ფუტკრის ამერიკულ სიდამპლესთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებების წესი
ფუტკრის ამერიკული სიდამპლე (American foulbrood) ლარვებისა და ჭუპრის მაღალკონტაგიოზური და სწრაფად პროგრესირებადი დაავადებაა. დაავადების აღმძვრელია გარემო პირობების მიმართ განსაკუთრებულად მდგრადი, სპორის წარმომქმნელი გრამდადებითი ბაქტერია – Paenibacillus larvae.
ამერიკული სიდამპლის გამოვლენა ფიჭაზე გადაბეჭდილი ბარტყის (ჭუპრის) მეჩხერი განლაგების, ჭუპრიანი ფიჭის უჯრების სარქველების ჩაზნექის, პერფორაციისა და ასეთ უჯრაში ჩამპალი, წელვადი და შემდგომში გამომშრალი, ხრწნის სპეციფიკური სუნის მქონე ჭუპრის მკვდარი სხეულის აღმოჩენას უკავშირდება.
ამერიკული სიდამპლის საწყისი სტადია შესაძლოა მიმდინარეობდეს სუბკლინიკური ფორმით.
საველე პირობებში ამერიკულ სიდამპლეზე სავარაუდო დიაგნოზის დასმისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ეპიდემიოლოგიური მოკვლევის შედეგები, დაავადების კლინიკური ნიშნები და მსგავსი კლინიკური ნიშნების მქონე სხვა პათოლოგიები: ევროპული სიდამპლე, ფუტკრის ბარტყის გადაცივება, პარკუჭა ბარტყი და ვაროატოზი.
ამერიკულ სიდამპლეზე დიაგნოზის დადგენა ხდება ლაბორატორიული გამოკვლევის საფუძველზე ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) მიერ რეკომენდებული მეთოდების გამოყენებით (Manual of Diagnostic Tests and Vaccines for Terrestrial Animals).
ამერიკულ სიდამპლესთან დაკავშირებული ეპიზოოტიური (ეპიდემიოლოგიური) კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო, ხოლო ლაბორატორიულ გამოკვლევებზე პასუხისმგებელია საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია _ (სმსლ).
ტერმინთა განმარტება
„ფუტკრის ამერიკულ სიდამპლესთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებების წესის“ მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ეპიზოოტიური კერა – კონკრეტული ადგილი ან/და მისი მიმდებარე ტერიტორია, სადაც არის აღმძვრელის აქტიური წყარო და შესაძლებელია ფუტკრის დაავადება;
ბ) რისკის ქვეშ მყოფი ფუტკრის ოჯახები – ფუტკრის ოჯახები, რომლებიც ბინადრობენ ან/და უწევთ გადაადგილება ეპიზოოტიურ კერაში;
გ) ამერიკული სიდამპლის საეჭვო შემთხვევა – შემთხვევა, როდესაც ადგილი აქვს დაავადებისათვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნების გამოვლენას;
დ) ამერიკული სიდამპლის დადასტურებული შემთხვევა – შემთხვევა, როდესაც ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დადასტურებულია დაავადების აღმძვრელის არსებობა;
ე) პასუხისმგებელი პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ფუტკრის ოჯახს ან/და პასუხისმგებელია ფუტკრის ოჯახის მოვლა-შენახვაზე;
ვ) ცხოველური პროდუქტი – ცხოველური წარმოშობის სურსათი, აგრეთვე ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტი;
ზ) მეფუტკრეობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტი (apiculture by-products) – თაფლი, ფუტკრის ცვილი, ფუტკრის რძე, დინდგელი ან მტვერი, რომელიც არ არის განკუთვნილი ადამიანის მიერ მოხმარებისთვის;
თ) საფუტკრე მეურნეობა – შემოღობილი ან შემოუღობავი ტერიტორია სკებით, საფუტკრის შენობებითა და აღჭურვილობებით, სადაც ხდება ფუტკრის შენახვა, მოვლა და რომელიც წარმოადგენს ფუტკრის მუდმივ ან დროებით ფიზიკურ ადგილსამყოფელს და რომელიც რეგისტრირდება დადგენილი წესის შესაბამისად;
ი) სკა – კონსტრუქცია, მათ შორის ხის მორისაგან დამზადებული კონსტრუქცია, რომელშიც მოთავსებულია ფუტკრის ოჯახი, ჩვეულებისამებრ, აღჭურვილი ჩარჩოებით, საფრენით, დასათბუნებელი მასალით, ხის ან სხვა მასალის საკუჭნაოთი;
კ) ფიჭა – ფუტკრების მიერ აგებული ცვილის ორმხრივი სტრუქტურა ჰექსაგონური ფორმის უჯრებით;
ლ) ასაშენებელი ფიჭა – ფუტკრის ცვილისგან დამზადებული ფურცელი ორმხრივად ამოტვიფრული ჰექსაგონური კონტურებით, განკუთვნილი ფუტკრის ოჯახის მიერ ფიჭების სამშენებლოდ;
მ) ფუტკრის ოჯახი – მეთაფლია ფუტკრების (Apis mellifera) ერთიანი ჯგუფი, ჩვეულებრივ, ერთი დედა ფუტკრით, მუშა ფუტკრებით, სეზონური თავისებურების გათვალისწინებით მამალი ფუტკრებითა და ფუტკრის ბარტყით ან მათ გარეშე;
ნ) ფუტკრის ბარტყი – განვითარებადი მეთაფლე ფუტკრის ყველა საფეხურის, დაწყებული კვერცხითა და დასრულებული ჭუპრით;
ო) ფუტკრის ოჯახის ბუდე – სკის ნაწილი შემდგარი ჩარჩოებისგან, ფიჭებისგან და ფიჭის უჯრებში განთავსებული ფუტკრის ბარტყის, თაფლისა და ჭეოსაგან;
პ) ქურდობა – მუშა ფუტკრების მიერ თაფლისა და საკვები მარაგის აღება (დატაცება) ფუტკრის სხვა ოჯახებიდან.
ამერიკული სიდამპლის პროფილაქტიკის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები
1. მეთაფლია ფუტკრის ოჯახების მოვლა-შენახვისას გამოყენებული უნდა იქნეს კარგი საწარმოო პრაქტიკა, რაც გულისხმობს:
ა) ფიჭების განახლებას ყოველწლიურად, ფუტკრის ოჯახის ბუდის ჩარჩოების საერთო რაოდენობის სულ მცირე 1/3-ის ასაშენებელი ფიჭის ფურცლით ჩანაცვლებით;
ბ) ჩარჩოების მინიმალურ გადანაცვლებას ოჯახებს შორის;
გ) ქურდობის აღკვეთას ფუტკრის ოჯახებს შორის;
დ) მეფუტკრეობისთვის აქტიურ პერიოდში, წლის განმავლობაში სულ მცირე ორჯერ ფუტკრის ოჯახების შემოწმებას ამერიკული სიდამპლის კლინიკური ნიშნების არსებობაზე და შემოწმების შედეგების შესახებ შესაბამისი ჩანაწერების წარმოებას;
ე) ფუტკრის ოჯახების გადაადგილებამდე 30 დღის ვადაში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მათი დათვალიერება ამერიკული სიდამპლის კლინიკური ნიშნების აღმოჩენის მიზნით, „საფუტკრე მეურნეობაში მეთაფლია ფუტკრის ამერიკული სიდამპლის კონტროლის ჟურნალი“ (დანართი) შევსების გზით.
2. ამერიკული სიდამპლის ეპიზოოტოლოგიური და პათოგენეზური თავისებურებების გამო, დაუშვებელია ამერიკული სიდამპლის პროფილაქტიკის მიზნით კლინიკურად ჯანმრთელ ფუტკრის ოჯახებში ვეტერინარული პრეპარატების გამოყენება, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში პრეპარატების გამოყენება იწვევს ამერიკული სიდამპლის კლინიკური ნიშნების შენიღბვას და იქმნება მისი გავრცელების საფრთხე.
ამერიკული სიდამპლის შესახებ შეტყობინების ვალდებულება
1. ამერიკული სიდამპლის საეჭვო და დადასტურებული შემთხვევისას, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სააგენტოს.
2. ამერიკული სიდამპლის საეჭვო შემთხვევის შესახებ შეტყობინების ვალდებულება ეკისრება:
ა) პასუხისმგებელ პირს;
ბ) ნებისმიერ თანმხლებ პირს ფუტკრის ოჯახების ტრანსპორტირებისას;
გ) ვეტერინარს, რომელიც ჩართულია ფუტკრის ოჯახების ჯანმრთელობის სერვისში;
დ) სახელმწიფო ვეტერინარს, სმსლ-ს ან კერძო ლაბორატორიებს.
3. სააგენტოსთვის დადასტურებული შემთხვევების შეტყობინების ვალდებულება ეკისრება სმსლ-ს.
4. სააგენტო ვალდებულია ტროპილელაფსოზის დადასტურებული შემთხვევის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს.
პასუხისმგებელი პირის ვალდებულებები
პასუხისმგებელი პირი ვალდებულია:
ა) ითანამშრომლოს სააგენტოსთან და შეასრულოს სააგენტოს მითითებები ფუტკრის დიაგნოსტიკური გამოკვლევის, დეზინფექციის/დეზინსექციის/დერატიზაციისა და საკარანტინო ღონისძიებების განხორციელებისას;
ბ) ამერიკულ სიდამპლეზე საეჭვო შემთხვევის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს;
გ) სააგენტოს მითითებების შესაბამისად:
გ.ა) ფუტკრის ოჯახებთან მუშაობისას დაიცვას სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები;
გ.ბ) უზრუნველყოს ამერიკულ სიდამპლეზე საეჭვო ფუტკრის ოჯახთან სამუშაოების ჩატარების შემდეგ გამოყენებული ინვენტარის სათანადო დეზინფექცია;
გ.გ) უზრუნველყოს ჯანმრთელი და ამერიკულ სიდამპლეზე საეჭვო ფუტკრის ოჯახების ცალ-ცალკე დათვალიერება, ამერიკულ სიდამპლეზე საეჭვო შემთხვევასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
გ.დ) ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგების მიღებამდე:
გ.დ.ა) არ დაუშვას ამერიკულ სიდამპლეზე საეჭვო შემთხვევის მქონე საფუტკრე მეურნეობიდან ფუტკრის ოჯახ(ებ)ის გადაადგილება, რეალიზაცია და დაავადებაზე საეჭვო ოჯახ(ებ)იდან ასეთი ოჯახიდან ფიჭის, საკვები მარაგის, დედა ფუტკრის, ბარტყის ან/და ზრდასრული ფუტკრის მასის სხვა სკაში გადაყვანა;
გ.დ.ბ) უზრუნველყოს ამერიკულ სიდამპლეზე საეჭვო ფუტკრის ოჯახ(ებ)იდან მიღებული ცხოველური პროდუქტის, ცხოველური პროდუქტის, მათ შორის, სათანადო შენახვა იზოლირებულად, არ დაუშვას ამ პროდუქტების, გარდა მეურნეობაში უკვე არსებული სასურსათო დანიშნულების მეფუტკრეობის პროდუქტებისა, გადატანა და რეალიზაცია;
გ.ე) საკარანტინო პერიოდში, უზრუნველყოს სადეზინფექციო, სადერატიზაციო და სადეზინსექციო სამუშაოები.
სააგენტოს ვალდებულებები
1. ამერიკულ სიდამპლეზე საეჭვო შემთხვევასთან დაკავშირებით შეტყობინების მიღებისას, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია:
ა) დაუყოვნებლივ გამოცხადდეს შემთხვევის ადგილზე;
ბ) ჩაატაროს ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) მოკვლევა ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად;
გ) განახორციელოს ფუტკრის ოჯახების კლინიკური დათვალიერება და პასუხისმგებელ პირს მისცეს მითითებები კლინიკურად ჯანმრთელი, ამერიკულ სიდამპლეზე საეჭვო ფუტკრის ოჯახების განცალკევებაზე და საფუტკრე მეურნეობაში არსებული ცხოველური პროდუქტების მარაგის, მათ შორის, მადპ-ის დადგენაზე/აღწერაზე და მონაცემების შენახვაზე;
დ) აიღოს ნიმუშ(ებ)ი ლაბორატორიული გამოკვლევისთვის და გადააგზავნოს სმსლ-ში;
ე) დაადგინოს ეპიზოოტიური კერის საზღვრები, შეაფასოს ეპიზოოტიური სიტუაცია და მიიღოს გადაწყვეტილება რისკის ქვეშ მყოფი ფუტკრის ოჯახებში ჩასატარებელ სამუშაოებთან დაკავშირებით;
ვ) ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგების მიღებამდე, მისცეს მითითებები პასუხისმგებელ პირს, ამერიკულ სიდამპლეზე საეჭვო ფუტკრის ოჯახ(ებ)ისა და მისგან მიღებული ცხოველური პროდუქტის, გარდა მეურნეობაში უკვე არსებული სასურსათო დანიშნულების მეფუტკრეობის პროდუქტებისა, საფუტკრე მეურნეობიდან გადაადგილებისა და რეალიზაციის შეზღუდვაზე.
2. ამერიკული სიდამპლის საეჭვო შემთხვევებთან დაკავშირებით ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) მოკვლევა ხორციელდება კითხვარების საფუძველზე.
3. ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) მოკვლევა უნდა ითვალისწინებდეს:
ა) დროის ინტერვალს, ამერიკული სიდამპლის აღმძვრელის საფუტკრე მეურნეობაში შესაძლო არსებობაზე ეჭვის გაჩენიდან დაავადების შეტყობინებამდე;
ბ) საფუტკრე მეურნეობაში ამერიკული სიდამპლის შესაძლო წარმოშობასა და სხვა საფუტკრე მეურნეობების იდენტიფიცირებას, სადაც ამთვისებელი ფუტკრის ოჯახები შეიძლება დაინფიცირდეს იმავე წყაროდან;
გ) შესაძლო მასშტაბს, რომლითაც სხვა ამთვისებელი ფუტკრის ოჯახები შეიძლება დაინფიცირდნენ ან მოხდა მათი კონტამინაცია;
დ) პირების, სატრანსპორტო საშუალებების, ამთვისებელი ფუტკრის ოჯახის, ცხოველური პროდუქტის, მათ შორის მადპ-ის ან ნებისმიერი მასალის გადაადგილებას, რის შედეგად შესაძლებელია გამომწვევის გადატანა დაინფიცირებული ფუტკრის ოჯახიდან სხვა ფუტკრის ოჯახში.
4. ამერიკული სიდამპლის დადასტურებულ შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედებების გარდა, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია ჩაატაროს შემდეგი ქმედებები:
ა) მოახდინოს ყოველი ახალი კერის აღრიცხვა;
ბ) შეიმუშაოს პროექტი კარანტინის დაწესებაზე სახელმწიფო რწმუნებულის – ან საქართველოს მთავრობისთვის წარსადგენად;
გ) ეპიზოოტიურ კერაში, კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელოს ამერიკული სიდამპლის სალიკვიდაციო ღონისძიებებზე ზედამხედველობა.
სააგენტოს ურთიერთობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან
1. ამერიკული სიდამპლის დადასტურებისას, სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს შორის კომპეტენციის ფარგლებში, ხორციელდება თანამშრომლობა ურთიერთდახმარებისა და პრობლემების ერთობლივად გადაჭრის პრინციპზე დაყრდნობით. აღნიშნული მოიცავს ვეტერინარული კარანტინის დროს, ამერიკული სიდამპლის გამომწვევის გავრცელების, ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის მიზნით კარანტინის დაწესებას, მოხსნასა და საკარანტინო ღონისძიებების გატარებაში ხელშეწყობას.
2. კარანტინი წესდება და იხსნება სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე:
ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − სახელმწიფო რწმუნებულის მიერ;
ბ) ერთზე მეტი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − ამ მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქმედი სახელმწიფო რწმუნებულის ან საქართველოს მთავრობის მიერ.
მეთაფლია ფუტკრის ოჯახებიდან ამერიკულ სიდამპლეზე ლაბორატორიული გამოცდისთვის გამოსაკვლევი მასალის აღების წესი
1. ამერიკული სიდამპლის არსებობაზე საეჭვო შემთხვევის დროს:
ა) გამოსაკვლევად ნიმუშების აღებას ახორციელებს სახელმწიფო ვეტერინარი;
ბ) ნიმუშის ამღები პირი აღჭურვილი უნდა იყოს სპეციალური ტანსაცმლით და საჭირო ინსტრუმენტებით.
2. ამერიკულ სიდამპლეზე ლაბორატორიული გამოკვლევის მიზნით შეიძლება აღებულ იქნეს შემდეგი ტიპის ნიმუშებიდან ერთ-ერთი:
ა) ამერიკული სიდამპლის კლინიკური ნიშნების მქონე ფუტკრის ოჯახებიდან:
ა.ა) ბარტყიანი ფიჭა ჩარჩოიანად ან ფიჭის ნაჭერი, რომლის ფართობიც არ უნდა იყოს 150 სმ2-ზე (10X15 სმ-ზე) ნაკლები. ფიჭის უჯრებში უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი ისეთი ტიპის ბარტყი, რომელიც ამერიკული სიდამპლისთვის დამახასიათებელ ნიშნებს ავლენს. ჩარჩოიანი ფიჭა ან ფიჭის ნაჭერი არ უნდა შეიცავდეს თაფლს;
ა.ბ) სტერილური ტამპონით აღებული ფიჭის უჯრაში მყოფი ფუტკრის ბარტყის სხეულის ნაწილი, რომელსაც აღენიშნება ამერიკული სიდამპლისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები;
ბ) ამერიკული სიდამპლის კლინიკური ნიშნების არმქონე ოჯახებიდან სადიაგნოსტიკო მიზნით ხდება თაფლისა და საკვები მარაგის ნიმუშების აღება, სულ მცირე 40 მლ-ის ოდენობით უშუალოდ ფუტკრის ოჯახის ბუდიდან. თაფლის ან საკვები მარაგის ნიმუშების აღება ხდება ფიჭაზე ბარტყის განლაგების ადგილის სიახლოვეში (ნიმუში მისი აღების ტექნიკის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლოა შეიცავდეს ფიჭის ნაწილაკებს). თაფლისა და საკვები მარაგის არარსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია აღებულ იქნეს შემდეგი ტიპის ნიმუშებიდან ერთ-ერთი:
ბ.ა) ფიჭა, ზრდასრული ფუტკრები ან სკის ფსკერზე დაგროვილი ნაგავი;
ბ.ბ) ფიჭის ნიმუში, რომელიც უნდა შეგროვდეს ინდივიდუალურად, ცარიელი ფიჭებიდან სულ მცირე 150 სმ2 ფართობის მონაკვეთების ამოჭრით;
ბ.გ) ზრდასრული ფუტკრის ნიმუში, რომელიც უნდა შედგებოდეს სულ მცირე 30 ფუტკრისგან და რომელთა შეგროვდება უნდა მოხდეს ბარტყიანი ფიჭის ზედაპირიდან მათი ჩამოფერთხვით ან პირდაპირ კონტეინერში ჩაყრით. კონტეინერში მოთავსებული ფუტკრების მოკვლა ხდება გაყინვით;
ბ.დ) სკის ფსკერზე დაგროვილი ნაგავი, რომელიც უნდა შეგროვდეს სულ მცირე 200 მლ-ის მოცულობით.
3. გამოსაკვლევი მასალის აღების შემდგომ ერთჯერადი სპეციალური ტანსაცმელი, გარდა სათვალეებისა, უნდა მოთავსდეს ბიოუსაფრთხოების პარკში და შეიკრას. ბიოუსაფრთხოების პარკების დაწვა უნდა მოხდეს ინსენერატორში. სათვალეები უნდა დამუშავდეს 70%-იანი სპირტით. ხელები უნდა დამუშავდეს 70%-იანი სპირტით ან სადეზინფექციო ჟელეთი და შემდგომ დაბანილი უნდა იქნეს წყლით. სინჯის აღების დროს გამოყენებული მრავალჯერადი გამოყენების ინვენტარი უნდა დამუშავდეს შესაბამისი დეზინფექტანტით.
ამერიკული სიდამპლის გამოსაკვლევი მასალის სინჯის/ნიმუშის შეფუთვა–ტრანსპორტირება
1. ლაბორატორიული გამოკვლევისთვის აღებული ნიმუშები ტრანსპორტირებამდე უნდა მოთავსდეს:
ა) ბარტყიანი ფიჭის ნიმუში – ქაღალდის პაკეტში, რის შედეგად ქაღალდის პაკეტი უნდა შეიფუთოს მუყაოს, ხის ან პოლიეთილენის ყუთით ან ჰერმეტულად დახურვადი პოლიეთილენის პარკით;
ბ) ტამპონები, ფუტკრის ბარტყის ნარჩენებით – პლასტმასის ჰერმეტულ თავსახურიან სტერილურ სინჯარაში;
გ) სკიდან აღებული თაფლის ან საკვები მარაგის ნიმუშები სინჯის ასაღებად გამოყენებული კოვზიანად (შპატელიანად) – პლასტმასის სტერილურ კონტეინერში, რომელიც ჰერმეტულად იხურება სახურავით. ნიმუში ტრანსპორტირებამდე შესაძლოა ინახებოდეს ოთახის ტემპერატურაზე ან მაცივარში. თუ კოვზი/შპატელი ვერ თავსდება აღნიშნულ კონტეინერში უნდა მოხდეს გამოყენებული კოვზის გაუვნებელყოფა;
დ) ზრდასრული ფუტკრების ნიმუში – პლასტმასის სტერილურ კონტეინერში;
ე) სკის ფსკერზე თავმოყრილი ნარჩენები – ქაღალდის პაკეტში;
ვ) ნიმუშების მეორადი შეფუთვა – პოლიეთილენის პაკეტში, ჯვარედინი დაბინძურების თავიდან ასაცილებლად.
2. თუ გასაგზავნი ნიმუშები რაოდენობრივად ბევრია, ნიმუშების მექანიკურად დაზიანების თავიდან ასაცილებლად საჭიროა სამჯერადი შეფუთვა (დიდი მუყაოს ყუთები).
3. ყველა ტიპის ნიმუშის შენახვა და ტრანსპორტირება უნდა მოხდეს ცივი ჯაჭვის პრინციპის დაცვით. მხოლოდ ზრდასრული ფუტკრების შემცველი ნიმუში შეიძლება ინახებოდეს ეთანოლის 70%-იან ხსნარში და ასეთი სახით მოხდეს მისი ტრანსპორტირება.
4. დაუშვებელია მინის კონტეინერის გამოყენება ნიმუშის პირველადი ან შემდგომი შეფუთვისას.
5. გამოსაკვლევად გასაგზავნ პათოლოგიურ მასალას, გარედან კონტეინერზე მითითებული უნდა ჰქონდეს საფუტკრე მეურნეობის რეგისტრაციის და სკაზე დატანილი ფუტკრის ჯგუფური საიდენტიფიკაციო ნომერი.
6. პათოლოგიური მასალა აღებიდან დაუყოვნებლივ, არაუმეტეს 24 საათის განმავლობაში, სათანადო პირობების დაცვით უნდა გაიგზავნოს ლაბორატორიაში.
საფუტკრე მეურნეობაში ამერიკული სიდამპლის დადასტურების შემთხვევაში ჩასატარებელი ღონისძიებები
1. ამერიკული სიდამპლის დადასტურების შემთხვევაში, ეპიზოოტიური კერა და მის ირგვლივ არანაკლებ 3 კმ რადიუსი ცხადდება საკარანტინო ზონად.
2. ფუტკრის ოჯახში ამერიკული სიდამპლის საწყისი ფორმის შემთხვევაში, პასუხისმგებელი პირის მიერ სახელმწიფო ვეტერინარის ზედამხედველობით, შესაძლოა განხორციელდეს ფუტკრის ოჯახის გადასხმა ახალ ბუდეზე, რაც გულისხმობს:
ა) ზრდასრული ფუტკრებისა (იმაგო ფორმების) და დედა ფუტკრის ჩაფერთხვას ახალ ან დეზინფიცირებულ სკაში, რომელშიც განთავსებულია ხელოვნური ასაშენებელი ფიჭიანი ჩარჩოები, რა დროსაც ხდება ფუტკრების დამშევა 24 საათით;
ბ) ზრდასრული ფუტკრებისა და დედა ფუტკრის ჩაფერთხვას დროებით, სათანადო ზომის ვენტილირებად (ბადიან) ყუთში, ფუტკრების 24 საათიანი დამშევით და მათი შემდგომი გადასმით ახალ ან დეზინფიცირებულ სკაში, რომელშიც განთავსებულია ხელოვნური ასაშენებელი ფიჭიანი ჩარჩოები.
3. ფუტკრის ოჯახში ამერიკული სიდამპლის გენერალიზებული ფორმის შემთხვევაში, როდესაც ზრდასრული ფუტკრის რაოდენობა ფუტკრის ოჯახში მცირეა, უნდა მოხდეს ოჯახისა და მისი ბუდის განადგურება დაწვით, საფუტკრის ტერიტორიაზე ან საფუტკრიდან ახლო მანძილზე მოწყობილ ადგილას. მანიპულაციის განხორციელებამდე ფუტკრის ოჯახის მოკვლა ხდება ფუტკრის საცხოვრებელში გოგირდის ბოლის შეშვებით.
4. დაავადებული ოჯახების მოკვლიდან ან ახალ ბუდეზე გადასხმიდან და ამ წესის მე-12 მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების გატარებიდან არაუადრეს 6 კვირისა და არაუგვიანეს 9 კვირისა სააგენტოს მიერ ხორციელდება ზედამხედველობა, რომლის დროსაც უნდა დათვალიერდეს საფუტკრე მეურნეობაში არსებული ყველა ოჯახი.
5. ზრდასრული ფუტკრების გარეშე დარჩენილი დაავადებული ოჯახის ბუდე უნდა განადგურდეს.
ამერიკულ სიდამპლესთან ბრძოლის საკარანტინო ღონისძიებები
1. ეპიზოოტიურ კერაში ამერიკული სიდამპლის შემთხვევის დადასტურების დროს იკრძალება:
ა) ფუტკრის ოჯახების შეყვანა და გამოყვანა;
ბ) დაავადებული ფუტკრის ოჯახებიდან ჩარჩოების გადაადგილება სხვა ოჯახებში;
გ) ამერიკულ სიდამპლეზე საეჭვო ოჯახებიდან დედების გადაადგილება-რეალიზაცია;
დ) მადპ-ის, ფუტკრის დამატებითი საკვების, სკების და საფუტკრე მეურნეობაში გამოყენებული ხელსაწყოების გატანა;
ე) ფუტკრის ოჯახებისგან მოცილებული და ცალკე მარაგის სახით არსებული თაფლისა და ჭეოს გამოყენება ფუტკრის საკვებად;
ვ) დაავადებული ოჯახებიდან ცხოველური პროდუქტების მიღება.
2. საფუტკრე მეურნეობაში შესვლის უფლება აქვთ მხოლოდ პასუხისმგებელ პირ(ებ)ს, ვეტერინარ(ებ)ს.
3. მკვდარი ფუტკრისა და მადპ-ის განკარგვა უნდა მოხდეს „ტექნიკური რეგლამენტის – „ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტისა (მათ შორის ცხოველური ნარჩენების) და მეორეული პროდუქტის, რომლებიც არ არის გამიზნული ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, ჯანმრთელობისა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ბიზნესოპერატორის აღიარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის №605 დადგენილების შესაბამისად.
4. ეპიზოოტიურ კერაში უნდა ჩატარდეს საფუტკრე მეურნეობის დასუფთავება და გაუვნებლობა ამ წესის მე-12 მუხლის შესაბამისად.
დასუფთავება და გაუვნებლობა
1. ფუტკრის საცხოვრებელი, გარდა ნამჯისგან დამზადებულისა, გეჯებისა და ფუღუროს ტიპის არასტანდარტული საცხოვრებლებისა, გაუვნებლობამდე უნდა დასუფთავდეს ზედაპირების ჩამოფხეკით. ყურადღება უნდა მიექცეს სკის კონსტრუქციაში არსებული კუთხეებიდან, ბზარებიდან და წარმოქმნილი ღრუებიდან სხვადასხვა ნარჩენების მოცილებას.
2. ხისგან დამზადებული სკა, მისი ნაწილებიანად და ხის აღჭურვილობა (ჩარჩოები, თამასები, საკვებურები) დასუფთავების შემდგომ უნდა გაუვნებელყოფილ იქნეს ჩამოთვლილიდან ერთ-ერთი მეთოდით:
ა) ზედაპირებზე ცეცხლის ალის შემოტარებით. ცეცხლის ალით გამოწვა უნდა გაგრძელდეს ხის ზედაპირის ფერის ცვლილებამდე;
ბ) ზედაპირების დამუშავებით სადეზინფექციო ხსნარის საშუალებით, რომელიც შერჩეულია სააგენტოს მიერ ან/და სადეზინფექციო ხსნარის საშუალებით, რომელიც შეიცავს ნატრიუმის ჰიპოქლორიტს. დეზინფექტანტის ექსპოზიცია უნდა გაგრძელდეს 20 წუთის განმავლობაში;
გ) 160°C ტემპერატურის მქონე გამდნარ პარაფინში ჩატვირთვით სულ მცირე 10 წუთის განმავლობაში.
3. პლასტმასისგან დამზადებული სკების ზედაპირები, მათი დასუფთავების შემდგომ, უნდა გაიპოხოს სადეზინფექციო ხსნარით, რომელიც შეიცავს ნატრიუმის ჰიპოქლორიტს. დეზინფექტანტის მოქმედება უნდა გაგრძელდეს 20 წუთის განმავლობაში.
4. ნამჯისგან დამზადებული სკა, გეჯები და ფუღუროს ტიპის არასტანდარტული ფუტკრის სცხოვრებელი უნდა დაიწვას.
5. ფუტკრის ოჯახებიდან გამოწუნებული საკვები მარაგის შემცველი, ბარტყიანი და ცარიელი ფიჭები, მათი ნაწილები და ნარჩენები უნდა გაუვნებელყოფილ იქნეს ან განადგურდეს სახელმწიფო ვეტერინარის მიერ გაცემული მითითებების შესაბამისად.
6. სკის მცირე ზომის ნაწილები და ხის აღჭურვილობა (ჩარჩოები, თამასები, საკვებურები) თუ არ მოხდა მათი განადგურება დაწვით, დასუფთავების შემდეგ შესაძლოა გაუვნებელყოფილ იქნეს:
ა) 160°C ტემპერატურის მქონე გამდნარ პარაფინში ჩატვირთვით სულ მცირე 10 წუთის განმავლობაში;
ბ) 20 წუთის განმავლობაში იმ ბიოციდური საშუალებაში ჩატვირთვით, რომელიც მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავს ნატრიუმის ჰიპოქლორიტს.
7. საფარი ტილოები უნდა განადგურდეს დაწვით.
8. სკების წინ არსებული ნიადაგი უნდა დამუშავდეს იმ ბიოციდური საშუალების შესხურებით, რომელიც მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავს ნატრიუმის ჰიპოქლორიტს, რის შედეგად მიწა უნდა გადაიბაროს.
9. საფუტკრე მეურნეობაში წარმოებული ცვილის ნიშანდება/ეტიკეტირება ხორციელდება მითითებით, რომ ის წარმოადგენს ეპიდემიურ ცვილს და მისგან ხელოვნური ფიჭის დამზადებამდე აუცილებელია ცვილის გაუვნებელყოფა 121°C ტემპერატურაზე, 0.1 მპა წნევის ქვეშ, 30 წუთის განმავლობაში ან სხვა ვალიდირებული მეთოდის გამოყენებით:
ა) საფუტკრე მეურნეობაში წარმოებული ცვილის ნიშანდება/ეტიკეტირებას ახორციელებს პასუხისმგებელი პირი;
ბ) ცვილის დეზინფიცირება შესაძლოა მოხდეს ხელოვნური ფიჭის ბეჭდვის ეტაპზე.
კარანტინის მოხსნა
1. კარანტინი იხსნება სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე იმ შემთხვევაში, თუ:
ა) ამ წესის მე-10-მე-12 მუხლებით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩატარებიდან სულ მცირე 6 კვირაა გასული და საკარანტინო ზონაში არსებული ფუტკრის ოჯახების დათვალიერებით არ ვლინდება ამერიკული სიდამპლისთვის დამახასიათებელი სიმპტომები;
ბ) მკვდარი ფუტკრისა და მადპ-ის განკარგვა განხორციელდა ამ წესის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით.
2. კარანტინი იხსნება:
ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − სახელმწიფო რწმუნებულის მიერ;
ბ) ერთზე მეტი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − ამ მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქმედი სახელმწიფო რწმუნებულის ან საქართველოს მთავრობის მიერ.
მადპ–თან, ფუტკართან და მეფუტკრეობის სასურსათო დანიშნულების პროდუქტებთან დაკავშირებული სპეციალური მოთხოვნები
1. მადპ, რომელიც გამიზნულია ექსკლუზიურად მეფუტკრეობისათვის არ უნდა იყოს გატანილი ტერიტორიიდან, რომელიც ექვემდებარება ამერიკულ სიდამპლეზე აკრძალვას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სააგენტოს მიერ რისკი შეფასდა, როგორც უმნიშვნელო, გასცა სპეციალური ავტორიზაცია მხოლოდ ქვეყანაში გამოსაყენებლად, და მიღებულ იქნა ყველა სხვა საჭირო ზომა, ამერიკული სიდამპლის გავრცელების თავიდან ასაცილებლად;
2. ფუტკარი შეიძლება დაექვემდებაროს:
ა) გადაადგილებას (მათ შორის მთაბარობას), თუ წარმოშობით არის ისეთი არეალიდან, რომელიც არ ექვემდებარება ამერიკულ სიდამპლეზე შეზღუდვას ან ამ არეალში მოხსნილია კარანტინი;
ბ) ბაზარზე განთავსებას კარანტინის მოხსნიდან 30 დღის შემდეგ, ან თუ წარმოშობით არის ისეთი არეალიდან, რომელიც არ ექვემდებარება ამერიკულ სიდამპლეზე შეზღუდვას.
3. საფუტკრე მეურნეობიდან და მასთან არსებული თაფლის გადამამუშავებელი საწარმოდან ცხოველური პროდუქტების გატანისა და რეალიზაციის შეზღუდვა ვრცელდება ფუტკრის საკვებად განკუთვნილ მეფუტკრეობის პროდუქტებზე და არ ვრცელდება ადამიანის მიერ მოხმარებისათვის განკუთვნილი სასურსათო დანიშნულების მეფუტკრეობის პროდუქტებზე.
4. აკრძალულია ცვილის ფიჭის სახით იმპორტი და ტრანზიტი.
საგანგებო გეგმა
1. სააგენტო ვალდებულია შეიმუშაოს საგანგებო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იქნეს:
ა) ეპიზოოტიის სწრაფი და ეფექტიანი ლიკვიდაციისათვის ყველა სახის რესურსსა და ფინანსურ საჭიროებებზე ხელმისაწვდომობა;
ბ) რეგიონებში ამერიკული სიდამპლის ამთვისებელი ფუტკრის ოჯახების მაღალი სიმჭიდროვის ზონები, დაავადების შესახებ ინფორმირებულობის უზრუნველყოფის საშუალებები;
გ) შენობა-ნაგებობების, მოწყობილობების, პერსონალისა და ეპიზოოტიის სწრაფი და ეფექტიანი ლიკვიდაციისათვის საჭირო ყველა სხვა მასალისადმი წვდომა;
დ) ეპიზოოტიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების სწრაფი და ეფექტიანი ღონისძიებების კოორდინირებულად განხორციელების შესაძლებლობა;
ე) ლაბორატორიის პერსონალის და დიაგნოსტიკური გამოკვლევების ხელმისაწვდომობისათვის სწრაფი და ეფექტიანი კამპანიის განხორციელების შესაძლებლობა;
ვ) ინსტრუქციული სახელმძღვანელოს შემუშავება, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ამერიკული სიდამპლის ეპიზოოტიის (ეპიდემიის) შემთხვევაში გამოსაყენებელი ყველა პროცედურის, ინსტრუქციის და ზომების დეტალური, სრული და პრაქტიკული აღწერილობა.
2. ვეტერინარებმა და მეფუტკრე ფერმერებმა რეგულარულად უნდა გაიარონ სწავლებები ამერიკული სიდამპლის კონტროლის ღონისძიებებთან დაკავშირებით.
3. აღნიშნული საგანგებო გეგმა შემდგომში შესაძლოა შესწორდეს ან შეიცვალოს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით. ნებისმიერ შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია ხუთ წელიწადში ერთხელ განაახლოს საგანგებო გეგმა.
დანართი
საფუტკრე მეურნეობაში მეთაფლია ფუტკრის ამერიკული სიდამპლის კონტროლის ჟურნალი
რეგიონი ____________________________
მუნიციპალიტეტი ___________________ დასახლებული პუნქტი ______________ მისამართი _________________________
|
პასუხისმგებელი პირი ___________________________
საკონტაქტო ონფორმაცია _________________________ საფუტკრე მეურნეობის საიდენტიფიკაციო ნომერი ___________________ საფუტკრე მეურნეობის დასახელება ________________________________ |
დამატებითი ინფორმაცია __________________________ | |||
შემოწმების მეთოდი
|
შემოწმების თარიღი |
ამერიკული სიდამპლის კლინიკური ნიშნების მქონე ოჯახების საიდენტიფიკაციო ნომრები |
ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგი (ნიმუშის გადაგზავნის შემთხვევაში) |
ჩატარებული ღონისძიების მოკლე აღწერა მაგ.: ოჯახის განადგურება დაწვით, ოჯახების გაერთიანება, დედის მოკვლა და ა.შ. |
შენიშვნა |