პესტიციდების და ქიმიური სასუქების არასწორი მართვა და თანმდევი შედეგები
მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, ატომური და სითბური ენერგეტიკის და სხვა დარგებში მომხდარმა სამეცნიერო ტექნიკურმა პროგრესმა საგრძნობლად გაზარდა ადამიანის ზემოქმედება ეკოსისტემაზე. ამან გამოიწვია გარემოს დაბინძურება მძიმე ლითონებით, აზოტისა და გოგირდის ოქსიდებით, ნახშირწყალბად წარმოებულებით, პესტიციდებით, აგროქიმიკატებით და სხვა მრავალი ტოქსიკური შენაერთებით.
თანამედროვე აგრარული მეურნეობა ხასიათდება სასოფლო-სამეურნეო კულტურების დასამუშავებელი ინდუსტრიული ტექნოლოგიების ფართო დანერგვით, რომელიც თავის მხრივ ითვალისწინებს ტექნიკური საშუალებების – პესტიციდების ინტენსიურ მოხმარებას.
ამასთან ერთად პესტიციდების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება რთული პროცესია და ამ მიმართულებით ნებისმიერ ქვეყანაში აწყობილი სისტემის (საკანონმდებლო სივრცე, რეგისტრაცია, ტრანსპორტირება, შენახვა, რეალიზაცია, ნარჩენების გაუვნებელყოფა, მომხმარებელთა საგანმანათლებლო დონე, უსაფრთხოების დაცვა და სხვა) აწყობილ პირობებშიც კი ბევრ პრობლემასთან არის დაკავშირებული. დღეისათვის საქართველოში რეგისტრირებულია 187-ზე მეტი აქტიურად მოქმედი ნივთიერება და მათი სხვადასხვა კომპლექსური ნაერთების 400-მდე პესტიციდური პრეპარატი.
სასოფლო-სამეურნეო წარმოების პროცესში მინერალური და ორგანული სასუქებისა და მცენარეთა დაცვის ქიმიური საშუალებების არასწორმა გამოყენებამ მნიშვნელოვნად დააბინძურა გარემო, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია ნიადაგისა და ატმოსფეროს, მცენარეული და ცხოველური პროდუქტების, სასმელი და სარწყავი წყლების დაბინძურება სხვადასხვა ტოქსიკური ნივთიერებებით, რაც ხშირად ადამიანისა და ცხოველების არა მარტო მოწამვლის და მძიმე დაავადებების, არამედ სიკვდილის გამომწვევი მიზეზიც გამხდარა.
სასუქების დიდი რაოდენობით გამოყენება ზოგჯერ ბაქტერიებს უნარს უკარგავს ორგანულ ნივთიერებად გარდაიქმნას და მცენარეებისათვის აუცილებელი სასიცოცხლო პროდუქტი წარმოქმნას. პესტიციდები, ასევე, აზიანებენ ბაქტერიებს და ნიადაგისათვის მნიშვნელოვან სხვა ორგანიზმებს. ეს პროცესი მნიშვნელოვნად აუარესებს ნიადაგის აგროფიზიკურ მახასიათებლებს. ნიადაგის პროფილში მიმდინარე უარყოფითი პროცესები უარყოფითად აისახება მის ფორიანობაზე, წყალგამტარობაზე, იცვლება პროდუქტიული ტენის დიაპაზონი და სხვა უარყოფითი პროცესები, რაც საბოლოოდ ქმნის უკიდურესად არახელსაყრელ აგრობიოლოგიურ და აგროეკოლოგიურ პირობებს. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი იწვევს ნიადაგის ნაყოფიერების დაქვეითებას. ქიმიურ პესტიციდებს გააჩნიათ ტოქსიკური თვისებები ცოცხალი ორგანიზმების მიმართ (ბაქტერიები, სოკოები, მცენარეები, თბილსისხლიანი ცხოველები). პესტიციდები პარაზიტების განადგურებასთან ერთად ახდენს სასარგებლო სახეობების გადაშენებას და სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.
მდგრადი ქიმიური ნივთიერება, რომელთაც ადამიანის ორგანიზმში დაგროვების უნარი გააჩნიათ, უმნიშვნელო რაოდენობით მოხვედრის შემთხვევაშიც კი ქრონიკულ მოწამვლას იწვევს. დადგენილია, რომ ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილი პესტიციდების საერთო რაოდენობის 90%-ზე მეტი შედის კვების პროდუქტებით. მდგრადი ორგანული დამაბინძურებელი, შემოკლებით მოდები, საქართველოს ერთი-ერთი ყველაზე მძიმე, მაგრამ ამავდროულად უხილავი ეკოლოგიური პრობლემაა.
მე-20-ე საუკუნეში ეს მავნე ნივთიერებები გამოიყენებოდა ინდუსტრიის მრავალ დარგში. სოფლის მეურნეობაში პესტიციდები, რომლებიც ამ მავნე ნივთიერებებს შეიცავდნენ, ხშირად გამოიყენებოდა უხვი მოსავლის მოსაყვანად. ამის შედეგად, ტოქსიკური ნივთიერებები დაილექა წყალსა და ნიადაგში,რითაც მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნა როგორც გარემოს, ასევე ადამიანის ჯანმრთელობას. აღიარებულია, რომ ეს ნივთიერებები იწვევენ ონკოლოგიურ, რეპროდუქტიულ, ენდოკრინულ და იმუნოლოგიურ დაავადებებს.
ორგანული დამაბინძურებლები პრაქტიკულად არ იშლება. ისინი ცხოველებისა და ადამიანის ცოცხალ ქსოვილში გროვდება და თაობიდან თაობას გადაეცემა. ეს საშიში ნივთიერებები ჭეშმარიტად გლობალური პრობლემაა, რადგან ჰაერითა და წყლით გადაადგილება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქვეყანა არ აწარმოებს, იყენებს ან ასაწყობებს ორგანულ დამაბინძურებლებს, მათი გავრცელების საფრთხე მაინც დიდია.
მოდების გამოყენება საქართველოში აიკრძალა 1975 წელს, ხოლო კანონიერი გამოყენება საბოლოოდ შეწყდა 1980-დან. თუმცა ვადაგასული პესტიციდების საყრელები კვლავაც არსებობს ქვეყნის რამდენიმე რეგიონში. ათწლეულების მანძილზე ეს საყრელები არასათანადოდ იმართებოდა, რაც იწვევდა პესტიციდების მუდმივ გაჟონვას ნიადაგსა და წყალში. არსებულ საფრთხეს ემატება ისიც, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ ცოტა რამ იცის მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების შესახებ და უსაფრთხოების ზომებს არ იცავს, მაგალითად იყენებს დაბინძურებულ ტერიტორიას საძოვრებად და არ ერიდება ვადაგასულ დაზიანებულ კონტენიერებს.
საქართველოს მასშტაბით ტერიტორიის საფუძვლიანი შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ 60 ათასი ტონა ნიადაგი დაბინძურებულია და აღდგენას საჭიროებს, ხოლო 230 ტონა პესტიციდები უნდა იქნას ამოღებული და განადგურებული.
„ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა“