პაპა-ბებიის კერიდან დაწყებული სიყვარული

ხალგაზრდა აგრონომი ნინო ჭიორელი უკვე რამდენიმე წელია „როქში“ აგრონომ-კონსულტანტად მუშაობს და ყოველდღიურად ზრუნავს ფერმერების დატრენინგებაზე აგროკულტურების წარმოების, მათი გამოკვებისა და მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ პროფილაქტიკური და სამკურნალო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით. ამავდროულად, „მომავლის ფერმერის“ პროექტის ფარგლებში ტრენინგებსაც ატარებს.

ნინომ აგრარულ უნივერსიტეტში ხილ-ბოსტნეულისა და ყურძნის მოყვანის ტექნოლოგიის ფაკულტეტზე სწავლის დასრულების შემდეგ სწავლა მაგისტრატურაში განაგრძო და 2007 წელს ხილ-ბოსტნეულისა და ყურძნის მოყვანის ტექნოლოგიის სპეციალობით სოფლის მეურნეობის მაგისტრის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.

ახალგაზრდა აგრონომის თქმით, იმ წლებში მსგავს სპეციალობებს ნაკლებად ექცეოდა ყურადღება, თუმცა, ბებია-პაპის კერიდან დაწყებულმა სიყვარულმა და სამომავლო ხედვებმა გადააწყვეტინა სპეციალობის არჩევა, რაც იმ დროისთვის მისი გარშემომყოფების გაკვირვებას იწვევდა. დღეს საზოგადოების ინტერესი ამ დარგისადმი განსხვავებულია, რაც სიამოვნებას ანიჭებს.
აგრარული უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ნინომ მიზნად დაისახა სპეციალობით ემუშავა. მუდმივად ჩართულია ინტენსიურ ტრენინგებში ქვეყნის შიგნით თუ ფარგლებს გარეთ. ფიქრობს, მისი პროფესია მუდმივად საჭიროებს თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისებას და შემდგომში ფერმერებისათვის სიღრმისეულად გაცნობას.

„დღეს კარგი აგრონომ-კონსულტანტი საქართველოში დეფიციტს წარმოადგენს, თუმცა, ბოლო დროს აბიტურიენტების ამ დარგისადმი დიდ ინტერესს ვხედავ. თუ პარალელს გავავლებთ ჩვენი თაობის სტუდენტობასთან, მათთვის დღეს უფრო მარტივი და ხელმისაწვდომია პრაქტიკული განათლების მიღება. გააჩნიათ თეორიულთან სინთეზში პრაქტიკული სწავლება, რაც ჩვენ ნაკლებად შეგვეძლო და ჩემი თაობის სპეციალისტებს შემდგომში პრაქტიკული გადამზადება მოგვიწია.

ჰოლანდიაში ყოფნისას, როდესაც დავსვი კითხვა გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით, ერთ-ერთმა სპეციალისტმა მიპასუხა, რომ კომპეტენტური იყო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა, როგორც ფიტოპათოლოგი მიპასუხებდა, დარჩენილი კითხვებით კი ენტემოლოგისთვის უნდა მიმემართა. საქართველოში ასეთი მიდგომა ნაკლებადაა. აგრონომი თითქოს ყველაფრის სპეციალისტი უნდა იყოს და არა — ვიწრო მიმართულებით. ვფიქრობ, მცენარეთა დაცვის ორგანიზაციებს სჭირდებათ აგრონომთან ერთად ფიტოპათოლოგი, ენტემოლოგი, ნიადაგმცოდნე და ა.შ. და არა რიგითი ერთ-ერთი მათგანი, რომელიც თითქოსდა ვალდებულია შეითავსოს ყველა ერთად“.
ნინო ჭიორელი იმ პრობლემებზე საუბრობს, რასაც საქმიანობის დროს აწყდება.

„ფერმერებს ხშირად არ ჰყოფნით კვალიფიკაცია და ცოდნა თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ, უჭირთ წარმოებისთვის ხარისხიანი სასუქების და პესტიციდების (შხამ-კიმაკტების) შეძენა, რადგან არ აქვთ საკმარისი ცოდნა ამ საწარმო საშუალებების შესახებ. ამიტომ ფერმერები ცოდნის გაღრმავებას საჭიროებენ.

ადგილობრივ ფერმერებს საკმარისად არ მიუწვდებათ ხელი კვალიფიციურ აგრონომებზე. ამასთან ერთად, საჭიროებენ პერიოდულად გადამზადებას, რათა მუდმივად ფლობდნენ ინფორმაციას ახალი დაავადება-მავნებლებისა და შესაბამისი პრეპარატების შესახებ.
მისასალმებელია, თუ ხელმისაწვდომი იქნება როგორც მსხვილი, ასევე წვრილი ფერმერების დემობაღებში მომზადება, პრაქტიკული სამუშაოების გაცნობა თავისი შედეგებით, ასევე ბიომეურნეობების მთლიანი ციკლისა და მისი სამომავლო პოტენციალის გაცნობა.
საქართველოში ხორციელდება პროექტები პროფესიული განათლების მიმართულებით, რომლებიც ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის დარგების განვითარებას. შემუშავებული მოდელის მიხედვით ამ პროგრამების კურსდამთავრებულები დამოუკიდებლად და პროფესიონალურად შეასრულებენ სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქციის წარმოებისა და გადამუშავების სფეროებში სხვადასხვა მოვალეობებს, გაიცნობენ ღირებულებათა ჯაჭვის სრულ თეორიულ და პრაქტიკულ პროცესს პროდუქციის წარმოებიდან მის რეალიზაციამდე. კვალიფიციური ლექტორებიდან მიღებულ ცოდნა-გამოცდილებას შემდგომში წარმატებით დანერგავენ პირად მეურნეობებში და სამომავლოდ წარმატებულ მეურნეებად მოგვევლინებიან.“

ნინო ჭიორელის თქმით, ძლიერი სოფლის მეურნეობისთვის გვჭირდება ვიწრო სპეციალისტთა გამოცდილი, პროფესიონალ სპეციალისტთა გუნდი, რომლებიც შექმნიან ძლიერ ორგანიზაციას, გაუწევენ რიგით ორგანიზაციებს დიდ კონკურენციას, გამოზრდიან მოწინავე ფერმერებს, ქვეყანას შეუქმნიან ძლიერ აგრობაზას და საბოლოოდ შექმნიან დიდ კონკურენტუნარიან ქვეყანას.

თეონა ნოზაძე, 

ასოციაცია „მომავლის ფერმერი“

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.