აგრარული განათლებადარგებიმეცხოველეობაფერმერი ფერმერს

ფურის მოგებისათვის მზადება, სამშობიარო ბოქსის ან ბაგის მომზადება, მოგება გართულებების გარეშე

 ხბოს მოგებისწინა ბოლო სამი კვირა ძალიან საპასუხისმგებლოა მშრალობაზე მყოფი ძროხების კვების კუთხით. ამ პერიოდის ხარვეზები შეიძლება გახდეს მშობიარობის შემდგომი პარეზის წარმოქმნის, მომყოლის შეჩერების, მასტიტის, კეტოზის განვითარების, სასქესო ციკლის დარღვევის მიზეზი.ხბოს მოგების მომენტისათვის ცხოველები უნდა იყვნენ კარგად ნაკვებნი, მაგრამ ზედმეტი გადასუქების გარეშე. ზედმეტად მიღებული საკვები დაკარგული საკვებია, გადასუქებული ძროხა იშვიათად არის მაღალი წველადობის.
იმის გათვალისწინებით, რომ ხბოს ყველაზე ინტენსიური ზრდა ხდება მაკეობის ბოლო 1-2 თვეში, ამ დროს, თუ მაკე ძროხის რაციონში საკმარისი არ არის მინერალური ნივთიერებები, ხდება ორგანიზმის დემინერალიზება (მინერალური ნივთიერებების „გამორეცხვა“ ძვლის ქსოვილიდან), რაც უარყოფითად აისახება ძროხის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და მის შემდგომ რძის პროდუქტიულობაზე, უარესდება ნაყოფისა და ახალშობილი ხბოს განვითარება.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უზრუნველვყოთ ცხოველები A და D ვიტამინებით, მიკრო და მაკროელემენტების კომპლექსით. მშრალობის პერიოდში, მოგების უკეთესი წარმართვისათვის სასურველია გავითვალისწინოთ ძროხების რაციონში ომეგა-3 და ომეგა-6 ცხიმმჟავების შემცველობა (ბალახი, ბუნებრივი პარკოსნები, სოიო, სიმინდი), ისინი ერთვებიან სასქესო ჰორმონების სინთეზის პროცესში და მნიშვნელოვან როლს თამაშობს მშობიარობის დაწყებაში.

სამშობიარო ბოქსის ან ბაგის მომზადება

მოგებისთვის მზადების პერიოდში საქონელი ძალიან მგრძნობიარე ხდება და ყველაფრის ეშინია. შიში იწვევს სტრესს და ხანდახან ამ მიზეზის გამო რთულდება მოგების პროცესი. მოგებამდე 2-3 კვირით ადრე ძროხას უდიდდება ცური, მუცელი ქვევით ეშვება. რამდენიმე დღით ადრე მყესები კუდის ფუძესთან დუნდება (შეხებისას რბილია), გარე სასქესო ორგანოები შუპდება. მოგებამდე რამდენიმე საათით ადრე ცურში უდგება რძე, საშოდან გამოიყოფა ლორწო, ძროხა იწყებს შფოთვას, ხშირად წვება და ბღავის. მოგების მოახლოვებისას საქონელს უქვეითდება მადა. ასევე, შემჩნეულია, რომ ძროხას თუ მოგებისთვის სივრცე ჯერ მზად არ აქვს, შესაძლოა მოგება შეკავდეს.

ძროხის მაკეობის პერიოდში რეკომენდებულია ცურის პერიოდული მასაჟი. ეს უნდა გაკეთდეს ფრთხილად, უხეში მოძრაობების გარეშე, რომ არ შევაშინოთ საქონელი. ძროხა ფრთხილად უნდა გაიწმინდოს ჯერ სამურველით, შემდეგ ჯაგრისით და მოვაშოროთ მიმხმარი ნაკელი, ჭუჭყი, გაცვენილი ბალანი, რისთვისაც მსუბუქად, დაწოლის გარეშე წავუსვათ ჯაგრისი. მოგების წინ ძროხა გულმოდგინედ უნდა იყოს გასუფთავებული. ფერმაში რეკომენდირებულია სენსორული მასაჟორის (ძროხის ავტომატური საფხანი) გამოყენება.

777777777777777777777777777

ახალშობილი ხბორების გადარჩენა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია, თუ რამდენად სწორად ჩაიარა მოგებისთვის მოსამზადებელმა პერიოდმა. ძალიან მნიშვნელოვანია დავიცვათ ჰიგიენური მოთხოვნები ხბოს მოგების დროს, მოგება უნდა მიმდინარეობდეს სუფთა ადგილას ახალ ქვეშსაფენებზე. ქვეშსაფენის არსებობა არის აუცილებელი პირობა, რადგან ახალშობილ ხბოს თერმორეგულაციის სისტემა ჯერ კიდევ არასრულყოფილი აქვს, შესაბამისად ქვეშსაფენი ეხმარება მას თერმორეგულაციის დაცვაში. იგი უნდა იყოს მშრალი და სისქეში იყოს არანაკლებ 20-30 სმ. ქვეშსაფენისთვის ოპტიმალური მასალა არის ჩალა ან თივა და არა ნახერხი, რადგან ის ეკრობა ხბოს დრუნჩზე და შეიძლება გადაეყლაპოს, რაც შესაძლოა გახდეს სხვადასხვა დაავადების მიზეზი. სასურველია ხბოს მოგება ხდებოდეს ცალკე ბაგაში ან სამშობიარო ბოქსში (სურათი #2).

სამშობიარო ბოქსი

ხბოს მოგების წინ სამშობიარო ბოქსი უნდა გაიწმინდოს ნაკელისაგან, სხვადასხვა ნარჩენებისაგან და დეზინფიცირდეს. ბოქსი უნდა იყოს სუფთა, მშრალი, მოსახერხებელი, კარგი ჰაერის ცვლით, საქონელს ჰქონდეს წყლისა და საკვების თავისუფლად მიღების შესაძლებლობა. თუ მშობიარობა ხდება ჭუჭყიან ქვეშსაფენზე, მაღალხარისხიანი ხსენის დალევითაც კი ვერ ავიცილებთ დიარეის განვითარებას. ხბოს მოგების დროს სანიტარული პირობების დარღვევა უარყოფითად მოქმედებს ძროხის ჯანმრთელობაზეც, იწვევს მასტიტს, რეპროდუქციული ორგანოების დაინფიცირებას, რამაც შემდგომში შეიძლება გამოიწვიოს აღწარმოების დარღვევები.

თუ მეურნეობაში არ არის სამშობიარო ბოქსი და ფურები ხბოს იგებენ საერთო სადგომში, აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება რომ ხბო არ 10 ჩავარდეს სანაკელე ღარში ან არ გაჭყლიტოს გვერდზე მდგომმა ძროხამ. პირველ შემთხვევაში ხბოს პირის ღრუში შეიძლება მოხვდეს ნაკელის მასები, რაც ფაქტობრივად გამოიწვევს სტერილური კუჭ-ნაწლავის ტრაქტის არასასურველ დაბინძურებას პათოგენური მიკროფლორით და როგორც შედეგი, დიარეის, ვირუსული ან ბაქტერიული დაავადებების განვითარებას. სისუფთავის შენარჩუნება იმ ადგილას, სადაც იმყოფებიან მოზარდი ხბოები, არის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა. ქვეშსაფენი უნდა იყოს მშრალი და სუფთა, კედლები – გარეცხილი ან კირით შეთეთრებული. სადგომს უნდა ჰქონდეს კარგი ვენტილაცია, ორპირი ქარი გამოირიცხოს, რადგანაც ხბოები მიდრეკილნი არიან რესპირატორული სისტემის დაავადებებისადმი. დაბადების შემდეგ ხბოები დაუცველნი არიან გარემოს ფაქტორების წინაშე და მეტად მიდრეკილნი არიან სხვადასხვა დაავადებებისადმი. ახალშობილი ხბოების დაცულობა პირდაპირ არის დამოკიდებული მათი შენახვის პირობებზე, ხოლო მოზარდეულის იმუნიტეტის ფორმირება შეუძლებელია ხსენის სწორი მიღების გარეშე.

მოგება გართულებების გარეშე

 ხბოს მოგება არის საკმაოდ რთული ფიზიოლოგიური პროცესი. თუ მშობიარობამდე ჭინთვები ძროხას არარეგულარული და ხანმოკლე აქვს, მშობიარობის დასაწყისში ისინი ხდება რეგულარული (0.5-1 წთ.) და ხშირი (პაუზები 40 წამიდან 3 წუთამდე). ნაყოფი საშუალოდ გამოდის 60-70 წუთში, ზოგადად კი მშობიარობა შეიძლება გრძელდებოდეს 30 წუთიდან 3-4 საათამდე. ხბოს მოგების ჩატარებისას არ უნდა ავჩქარდეთ და არ უნდა ჩავერიოთ პროცესში განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე.

უმჯობესია ძროხა არ შევაწუხოთ ხბოს მოგების დროს და მივცეთ საშუალება თავად იმშობიაროს. როგორც პრაქტიკა აჩვენებს, თუ ხბოს მოგება ხდება მშვიდ ვითარებაში, ნაკლებად ვითარდება მშობიარობის შემდგომი გართულებები. უმეტეს შემთხვევებში უნდა დაველოდოთ სანაყოფე ბუშტის თავისით გახეთქვას. სანაყოფე გარსი ყველაზე ხშირად თავად იხევა ნაყოფის ვულვაში გავლის შემდეგ, თუმცა თუ ნაყოფის თავი გამოვიდა გარეთ, ხოლო სანაყოფე ბუშტი არ გასკდა, საჭიროა მისი სწრაფად გახსნა, ხბო რომ არ გაიგუდოს. სამშობიარო გზებიდან გამომავალი ხბო უნდა დავიჭიროთ, რათა თავიდან ავიცილოთ მისი ვარდნა და ტრავმები. ნორმალური მოგების დროს ბუშტის გახეთქვის შემდეგ გამოჩნდება წინა ფეხები ქვემოთ მიმართული ჩლიქების ძირებით, რომლებზეც დევს თავი. ნორმა შეიძლება ასევე იყოს მენჯის წინამდებარეობა, როდესაც ხბო გამოდის უკანა ფეხებით წინ, ზემოთ მიმართული ჩლიქების ძირებით (სურათი #3). ძროხის მენჯის ღრუს დიდი ზომების გამო მშობიარობის ჩატარება უმჯობესია მის მწოლიარე მდგომარეობაში.

ხბოს მუცლადყოფნის პერიოდი

 

ახალშობილ ხბოს აწვენენ ჩალაზე/ნამჯაზე ზემოდან გადაფენილ სუფთა, სქელ უხეშ ქსოვილზე. ხბორებს ჭიპლარი ყველაზე ხშირად თავად უწყდებათ, მაგრამ თუ ეს არ მოხდა, მას გადაუჭერენ სტერილურ ძაფს მუცლიდან 8-10 სმ დაშორებით, გადაჭრიან დეზინფიცირებული მაკრატლით, წინასწარ თითებით ჭიპლარის შიგთავსის გამორწყვით, ხოლო ტაკვს (მოკვეთილი ჭიპლარის დარჩენილი ნაწილი) ადეზინფიცირებენ იოდის, პოვიდონიოდის ხსნარით ან ანტისეპტიკური აეროზოლით. შემდეგ ხბოს აწვენენ ქვეშაგებზე ძროხის თავთან ახლოს, რათა დედამ შეძლოს მისი გალოკვა, რაც აძლიერებს სისხლის მიმოქცევას და ასტიმულირებს კანით სუნთქვის პროცესს.

სტატისტიკურად ძროხები 7-8 მოგების შემდეგს ხბოს ჩვეულებრივ ფეხზე მდგომნი იგებენ.

მიხეილ ჭიჭაყუა – ექიმი ვეტერინარი, ბიოლოგიის დოქტორი;

ნიკოლოზ ზაზაშვილი -ვეტერინარიის დოქტორი;

 დავით ბოსტაშვილი – ექიმი ვეტერინარი, აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი;

ლიანა ჭიჭაყუა – დოქტორანტი;

ლაშა  ავალიანი – USDA Food for Progress SQIL პროექტის დირექტორის მოადგილე, ექიმი ვეტერინარი (DVM), აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი (PhD);

თამარ  ჩხიკვიშვილი – USDA Food for Progress SQIL პროექტის მეცხოველეობის სპეციალისტი, ექიმი ვეტერინარი, დოქტორანტი