ფუტკრის ახალი ოჯახის შექმნა დაფრენით
ფუტკრის ახალი ოჯახების შექნის რამდენიმე მეთოდი არსებობს, თუმცა, ყველა მათგანს აქვს თავისი უარყოფითი და დადებითი მხარეები. ყველაზე უკეთესად მიჩნეულია ბუნებრივი ნაყრიანობა, როცა ფუტკრის ცალკე „სოციუმი“ ზუსტად ისე იყოფა, როგორც უმჯობესია ფუტკრის „საზოგადოებისათვის“. ნაყრიანობის ყველაზე მნიშვნელოვან ნაკლად ითვლება ის, რომ ნაყარი შეიძლება მეფუტკრისთვის მოუხერხებელ დროს გამოფრინდეს ან ძალიან მაღალზე დაეკიდოს, საიდანაც მისი ჩამოყვანა სახიფათოა.
ამ ეტაპზე გთავაზობთ ფუტკრის ახალი ოჯახის შექმნის ერთ მარტივ მეთოდს, რომელიც, ბუნებრივია, იდეალური არ არი.
ეცადეთ, რომ ყოველი ნიუანსი გაითვალისწინოთ, რომელსაც პუნქტებად ჩამოვაყალიბებთ:
♦ დაფრენით ოჯახის შესაქმნელად ყველაზე კარგი პერიოდია მთავარი ღალიანობის პიკის შემდგომი დრო _ როცა ღალა ჯერ გამოლეული არ არის, მაგრამ რამდენიმე დღე მაინც უნდა იყოს კიდევ ნექტარი ბუნებაში საკმაო ოდენობით.
♦ დაფრენამდე თუ თქვენ გეყოლებათ მარაგი დედა (უკეთესია განაყოფიერებული), ან მწიფესადედიანი ჩარჩო, დაიწყეთ მზადება დაფრენისთვის. ორ ან სამ მშრალ (ამოშენებულ) ჩარჩოს მოვათავსებთ ცარიელ სკაში, ერთ-ერთ ჩარჩოზე დავსვამთ დედა ფუტკარს და დავაკვირდებით. ასევე ვიქცევით მწიფე სადედის შემთხვევაშიც.
♦ დაფრენისთვის უნდა შეირჩეს თბილი, მშვიდი დღე.
♦ ახალ სკას დავდებთ იმ ადგილას, სადაც ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ფუტკრის ოჯახია. ძირითად ოჯახს გადავსვამთ მოშორებით.
♦ ვაკვირდებით მოღალე ფუტკრის ახალ სკაში შესვლას. მოღალეთა უმეტესობა არ მიაქცევს დედას ყურადღებას და თაფლისა და ყვავილის მტვრის შეტანას გააგრძელებს ოდნავი შეფერხებით (ახალი სამუშაო გარემოს გამო). თუ დედის ან სადედის მიმართ გამოიხატება აგრესია, სასწრაფოდ უნდა გამოვარიდოთ ის ჩარჩო, რომელზეც დედაა (ან სადედე).
♦ დაფრენისას დედისადმი აგრესია ჩემს პრაქტიკაში არ შემხვედრია, თუმცა, შესაძლოა, ეს განხორციელდეს. ახალ სკას გამორიდებულ დედას ან სადედეს ვიცავთ გალიით და ვაწვდით ისევ ფუტკრის ოჯახს, რომელიც მოკლე დროში მიხვდება ახალი დედის აუცილებლობას და მას შეითვისებს ორი-სამი დღის შემდეგ მაინც.
♦ შეგუებისთვის, შესაძლოა, გამოვიყენოთ პიტნის ან არყის წყალხსნარი, ან სხვა რომელიმე უვნებელი სუნიანი საშუალება შეერთებისთვის (ეს ხერხი, სავარაუდოდ, არ იქნება საჭირო).
♦ უღალო პერიოდში დაფრენას ნუ გამოიყენებთ, ამით შესაძლოა ოჯახში აგრესია დიდხანს და გამაწვალებლად გაგრძელდეს.
♦ ღალიანობის პიკის შემდგომ პერიოდს ვარჩევთ დაფრენისთვის იმისათვის, რომ სასაქონლო თაფლის ძირითადი ნაწილი ოჯახს უკვე მიზიდული აქვს, მცირე ნაწილს კი ახალ ოჯახს მოახმარს.
♦ გადაფრენილი ოჯახიდან ბევრად უფრო იოლია სასაქონლო თაფლის ამოღება ფუტკრის მასის შემცირების გამო.
♦ დაფრენილ ოჯახში მოღალე ფუტკრის ნაწილი პასიურ საქმიანობაზე გადაერთვება, რაც მათი სოცოცხლის გახანგრძლივებას გამოიწვევს. ძირითად ოჯახში ისინი მაინც მალე მოცვდებოდნენ და დაიღუპებოდნენ.
♦ დაფრენილ ოჯახში ფუტკრის ახალი თაობის გამოსვლა განაყოფიერებული დედის შემთხვევაში ბევრად უფრო სწრაფად ხდება, რაც ახალი ოჯახის სრულფასოვნების გარანტიაცაა.
აკონტროლეთ ჩარჩოების საჭიროება აუცილებლად. სავარაუდოდ, სამი ჩარჩოზე დაფრენილი ფუტკარი ექვს ჩარჩოს აქტიური პერიოდის დასრულებამდე სრულად დაფარავს. მწიფე სადედიან დაფრენილ ოჯახს კი გაცილებით მეტი მზრუნველობა და ყურადღება დასჭირდება (საქორწინო გაფრენა, ჩაკვერცხვის ხარისხი და ასე შემდეგ). სავარაუდოა, რომ ამ უკანასკნელს ხელოვნური კვებაც დასჭირდეს, ან ძლიერი ოჯახიდან „ჭრელი“ ჩარჩოს დამატება, რაც ოჯახს უზრუნველყოფს საკვებითა და ახალი თაობით.
♦ მთავარი ღალიანობის დასრულებამდე შესაძლოა ზუსტად იმდენი ოჯახი მიიღოთ, რამდენიც აქტიური ოჯახი გყავთ, რასაკვირველია, თუ გყავთ მარაგი დედები ან მწიფე სადედეები. ახალი ოჯახების ჩამოყალიბება გაცილებით ადვილდება, თუ მოსალოდნელია ბუნებაში ახალი ღალიანობა (ვთქვათ, აკაციის შემდგომ წაბლის ან ცაცხვის ყვავილობა, ან წაბლ-ცაცხვის დაყვავილების შემდგომ ბალახეულის ან კულტურული მცენარეების ყვავილობა).
♦ ახალი ოჯახის შექმნის ეს მეთოდი ზოგიერთი მეფუტკრისთვის მიუღებელი იქნება, თუმცა, ჩვენ არ გვაქვს იმის პრეტენზია, რომ ეს მეთოდი იდეალურია.
სტატია მოამზადა როლანდ ხოჯანაშვილმა
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზრულის საჯარო სკოლის ეკოკლუბის ინიციატივით
„ნიკო კეცხოველის პრემია 2018“-ის ფარგლებში ინტერნეტჟურნალ „აგრონიუს.ჯის“ თანადგომით.