ფერმერებს ადგილობრივი ხელისუფლების სრული მხარდაჭერა უნდა ჰქონდეთ!
არაფერია უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე კეთილსინდისიერი შრომით მიღებული შემოსავალი და ამის შემდგომ სიამაყის გრძნობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ზუგდიდში,ფესტივალ „თხილობა-2020-ზე“ განაცხადა. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ფერმერებს, რომლებიც თხილის მოყვანით არიან დაკავებულები, ადგილობრივი ხელისუფლების სრული მხარდაჭერა უნდა ჰქონდეთ.
„სახელმწიფო, ადგილობრივი ხელისუფლება, სამინისტრო ჩათვალეთ რომ სრულ მსახურებაში უნდა იყვნენ თქვენთან. დღეს ვეუბნებოდი ფერმერებს: „თუ ხედავთ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება არ აქტიურობს, მოჰკიდეთ ხელი და შეაჯანჯღარეთ“, იმიტომ რომ არაფერი იმაზე ღირსეული არ არის, რომ რიგით ადამიანს ემსახურო.
შედეგი თხილის დარგში დღეს სახეზე და თითოეულ ფერმერს, თითოეულ ადამიანს, რომელსაც ეს კულტურა მოჰყავს, შეუძლია ამით იამაყოს. წარმატებებს გისურვებთ, გამარჯვებებს გისურვებთ და გისურვებთ, რომ უახლოეს 3-5 წელიწადში თხილის ექსპორტი საქართველოდან გაგვეორმაგებინოს. ჩვენ ყველას ეს შეგვიძლია“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.