აგროტექნოლოგიებიდარგებიმეცხოველეობაფერმერი ფერმერს

ოზონი მეცხოველეობაში _ იაფი და ეფექტიანი დამხმარე საშუალება ფერმერებისთვის

ოზონი, ჩვენი დაუდევრობით, მხოლოდ მომავლის ტექნოლოგიაა, არადა ყველაზე დიდი პერსპექტივა ოზონს სოფლის მეურნეობაში აქვს, რადგან ის დღემდე არსებულ პრეპარატებს შორის ყველაზე ძლიერი ვირუსოციდი და ბაქტერიოციდი საშუალებაა.

დღეს ცნობილი ვერცერთი მავნე მიკროორგანიზმი ვერ უძლებს შესაბამისი კონცენტრაციის ოზონის ზემოქმედებას. სოფლის მეურნეობაში ოზონის გამოყენებას მართლაც რომ არ აქვს საზღვარი, ის შეიძლება გამოიყენო ყველგან და ყველაფერში. მისი გამოყენების არეალს სოფლის მეურნეობაში განსაკუთრებით ის გარემოება ზრდის, რომ ის შეიძლება გამოიყენო, როგორც წყალში გახსნილი სახით, ისე, აირის სახით, დახურული სივრცეების მაღალხარისხიანი დეზინფექციისათვის.

ოზონი, განსაკუთრებით ფართოდ შეიძლება გამოიყენოთ მეცხოველეობაში. ამას ის გარემოება უწყობს ხელს, რომ მეცხოველეობის ფერმები დახურულ სივრცეს წარმოადგენს. ამ მხრივ ოზონი, მეცხოველეობაში შეიძლება გამოიყენოთ, როგორც ცხოველთა ზრდა-განვითარებისათვის საუკეთესო პირობების შესაქმნელად ისე, ცხოველთა სადგომების მავნე მიკროფლორის წინააღმდეგ, რადგან მათ შეუძლიათ ცხოველებში უამრავი დაავადება გამოიწვიონ, მაგ. სალმონელა, ბრონქიტი, პნევმონია და სხვა. დათვლილია, რომ ყველაფერ ამის მიზეზით მეცხოველეობა, წელიწადში საშუალოდ პროდუქციის 15% კარგავს. ანუ ცხოველების ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული, მათგან მიღებული პროდუქტების, როგორც რაოდენობა (წველადობა, წონამატის დღეღამური მაჩვენებელი), ისე ხარისხი. ოზონოტექნოლოგიის გამოყენება, ფერმერს საშუალებას აძლევს, არა მარტო შეამციროს საწარმოო ხარჯები, არამედ, გააუმჯობესოს ადგილის ეკოლოგიური მდგომარეობა, რადგან მეცხოველეობის ფერმებიდან გამოსული მძიმე სუნი მნიშვნელოვნად ამძიმებს ადგილის ეკოლოგიას.

უდიდესი მნიშვნელობა აქვს მეცხოველეობის ფერმაში ჰაერის სისუფთავეს, რადგან ის პირდაპირ კავშირშია, ცხოველის ჯანმრთელობასთან, ცხოველის ჯანმრთელობაზე კი დამოკიდებულია, როგორც მისი პროდუქტიულობა, ისე ამ პროდუქტების კვებითი ღირებულება. ცხოველთა ფერმების სადგომებში ხრწნას განიცდის ორგანული ანარჩენები (ნაკელის, შარდის) რის შედეგადაც გამოიყოფა ტოქსიკური გაზები, როგორიცაა ამიაკი, გოგირდწყალბადი და სხვა. როცა ასეთი გაზები იმყოფება დახურულ სივრცეში და მით სუნთქავს ცხოველი, ეს გაზები ილექება სასუნთქი გზების ლორწოზე და იწყება სხვადასხვა სახის ინფექციური დაავადებები, როგორიცაა ანემია, თავბრუხვევა, სასუნთქი გზების დაზიანება. ხრწნის შედეგად გამოყოფილი გაზები ხელს უწყობს მავნე მიკროორგანიზმების გამრავლებას, რომლებიც საჭმელის მეშვეობით ხვდება ცხოველის ორგანიზმში და იქმნება სტაფილოკოკის გამრავლებისთვის ხელშემწყობი პირობები. ცხოველთა სადგომების მავნე აირებისგან განთავისუფლება, დღეს გავრცელებულ საშუალებებს შორის ძირითადი საშუალება, ფერმების ვენტილაციაა, რომელიც პირველ რიგში დიდ სამეურნეო დანახარჯებთანაა დაკავშირებული და მეორე, ზამთრის პერიოდში ცხოველთა სადგომში სითბოს დიდი რაოდენობით დანაკარგს აქვს ადგილი, რადგან ცხოველთა სადგომში არსებული ასობით კუბური მეტრი თბილი ჰაერი და ბუნებაში არსებული ცივი ჰაერი ადგილებს ცვლიან, ასევე ზაფხულში ვენტილაციას ბუნებაში გააქვს სათავსოს გრილი ჰაერი, ხოლო სათავსოში ბუნებიდან ცხელი ჰაერი შემოდის. ამიტომ საქონელს პირველ შემთხვევაში ცივ გარემოში უხდებათ ყოფნა, ხოლო მეორე შემთხვევაში ცხელ გარემოში, რაც ცუდად მოქმედებს მათ პროდუქტიულობაზე. ოზონატორი კი სათავსოს ჰაერს მოიხმარს და ამ მხრივ პრობლემებს არ ქმნის.

ცხოველთა სადგომებში ცუდი სუნი, არა მარტო ცხოველთა დაავადებას იწვევს, არამედ, ცუდად მოქმედებს იქ მომუშავე მომსახურეთა ჯანმრთელობაზე. დაავადებათა შორის უნდა აღინიშნოს ცხოველთა სასუნთქი გზების პარალიჩი, ამის მიზეზით ცხოველს ეკარგება ჭამის მადა და ძილი, ეს კი იწვევს მათი პროდუქტიულობის დაცემას და საგრძნობლად იკლებს წველადობა წონის დღეღამური ნამატი და უარესდება ხორცის ხარისხი. ოზონი, ხოცავს არა მარტო მავნე ბაქტერიებს, ვირუსებს, ობის სოკოებს და სხვა მავნე მიკროორგანიზმებს, არამედ, ხრწნის ტოქსინებს და სპობს მყრალ სუნს ცხოველთა სადგომში.

დღეს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების აღსაკვეთად ფერმებში იყენებენ სხვადასხვა სახის მომწამლავ პრეპარატებს, ძირითადად ხლორამინის პრეპარატებს, რომელთა მოქმედება ჯერ ერთი, არ ვრცელდება ყველა მავნე მიკროორგანიზმზე, და მეორე, დიდხანს არ კარგავს აქტიურობას და მავნე მიკროორგანიზმების განადგურების პარალელურად ნაკლები დოზით, მაგრამ მაინც ცუდად მოქმედებს, როგორც ცხოველებზე, ისე იქ მომსახურე პერსონალზე. რაც შეეხება ოზონს, ის სრულიად თავისუფალია ნაშთისგან და მისი სადგომში გაშვებიდან 2 საათის  შემდეგ, მავნე მიკროორგანიზმებისგან თავისუფალი სათავსო რჩება.

ოზონი, აქტიური ჟანგბადია, ანუ ის, მხოლოდ ჟანგბადის ატომებისგან შესდგება, ის ოზონატორში გამომუშავებული ჟანგბადის ერთი ატომის, ჰაერის ჟანგბადის ორ ატომთან შეერთების შედეგად წარმოიქმნება, ანუ მისი მოლეკულა, სამატომიანი ჟანგბადია, რომელიც არამდგრადია, ჰაერში იშლება და მას გამოეყოფა ერთი ატომი ჟანგბადი, რომელიც 2-3 ათეული წუთი ძლიერ აქტიურია და შლის ბაქტერიებისა და მავნე მიკროორგანიზმების უჯრედის გარსს.  დაახლოებით ერთი საათის შემდეგ კი ეს ატომი წყვეტს ცხოველქმედებას, რის შემდეგაც დახურულ სივრცეში, მხოლოდ სუფთა ჰაერი რჩება, ამის შედეგად კი პირუტყვს უუმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, ისპობა მომწამვლელი ნივთიერებები და იზრდება, როგორც ცხოველთა, ისე, იქ დასაქმებულ ადამიანთა იმუნიტეტი.

ოზონი, აქტიური ჟანგბადია, რომელიც არანაირ ზიანს არ აყენებს გარემოს და ეკოლოგიას. ის  ერთი საათის შემდეგ უკვალოდ ქრება და არ გროვდება არც ნიადაგში და არც რაიმე ობიექტის ზედაპირზე. ის საშუალებას იძლევა ავამაღლოთ ცხოველთა პროდუქტიულობა, ეს კი ხდება ადგილზე, მისი მოხმარების პარალელურ რეჟიმში წარმოებით, ამიტომ არ საჭიროებს შენახვას და ტრანსპორტირებას, და რაც მთავარია, მის წარმოებაზე იხარჯება, მხოლოდ რამდენიმე კილოვატ/საათი ელენერგია, ანუ ფერმერის გასავალი, მხოლოდ 2-3 ლარს შეადგენს. მოსახმარადაც ძალიან ადვილია, რადგან მუშაობის მთელი პროცესი, ღილაკზე ორჯერ ხელის დაჭერით ამოიწურება.

მეცხოველეობის ფერმებში დაავადებათა გამომწვევი ვირუსებისა და ბაქტერიების ძირითადი გადამტანები მღრღნელები, სხვა და სხვა სახის ბუზები, მწერები და ტარაკანები არიან. ოზონი, ცუდად მოქმედებს მღრღნელების სასუნთქ გზებზე, ამიტომ ისინი მომენტალურად და სამუდამოდ ტოვებენ სათავსოს, ამ დროს მწერებს და მავნებლებსაც, უზიანდებათ სასუნთქი გზები და 2-3 დღის შემდეგ ან იხოცებიან, ან გამრავლების უნარს კარგავენ.

 ისე, როგორც ადამიანის, ცხოველის სადღეღამისო რაციონშიაც დიდი წილი წყალს უჭირავს. სწორედ სუფთა წყალზეა დიდწილად დამოკიდებული ცხოველთა ჯანმრთელობა. წყლის გასუფთავების ყველაზე იაფი და საიმედო საშუალება კი ოზონია.  შემკრებ აუზში წყლის დაოზონირებიდან ერთი საათის შემდეგ, ის სრულიად სუფთაა და მზადაა გამოსაყენებლად.

კარგ შედეგს იძლევა ოზონით გასუფთავებული საკვებით ცხოველების კვება, ამისთვის საჭიროა საკვების საწყობების პერიოდული დაოზონირება, რადგან სათავსოში ჟანგბადი ყველგანაა სათავსოს ოზონირების შედეგად იქ არსებული ჟანგბადი, ოზონად გარდაიქმნება და ხოცავს ყველა იმ მავნე მიკროორგანიზმებს, რომლებიც ცხოველთა საკვებშია, ერთი საათის შემდეგ კი აქტიურობას კარგავს და საკვები მზადაა გამოსაყენებლად.

ცნობილია, რომ მედიცინაში ფართოდ გამოიყენება ოზონი. მცირე კონცენტრაციით ის სამკურნალოა, როგორც ადამიანისთვის, ისე ცხოველისთვის. უნდა გვახსოვდეს, რომ ჰაერში ოზონის დიდი კონცენტრაცია, ცუდად მოქმედებს ყველა ცოცხალ არსებაზე, კერძოდ, უზიანებს მათ სასუნთქ გზებს. ამიტომ ცხოველთა ფერმების შიდა სივრცის ოზონირების დროს, მასში ადამიანისა და ცხოველების ყოფნა, არ შეიძლება, 1-2 საათის შემდეგ კი სათავსო თავისუფალია ოზონის ზენორმატიული კონცენტრაციისგან.

ოზონი, განსაკუთრებით სჭირდება მეწველი საქონლის ფერმებს, რადგან თუ რძეს 30 წთ-ის განმავლობაში 40 მგ/ლ-ში კონცენტრაციამდე დააოზონირებთ, რძეში იხოცება ყველა სახის მავნე მიკროორგანიზმი და ჩხირი, ამით რძის შენახვის დროც ხანგრძლივდება.

სასურველი წარმადობის ოზონო-გენერატორების შეკვეთა ევროპაში შეგიძლიათ. იშვიათად, საქართველოშიაც შეხვდებით თურქეთისა და ჩინური წარმოების ოზონოგენერატორებს. საქართველოში კი თსუ-სთან არსებული ნახევარგამტართა ფიზიკის კვლევით ინსტიტუტში ამზადებენ, იქვე შეგიძლიათ კვალიფიციური ინფორმაცია მიიღოთ მომავლის ამ ტექნოლოგიაზე.

ჟორა გაბრიჭიძე  /უფროსი მეცნიერთანამშრომელი/.

შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით ტელ: 551 333 155.