ფერმერთა მხარდაჭერის სისტემის ძირითადი სირთულეები საქართველოში
საქართველოში სოფლის მეურნეობა ეკონომიკის ერთ-ერთ ძირითად საყრდენ ძალად რჩება, თუმცა ფერმერებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.
სახელმწიფო პროგრამებისა და სხვადასხვა ინიციატივის მიუხედავად, მცირე, საშუალო და საერთოდ, ფერმერული მეურნეობების განვითარებაზე მათი გავლენა ჯერ კიდევ მცირეა, რაც მთლიანად სექტორის ეფექტიანობასა და კონკურენტუნარიანობას აფერხებს.
ფინანსური რესურსების სიმწირე ფერმერებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხია. მცირე და საშუალო მეურნეობები ხშირად ვერ იღებენ საჭირო კაპიტალს, რათა დანერგონ თანამედროვე ტექნოლოგიები ან განაახლონ მექანიზაცია. ბანკებში მაღალი საპროცენტო განაკვეთები და გრძელვადიანი გარანტების მოთხოვნა, ფაქტობრივად, ბევრისთვის გადაულახავ ბარიერად იქცევა. იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფო პროგრამებში ჩართვა ფორმალურად ხელმისაწვდომია, ბევრი ფერმერისთვის ამ პროგრამებით სარგებლობა, მნიშვნელოვან სირთულეს წარმოადგენს, რადგან ინფორმაციის სიმწირე, რთული პროცედურები და ბიუროკრატიული შეფერხებები ამ პროცესში საყოველთაო მონაწილეობის შესაძლებლობას აფერხებს.
ფინანსურ სირთულეებს ემატება რეგულაციური გარემოს არაერთგვაროვნება, რაც ფერმერებს გაურკვევლობას უჩენს. კანონმდებლობაში ხშირი ცვლილებები და რთულად გასაგები პროცედურები მნიშვნელოვნად ზრდის ადმინისტრაციულ ტვირთს. დოკუმენტაციის შეგროვება, სუბსიდიის მოთხოვნა, დასაქმების წესების შესრულება, ეს ყოველივე ბევრ რეგიონში ისეთი ზღუდეა, რომელიც რეალურ დახმარებას უფრო აფერხებს, ვიდრე იოლად ხელმისაწვდომს ხდის. ამ ფონზე, მუნიციპალიტეტებში ფერმერთა მომსახურების ხარისხიც არათანაბარია, რაც რეგიონული განვითარების დისბალანსს ზრდის.
განასაკუთრებით მწვავედ დგას მიწის ფრაგმენტაციის პრობლემა. მცირე, დაქუცმაცებული ნაკვეთები არ იძლევა აუცილებელი რესურსების მობილიზების, ინვენტარის დაინტერესების და ძვირადღირებული ინოვაციური ტექნოლოგიის დანერგვი და მეურნეობის განვითარების საშუალებას.
ცოდნისა და ტექნოლოგიური მხარდაჭერის დეფიციტი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი და დღემდე მუდმივი შემაფერხებელი ფაქტორია. ბევრ ფერმერს თანამედროვე აგრონომიულ ცოდნაზე, პრაქტიკაზე ან ტექნოლოგიურ სიახლეებზე მხოლოდ ფრაგმენტულად მიუწვდება ხელი. ქვეყანაში გამოცდილი, სწავლული აგრონომებისა და ვეტერინარების რაოდენობის სიმცირე, ხშირად ცუდი, უხრისხო კონსულტაციის ამარა დატოვებულ ფერმერებს უხეში შეცდომის დაშვების რისკს უზრდის, რის გამოც ისინი მნიშვნელოვნად ზარალდებიან.
ციფრულ ტექნოლოგიებზე დამყარებული გადაწყვეტილებები, რაც აჩქარებს საჭირო, სწორი ინფორმაციის მიღებას და ოპერატიულ რეაგირებას, რეგიონებში ჯერ კიდევ ფართოდ გავრცელებული არ არის და მათი პოტენციალი სრულად არ გამოიყენება.
პროდუქციის გასაღბის ყველა ეტაპზე კიდევ უფრო თვალსაჩინოა მარკეტინგული ცოდნის დაბალი დონე. სეზონურად, როდესაც ბაზარზე აგრარული პროდუქტების ჭარბი რაოდენობაა, ფერმერებს მოწეული მოსავლის გაყიდვა უჭირთ.
საშუალო და წვრილ საოჯახო მეურნეობებს, მოწეული პროდუქტების სტანდარტების შეუსაბამობის თუ სხვა სუბიექტური მიზეზების გამო, დიდი სავაჭრო ქსელებისკენ პირდაპირი გზა ჩაკეტილი აქვთ. ამ ჯაჭვში შუამავლების ჩართვა კი ფერმერთა შემოსავლებს საგრძნობლად ამცირებს.
ლოჯისტიკური პრობლემებიც უარყოფითად აისახება ფერმერთა შემოსავლებზე. ხშირად სათანადო შენახვის, გაცივებისა თუ ტრანსპორტირების საშუალებებზე ხელმიუწვდომლობა ან ხარვეზიანი, დაგვიანებული მომსახურება, პროდუქციის ხარისხსაც და ფასსაც ამცირებს.
ინფრასტრუქტურული სირთულეები სოფლის მეურნეობის ეფექტიანობას თითქმის ყველა ტიპის მეურნეობაში ამცირებს. მოძველებული სარწყავი სისტემები ზრდის მოსავლის დანაკარგების რისკს; სავარგულებამდე მისასვლელი გზების ცუდი მდგომარეობა, ტრანსპორტირებას აძვირებს, იწვევს ტექნიკის დაჩქარებულ ცვეთას, ნაადრევად მწყობრიდან გამოსვლას, ხშირად აგროტექნოლოგიური პროცესის ვადების დარღვევით შესრულებას. მალფუჭებადი პროდუქტების დაგვიანებით აღება და ბაზრებამდე ტრანსპორტირება პროდუქტის ხარისხთან ერთად ფასზეც აისახება, რაც კვლავ ფერმერს აზარალებს.
კლიმატის ცვლილება დამატებით სერიოზულ რისკებს ქმნის სოფლის მეურნეობაში: გახშირებული გვალვები, ყინვები და წყალდიდობები პირდაპირ მოქმედებს მოსავალზე. აგროდაზღვევის სისტემა ჯერ კიდევ, ისე დახვეწილი და განვითარებული არ არის, რომ ფერმერს ფინანსური სტაბილურობის განცდას უქმნიდეს. უნდობლობა და არასრულფასოვნად ინფორმირებულობა აგროდაზღვევის სისტემის ეფექტიანად ამოქმედებას კიდევ უფრო აფერხებს.
დემოგრაფიული პრობლემები უკვე ძალიან მძიმე ტვირთად აწევს სოფლის მეურნეობას. ახალგაზრდების მიგრაცია და სოფლებში მოსახლეობის შემცირება სამუშაო ძალის დეფიციტს ქმნის. როგორც ტენდენცია აჩვენებს, ეს პრობლემა წლიდან-წლამდე მწვავდება. სეზონური სამუშაოებისთვისაც კი ძალიან რთულია მუშახელის პოვნა, რაც ბევრ ფერმერს მოსავლის დროულად აღების ან სამუშაო პროცესის სწორად დაგეგმვის საშუალებას ართმევს.
ბოლოს, საკუთრების რეგისტრაციის გაურკვეველი სტატუსი მრავალ ფერმერს დამატებით პრობლემას უქმნის. დაურეგისტრირებელი მიწა ვერ გამოიყენება სესხის უზრუნველყოფის, ლიზინგის ან სხვა პროექტში მონაწილეობის მიზნით, რაც დამატებითი ეკონომიკური შეზღუდვების მიზეზია.
ამ გამოწვევების გათვალისწინებით, ფერმერთა მხარდამჭერი გარემოს გაუმჯობესება მხოლოდ კომპლექსური ნაბიჯებით არის შესაძლებელი. საჭირო ხდება ფინანსური ინსტრუმენტების გაფართოება და ხელმისაწვდომობა, რეგულაციების გამარტივება, ფერმერთა კოოპერაციების წახალისება, ძლიერი ექსტენცია, ფერმერთა დროული ინფორმირებულობა, პრაქტიკული განათლების სისტემური გაძლიერება და ბაზრის მხარდაჭერის პროგრამების განვითარება.
სოფლის მეურნეობის სფეროში სწორად დაგეგმვისა და ეფექტიანი მართვის პრობლემა, უმაღლესი ეშელონებიდან დაწყებული რიგითი საოჯახო მეურნეობებით დამთავრებული, კრიტიკულად მწვავედ დგას. სტრატეგიული ხედვის, კოორდინაციისა და თანამედროვე მენეჯმენტის ნაკლებობა ხელს უშლის დარგის განვითარების სრულყოფილ პროცესს. სწორედ ამ სისტემური ხარვეზების შედეგია, რომ ქვეყანა დღესაც სასურსათო პროდუქციის დეფიციტის 70-80%-ს უცხოეთიდან იმპორტით ივსებს, მაშინ როდესაც ადგილობრივი, ბუნებრივი და შრომითი რესურსების უზარმაზარი პოტენციალი კვლავ დაუმუშავებელი და აუთვისებელია.
სწორად დაგეგმილი პოლიტიკის შემთხვევაში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორს დიდი პოტენციალი აქვს, რათა მარტო საკუთარი პროდუქტიულობა კი არ გაზარდოს, არამედ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობასა და გრძელვადიან განვითარებაში.
შოთა მაჭარაშვილი,
ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“ №11 (158) 2025 წ.

