ფერმერის დღე _ ქართული აგროპროდუქციის გამოფენა-გაყიდვა
დღეს, 20 ნოემბერს, თბილიში, საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიაში ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა, რაშიც სახელმწიფო და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროგრამებით მოსარგებლე სამოცამდე ფერმერმა მიიღო მონაწილეობა.
გამოფენაზე ადგილობრივი წარმოების თაფლი, სუნელები, ჯემები, მურაბები, გამშრალი ხილი, ჩირი, ჩურჩხელა, ღვინო, ჭაჭა, ხორცპროდუქტები, ყველი, წვენი და მიკრო მწვანილი იყო წარმოდგენილი.
გამოფენა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ დაათვალიერა, რომელმაც ფერმერებს ფერმერის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს ადამიანები ბევრს შრომობენ, ქმნიან დოვლათს, აძლიერებენ საკუთარ ოჯახებსა და ქვეყნის ეკონომიკას. ფერმერის დღე სწორედ მათი და მათი საქმიანობის დაფასებისთვის არის დაწესებული.
წლების განმავლობაში მთავრობა აქტიურად ეხმარება ფერმერებს პირველადი წარმოების, გადამუშავების, მარკეტინგული ღონისძიებების, პროდუქციის რეალიზაციის განხორციელების მიმართულებებით.
ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძელით, რომ სოფლის მეურნეობაში ყოველწლიურად გვაქვს სულ უფრო მეტი წარმატება, იზრდება ექსპორტი.
კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოების ზრდის ხელშეწყობისთვის, მთავრობის მხრიდან ფერმერების მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება _ განაცხადა ოთარ შამუგიამ.
სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა Agro, Food, Drink, Tech Expo 2022 და აგროპროდუქტების გამოფენა-გაყიდვა საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც დაათვალიერეს.
ღონისძიება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, ევროკავშირთან (EU), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამასთან და საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით გაიმართა.
დღის ბოლოს, 18:00 სთ-ზე სასტუმროში „რუმსში“, „წლის ფერმერის“ დაჯილდოების ღონისძიება გაიმართება.