აგროსიახლეები

„საქართველოს ფერმერთა ასოციაცია“ _ ფერმერები მიწის დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიებს გაეცნენ

„საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ ორგანიზებით, საგარეჯოს რაიონში, „აჭარა ჯგუფის“ პროექტის, „უდაბნოს“ ფარგლებში აგროტექნიკის მწარმოებელმა გერმანული კომპანიის (Palandt Landmaschinen GmbH)  სპეციალისტებმა მსხვილ ფერმერებს, აგროტექნიკის, ტექნიკური მომსახურების ცენტრებისა და სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტის წარმომადგენლებს მიწის დამუშავების თანამედროვე მიღწევები გააცნეს.

„საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში „Palandt Landmaschinen GmbH“-ის სპეციალისტებმა მარცვლოვანი კულტურების მოყვანის პროცესში სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო ოპერაციის მნიშვნელობაზე, ასევე სასუქებისა და აგროტექნიკის გამოყენების უპირატესობაზე ისაუბრეს.

„ასევე, მხარეებმა საქართველოში პარტნიორი კომპანიების მოძიების პერსპექტივები განიხილეს, რომლებსაც სურვილი აქვთ გაეცნონ მიწების სასოფლო-სამეურნეო მიზნით დამუშავების თანამედროვე მიღწევებს და განავითარონ არა მხოლოდ საკუთარი ბიზნესი, არამედ გაზარდონ ქართული სოფლის მეურნეობის საერთო წარმადობაც.

 ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებული ღონისძიება პრაქტიკული ნაწილით – „აჭარა ჯგუფის“ ბაზაზე არსებული აგროტექნიკის მოვლა-შენახვის ეტაპების დემონსტრირებით დასრულდა.

პროექტი სახელწოდებით „PPP-Georgia“ გერმანულ-ქართული თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „Palandt Landmaschinen GmbH“-თან ერთად ხორციელდება და საქართველოში თანამედროვე ევროპული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გამოყენების პოპულარიზაციის პარალელურად, აღნიშნული ტექნიკის მომსახურების სერტიფიცირებული პუნქტების გახსნასაც ისახავს მიზნად“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.