აგროტექნოლოგიებიდარგებიმებაღეობა

ფეიჰოას ვეგეტატიური გამრავლება

 ფეიჰოას მაღალმოსავლიანი ერთგვაროვანი პლანტაციების მისაღებად მიმართავენ ვეგეტატიურ გამრავლებას მწვანე კალმების დაფესვიანებით. კალმებს იღებენ მხოლოდ ახალგაზრდა, წინასწარ აპრობირებული სადედე ხეებიდან, რომლებიც ხასიათდებიან რეგულარული მსხმოიარობით და მაღალხარისხოვანი მოსავლით.

კალმების აჭრის ოპტიმალური ვადა 15 აგვისტოდან 15 სექტემბრამდეა. კალმებს ჭრიან 8-10 სმ. სიგრძის 5-6 მმ. სიმსხოს 2 ზედა ფოთლით.

დაკალმება წარმოებს ორანჟერიებში ან კვალსათბურებში. სუბსტრატად ვარგისია წითელმიწა ნიადაგისა და ფრეზირებული ტორფის ნარევი 3:1 თან შეფარდებით.

კვალსათბურებზე და სტელაჟებზე ეწყობა კარკასები კალმების გადასახურავად. გადასახურად უმჯობესია რძისებრი პოლიეთილენის ფირი. დაკალმება ხდება რიგთაშორის 10სმ. ხოლო რიგში კალმებს შორის 4-5 სმ. დაშორებით, 3-4 სმ. სიღრმეზე.

მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში პოლიეთილენის ფირს ზემოდან ეფარება დოლბანდი, ან სხვა თეთრი ფერის მაჩრდილობელი ქსოვილი.

კალმების მაღალი დაფესვიანების მიზნით ხშირად გამოიყენება ზრდის-სტიმულიატორების დაბალკონცენტრიანი ხსნარები, რომელშიც დაკალმებამდე კონებად შეკრული დაჭრილი კალმები თავსდება ქვედა ფუძით 24 საათის განმავლობაში.

დაფესვიანების ოპტიმალურ ტემპერატურას წარმოადგენს: გრუნტში 20-22°C, კარკასის შიგნით ჰაერში 23-24°C.

მორწყვა ტარდება პულივიზატორით, ფოთლების შენამვამდე. დაუშვებელია კალმების ჭარბი მორწყვა, ასევე დაუშვებელია ნიადაგის სუბსტრატის გამოშრობა.

ფეიჰოა ძნელად დასაფესვიანებელ მცენარეთა ჯგუფს მიეკუთვნება, თუმცა იდეალური პირობებისა და სტიმულიატორების გამოყენების ფონზე გახარება – დაფესვიანება 50-60%-ის ფარგლებში მერყეობს. თუ კი საამისო პირობები არსებობს ფეიჰოას კალმების დაფესვიანება შესაძლებელია მოხდეს არა მხოლოდ უშუალოდ გრუნტში, არამედ წინასწარ სუბსტრატით შემზადებულ პოლიეთილენის პარკებში, რომელშიდაც მოვლისა და ნერგების გაზრდის პროცედურები გაიოლებულია.

მეორე წლის შემოდგომაზე ფეიჰოას დაფესვიანებული ნერგი აღწევს 35-45 სმ. სიმაღლეს და ვარგისია მუდმივ ადგილზე დასარგავად.