აგროტექნოლოგიებიდარგებიმემარცვლეობა

„ფირმა ლომთაგორას“ მარცვლეული კულტურების მოვლა-მოყვანის ახალი ტექნოლოგია

ბოლო ორი ათეული წელიწადია „ფირმა ლომთაგორა“ ფერმერებს ადგილობრივი წარმოების მარცვლეულის _ ხორბლის და სიმინდის სუპერ ელიტურ, ელიტურ და პირველი კატეგორიის სათესლე მასალებს სთავაზობს.

საქართველოში ლომთაგორა ერთადერთი კერძო კომპანიაა, რომელიც სიმინდის და ხორბლის სელექცია-გამორჩევას ეწევა და მუდმივად თანამედროვე მეთოდების ძიებაშია, მნიშვნელოვან შედეგსაც იღებს, აქ ხორბლის საშუალო მოსავლიანობა დღეს 6-6.5 ტონის ფარგლებში მერყეობს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის, ნამდვილად მიღწევაა. ქვეყანაში დღეს ხორბლის საშუალო მოსავლიანობა ჰექტარზე 1.5 ტონაა, ამ რამდენიმე წლის წინათ კიდევ უარესი ვითარება იყო, ეს მაჩვენებელი 1.1-1-2 ტონის ფარგლებში მერყეობდა.

კომპანიის ხელმძღვანელობის ამბიცია, რომ ხორბლის მოსავლიანობის მაჩვენებლით მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს გაუტოლდნენ, თანდათან ხორცს ისხამს.

როგორც კომპანიის მეხორბლეობის მიმართულების ცნობილი სპეციალისტი ირაკლი რეხვიაშვილი გვიხსნის, დღეს „ფირმა ლომთაგორაში“ იცდება მარცვლეულის მოყვანის ახალი ტექნოლოგია, რომლიც დღემდე მემარცვლეობაში არავის გამოუყენებია.

სიახლე მდგომარეობს იმაში, რომ ხორბალი დათესილია 1,05 მეტრი სიგანის ბაზო-კვლებზე. სტანდარტული ბაზოების სიგანე, რაც მიღებულია მსოფლიოში, 75 სანტიმეტრია, ეს გახლავთ „ფირმა ლომთაგორას“, პირადად ბატონი კახა ლაშხის იდეა, ხორბალი ფართო ბაზო-კვლებზე რვა მწკრივად არის დათესილი.

ასეთი ტექნოლოგიით, მარცვლეულის მოყვანის დროს რამდენიმე ეფექტი მიიღწევა.

ითრგუნება სარეველები, ჩაღრმავებულ კვლებში იოლია წყლის მიშვება და ბაზოების არა მოღვრით, არამედ გაჟონვით მორწყვა, რაც საშუალებას იძლევა ბაზოების ზედა ფენა ჰორიზონტალური ფილტრაციის მეშვეობით თანაბრად დატენიანდეს, არ დაიტბოროს და ნათესი არ ჩაიხუთოს.

ეს ტექნოლოგია იმითაც არის აღსანიშნავი და მიმზიდველი, რომ ჭარბნალექიანობის დროს (როცა ჭარბი ტენი გროვდება და აზიანებს ნათესს), წყლის დაგროვების საფრთხე და ბაზო-კვლების დატბორვა გამოირიცხება, რადგან ზედმეტ წყალი კვლების მეშვეობით ნაკვეთიდან გაედინება.

— თუ დააკვირდებით ნათესს, სარეველებიც ნაკლებად არის და თავთავებიც კარგად არის განვითარებული. ჩვენ ადრეც უხვ მოსავალს ვიღებდით, მაგრამ ნაკვეთი არათანაბრად იყო განვითარებული, ყანის თავში შეიძლება 8 ტონა მარცვალი აგვეღო, ხოლო ბოლოში — 4, საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა 5-6 ტონა გამოგვდიოდა. ამ ტექნოლოგიის გამოყენების პირობებში აღმონაცენი ყველგან თანაბარია, ყანის თავში, შუაში და ბოლოშიც, რადგან ბაზოები ტენიანდება სრულყოფილად, მცენარეს საკვები მიწოდება თანაბრად და ჯეჯილიც ყველგან ერთგვაროვნია, რაც უხვი მოსავლის ერთ-ერთი პირობაა. ვფიქრობთ ამ ნაკვეთებზე ჰექტარზე საშუალოდ 8 ტონა მარცვალს მაინც მივიღებთ.

საუბარში „ფირმა ლომთაგორას“ დამფუძნებელი სოფლის მეურნეობის დოქტორი კახა ლაშხი ერთვება.

— ამჟამად ჯიშობრივი მარგვლა მიმდინარეობს, რადგან ელიტური თესლი გამოგვყავს და თუ ნათესში სხვა ჯიშის ხორბალია შერეული მას სპეციალურად ვანადგურებთ, რომ ჯიშობრივი სიწმინდე დავიცვათ, რომ ფერმერებს მაღალი ხარისხის სათესლე მასალა შევთავაზოთ. ამისთვის, მართალია მარცვლეულის რაღაც რაოდენობას ვკარგავთ, მაგრამ სამაგიეროდ ვიღებთ რამდენიმე ეფექტს: ვიყენებთ შედარებით ნაკლებ სათესლე მასალას — 250 კილოგრამის ნაცვლად ჰექტარზე 170-180 კილოგრამ თესლს ვთესავთ; ხელს ვუწყობთ მცენარის განვითარებას, რაც მოსავლიანობის გაზრდის პირობაა და ვამზადებთ უმაღლესი ხარისხის სათესლე მასალას.

თუ ადრე ინტენსიურ ნათესში მზის სხივი მხოლოდ თავთავს ხვდებოდა, ბაზო კვლებზე თესვის პირობებში ვხედავთ, რომ მზის სხივი ხვდება ღეროსაც, ფოთოლსაც, თავთავსაც, ამიტომ იმ ფართობის დანაკარგს, დაახლოებით 15-20%, რაც კვლების მოწყობას დასჭირდა, ავინაზღაურებთ თავთავების მასის გაზრდით, რადგან გაუმჯობესებულია წყლის მიწოდება, კვების სისტემა, ფოტოსინთეზი მაქსიმალურად ეფექტიანად მიმდინარეობს და შედეგიც შესაბამისი იქნება.

შარშანდელი მონაცემებით კარგი თავთავიდან აღებული მარცვლების მასა 8 გრამსაც კი აღწევდა, წლეულს საშუალოდ ერთი თავთავიდან 2-3 გრამი მარცვალი რომ მივიღოთ და გადავამრავლოთ ერთ ჰექტარზე არსებული თავთავების რაოდენობაზე (ჰექტარზე აქ საშუალოდ 5-6 მილონი თავთავია), 10-11 ტონა მარცვალი უნდა მივიღოთ ყოველი ჰექტრიდან. ამის მიღწევა რეალურად შეიძლება, რისკენაც წლებია ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ.

დიდი ხანია ვაკვირდებით და ვასწავლოთ მოწინავე ქვეყნების გამოცდილებას, ლიტერატურაც მოვიძიეთ, მაგრამ ანალოგი ვერ ვნახეთ, ეს არის ნოუჰაუ, რომელიც სხვაგან არ გამოუყენებიათ.

მანქანა-დანადგარებიც, ჩვენვე შევქმენით (ბაზო კვლების სიგანეზეა მორგებული გამაფხვიერებელი, სათესი და სხვა აგრეგატები), რადგან ქვეყანაში მსგავსი აგრეგატები არ არის.

ჩვენი სპეციალისტების მიერ დამუშავებული აგრეგატები, საშუალებას გვაძლევს, ნათესის დაუზიანებლად ვეგეტაციის ნებისმიერ ეტაპზე, რამდენჯერაც გვინდა, იმდენჯერ შევიდეთ ყანაში და ჩავატარებთ სასურველი სამუშაო, შევიტანოთ სასუქი, ინსექტიციდი, ჩავატაროთ ჯიშობრივი მარგვლა თუ სხვა. ამავე ტექნიკის მეშვეობით გამოკვების საშუალებებს ზუსტად ვანაწილებთ ნათესში. ბაზოებზე მორგებული სპეციალური ფარცხით ხდება ძირების გაფხვიერება და სასუქის ჩაკეთებაც.

ირაკლი რეხვიაშვილი — გამოვლინდა კიდევ ერთი ასეთი ტენდენციაც, ამაღლებულ ბაზოებზე თესვამ განაპირობა ყანის აერაციის გაუმჯობესება, როგორი მაღალი ტემპერატურაც არ უნდა იყოს, მცენარეები აღარ იხუთება, ნიავდება და დაავადებებიც ნაკლებად ჩნდება, აქ ჟანგას ან სხვა დაავადებებს ვერ ნახავთ, რაც ამ ტექნოლოგიის დამსახურებაცაა.

მაისის შუა რიცხვებიდან, როგორც წესი ხორბალი ჩვენთან უკვე იწყებს ქვედა ფოთლების ჭკნობას, ამ შემთხვევაში კი, როგორც ხედავთ, მაისის ბოლოა და ქვედა ფოთლებიც როგორი მუქი მწვანეა, რაც იმის მანიშნებელია რომ ფოტოსინთეზი თავიდან ბოლომდე აქტიურად მიმდინარეობს, რაც თავთავის ზრდას, მარცვლის დამსხვილებას უწყობს ხელს.

ამ მეთოდის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ის, რომ როცა ჰექტარზე ვთესავთ 5 მილიონს, შესაბამისად ვიღებთ 5 000 000 მთავარ მცენარეს. 5 000 000 ცენტრალური ღერო ნიშნავს 5 000 000 ძლიერ თავთავს. ამ ტექნოლოგიის გამოყენებით ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ყველა მცენარე თანაბარად დატენიანდა და თანაბრად სრულყოფილად გამოიკვება, განვითარდა, რამაც შექმნა იმის პირობა, რომ ნაკლები ბარტყობა წასულიყო. ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვაინტერესებს ბარტყობა, რადგან ვიღებთ კარგად განვითარებულ 5 მილიონ მთავარ მცენარეს, 5 000 000 თავთავს (საშუალოდ ყოველ თავთავში 2-3 გრამი მარცვალია), რაც სულ მცირე 10 ტონა ხორბლის მოსავალია ჰექტარზე.

ეს ტექნოლოგია კარგია ფერდობზე გამოსაყენებლადაც, რადგან ასეთი ფართო ბაზო-კვლების მოწყობის შემთხვევაში უხვნალექიანობის დროს, ფერდობზე წყალი უქმად არ ჩაირბენს, არ ჩარეცხავს ნათესს, კვლებში განაწილდება და თანაბრად მოიხმარს მცენარე.

კახა ლაშხი — ამ მეთოდის გამოყენებით ხორბლის ნათესის გამოკვების სისტემაც შევცვალეთ. გადავედით უწყვეტი გამოკვების პრინციპზე.

ძველი მეთოდით გაზაფხულზე ერთხელ უნდა შეიტანო სასუქი და მორჩა, მერე ყანაშიც ვეღარ შეხვალ. აქ კი მცენარე მუდმივი გამოკვების რეჟიმში გვყავს. გაზაფხულზე, როგორც კი ვეგეტაციას განაახლებს, მცენარეს უწყვეტი გამოკვება სჭირდება, რაც ადრე ვერ ხერხდებოდა. დღეს უკვე სასუქების ის ნორმა, რაც განსაზღვრული გვქონდა ერთჯერადად შესატანად, გადავანაწილეთ და სხვადასხვა დროს ორ-სამჯერ დოზირებულად შეგვაქვს. პატარა ჯეჯილს ცოტა საკვები სჭირდება, საშუალო ნაზარდს — მეტი და დიდს — უფრო მეტი. საკვები, მართალია, დიდი დოზებით არ მიგვიცია, მაგრამ უზრუნველვყავით უწყვეტი გამოკვება, მცენარეს შიმშილი არ უგრძვნია, რაც აისახა კიდეც ჯეჯილზე.

ეს ყოველივე 10-15 წლიანი მუშაობის შედეგია, ვფიქრობდით, და ნაბიჯ-ნაბიჯ მოვდიოდით აქამდე და დაგროვილი ცოდნის და გამოცდილების საფუძველზე გავწიეთ ასეთი რისკიც, ვფიქრობთ ბოლომდე გაგვიმართლებს.

ეს მეთოდოლოგია წლეულს სხვა მარცვლეულ კულტურებზე რაფსზე და სიმინდზეც გამოვყენეთ. რაფსი 40 ჰექტარზე გვითესია. ნაწილობრივ სიმინდიც ასეთი მეთოდით დავთესეთ, ვადარებთ ტრადიციულ და ახალ ტექნოლოგიას.

მოგეხსენებათ, აღმოსავლეთ საქართველოში სიმინდი მზრალზე ითესება, ნიადაგი შემოდგომაზე, ნოემბერ-დეკემბერში მუშავდება, რომ ზამთრის პერიოდში ნიადაგმა მაქსიმალურად დაიგროვოს ტენი.

ამ მეთოდის გამოყენების დროს ნიადაგის მზრალად დამუშავება უკვე საჭირო აღარ არის, რადგან თუ ტენის ნაკლებობაა, დათესვისთანავე გაჟონვით მორწყვით იგივე და უკეთესი შედეგი მიიღწევა.

რასაც აქ პრაქტიკულად ვაკეთებთ, თანდათან ვაყალიბებთ თეორიულადაც, თეზისების სახით და ვფიქრობთ, შევქმნით ერთგვარ სახელმძღვანელოს, ბროშურას, სადაც ჩვენ ფერმერებს გავუზიარებთ გამოცდილებას და სურვილის შემთხვევაში შევთავაზებთ ჩვენს მიერ დამუშავებული ტექნოლოგიას.

მოამზადა ნესტან გუგუშვილმა