გავითვალისწინებთ, რომ ქვეყანაში ათასზე მეტი კერძო მარანი და მეღვინეობის ათეულობით კერძო მსხვილი ფირმა მუშაობს, დამერწმუნებით ოთხი ათეული ოზონო-გენერატი ზღვაში წვეთია.

ჟორა გაბრიჭიძე /ნახევარგამტართა ფიზიკის ს/კ ინსტიტუტის

უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. საქართველოს

ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი/