ფრინველის კვება
ნორმირებული კვების ძირითადი ამოცანაა, საკვების რაციონალური გამოყენების გზით მაქსიმალურად უზრუნველყოს ფრინველის გენეტიკური, პოტენციური პროდუქტიულობა, ჯანმრთელობა და განვითარების მაჩვენებელი.
მაღალი მთის ზონაში ქათმისა და ინდაურისთვის თბილი საფრინველე უნდა მოეწყოს. ტემპერატურა 17 გრადუსზე ნაკლები არ უნდა იყოს. საფრინველეს გარეთ კედლის გასწვრივ მოწყობილი უნდა იყოს საფენი, შემოღობილი სასეირნო მოედნით. კარგია, თუ საფენზე დავყრით ცოტა მარცვალს იმისათვის, რომ ფრინველმა იგი ეძებოს, ქექოს და აქტიურად იმოძრაოს.
წიწილების გამოზრდისას თუ დავიცავთ სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებს, უკეთესია გამოვზარდოთ ღრმა საფენზე. ზამთარში საშუალოდ 1კვ.მ ფართობზე ყრიან 5კგ საფარს (ნახერხი).
თუ მთაში თოვლი დევს და არ შეუძლიათ წიწილებს (ფრინველებს) მოძრაობა (გალიაში ან მცირე შემოღობილშია), სანაშენე პერიოდის დადგომასთან ერთად რაციონში შეაქვთ გაღვივებული მარცვალი, უმატებენ მინერალურ საკვებს.
საკვების დახასიათება
ფრინველისთვის გამოყენებული საკვები იყოფა ჯგუფებად, რომელთაც აქვთ საერთო თვისებები:
→ ცხოველური წარმოშობის საკვები – ეს არის ხორცი და თევზი, ხორცკომბინატის ნარჩენები, რძე და მისი გადამუშავების პროდუქტები, ლაყე კვერცხი.
→ მცენარეული წარმოშობის საკვები – წვნიანი საკვები (ბალახები, ძირხვენები) და მარცვლოვანი კონცენტრირებული საკვები, რომლებიც იყოფიან ნახშირწყლებიან (მარცვალი, მარცვლოვნები) და ცილოვან (პარკოსანი მარცვალი) საკვებად.
→ ასევე იყენებენ დამატებით მინერალურ საკვებს, ვიტამინებს.
→ კომბინირებული საკვები არის სპეციალური ნარევი, რომელიც გამდიდრებულია სხვადასხვა დამატებებით.
მარცვლოვანი საკვები
მარცვლოვნები ფრინველის რაციონში იკავებს საკვები მასის ძირითად ნაწილს. ისინი შეიცავენ დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს, ასევე ცილებს, ცხიმებს, მინერალურ ნივთიერებებს.
განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი:
სიმინდი – ძირითადი ენერგეტიკული საკვებია. იგი მდიდარია ცხიმით, ვიტამინით E.
ყვითელი სიმინდი შეიცავს კაროტინებს, მაგრამ მისი ცილა ღარიბია ზოგიერთი შეუცვლელი ამინომჟავებით და სიმინდის დიდი რაოდენობით მიცემა იწვევს ფრინველის სუქებას, ამიტომ ქათმის კვერცხდების პერიოდში მისი მიცემა დიდი რაოდენობით სასურველი არ არის. სიმინდი ღარიბია კალციუმით.
6 თვის შენახვის შემდეგ სიმინდს საკვებში ამცირებენ, ან ქათამს დამატებით ვიტამინებს აძლევენ. სიმინდი ფრინველს ეძლევა დაღერღილი ან მთლიანი მარცვლის სახით, რადგან სიმინდში ცილის შემცველობაც მცირეა (დაახლოებით 8,5 – 10%), ამიტომ გარდა სიმინდისა, ფრინველს სხვა საკვებიც უნდა მიეცეს. სიმინდი (დაღერღილის სახით) საკვებში 60%-ს იკავებს.
ხორბალი – შეიცავს უფრო მეტ შეუცვლელ ამინომჟავებს, ვიდრე სიმინდი. მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით და E ვიტამინით. საკვებში ხმარობენ საფურაჟე ხორბალს. იკავებს საერთო საკვები მასის 50%-მდე.
ქერი – კვებითი ღირებულებით ჩამორჩება სიმინდს და ხორბალს. შეიცავს მეტ უჯრედანას. ის კომბინირებულ საკვებში იკავებს მთლიანი მასის 30%-ს. ქერით ფრინველის კვებისას საჭიროა მისი დაღერღვა, მთლიანი მარცვლის მიღება გამოიწვევს ჩიჩახვის გაღიზიანებას. ქერი ღარიბია A ვიტამინით, მდიდარია სახამებლით. A ვიტამინის შესავსებად ქერთან ერთად ფრინველს შეგვიძლია მივცეთ იონჯის ფქვილი.
წიწილებს დაღერღილი ქერი უნდა მივცეთ!
შვრია – კარგია სანაშენო ფრინველისთვის. საკვებში შეიძლება მარცვლოვანი მასის 20%-მდე დამატება. ის ფრინველს უნდა მიეცეს დაღერღილი, კანგაცლილი ან გაცრილი სახით. ძნელი მოსანელებელია. შვრია კარგად მოქმედებს კვერცხმდებლობაზე. შვრიის მარცვალი შეიძლება მოიხარშოს 15 წუთი წყალში, შემდეგ გადაიწუროს, გაცივდეს და გამოშრეს. შვრიის ბურღული შეიძლება მივცეთ ფრიველს ნებისმიერ ასაკში. მასში ბევრი მიკროელემენტია (მარგანეცი, რკინა და სხვა), ასევე, არის B ჯგუფის ვიტამინები. შვრიით კვება კარგია ბუმბულის ზრდისთვის. ამცირებს ფრინველში კანიბალიზმის (ფრინველები ერთმანეთს კორტნიან) წარმოშობის საფრთხეს.
ქატო – ქატო ბევრ მინერალურ ნივთიერებას შეიცავს. თუმცა, მისი ხარისხი დაფქვის წესზეც არის დამოკიდებული. იგი კარგ საკვებად ითვლება როგორც მოზრდილი, ისე მოზარდი ფრინველებისთვის. მასში ბევრია ფოსფორი.
ძირხვენები და ბოლქვოვანები – უჯრედანით და ცხიმებით ღარიბია, შეიცავენ ბევრ წყალს, სახამებელს, შაქარს. კარგად მოქმედებენ კუჭ-ნაწლავის მუშაობაზე. წვნიანი საკვებიდან ფრინველის საკვებად გამოიყენება კარტოფილი, ჭარხალი, სტაფილო.
საკვები ჭარხალი კარგია ზამთარში, როდესაც მწვანე საკვების ნაკლებობაა, შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს, ადვილი მოსანელებელია. ჭარხალი ფრინველს ეძლევა მთლიანად ან დაჭრილი, ფრინველი მას კარგად კენკავს. 1000კვ.მ-ზე მოსავალი 300-400 ფრთა ფრინველს ყოფნის.
კარტოფილი – შეიცავს დიდი რაოდენობით სახამებელს, კარგია ზრდასრული ფრინველისთვის. ის კარგად მოქმედებს კუჭის აშლილობის დროს. ძალიან კარგია ინდაური ჭუკების გამოსაზრდელად.
ჭუკები რბილ საკვებს ეტანებიან, კარტოფილი მათ მოხარშული უნდა მიეცეს. ის კარგია ფრინველის გასასუქებლად. ინდაურის, ბატისა და იხვისთვის კარგ საკვებად ითვლება. უნდა მივცეთ ქატოსთან ერთად.
მწვანეული საკვები – იონჯა და სამყურა მდიდარია საყუათო ნივთიერებებით. მათში ბევრია პროტეინი, კალციუმისა და ფოსფორის მარილები. მათი სარგებლობა მაღალია ყვავილობის პერიოდში. უმჯობესია თეთრყვავილოვანი სამყურა. მწვანე საკვები ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.
ფრინველისთვის კარგია მინდვრის ჭინჭარი, ნაცარქათამა, ჯიჯილაყა, მატიტელა და სხვა. ეს მცენარეები მდიდარია პროტეინით, ვიტამინებით, კალციუმით, ფოსფორით, რკინის მარილებით. ინდაურისთვის მცენარეული საკვები შეუცვლელია. ფრინველს ეს საკვები შეგვიძლია მივცეთ 4-5 თვემდე, ფქვილთან ერთად. საკვებად შეგვიძლია გამოვიყენოთ თუთის, აკაციის ხის, სოიოსა და ლობიოს ფოთლები. მათ კარგად ჭამენ ინდაურები, ბატები, იხვები.
საკვებად გამოიყენება ტყის მცენარის ნაყოფიც (წიფლის ნაყოფი, რკო და ა.შ.), უმჯობესია ისინი კანგაცლილი მივცეთ ფრინველს.
გამხმარი იონჯისა და ჭინჭრის ფქვილი შეიძლება გამოვიყენოთ ზამთარში. ისინი მწვანე საკვებს შეგვიცვლიან. მათში ბევრია ცილა, ვიტამინები, მინერალური მარილები, რაც კარგად მოქმედებს კვერცხისმდებლობასა და მოზარდის განვითარებაზე.
ცხოველური საკვები – მდიდარია სრულფასოვანი ცილებით, ვიტამინებით, მინერალებით. ფრინველის ნორმალური განვითარებისთვის აუცილებელია ცხოველური საკვები. საკარმიდამო ნაკვეთში ფრინველი თავად პოულობს ცხოველურ საკვებს (მწერები, ჭიაღუები, ლოკოკინები და სხვა).
ფრინველისთვის საკვებად გამოიყენება რძის წარმოების პროდუქტები: მოხდილი რძე, ხაჭო, დო, მაწონი, შრატი. ისინი საკვებად განსაკუთრებით კარგია, პირველი თვის განმავლობაში.
მინერალური საკვები – ფრინველი სხვა საყუათო საკვებთან ერთად საჭიროებს მინერალურ საკვებსაც. ფრინველისათვის აუცილებელი მინერალური საკვებია: კალციუმი, ფოსფორი, ნატრიუმი და ქლორი. ფრინველს სწრაფი ზრდისთვის ეს ნივთიერებები უფრო მეტად სჭირდება, ვიდრე ისინი საკვებშია წარმოდგენილი. მინერალური საკვების ნაკლებობისას ძვლები სუსტად ვითარდება.
ფრინველს აძლევენ ჩამქრალ კირს (მიიღება კირსა და ცარცზე დიდი რაოდენობით წყლის დასხმისას, შემდეგ აშრობენ).
ძვლის ფქვილი – მზადდება ნარჩენი ძვლებისგან. ნიჟარები ფრინველისთვის საუკეთესო საკვებია. უნდა მივცეთ დაღერღილი სახით.
საუკეთესო მინერალური საკვებია კვერცხის ნაჭუჭი. ის უმჯობესია მივცეთ მოზარდს. მცენარეული საკვები ღარიბია ნატრიუმითა და ქლორით, ამიტომ ფრინველის ულუფაში აუცილებელია მარილის მიცემა, რომელიც ორივე მინერალს შეიცავს. საჭმელი მარილი უნდა იყოს დღიური ულუფის 0,4-0,5%. თანაბარი გადანაწილების მიზნით ის წყალში გავხსნათ და ისე შევურიოთ საკვებში.
გახსოვდეთ! კილოგრამ ცოცხალ წონაზე 5,5გრ. მარილი ქათმისთვის მომწამვლელი დოზაა. ფრინველისთვის კარგია ხის ნახშირი 1%-ის ოდენობით.
კვების რეჟიმი
მოზრდილ ქათმებს საკვები უნდა მივცეთ დღეში 2-ჯერ. ზამთარში აუცილებელია მარცვალი მივცეთ საღამოს, რათა ფრინველმა ის ნელა გადაამუშაოს.
ფრინველის კვების ძირითადი ჰიგიენური წესები:
→ მარცვალი მშრალი სახით მივცეთ, სხვა საკვებთან ერთად არ არის რეკომენდებული, რადგან ქათმები ირჩევენ მათ ნარევიდან და ნარჩენ საკვებს ტოვებენ;
→ საკვები ახალი უნდა იყოს;
→ როდესაც ფრინველს ვკვებავთ მოხარშული, რბილი საკებით, ის უნდა იყოს გარეცხილი და გაწმენდილი ნარჩენებისაგან;
→ უმჯობესია რბილი საკვები (ფქვილის ნარევი, მოხარშული კარტოფილი, საკვები ჭარხალი) მივცეთ დილით, საღამოს – მარცვლეული;
→ კარგი იქნება თუ რბილ საკვებს დავამატებთ მინერალურ საკვებს (ნაჭუჭი, ნიჟარა, ცარცი და ა.შ.);
→ სასურველია, თუ საფრინველეს ახლოს გვექნება სპეციალური ყუთები წვრილი ქვიშითა და სილით;
→ მწვანე საკვებისთვის საკვებურად უნდა გავაკეთოთ უჯრებიანი ყუთი, რათა ფრინველს გაუადვილდეს საკვების აკენკვა;
→ ცხოველური საკვები, რომელსაც არ გაუვლია თერმული დამუშავება, კვების წინ აუცილებლად უნდა მოვხარშოთ.
→ მსხვილი ძირხვენები ფრინველის ბუდესთან შეიძლება მიმაგრდეს ლურსმნით;
→ ფრინველის ერთ-ერთ ბიოლოგიურ თვისებად ითვლება საკუთარი ნაკელის კენკვა (დღეში 1,5 გრ), ამიტომ კარგი იქნება, თუ ნაკელი შეერევა ქვეშსაფენთან (ტორფი, ნამჯა, ჩალა).
P.S.
საქართველოში, მე-20 საუკუნის დასაწყისში, მხოლოდ ქუთაისის გუბერნიაში გამოზრდილი იყო 27 მილიონზე მეტი ქათამი. საქსტატის 2015 წლის მონაცემებით ფრინველის სულადობა ყველა კატეგორიის მეურნეობებში 8805,9 ათასი ფრთაა. საქართველოს მოსახლეობამ საკვებად გამოიყენა 62,0 ათასი ტონა ქათმის ხორცი. აქედან იმპორტირებული, გაყინული 42, 7 ათასი ტონა, ადგილობრივი წარმოებისაა (ბროილერი) 19,1 ათასი ტონა.
სამწუხარო ფაქტია, რომ ჩვენი მოსახლეობა ძირითადად მიირთმევს გაყინული ბროილერის ხორცს და არა ნედლს და ამ გაყინულშიც ნაწილი ქათმის ბარკლებია, შედარებით უსაფრთხო ნაწილს (გულმკერდი) კი სავარაუდოდ, მწარმოებელი ქვეყანა იყენებს.
შეგახსენებთ, ხორცი გაყინვის დროს კარგავს კვებით ღირებულებას.
სასურველია ბავშვები ვკვებოთ შინაური ქათმის ხორცით, ხოლო საბავშვო დაწესებულებებში, რადგან ამის საშუალება დღესდღეობით არ არის, გამოვიყენოთ ქათმის (ბროილერი) ნედლი ხორცი და აქაც, მხოლოდ მავნე ნივთიერებებისგან დაცული გულმკერდის ნაწილი, სადაც მეტი ცილა და ნაკლები ცხიმია.
გავზარდოთ შინაური ფრინველი საკარმიდამოში და თავად ვიყოთ პასუხისმგებელნი ჩვენი და ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობაზე.
მიხეილ ჭიჭაყუა,
„აგრო ექსპერტთა ასოციაცია”, ბიოლოგიის დოქტორი.