დარგებიმეფუტკრეობა

ფეხგუნდა (ყვავილის მტვერი) და ჭეო

ფეხგუნდა (ყვავილის მტვერი) ფუტკრის ოჯახისთვის შეუცვლელ ცილოვან-ვიტამინიზირებულ, გამაჯანსაღებელ საკვებს წარმოადგენს. ყვავილის მტვერი ცილების, ცხიმების, ენზიმების, ვიტამინებისა და ჰორმონების ძირითად წყაროა. მის გარეშე, მხოლოდ თაფლით, ფუტკრის ოჯახის სიცოცხლის უნარის შენარჩუნება ერთ თვეზე მეტ ხანს შეუძლებელია.

შემადგენლობითა და სარგებლიანობის თვალსაზრისით მსგავსი ღირებული საკვები ცოტაა. მასზე უკეთესი მხოლოდ ფუტკრის რძეა, რომელსაც ფუტკრები სწორედ ყვავილის მტვრის გადამუშავებით იღებენ. ასეთ გამაჯანსაღებელ თვისებებს მას ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, შეუცვლელი ამინომჟავების და ვიტამინების ნაკრები და 300-მდე მიკრონაერთი ანიჭებს, რომელიც აუცილებელია ცოცხალი ორგანიზმების განვითარებისა და ცხოველქმედებისთვის. მცენარეული ზრდის ჰორმონები, ეპიბრასინოლოდი, ციტოკინინი, აუქსინი, ყვავილის მტვერში რამდენიმე ათეულჯერ მეტია ვიდრე მცენარის სხვა ნაწილებში, მათ შორის ფოთლებში და ნაყოფში. ამ სიცოცხლისათვის აუცილებელი ჰორმონების სინთეზირებას მწერები, ფრინველები, ცხოველები ვერ ახერხებენ და მხოლოდ მცენარეებისგან იღებენ მზა სახით. ასევეა ადამიანიც.

ფუტკრის ოჯახში ყვავილის მტვერი უპირველესად სჭირდებათ ძიძა ფუტკრებს, რაც ასე აუცილებელია ფუტკრის რძის გამომუშავებისთვის.

ფ​უტკრის რძე _ ნივთიერება, რომლითაც იკვებება დედა ფუტკარი მთელი განვითარების მანძილზე და პირველი ორი დღე -მუშა და სამამლე ფუმფლი. განვითარების მეორე დღიდან მუშა ფუმფლის საკვებ რაციონში შედის ყვავილის მტვერი და დროთა განმავლობაში მისი წილი მატულობს.

სეზონზე ფუტკრის ოჯახი 40-50 კგ ყვავილის მტვერს გამოიყენებს. ყვავილის მტვერით იკვებება ახალგამოჩეკილი ფუტკარი. მათ სხეულში მცირე აზოტია და საჭიროებენ ცილებს და ვიტამინებს, არსებული დეფიციტის შესავსებად. ყვავილის მტვერი სჭირდებათ მუშა ფუტკრებს ცვილი რომ გამოიმუშაონ, მამალ ფუტკრებს- ნორმალური სქესობრივი მომწიფებისთვის და ფუნქციონირებისთვის.

ფეხგუნდა წარმოადგენს 3 მმ სხვადასხვა ფერის გრანულებს, წონა-7-10 მგრ. ნაწილი მასში თაფლი, ნექტარი და ფუტკრის ჯირკვლების მიერ გამოყოფილი ნივთიერებებია. ფერით შეიძლება იყოს ღია ყვითელი, ნარინჯისფერი, ყავისფერი, შავი, ცისფერი, იასამნისფერი, მწვანე. ფერი დამოკიდებულია მცენარის სახეობაზე, რომლის ყვავილებისგანაც ამ მტვერს აგროვებენ ფუტკრები.

სუნი ყვავილოვან-თაფლოვანი, საკმაოდ თავისებური. ახლად მოგროვებული ყვავილის მტვრის ტენიანობა დაახლოებით 20%. მაღალი შემცველობის შაქრისა და წყლის გამო ნედლი ყვავილის მტვერი შეიძლება მალე დაობდეს და დამჟავდეს, სოკო გაუჩნდეს. ამიტომ მოგროვებისთანავე საჭიროა გამოშრობა საშრობ კარადაში ან ჩრდილში ჰაერზე. ქიმიური შემადგენლობა საკმაოდ მრავალფეროვანია, რადგნადაც მრავალფეროვანია მცენარეთა სახეობები, რომლებსაც მუშა ფუტკრები სტუმრობენ.

ცილები, ამინომჟავები, ნახშირწყლები, ლიპიდები, ვიტამინები მთლიანობაში ქმნიან ბიოლოგიურად აქტიურ კომპლექსს. ცხადია ყველა მცენარის მტვერი ერთნაირი რაოდენობით და თანაფარდობით არ შეიცავს ზემოთ ჩამოთვლილ კომპონენტებს. ცილოვანი შემადგენლობით, ფეხგუნდა ახლოსაა ცილებით მდიდარ პროდუქტებთან, როგორიცაა ხორცი, რძე, კვერცხი. 30 გრამი ყვავილის მტვერი მთლიანად ფარავს ადამიანის ორგანიზმის დღიურ მოთხოვნას შეუცვლელ ამინომჟავებზე. ფეხგუნდას ცილებს ადვილად ითვისებს ადამიანის ორგანიზმი.

მკვლევართა უმეტესობა გვირჩევს მივიღოთ ბუნებრივი ვიტამინები, რომლებიც გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე სინთეზური ვიტამინები.

ფეხგუნდას მარაგს ფუტკრები ფიჭის უჯრებში აკონსერვებენ და მას უკვე ჭეოს ვეძახით. ჭეოს ქიმიური შემადგენლობა მცირედ განსხვავდება ყვავილის მტვრისგან. ჭეოში მეტია ნახშირწყლები, ცილა და მინერალები კი მეტია ყვავილის მტვერში.

ვიტამინი A, E, მეტია ჭეოში ვიდრე ყვავილის მტვერში.

თანამედროვე აპითერაპიაში ფეხგუნდა და ჭეო გამოიყენება _ იმუნიტეტის დაქვეითების, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, ქირურგიული ოპერაციის წინა და შემდგომი პერიოდის, ფიზიკური და გონებრივი გადაღლის, ქრონიკული ჰეპატიტის, პროსტატიტის, ბავშვებში ზრდის სტიმულირების, სპორტსმენებში დიდი ფიზიკური დატვირთვის, ვიტამინების ნაკლებობის, არასრულფასოვანი კვების, ათეროსკლეროზის, სიგამხდრის, ორსულობის დროსა.

მიღება _ ბავშვებში – ყვავილის მტვერი 1 ჩაის კოვზი 1-2 ჯერ დღეში, ჭეო 5-7 გრ 1-2-ჯერ დღეში. მოზრდილებში _  1 ს.კ. 1-2-ჯერ დღეში, ჭეო 10-15 გრ 1-2-ჯერ დღეში.

ორივე პროდუქტი მიიღება დღის პირველ ნახევარში, კურსი 1-1,5 თვე.

შენახვის პირობები _ ინახება 0+4 *ტემპერატურაზე, უმჯობესია მაცივარში.

პროდუქტის აღება _ გადამუშავება-შენახვის პირობების დაცვაზე დიდად არის დამოკიდებული მათი თერაპიული ეფექტიანობა.

თეიმურაზ ღოღობერიძე,

საქართველოს პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაციის პრეზიდენტი

ტელ:  5 99 197 588