დარგებიმეცხოველეობა

ფურის წველის წესების დაცვა – ხარისხიანი რძის მიღების გარანტია

ცოცხალი სამყაროს განვითარების ხანგრძლივ პროცესში წარმოშობილი ძუძუმწოვარა ცხოველები დაბადების შემდეგ პირველ პერიოდში დედის რძით იკვებებიან, რომელიც მათი ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის საჭირო ყველა ნივთიერებას შეიცავს, თანაც ადვილად შესათვისებელი ფორმით.

კაცობრიობა უძველესი დროიდან ფართოდ იყენებს მის მიერ მოშინაურებული სხვადასხვა სახეობის ცხოველთა რძეს. ადამიანის კვების რაციონში განსაკუთრებული მნიშვნელობა ძროხის რძემ და რძის გადამუშავების შედეგად მიღებულმა პროდუქტებმა (ყველი, კარაქი, ნადუღი, მაწონი, ხაჭო, არაჟანი და სხვა) მოიპოვა. რძე ბიოლოგიურად რთული შემადგენლობის ხსნარია. იგი შეიცავს: წყალს — 87%-ს, ცხიმს — 4%-ს, პროტეინს — 3.5%-ს, ლაქტოზას — 4.5%-ს, მინერალურ ნივთიერებებს, ვიტამინებსა და სხვა მიკროელემენტებს. რძის გამომუშავება ხორციელდება ძუძუმწოვარი ცხოველების სარძევე ჯირკვლის მეშვეობით. რძე წყალზე ოდნავ ბლანტი, მოყვითალო-თეთრი ფერისა და თავისებური სუნის მქონე სითხეა. იგი უნდა ხასიათდებოდეს მოტკბო გემოთი, არ უნდა გააჩნდეს სპეციფიკური უცხო სუნი (მაგ. სილოსის, საკვების, ნავთობპროდუქტების, ნაკელის, სარეცხი საშუალებების და სხვა).

რძის შემადგენლობას და მის თავისებურებებს ფურის ჯიში განაპირობებს, საკვების ხარისხი და კვება, მოვლის პირობები, ლაქტაციის პერიოდი, მოძრაობა და მოციონი, წველის დრო და ხერხები, ცხოველის ასაკი, ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვა. ნორმალურ პირობებში ფურის ლაქტაციის ხანგრძლივობა 300-305 დღეს გრძელდება. ხბოს მიღებიდან ფურის გაშრობის დაწყებამდე და აცრების ჩატარებიდან 7-10 დღის განმავლობაში მიღებული რძე გადამუშავებას არ ექვემდებარება. დასახელებული დღეების გარდა მიღებული რძე ნორმალურია და მისგან მაღალხარისხიანი პროდუქტები მზადდება.

წველა — ერთ-ერთი ყველაზე პასუხსაგები და შრომატევადი საწარმოო პროცესია. წველისას სანიტარულ-ჰიგიენური და ტექნოლოგიური მოთხოვნების დაცვაზე არის დამოკიდებული წარმოებული პროდუქციის ხარისხი და კეთილსაიმედოობა, აგრეთვე თავად ცხოველისა და მწველავის ჯანმრთელობის მდგომარეობა. წველის დაწყებამდე წყდება საკვების მიღება, ნაკელისა და დაბინძურებული საფენისაგან სუფთავდება სადგომი, იღება კარები, შენობა ნიავდება. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ფურის დასუფთავებას. იწმინდება მუცლის არე, ცური და უკანა ნაწილი. ცური უნდა გაიწმინდოს და გამშრალდეს სუფთა ხელსახოცით, მწველავმა უნდა დაიცვას პირადი ჰიგიენის წესები, ჩაიცვას სუფთა ხალათი, თავზე გაიკეთოს თავსაბურავი, წველის დაწყების წინ საპნით და თბილი წყლით დაიბანოს ხელები. საწველი ვედრო ირეცხება ცხელი წყლით. ცურზე წასასმელად იყენებენ უმარილო კარაქს ან მალამოს. ფური უნდა მოიწველოს ყოველთვის ერთ და იმავე დროს, რათა გამოუმუშავდეს პირობითი რეფლექსი. წველის დროს ფურს არ ეძლევა საკვები. აღნიშნულ პროცესში არ არის სასურველი უცხო პირის დასწრება. წველის პროცესი უნდა წარიმართოს მშვიდ გარემოში. წველის დაწყებამდე და დამთავრების შემდეგ ტარდება ცურის მასაჟი. როცა ფური ისვენებს და იატაკზე წევს, დვრილების საშუალებით მიკრობები ცდილობენ ცურში შეჭრას. მათი უმეტესი ნაწილი იხოცება, რის გამოც პირველი მონაწველის რამდენიმე წვეთი სასურსათოდ არ უნდა იქნას გამოყენებული. დაუშვებელია რძის პირველი წვეთების იატაკზე ჩამოწველა. ფურის წველა ტარდება ენერგიულად, შეუსვენებლად და სწრაფად. წველამდე აუცილებელია ცხოველის კუდი მიბმული იქნას ერთ-ერთ უკანა კიდურზე, ვინაიდან მისი მოძრაობისას შესაძლებელია ვედროში ჭუჭყის მოხვედრა. წველა უნდა დამთავრდეს 5-7 წუთში. არ უნდა დარჩეს რძის მცირედი ნაწილიც კი, რადგან ბოლო წვეთები ყველაზე მეტი რაოდენობით შეიცავს ცხიმს, რაც გავლენას ახდენს რძის საერთო ცხიმიანობაზე.

მაღალხარისხიანი რძის მისაღებად ყველა ჩამოთვლილი პირობების დაცვა აუცილებელია. რძის სისუფთავის დაუცველობა ეკონომიკურ ზარალს აყენებს უშუალოდ რძის მწარმოებელს. რძის რაოდენობრივი მაჩვენებლების ამაღლებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ფურის წყლით უზრუნველყოფა. ფურისთვის საჭიროა ისეთივე ხარისხიანი წყლის მიღება, როგორითაც ადამიანი დასალევად სარგებლობს. წყლიდან შეიძლება გავრცელდეს ფასციოლოზი და სხვა დაავადებები. ფურიდან ფურზე დაავადების გავრცელება შესაძლებელია მოხდეს მწველავის მიერ, თუ ის არ იცავს შრომის პირობებს. არაჯანსაღი რძიდან შეიძლება გავრცელდეს ისეთი საშიში დაავადებები, როგორიცაა: ბრუცელოზი, ტუბერკულოზი, თურქული და სხვა. რძის მიღება, მისი დახარისხება და დამუშავება ოჯახურ ფერმერულ პირობებში მიმდინარეობს დაბალ დონეზე. ჯერ კიდევ ყველგან არ არის შექმნილი სათანადო პირობები რძის ნორმალური მიღებისა და გადამუშავებისათვის, რამაც შეიძლება ადამიანთა დასნეულება გამოიწვიოს. მიზანშეწონილია შეიქმნას სოფლად რძის მიმღები და გადამამუშავებელი პუნქტები ყველა აუცილებელი პირობების დაცვით, სადაც შესაძლებელი იქნება რძის ორგანიზებული შეგროვება და დახარისხება, ასევე ცხიმიანობის, სიმკვრივის, მჟავიანობის, მექანიკური დაჭუჭყიანების და რძის ხარისხის დადგენა. ჯანსაღ და სუფთა რძეს პასტერიზება არ სჭირდება, მისი გადამუშავება შეიძლება გაცხელების გარეშე. დაავადებებზე საეჭვო და არასაიმედო ადგილიდან მიღებული რძე 70-900ჩ-მდე უნდა გათბეს, რის შედეგად უარყოფითი მიკროფლორა იღუპება. ასევე მნიშვნელოვანია სანიტარული ღონისძიებების პერიოდულად ჩატარება. კერძოდ, ფერმის შენობა-ნაგებობებისა და გარე ტერიტორიის გულდასმით დასუფთავება.

სულიკო ბერიძე, ვეტერინარიის მეცნიერების დოქტორი,

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“