პროგრამირებულ სოფლის მეურნეობაზე გადასვლის პერსპექტივა და ფერმერთა ხელშეწყობის სტრატეგია

XXI საუკუნემ სოფლის მეურნეობის დარგი ახალი მოთხოვნების წინაშე დააყენა. თანამედროვე მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი დიდ შესაძლებლობებს იძლევა, რათა სრულვყოთ და განვამტკიცოთ სოფლის მეურნეობის საწარმოო-რესურსული პოტენციალი და მივაღწიოთ მის მდგრად და სტაბილურ განვითარებას. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს წარმოების ტექნოლოგიის სრულყოფა, რისთვისაც მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული გენეტიკური რესურები, მცენარეთა ბიოლოგიური შესაძლებლობები და ზრდა-განვითარებაზე მოქმედი ბიოქიმიური პროცესები.

ამჟამად, აქტუალურად და მწვავედ დგება საკითხი ამ ფაქტორთა მართვისა და რეგულირების შესახებ. ასეთი მიდგომის რეალიზაციის გარეშე, უკვე თვალსაწიერ პერსპექტივაში, თითქმის, წარმოუდგენელი იქნება მაღალ ტექნოლოგიებზე დამყარებული სოფლის მეურნეობის განვითარება. ეს, უპირატესად იმას ნიშნავს, რომ მივაღწიოთ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა პროგრამირებული მოსავლის მიღებას.

დაპროგრამებული მოსავლის მიღებას არამარტო წმინდა აგრონომიული, არამედ, არანაკლები ეკონომიკური მნიშვნელობაც აქვს. ასეა გადაჯაჭვული ერთმანეთთან აგრარულ-ტექნოლოგიური და ეკონომიკური ტექნოლოგიის შესაძლებლობები, რომელიც ლოგიკურად ინფორმაციული ტექნოლოგიის არსენალის მაღალი უკუგებით გამოყენებასაც გულისხმობს.

ეკონომიკური თვალსაზრისით, დაპროგრამებული მოსავლის მიღება ანუ პროგრამირებულ სოფლის მეურნეობაზე გადასვლა გულისხმობს და მოითხოვს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ზრდა-განვითარებაზე მომქმედი პირდაპირი თუ ირიბი ფაქტორებისა და პროცესების, მცენარეთა ბიოლოგიური შესაძლებლობების მიხედვით რაციონალურ და ეფექტურ გამოყენებას, ბუნებრივი და ეკონომიკური პირობების ზონალურ და მიკროზონალურ-დიფერენცირებულ გამოყენებას, საწარმოო-რესურსული პოტენციალის მრავლვარიანტული სცენარის მიხედვით ათვისებას, საწარმოო ინფრასტრუქტურის მასზე მორგებასა და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, საშინაო და საგარეო საბაზრო სეგმენტების მაქსიმალურად ეფექტური ათვისების მიზნით მარკეტინგული სიტუაციის ზედმიწევნით შეფასებასა და გათვალისწინებას.

ამრიგად, ყოველგვარი ტექნოლოგიური, მ.შ. ბიოტექნოლოგიური, საწარმოო-რესურსული, ინფრასტრუქტურული და ამ სახის სხვა ცვლილება, საბოლოო ჯამში და თანამედროვე განზომილებებით ეკონომიკას და თუ უფრო დავაკონკრეტებთ, ბიზნესურ ეკონომიკას უკავშირდება. ამ დაკავშირების ძირითადი და განმსაზღვრელი მიზანია ეკონომიკურად პროგრამირებულ სოფლის მეურნეობაზე გადასვლა და ამ გზით მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესება.

სასოფლო-სამეურნეო წარმოების ამაღლებისა და მდგრადი განვითარების პრიორიტეტული მიჯნებისა და მასშტაბების მისაღწევად საჭიროა:

 სელექციისა და მეთესლეობის გაუმჯობესებისთვის ხელის შეწყობა და სასოფლო-სამეურნეო კულტურათა თესვა მაღალმოსავლიანი ჯიშებით;

 სარგავი მასალის წარმოების ტექნიკური ბაზის გადაიარაღება და სრულყოფა;

 ნიადაგური, ბიოკლიმატური და ბიოქიმიური პოტენციალის მაღალი დატვირთვითა და მაღალი უკუგებით, ზონალურ-დიფერენცირებული სპეციფიკის შესაბამისად გამოყენება;

 მცენარეთა ბიოლოგიური პოტენციალის იმ ნაწილის ამაღლება, რომელიც განაპირობებს მოსავლის მაღალპროდუქტიულობასა და ხარისხს;

 ახალი, ინტენსიურ ტექნოლოგიებზე მორგებული ჯიშებისა და ჰიბრიდების გამოყვანა და მათი ინტენსიური და ინდუსტრიული ტექნოლოგიებით მოვლა-მოყვანა;

 წარმოების ტექნოლოგიური კომპლექსის მართვის ავტომატიზებულ, პროგრამირებულ სისტემებზე გადაყვანა;

 მცენარეთა დაცვის ინტეგრირებული სისტემის ზედმიწევნით მიზნობრივი და სრულყოფილი გატარება;

 არსებული სარწყავი სისტემებისა და მცირე ქსელების სრულ მზადყოფნაში მოყვანა, მათი რეაბილიტაციისა და განახლების საფუძველზე;

 მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით მომარაგებისა და გამოყენების ზონალურ-დიფერენცირებული რეკომენდაციების დამუშავება და დანერგვა;

 პროდუქციის გადამუშავების (მ.შ ექსპრეს-გადამუშავების), გასაღების, წარმოების საშუალებებით მომარაგებისა და საწარმოო მომსახურების ტიპის დამოუკიდებელი და მინიინტეგრირებული საწარმოების (კოოპერატივების და სხვა ფორმის) შექმნა;

 სახელმწიფო დაკვეთებისა და შესყიდვების მექანიზმის შემუშავება და ამოქმედება;

 საბაზრო სეგმენტების სწორად შერჩევა და პროდუქციით გაჯერების სტაბილურობის მიღწევა;

 სამეურნეო რისკის მართვა;

 წარმოების ოპტიმიზაციის ეკონომიკური მოდელების შექმნა და მისი რეალიზაციის ეკონომიკური მე-ქანიზმის დამუშავება.

გასული, მთელი ოცი საუკუნის განმავლობაში სოფლის მეურნეობის ინტენსიური და პროგრამირებული განვითარების საკითხი ისე მწვავედ და აქტუალურად არ დამდგარა, როგორც ახლა. ეს გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ ევოლუციური (თანდათანობითი) ცვლილებები უკვე ვეღარ ესატყვისება და ვერ ეთავსება ამჟამინდელ და აქამდე უცხო, ეკონომიკური ზრდის (განვითარების) წარმოუდგენლად სწრაფ ტემპებს. ამას გარდა, რესურსული პოტენციალის ათვისებისა და გამოყენების ტერიტორიულ-სივრცობრივმა ფაქტორებმა დაკარგა თავისი ძალა და შესაძლებლობები და გზა დაუთმო რევოლუციურ ანუ ინტენსიურ ფაქტორებს.

სოფლის მეურნეობის ინტენსიური განვითარება ნიშნავს იმას, რომ თითოეული ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგული, პირუტყვისა და ფრინველის სახე მოექცეს ინტენსიური, მრავალკომპონენტური, ავტომატიზებული, პროგრამირებული, ტექნოლოგიური, ბიოლოგიური და ბიოქიმიური პროცესების მართვის სისტემების გავლენის ქვეშ, რათა ამ კომპლექსური არსენალის ურთიერთშეჯერებული, და ერთდროული გამოყენებით მივიღოთ არა მხოლოდ აგროტექნიკურად და ზოოტექნიკურად მაღალი, არამედ ბიოლოგიური პოტენციალის შესაბამისი პროგრამირებული პროდუქცია.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მოსავლიანობის პროგრამირებაში გადამწყვეტია ნიადაგის განოყიერების, მცენარეთა ინტეგრირებული დაცვისა და წყლის რესურსების მართვის ღონისძიებების რაციონალური, ღრმად მიზნობრივი გამოყენება, რომელსაც უნდა ეყრდნობოდეს მაღალი ეკონომიკური უკუგება.

ასეთი გადაუდებელი და აუცილებელი მოთხოვნების პირობებში დასაფიქრებელია, რომ საქართველოს დღევანდელი სოფლის მეურნეობა ჯერ კიდევ, მინიმალურადაც ვერ პასუხობს ამ რეალობასა და გამოწვევებს.

ამის მიზეზი, პირველ ყოვლისა სოფლის მეურნეობის განვითარების არასწორი სტრატეგიაა, დაუსაბუთებელი დარგობრივ-რეგიონული პრიორიტეტების გამოყოფითა და შეუსაბამო პროგნოზული გათვლებით;

მეორეს მხრივ სუსტი საწარმოო-რესურსული პოტენციალია, რომელიც არარაციონალურად და არაეფექტურად გამოიყენება;

მესამეს მხრივ ასევე სუსტი საწარმოო და სოციალური ინფრასტრუქტურა და გამოკვეთილი მინიშნებით აგროტექსერვისია, რომელმაც ათეული წლებია ვერ მიაღწია სათანადო დონეს და ვერ მოერგო ძირითად წარმოებას. არადა, ინფრასტრუქტურას არანაკლები მნიშნელობა აქვს, ვიდრე თვით ძირითად წარმოებას;

მეოთხეს მხრივ დაულაგებელი ეკონომიკური მექანიზმია, რომლის ბერკეტებიც არამიზნობრივად და ერთმანეთთან შეთანაწყობის გარეშე გამოიყენება. ეს განსაკუთრებით ითქმის ფულად-საკრედიტო ურთიერთობებზე და მენეჯმენტზე, სხვადასხვა დონის მიხედვით;

მეხუთეს მხრივ კი ამის მიზეზი კადრებით შიმშილი და მათი კვალიფიკაციის დაბალი დონეა. სწორედ ეს არის ძირითადი და განმსაზღვრელი, ეკონომიკურად მოდიფიცირებული მოტივაცია სოფლის მეურნეობის უკიდურესი ჩამორჩენილობისა.

ყოველივე ეს ჩვენი მოუშუშებელი სატკივარია, იმის მიუხედავად, რომ ორ ათეულ წელზე მეტია, რაც გასაქანი მიეცა ახალი ორგანიზაციულ-სტრუქტურული და სამართლებრივი ფორმის-ფერმერული მეურნეობების განვითარებასა და მის თანმდევ პროცესს-კოოპერატიული საწარმოების ჩამოყალიბებასა და ფუნქციონირებას. შეინიშნება, რომ ეს პროცესი შეფერხებებით და რაღაც უხილავი ძალის გავლენით დუნედ მიმდინარეობს. ჩემი აზრით, ძირითადი მიზეზი ეკონომიკურ მექანიზმში უნდა ვეძებოთ. ეს უნდა უკავშირდებოდეს მათი ფუნქციონირებისათვის არასწორი პირობების წაყენებასა (დაწესებას) და ეკონომიკურ-სამართლებრივი გარანტიების ჯაჭვს.

ამ თვალსაზრისით და ზემოთქმულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ფერმერთა და სოფლის მეურნეობის სპეციალისტთა ხელშეწყობის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე და მათი კვალიფიკაციის ამაღლების გაუმჯობესებაზე.

ფერმერთა ცოდნის დონის, კვალიფიკაციისა და პროფესიონალიზმის ამაღლება უნდა გახდეს განმსაზღვრელი და გარდატეხის შემტანი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში.

ამ მოსაზრების განსამტკიცებლად ინტერესმოკლებული არ იქნება გავეცნოთ ზოგიერთ ეკონომიკურ მონაცემს.

ამჟამად საქართველოში სასოფლო-სამეურნეო სივრცეს ძირითადად ფერმერული მეურნეობები იკავებენ. მათი რიცხვი ათეულ ათასობითაა. მათ საკუთრებაშია 54.7 % სახნავი, 68.4% მრავალწლიანი ნარგაობა, 30.6 % სათიბი. ფერმერული მეურნეობები, ძირითადად წვრილი, მცირე სიდიდის საწარმო-ებია. მათი 39.3% ფლობს მხოლოდ 0.5 ჰა-მდე მიწის ფართობს, 29.5% — 0.5 დან 1 ჰა-მდე, 29.6 % 5-დან 10 ჰა-მდე, 0.1% 200 ჰა-მდე, 0.08 % 200 ჰა-ზე მეტს.

საქართველოში, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის უმეტეს ნაწილს ფერმერული მეურნეობები ქმნიან, კერძოდ, ისინი აწარმოებენ მარცვლეულის 94%, კარტოფილის-78%, ბოსტნეულ-ბაღჩეულის-99%, მზესუმზირის-100%. სოიოს-100%, ყურძნის-92%, ციტრუსების-100%, ჩაის-69%, ხორცის-98%, კვერცხის-86%, მატყლის-100%. თაფლის-100%.

ამ ხასიათის სტატისტიკური მონაცემები სრულ წარმოდგენას მაინც ვერ იძლევა ფერმერულ მეურნეობათა საწარმოო სიძლიერეზე. ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო წარმოების ფაქტობრივი დონე და მისი ზრდის ტემპი ჯერ კიდევ საკმაოდ დაბალია. ბოლო 15 წელიწადში სოფლის მეურნეობის მთლიანი პროდუქცია 55-58 %-ზე მეტად არ გაზრდილა.

უკიდურესად დაბალია სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობები ფერმერულ მეურნეობებში: ხორბლისა არ აღემატება 20-22 ცენტნერს, სიმინდისა — 25-27, კარტოფილისა — 110-115, ბოსტნეულისა — 93-95, ხილისა — 50-55 ცენტნერს.

სასოფლო-სამეურნეო წარმოების ჩამორჩენილობას დიდწილად განაპირობებს ის, რომ ფერმერულ მეურნეობებში, რომლებიც უნდა ჰქმნიდნენ ამინდს მთელ აგრარულ სექტორში, უკიდურესად დაბალია აგროტექნიკურ და ზოოტექნიკურ ღონისძიებათა დონე. არ გააჩნიათ სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, აქვთ (ან საერთო არ გააჩნიათ) მოძველებული ტექნიკური საშუალებები, აკლიათ ან არ შეუძლიათ შეიძინონ მინერალური სასუქები (რის გამოც ნიადაგების ნაწილი თანდათან იფიტება საკვები ელემენტებისაგან), სარეველა მცენარეებთან საბრძოლველი და მცენარეთა დაცვისათვის საჭირო ქიმიური საშუალებები. ნათესების თესვა ხდება არაკონდიციური სათესლე მასალით, მოშლილია სანერგე და სადედე მეურნეობები. არასრულფასოვნად ან`და საერთოდ ვერ ახერხებენ აუცილებელი, ვეტერინარული ღონისძიებების ჩატარებას, მოშლილია სანაშენე საქმე.

ყოველივე ამას ემატება ისიც, რომ ფერმერებსა და სოფლის მეურნეობის სპეციალისტებს არ გააჩნიათ სათანადო აგრონომიული და ზოოტექნიკური განათლება, არ იცნობენ და ამიტომაც არ (ვერ) იყენებენ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოვლა-მოყვანისა და სასოფლო-სამეურნეო პირუტყვის შენახვის თანამედროვე ტექნოლოგიებს. სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ატარებენ მოძველებული, ე.წ. ტრადიციული მეთოდებით, ხერხებითა და საშუალებებით. ფაქტობრივად, სწორედ ამ მიზეზით არის გაპირობებული ფერმერულ მეურნეობათა ჩამორჩენილობა და სასოფლო-სამეურნეო წარმოების დაბალი დონე.

ყოველივე ეს საკმაოდ შემაშფოთებელია თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ეროვნული ეკონომიკა 17-18% ით პირდაპირ არის დამოკიდებული აგრარულ ბაზარზე.

როგორც ჩანს, პრობლემა საკმაოდ მწვავეა. მის გადასაწყვეტად დადგა იმის აუცილებლობა, რომ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ფუნქციონირება დაიწყოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლების სასწავლო ცენტრმა, რომელმაც უნდა გამოიყენოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის სპეციალისტთა სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ახლებური სისტემა.

ეს ყურადღებასაღებია იმ გარემოების გამოც, რომ საბაზრო ურთიერთობათა პირობებში მნიშვნელოვნად იცვლება სოფლის მეურნეობის სპეციალისტთა და ფერმერთა ორიენტაცია, მათი დამოკიდებულება და მოტივაციები ეკონომიკურ მექანიზმსა და ტექნოლოგიურ სიახლეებზე. საჭირო ხდება ახლებური მიდგომები საწარმოთა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმების შერჩევისა და შემოღების, წარმოების გაძღოლის სისტემისა და მათი ცალკეული ელემენტის გამოყენებისა და დანერგვის, პროგრესული ტექნოლოგიების გამოყენების, სასურსათო ბაზრის ფორმირებისა და საბაზრო სეგმენტების შერჩევის, შიდა და საგარეოეკონომიკური კავშირებისა და წარმოების ინტეგრაციის განვითარების მიმართულებით.

ეს სისტემა, რაც უწყვეტი სწავლების პრინციპებს უნდა შეესაბამებოდეს, მომავალზე ორიენტირებულ მიდგომებს, ფორმებსა და მეთოდებს უნდა ეყრდნობოდეს და მოიცავდეს დარგობრივ-რეგიონულ ტექნიკურ-ტექნოლოგიურ და ეკონომიკურ-ორგანიზაციულ, ინფრასტრუქტურულ, ბიზნესური ეკონომიკისა და სამართალმცოდნეობის ასპექტებს, ორიენტირებული უნდა იყოს უპირატესად ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებაზე.

 

ომარ ქეშელაშვილი,

სსმმ აკადემიის ეკონომიკის

სამეცნიერო განყოფილების

აკადემიკოს-მდივანი,

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.