ოზონი სათბურში საწარმოო ხარჯებს 2-3-ჯერ ამცირებს

სასათბურე მეურნეობა, სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების შედარებით ახალი მიმართულებაა, რომელმაც მთელი მსოფლიო დაიპყრო. ეს იმიტომ მოხდა, რომ სათბური, მიუხედავად გარემო პირობებისა, საშუალებას იძლევა, ნებისმიერ ბუნებრივ-კლიმატურ პირობებში ეფექტურად ვზარდოთ სასოფლო-სამეურნეო კულტურები და სარეკორდო მოსავალი მივიღოთ.

რაც შეეხება ჩრდილოეთის ტერიტორიებს, სადაც ღია გრუნტში არც ერთი სახის სასოფლო-სამეურნეო კულტურის მოყვანა არ შეიძლება, სასათბურე მეურნეობები, სწორედაც რომ წყალწაღებულისთვის მაშველი რგოლია.

მიუხედავად ფართობის სიმცირისა, კონტროლის სიადვილისა და ზემოქმედების ფართო შესაძლებლობისა, სათბურშიაც იჭრება მრავალი სახის მავნებელი, ვირუსი, ბაქტერია, სოკოვანი დაავადებები და სხვა მავნე მიკროორგანიზმი, რომელთა მავნებლობა საბოლოოდ დაბალ და უხარისხო მოსავალში აისახება. დღეს, ყველა ამ დაავადებასთან გამკლავება დიდ სიძნელეს არ წარმოადგენს, რადგან მათ წინააღმდეგ საბრძოლველი მრავალი სახის პესტიციდი და შხამ-ქიმიკატი არსებობს. მართალია, მათი გამოყენებით მოსავლის შენარჩუნება პრობლემა არ არის, მაგრამ ამ მოსავალს ბიოლოგიური სისუფთავის დიდი პრობლემები აქვს, რაც დაბლა სწევს, როგორც პროდუქციის კვებით ღირებულებას, ისე მის ღირებულებას ფულად გამოსახულებაში. ამიტომ თუ ადრე მეცნიერების მიზანი, მოსავლის უვნებლად შენარჩუნება იყო, ამჯერად მიზანი შეიცვალა და მეცნიერებამ იმაზე უნდა იმუშაოს, რომ მოსავალთან ერთად შენარჩუნებულ იქნას მოსავლის ქიმიურ-ბიოლოგიური სისუფთავე, ანუ დღეის ამოცანა, ისეთი ბიოპრეპარატების შექმნაა, რომლებიც ბიომოსავალს მისი რაოდენობის შეუმცირებლად რომ უზრუნველყოფს. ამ მხრივ უნიკალურ შესაძლებლობას ოზონ-აირი, ოზონირებული წყალი და წყალბადის ზეჟანგი იძლევა. ეს პრეპარატები დღემდე ყველაზე უნივერსალურ და ეკოლოგიურად სუფთა ანტიბაქტერიულ, ანტივირუსულ და დიდად ეფექტურ მადეზინფიცირებელ საშუალებებს წარმოადგენენ. პირადად, სწორედ მათი ეს თვისებები და მათი ძალიან დაბალი ფასი მიმაჩნია იმის დამაბრკოლებლად, რომ ოზონ-აირი, ოზონირებული წყალი და წყალბადის ზეჟანგი დღემდე, ფართოდ რომ არაა დანერგილი სახალხო მეურნეობაში, ამ დანერგვას ხელს უშლის, როგორც შხამქიმიკატების მაფია, ისე ქვეყანათა ხელისუფლებებისა და დარგის მუშაკთა ბედოვლათობა (ყველა დონეზე). პირველნი იმისათვის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს უსმენენ, ხოლო მეორენი იმისათვის, რომ ხელისუფლებას უსმენენ.

ოზონს სახალხო მეურნეობაში ევროპელები 1900 წლიდან იყენებენ. პირველ პერიოდში მით, პროდუქტის საწყობების დეზინფექცია დაიწყეს, რასაც საწყობების მღრღნელებისგან და მავნე მწერებისგან განთავისუფლება მოჰყვა. დღეს კი აღარაა სახალხო მეურნეობის ისეთი დარგი, სადაც ოზონი თავის სიტყვას არ ამბობდეს.

ოზონი, უძლიერესი დამჟანგველია და ჟანგავს ყველაფერს, გარდა ოქროსი და პლატინისა. ოზონ-აირის ფასდაუდებელი თვისება ისაა, რომ მომენტალურად იხსნება ჰაერისა და წყლის ჟანგბადში, რის შედეგადაც ჰაერს, დახურული სივრცის მაღალეფექტიან დეზინფექტორად აქცევს, ხოლო დაოზონირებული წყალი, არა მარტო ნიადაგის მაღალეფექტური დეზინფექტორია და მცენარის ფესვებში შეაქვს ჟანგბადი, არამედ, ის შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც მცენარის მწვანე მასის შესაწამლი მაღალეფექტური საშუალება, ანუ გამოვიყენოთ, როგორც თანამედროვე პესტიციდებისა და შხამქიმიკატების უნივერსალური ალტერნატივა. მრავალმხრივი ცდებით დადასტურებულია, რომ დღეს მეცნიერებისთვის ცნობილ მავნე მიკროორგანიზმებს, ვირუსებს, ბაქტერიებსა და სოკოებს შორის არ არსებობს ისეთი, რომელიც შესაბამისი კონცენტრაციის ოზონ-აირისა და ოზონირებული წყლის მომაკვდინებელ ზემოქმედებას რომ გაუძლებს, მაშინ, როცა პესტიციდები და ქიმიური შხამები რამდენიმე სახის მავნე მიკრო ფლორაზეა გათვლილი. ასეთივე მაღალეფექტიან მადეზინფიცირებელ და უნივერსალურ საშუალებას წარმოადგენენ წყალბადის ზეჟანგის დაბალპროცენტიანი ხსნარები, რომლებსაც მავნე მიკროორგანიზმების მიმართ იგივე ზემოქმედება აქვს, როგორიც ოზონირებულ წყალს.

სათბური, ეს დახურული სივრცეა, ამიტომ მისი მაღალეფექტური დეზინფექციისათვის „ოზონ-აირი“, შეუცვლელი საშუალებაა, რადგან ის აქტიური ჟანგბადია და მომენტალურად უერთდება ჰაერში არსებულ ჟანგბადს 02-ს და გადააქცევს მას 03-ად, რომელიც მომენტალურად იშლება სათბურის მთელს სივრცეში (ყველგან სადაც ჟანგბადია) და იქ არსებულ მავნე მიკროფლორას რამდენიმე წუთში ანადგურებს.

სათბურში ასევე დასაცავია მცენარე და მოსავალი, ამიტომ დეზინფიცირებულ ჰაერთან ერთად საჭიროა, ნიადაგის დეზინფექცია და მისი ჟანგბადით გაჯერება. ასევე, მასზედ მოზარდი კულტურების დაცვა, ყველაფერ ამას კი ოზონირებული წყალი, ყველა შხამ-ქიმიკატზე უკეთ უმკლავდება, ანუ ყველაფერი ის, რაც სათბურში თანამედროვე პესტიციდებით და შხამქიმიკატებით ტექნიკის დახმარებით კეთდება, შეიძლება ოზონოგენერატორის მიერ გაფრქვეული ოზონ-აირით ჩაანაცვლოთ. ამასთანავე, ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ პესტიციდებისა და შხამქიმიკატების გამოყენების შემდეგ სათბურში, მოწამლული ნიადაგი და ქიმია-ბიოლოგიურად დაბინძურებული მოსავალი რჩება, ოზონოტექნოლოგიის გამოყენების შედეგი კი დეზინფიცირებული ნიადაგი და ბიოლოგიურად სუფთა მოსავალია, რომლის ღირებულება ფულად გამოსახულებაში, რამდენიმეჯერ აღემატება პესტიციდებით მიღებული მოსავლის ღირებულებას. ანუ სათბურში მცენარის დაცვითი ყველა ფუნქციის აღება ოზონოგენერატორს შეუძლია, ამით კი საწარმოო ხარჯები რამდენიმეჯერ შეგიძლიათ შეამციროთ.

მოდით აქვე ავხსნათ ოზონის მუშაობის მექანიზმი და მიზეზი იმისა თუ რის ხარჯზეა ის პესტიციდებზე უფრო ეფექტური: ოზონის ზემოქმედება მავნე მიკროორგანიზმებზე სამ ეტაპად მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე – ოზონის მოლეკულა შედის კონტაქტში ბაქტერიის უჯრედის გარსთან (გარსი პასუხისმგებელია უჯრედის ფორმაზე) და იწვევს მის გახლეჩას, რადგან ახდენს ფოსფოლიპიდებისა და ლიპოპროტეინების ჟანგვას (დაშლას) და პეროქსიდების წარმოქმნას. ამ რეაქციას ჰქვია ჟანგვითი აფეთქება.  მეორე ეტაპზე ხდება ბაქტერიის გარსის გახლეჩვა, ეს კი იწვევს ბაქტერიის ფორმის დაკარგვას, ამავდროულად ოზონის მოლეკულები აგრძელებენ ბაქტერიის უჯრედის გარსის დაშლას. მესამე ეტაპი – თუ ოზონის მოქმედება რამდენიმე წამით გაგრძელდა (ამას ხელს არაფერი უშლის), მაშინ ბაქტერიის უჯრედი მთლიანად კარგავს შესაძლებლობას შეინარჩუნოს ფორმა და იღუპება. აქ, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არ არსებობს შხამი, რომელიც 100% ხოცავდეს მავნებელს, რადგან მათ შორის სულ მცირე 10% შხამის მიმართ იმუნიტეტს გამოიმუშავებს. ოზონი კი უჯრედის გარსზე ზემოქმედებს და მისგან დაცვა შეუძლებელია.

აქ სამართლიანად სვამენ ასეთ კითხვას, თუ ოზონი ხოცავს მავნე ბაქტერიებს მან, ასეთივე წარმატებით უნდა გაანადგუროს კეთილი ბაქტერიებიც. ჩვენდა სასიკეთოდ, ეს არ ხდება, რადგან კეთილი ბაქტერიების დნკ-ასა და რნკ-ას აქვთ ოზონის დამშლელი მოქმედებისგან დაცვის სისტემა, ასევე, კეთილი ბაქტერიები, ისე, როგორც ოზონი, მჟანგავია, ანუ ერთი ბუნების მატარებლები არიან  და ერთმანეთს არ ერჩიან.

მოდით ახლა განვიხილოთ თუ როგორ და რა სიკეთე შეუძლია ოზონს და ოზონირებულ წყალს მოუტანოს სათბურში მოზარდ სასოფლო სამეურნეო კულტურებს: ცნობილია, რომ ოზონი, არის დიდად ეფექტური დეზინფექტორი, ამიტომ ოზონ-აირს და ოზონირებულ წყალს, მუშაობის ყველა ეტაპზე დიდი წარმატებით იყენებენ სასათბურე მეურნეობებში. სათბურში ჩითილის გადატანამდე საჭიროა, სათბურს მაღალი დონის დეზინფექცია ჩაუტარდეს, რათა განადგურდეს ის მავნე მიკროფლორა, რომელიც სათბურში წინა სავეგეტაციო პერიოდიდან დარჩა და რომლებიც თუ არ განადგურდა, მომავალი მოსავლის დასნებოვნების წყარო გახდება. ამისთვის საკმარისია სათბურში თავ-თავის ადგილზე განალაგოთ ოზონირებული აირის მფრქვევანები, დახუროთ სათბურის კარები და ჩართოთ ოზონოგენერატორი. გენერატორის 1-1,5 სთ-ის მუშაობის შემდეგ სათბურის ჰაერში ოზონის კონცენტრაცია მიაღწევს იმ დონეს, რომლის დროსაც ყველა მავნე ვირუსი, ბაქტერია და სოკო იღუპება. ჰაერში ამ დროს ზენორმატიული ოზონი გროვდება და ყველა ის მავნე მიკროორგანიზმი, რომლებიც სათბურშია, იხოცება. ოზონატორის გამორთვის შემდეგ საჭიროა 20-30 წუთით კიდევ დავიცადოთ, შემდეგ კი აიღებთ სათბურის კარებებს და ახდენთ სათბურის განიავებას (ეს მაშინ თუ მუშაობის დაუყოვნებლივ გაგრძელებას აპირებთ), მხოლოდ ამის შემდეგ დაიშვება სათბურში მომსახურე პერსონალი, სამუშაოდ. ბოლომდე, რომ დარწმუნდეთ იმაში, რომ სათბური ყოველგვარი მავნე მიკროორგანიზმისგან თავისუფალია, საჭიროა იგივე პროცედურა მეორე ან მესამე დღესაც ჩაატაროთ. დეზინფექციის ამ ორი სეანსის ჩატარების  შემდეგ, სათბური ყველანაირი მავნებლის და ვირუს-ბაქტერიისგან თავისუფალია, რომლის დროსაც თქვენი ხარჯი, მხოლოდ 10-12 კვტ/სთ ნერგიას შეადგენს, ანუ აღარაა საჭირო ცენტნერობით შხამქიმიკატის შეძენა და ათობით მუშახელი, რომლებიც სპეცდანიშნულების ტექნიკით სპეცტანსაცმელში ჩაცმულები, აფრქვევენ სათბურში შხამებს.

სათბურის მაღალეფექტიანი დეზინფექციის შემდეგ, ჩითილის გამოყვანის ჯერი დგება. ჩითილის გამოყვანის ყველა ეტაპზე სარწყავად ოზონირებული წყალი უნდა გამოიყენოთ, რომელიც ნიადაგის საუკეთესო დეზინფექტორია, ამიტომ დათესვის წინ არც ნიადაგის დეზინფექციაა საჭირო და არც თესლის შხამებით დამუშავება, სამაგიეროდ თესლის დათესვისა და ჩითილის ზრდის ყველა ეტაპზე სარწყავად, ოზონირებულ წყალს იყენებთ, რომელიც გარდა იმისა, რომ საუკეთესო დეზინფექციას გაუკეთებს ნიადაგს, ასევე, მცენარის ფესვებში ჟანგბადი შეაქვს. აგრონომიული თვალსაზრისით კი ოზონირებული წყლის მცენარის სარწყავად გამოყენების ეფექტი და უპირატესობა სწორედ იმაშია, რომ ის წყალში 30-45%-ით ზრდის ჟანგბადის კონცენტრაციას. როცა ასეთი წყალი, მცენარის ფესვებში ხვდება, წყლიდან ხდება სწორედ იმ ჟანგბადის გამოყოფა, რომელიც ასე საჭიროა ყველა მცენარის ფესვებისთვის, რადგან უმისოდ მცენარის ფესვებში ვითარდება ანაერობული ბაქტერიები, რომლებიც თრგუნავენ მცენარის ფესვების ზრდას, იწვევენ მათ ლპობას და ადგილი აქვს მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილის დაკარგვას.

გარდა კარგი აერაციის და ჟანგბადის მიწოდებისა, ოზონირებული წყალი, მცენარის ფესვებში წარმატებით ებრძვის ნიადაგში არსებულ პათოგენურ მიკროორგანიზმებს, კერძოდ ცნობილია, რომ მცენარეთა ფესვებს ძლიერ აზიანებს ნემატოდები, ეს პარაზიტები იკვებებიან მცენარის ფესვებით, რითაც ფერხდება მცენარის საკვებით მომარაგება. დადგენილია, რომ ამ პარაზიტების მავნე ზემოქმედების შედეგად სათბურში მოსავალი 25-50%-ით მცირდება. დღეს ნემატოდებს წარმატებით  ებრძვიან თანამედროვე შხამქიმიკატებით, რომელი ქიმიკატებიც ტოკსიკურები არიან და მათი გამოყენებით მიღებული მოსავალი, ქიმიურად დაბინძურებულია. სწორედ ოზონირებული წყალია ის საშუალება, რომლითაც პარაზიტების განადგურებაც შეიძლება და ბიომოსავლის მიღებაც. მინსკისა და ბრესტის სასათბურე კომბინატებში ჩატარებული კვლევითი სამუშაოების შედეგად დადგინდა, რომ ოზონირებული წყლის სათბურის გრუნტის სარწყავად გამოყენების შედეგად ნემატოდების მიერ მცენარის ფესვების დაზიანება, 90-98%-ით შემცირდა. ბელორუსიის მეცნიერებათა აკადემიის ბიოფიზიკისა და უჯრედული ინჟინერიის ს/კ ინსტიტუტის დასკვნით, სათბურის გრუნტის ოზონირებული წყლით მორწყვით, ფესვთა სისტემის გაჯანსაღებისა და ზრდის შედეგად, მცენარეთა ბიომასა 25-30%-ით გაიზარდა, ხოლო მოსავლის მატებამ 35-40% შეადგინა.

შეაჯამეს რა სასათბურე მეურნეობაში გამოყენებული ოზონოტექნოლოგიით მიღწეული შედეგები, ბელორუსელ მეცნიერთა დასკვნაში ვკითხულობთ: „С помощью озона легко и без отрицательных последствий проводится дезинфекция воздуха и надземной части теплицы при подготовке ее высадке рассады. Высокие концетрации озона убивают грибки, бактерии, дрожжи, вирусы, насекомых. Несомненых преимушеством является польная экологическая чистота технологии. В процессе обработки  не требуются спецяльные мери защиты обслуживающего персонала“.

ანუ ბელორუსი მეცნიერები ასკვნიან, რომ „სათბურში ნერგის გადასარგავად მომზადების წინ, ოზონის გამოყენებით ადვილად და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მიმდინარეობს ჰაერის და მიწისზედა ნაწილის დეზინფექცია. ოზონის მაღალი კონცენტრაცია ხოცავს სოკოებს ბაქტერიებს, საფუვრებს, ვირუსებს და მავნებელ მწერებს.  მის უდიდეს უპირატესობად ითვლება ტექნოლოგიის სრული ეკოლოგიური სისუფთავე. ასევე, მუშაობის პროცესში მომსახურე პერსონალის მიერ არაა აუცილებელი თავდაცვის სპეციალური ზომების მიღება“.

როგორც ხედავთ, სასათბურე მეურნეობებში ახალი ტექნიკა-ტექნოლოგიის გამოყენებით შესაძლებელია, მთლიანად უარი ვთქვათ ძვირადღირებულ ნიადაგისა და ფლორა-ფაუნის მომწამვლელ პესტიციდებსა და შხამქიმიკატებზე. მათი შეცვლა, ოზონოგენერატორით შეიძლება, რომლის მონტაჟი 450-500 კვადრატული მეტრის მქონე სათბურში, სულ დიდი 8 ათასი ლარი დაგიჯდებათ, ამის შედეგი კი 10-15 წლის განმავლობაში მცენარეთა დაცვის ხარჯების უდიდესი ეკონომია და ეკოლოგიურად სუფთა მოსავალი იქნება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ოზონოგენერატორის ერთი კომპლექტით რამდენიმე სათბურის მომსახურება შეგიძლიათ. გვყავს ამის ნათელი მაგალითი, ყვარლელი მევენახე-ფერმერის სახით, რომელმაც ამერიკიდან ოზონოგენერატორით გაწყობილი ტრაქტორის მისაბმელი „ცისტერნა“ ჩამოიტანა, მიუხედავად შეძენილის სიძვირისა, გადახდილი თანხა, შესაწამლ პრეპარატებზე გაკეთებული ეკონომიის შედეგად, ერთ სეზონზე აინაზღაურა. რა თქმა უნდა, ოზონოგენერატორი ვენახისგან განსხვავებით სათბურში გაცილებით მომგებიანი იქნება, რადგან აქ, ტრაქტორის საწვავის ხარჯიდან თავისუფალი ხართ და მხოლოდ რამდენიმე ლარის ელენერგია იხარჯება.

აქვე უნდა ითქვას თუ ოზონ-აირი, როგორ ზემოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, რადგან შხამქიმიკატების „ბოსების“ მიერ დაქირავებული ვაისპეციალისტები და ჩინოვნიკები მის ტოქსიკურობაზე უამრავი სისულელეს ავრცელებენ. როგორც ცნობილია, დაბალი კონცენტრაციის ოზონი, ფართოდ გამოიყენება ადამიანების სამკურნალოდ, საქვეყნოდაა ცნობილი ოზონოთერაპია, როგორც უამრავ დაავადებათა მკურნალობის კარგი საშუალება. რაც შეეხება ოზონით ადამიანის მოწამვლას, ეს შეუძლებელია, რადგან მას ისე, როგორც ოდორანტგარეულ ბუნებრივ აირს მკვეთრად მყრალი სუნი აქვს და მისი იმ რაოდენობით ჩასუნთქვა, რომ ადამიანის ჯანმრთელობას ავნოს, შეუძლებელია. ყველაზე დიდი მავნებლობა კი რაც ზედმეტი დოზის ჩასუნთქვის შემდეგ შეიძლება დაგემართოთ, ეს სასუნთქი გზების ლორწოს გამოშრობაა. ასე, რომ ოზონით თავის მოკვლას, ძალიანაც რომ გინდოდეთ, მაინც ვერ შეძლებთ. რაც შეეხება ოზონისგან თავდაცვის საშუალებას, ეს ნებისმიერი ნახშირის რესპირატორით შეიძლება, გაიკეთებთ რესპირატორს და ნებისმიერი კონცენტრაციით დაოზონირებულ გარემოში იმუშავებთ.

ყველა ზემოთ მოყვანილი ინფორმაცია ინტერნეტშია მოპოვებული, რადგან საქართველოში დღეის მდგომარეობით აღარც კვლევითი ინსტიტუტი გვაქვს და არც კვლევითი რაიმე დაწესებულება, რომ სურვილის შემთხვევაში რაიმე ექსპერიმენტი ჩაატარო. მაქვს მიგნება, რომლის პრაქტიკული განხორციელების ინფორმაცია ვერსად წავიკითხე, არადა მისი დადასტურების შემთხვევაში ოზონი, კიდევ ერთ საუკეთესო თვისებას გამოავლენს სათბურში. კერძოდ, ცნობილია, რომ ოზონ-აირით ხდება სათბურების და ნებისმიერი დახურული სივრცის დეზინფექცია და მასში არსებული ყველა სახის მავნე მიკროფლორის განადგურება. სწორედ ეს მავნე მიკროფლორა, ანუ ბაქტერიები, ვირუსები და სოკოებია, რომლებიც ასნებოვნებენ სათბურში მოზარდ მცენარეს, ანუ სათბურში გაშვებულმა ოზონმა მავნე მიკროორგანიზმი უნდა გაანადგუროს, როგორც სათბურის მთელ სივრცეში, ისე მცენარის ფოთოლსა და ნაყოფზე. ყველაფერ ამას რამ შეიძლება შეუშალოს ხელი? პირველ რიგში იმან, რომ ზენორმატიულმა ოზონმა შეიძლება მცენარეს, ანუ კიტრს, პომიდორს მარწყვს და სხვა კულტურებს ავნოს. სწორედ სათბურში ჩატარებულ მსგავს ექსპერიმენტებს ვერ შევხვდი ინტერნეტში. სამაგიეროდ ვნახე ოთახის ყვავილებზე ჩატარებული ექსპერიმენტის ვიდეოკლიპი, სადაც ოცამდე ჯიშის ოთახის მცენარეზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ყველა მათგანმა ზენორმატიული კონცენტრაციის მქონე ოზონირებული აირის ზემოქმედებას გაუძლო. თუ ასეთი, რამ კიტრზე, პომიდორზე, მარწყვზე და სათბურში მოზარდ სხვა მცენარეზედაც დადასტურდება, ეს იმას ნიშნავს, რომ სათბურის მცენარეთა მკურნალობას, დირექტორის კაბინეტში ღილაკზე ხელის დაჭერით შეძლებთ, რაც ამ მიზნით განკუთვნილი უამრავი სახსრების ეკონომიაა.

პირადად ჩავატარე მცირე ექსპერიმენტი (რადგან არც სათბურია ჩემთვის ხელმისაწვდომი და არც ჰაერსა და წყალში ოზონმზომი ხელსაწყოა ჯერჯერობით საქართველოში), ავიღე 20 ლიტრი ტევადობის პლასტმასის ბიდონი, ჩავდე შიდ ჭიქით კიტრისა და პომიდვრის ჩითილები, ბიდონში ასევე ჩავსვი ბზიკი და ოთახის ჩვეულებრივი ბუზი. ამის შემდეგ, დავაოზონირე ბიდონში ჰაერი, დავხურე ჰერმეტულად და დაველოდე. 12 წუთის შემდეგ ბუზი და ბზიკი მოკვდა, ამის შემდეგ ჩითილები კიდევ 20 წთ-ით დავტოვე ბიდონში, შემდეგ კი დავაბრუნე თავის ადგილზე და გავაგრძელე დაკვირვება. დღეს მეოთხე დღეა რაც ვაკვირდები, ცოცხლები არიან და ვითარდებიან, ანუ იმ კონცენტრაციას, რომელსაც ბზიკმა და ბუზმა ვერ გაუძლო, პომიდვრისა და კიტრის ჩითილმა გაუძლო. რა დაემართებოდა ამ კონცენტრაციის ოზონის გარემოში ბაქტერიებსა და სოკოებს ჩემთვის  უცნობია, რადგან მათი შემოწმების საშუალება არ იყო.

ჩატარებული ექსპერიმენტი, იმედს იძლევა, რომ მრავალმხრივი გამოკვლევის შედეგად შეიძლება დადგინდეს სათბურში ოზონის იმ კონცენტრაციის რაოდენობა, რომელიც საშუალებას მოგვცემს მასში არსებული ყველა მავნე მიკროორგანიზმი, სათბურში მოზარდი მცენარის დაუზიანებლად გავანადგუროთ, რაც კიდევ უფრო იაფს და საინტერესოს გახდის სასათბურე მეურნეობების მუშაობას. თუ ვინმე სათბურის მეპატრონე გამოიჩენს ინტერესს და ჩავატარებთ ასეთ საველე ექსპერიმენტებს, დიდ საქმეს ჩავუყრით საფუძველს.

არის ასეთი ქართული ანდაზა: „ცოტავ სად მიდიხარო და ბევრის საშოვნელადაო“. სწორედ ეს ცოტა, ანუ დღეის კვერცხი არ გვემეტება ქართველებს იმისათვის, რომ ხვალ ქათამი მივიღოთ. ამიტომაც ვართ ღატაკები. საქართველოში ბევრი გამართული სასათბურე მეურნეობაა, რომელთა აშენება რამდენიმე მილიონი ლარი დაჯდა და ყველა მათგანი ათობით ათასი ლარის შხამქიმიკატს მოიხმარს ყოველ სეზონზე. ერთ-ერთ მათგანთან მქონდა ამ საკითხზე საუბარი. მიუხედავად დიდი მცდელობისა ვერ დავაჯერე, რომ თუ სეზონის დაწყების წინ სათბურს ოზონის ზენორმატიული დოზით მაღალი დონის დეზინფექციას გაუკეთებს და შიდ კარგად დეზინფიცირებულ ჩითილს გადარგავს, ვეგეტაციის პერიოდში მცენარე ან საერთოდ არ დაავადდება ან გაცილებით ნაკლები ქიმიკატები დასჭირდება მათ სამკურნალოდ.

მათ კი ვინც ოზონოტექნოლოგიით დაინტერესდა, სასურველი ოზონოგენერატორი ევროპიდან შეგიძლიათ გამოიწეროთ. საქართველოში კი ამ პრობლემებზე, თსუ-სთან არსებული ნახევარგამტართა ფიზიკის ს/კ ინსტიტუტის მეცნიერები მუშაობენ და მაღალი ხარისხის და შედარებით იაფ ოზონოგენერატორებს ამზადებენ. მათთან ურთიერთობა, ბევრი მიზეზის გამო უკეთესია, ვიდრე, ევროპაში შესყიდვა, რადგან საქართველოში ოზონო-გენერატორის სარემონტო წერტილები ჯერ-ჯერობით არ გვაქვს, ისინი კი თავიანთ დამზადებულს თვითონ ემსახურებიან.

ჟორა გაბრიჭიძე,

სტუ-სთან არსებული ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა ს/კ ცენტრის სწავლული მდივანი,

ტელ. 551 333 155