აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებიმეფუტკრეობა

ფუტკრის ბუნებრივი გამრავლება – ნაყარობა

ფუტკრის ოჯახის ბუნებრივი გამრავლება ნაყარობის სახით ხდება. ბუნებრივი ნაყარობა რომ არა, ფუტკარი ჩვენამდე ვერ მოაღწევდა. ცხადია, ფუტკრის ყოველი ოჯახის წლიური განვითარება ნაყარობას აუცილებლად არ მოიცავს. ამისთვის უნდა არსებობდეს ბუნებრივი ხელშემწყობი პირობები. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ თანამედროვე სამრეწველო მეფუტკრეობა ებრძვის ბუნებრივ ნაყარიანობას, რადგან:

ნაყარობა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ფუტკრის ოჯახი ერთი ბიოლოგიური ორგანიზმია. ნაყარობის დროს ფუტკრის ოჯახი წარმოადგენს ერთიან რეპროდუქციულ ორგანოს, რომელიც საკმაოდ რთული ფიზიოლოგიური ცვლილებების შემდეგ იყოფა ორ ნაწილად. დედა ფუტკარი, მუშა და მამალი ფუტკრების ნაწილი გამოეყოფიან ძირითად ოჯახს და ცდილობენ შექმნან ახალი ოჯახი. დედა ფუტკარს, რამდენიმე ათას მუშა ფუტკარს და ასობით მამალ ფუტკარს, რომლებიც ბუნებრივად გამოეყვნენ ფუტკრის ოჯახს, ბუნებრივი ნაყარი ეწოდება, ხოლო გაყოფის პროცესს — ნაყარობა.

თვითონ ნაყარობის პროცესი უაღრესად შთამბეჭდავია. სკიდან ძალიან დამახასიათებელი გუგუნით 2—3 წუთში გამოდის რამდენიმე ათეული ათასი ფუტკარი, რომელიც ერთიან ღრუბლად განაგრძობს მოძრაობას და, ჩვეულებრივ, ხის ტოტს, ღობეს, რაიმე შენობას კონუსური ფორმის გუნდად შეეხვევა. ასეთნაირად შეხვეული ნაყარი 1 საათიდან 3-5 დღემდე შეიძლება გაჩერდეს (მინახავს ისეთი შემთხვევებიც, როცა ნაყარს ხის ტოტებზე ფიჭებიც ჰქონიათ ჩამოშენებული). ბუნებრივი ნაყარი ხშირად უცნაურ ადგილებს  შეეხვევა, რაც აძნელებს მის ჩამოხსნას (მაგ., 5—10 მ-იანი ხის წვრილ ტოტებს, ხის ვარჯს და მსხვილი ტოტები განშტოებებს, შენობა-ნაგებობების უსწორმასწორო ადგილებსა და ა.შ.) ასეთ შემთვევებში, ცხადია, ძნელდება ნაყარის ჩამოხსნა, რაც ხშირად მეფუტკრისგან გარკვეულ გამომგონებლობას მოითხოვს.

საერთოდ, ნაყარად გამოსული ფუტკარი, მიუხედავად დიდი მასისა, არც ისე ავია და ადვილად იტანს მანიპულირებას. მაგალითად, შეიძლება შეხვეული ნაყარი დიდი კოვზით ან აქანდაზით ავიღოთ ნაწილ-ნაწილ და ჩავყაროთ სანაყარე ყუთში, რომელშიც 2—3 მშრალი ფიჭა გვაქვს ჩადებული.

როცა ნაყარი მაღლა ხეზეა, შეიძლება გრძელ ბამბუკის ჯოხზე გამობმული მშრალი შავი ჩარჩო მივაბათ და შევახოთ ნაყარს — ჯერ ერთი, მერე მეორე მხრიდან. ფუტკრის ნაწილი გადმოვა ჩარჩოზე, რომელიც ჩამოგვაქვს ძირს და გამზადებულ ყუთში ვდებთ. ასე გავიმეორებთ რამდენიმეჯერ, სანამ ფუტკრის ძირითად მასას არ მოვხსნით. ბოლო ფუტკრების მოსაკრებად ბამბუკის ჯოხზე მიმაგრებულ ჩარჩოს მივიტანთ ნაყარის შეხვევის ადგილზე, მეორე ჯოხზე ვამაგრებთ ბალახის ან ფოთლებიანი ხის ტოტების ცოცხს და ავშლით ფუტკარს ცოცხით. აფრენილი ფუტკრის უმეტესი ნაწილი ჩარჩოზე დაჯდება. ასე გავიმეორებთ, სანამ უმეტესი ფუტკარი არ გადავა ჩარჩოზე, რომელსაც შემდეგ სხვა ჩარჩოებთან ერთად ჩავდგამთ სკაში. კარგია, თუ ახლად დასახლებულ ნაყარს ერთ ღიაბარტყიან-თაფლიან ჩარჩოს მისცემთ, ეს ამცირებს ნაყარის მიერ ბუდის მიტოვების ალბათობას. ის ფაქტი, რომ ნაყარის ფუტკარი იშვიათად ინესტრება, განპირობებულია ნაყარის არასრულფასოვნებით და ნაკლები წინააღმდეგობის უნარით. ნაყარი არასრულფასოვანი ოჯახია, მას აკლია ფუტკრის ოჯახის 3 შემადგენელი ნაწილი: საკვები მარაგი, აშენებული ბუდე და ბარტყი. თუმცა ზოგიერთ წიგნში შეხვდებით მცდარ დებულებას: ჩიჩახვში მარაგად აღებულ თაფლის გამო ფუტკარი ვერ იღუნება და ვერ ინესტრებაო. არ დაიჯეროთ! შეიძლება, სანანებლად გაგიხდეთ.

ჩვეულებრივად, დაბლა ხის წვრილ ტოტებზე შეხვეული ნაყარი ადვილი ჩამოსახსნელია. ამისთვის საკმარისია სანაყარე ყუთი, ან მჩატე 8-ჩარჩოიანი სკა, რამდენიმე მშრალი ფიჭით, ქვევიდან შეუდგათ (ისე, რომ ნაყარის კონუსური წვერი ფიჭებს შუა იყოს მოქცეული). ამის შემდეგ ხელი ან მძიმე კეტი დავცხოთ ტოტს ნაყარის ზევით. მე ასეთ თავღია სანაყარე ყუთს კაპრონის ლენტით ვკრავთ, რაც აადვილებს მის ჩამოკიდებას ნებისმიერ ტოტზე ხის, რკინის ან მსხვილი მავთულის კაუჭით.

უფის ორგანული ქიმიის ინსტიტუტი უშვებს პრეპარატ „აპიმილს”, რომელიც დედა ფუტკრის #1 ფერომონისა და მუშა ფუტკრების ნასონის ჯირკვლის გამონაყოფის სინთეზურ ანალოგს წარმოადგენს. ამ პრეპარატით პოხავენ სპეციალურ სანაყარეებს და კიდებენ საფუტკრეში ნაყარობის დროს. შედეგი თითქმის 100%-იანია. ცდის დროს 35 გამოსული ნაყარიდან ყველა აპიმილწასმულ სანაყარეს შეეხვია.

ნაყარ ფუტკარს დიდი ენერგია აქვს როგორც შენების, ასევე ნექტრის მოტანისა და გადამუშავებისთვის. ნაყარი ძირითადად შედგება ფიზიოლოგიურად გაუცვეთავი, კარგად განვითარებული, ცილოვანი ნივთიერებებით მდიდარი ფუტკრებისაგან; ამასთან ერთად ნაყარ ფუტკარს თან მიაქვს თაფლის მაქსიმალური რაოდენობა, რომელიც მას რამდენიმე დღე ჰყოფნის.

ახლად დასახლებულ ნაყარს ასაშენებელი ჩარჩოები ფრთხილად უნდა მივცეთ; ჯობია, მეორე-მესამე დღეს, რათა პირველ დღეებში ხელოვნური ფიჭები ფუტკრის სიმძიმემ არ ჩამოხიოს. აჯობებს, პირველად მცირედ წამოშენებული და ერთი ბარტყიან-თაფლიანი ფიჭა ჩავუდგათ.

აღსანიშნავია, რომ ნაყარად გასული ფუტკარი ივიწყებს ძველი სკის ადგილსამყოფელს, ამიტომ ახლად ჩამოხსნილ და სკაში დაბინავებულ ნაყარს შეგვიძლია ნებისმიერი ადგილი მივუჩინოთ.

ფუტკრის ოჯახების ხელოვნური გამრავლება

ფუტკრის ოჯახის ხელოვნურად (მეფუტკრის მიერ) გამრავლების რამდენიმე ხერხია ცნობილი. მათ ცალ-ცალკე განვიხილავთ. ამასთან შევეცდებით გავაანალიზოთ მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები.

ფუტკრის ოჯახების გამრავლება ინდივიდუალური და ნაკრები განაყოფებით

მეფუტკრის მიერ ფუტკრის ოჯახის ნაწილის ცალკე გამოყოფას ინდივიდუალური განაყოფი ეწოდება. ცხადია, ამისათვის ყველაზე ხელსაყრელი დრო ფუტკრის ოჯახის განვითარების III სტადიაა. ამ დროს ხდება ახალგაზრდა დაუსაქმებელი ფუტკრების დაგროვება, რაც, თუ ღალა არ არის მოსალოდნელი, ნაყარობით დამთავრდება. თუ ახლო მომავალში ღალიანობაა მოსალოდნელი, მაშინ განაყოფების შექმნისაგან თავი უნდა შევიკავოთ, რადგან ფუტკრის ოჯახისთვის რამდენიმე ჩარჩო ფუტკრის წართმევამ შეიძლება 8-10 კგ თაფლი დაგვაკარგინოს. ასეთ შემთხვევაში ხელოვნურ განაყოფებს ღალის დამთავრების შემდეგ ვაყალიბებთ (ასეთი სიტუაცია გვხვდება დასავლეთ საქართველოში აკაციის ყვავილობის წინ). ხელოვნური განაყოფების შექმნა მხოლოდ ძლიერი ოჯახებისაგან შეიძლება. სუსტი ოჯახებისაგან განაყოფებს ვერ მივიღებთ.

ხელოვნურ განაყოფს ჩვეულებრივად უდედოდ 4-5 ჩარჩოთი და ზედ მსხდომი ფუტკრით ქმნიან. თუ განაყოფებს იქვე ვტოვებთ საფუტკრეში, მათ კიდევ უნდა დავუმატოთ ფუტკარი 1-2 ჩარჩოდან, რადგან მოღალე ფუტკარი თავის სკაში დაბრუნდება და განაყოფი დასუსტდება. განაყოფს შეიძლება მივცეთ განაყოფიერებული დედა ფუტკარი, მწიფე სადედე, ან ვაცალოთ თვითონ გამოიყვანოს დედა. ეს უკანასკნელი შემთხვევა ძალზე არარენტაბელურია, რადგან დედა ფუტკრის გამოყვანის პროცესი 1 თვეს გრძელდება და ეს დრო განაყოფისათვის დაკარგულად უნდა ჩაითვალოს, თანაც შედარებით სუსტ განაყოფს ხარისხიანი დედა ფუტკრის გამოყვანა არ შეუძლია.

ხელოვნური განაყოფი ისეთი სიძლიერისა უნდა იყოს, რომ მას დამოუკიდებლად არსებობა შეეძლოს და მუდმივ მზრუნველობას არ საჭიროებდეს. ამისათვის კმარა 4-5 ჩარჩო ზედ მსხდომი ფუტკრით. აქედან 2-3 ბარტყიანი უნდა იყოს, ხოლო ორი კიდეში თაფლიან-ჭეოიანი. განაყოფების ფორმირების დროს ჭეოს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან  თაფლის დანაკლისის შევსება გაცილებით მარტივია, ვიდრე ყვავილის მტვრისა.

თუ ახლად შექმნილ განაყოფს განაყოფიერებელი დედა ფუტკარი უნდა მივცეთ, მაშინ დედა ფუტკარს გალიით განაყოფის ფორმირებისთანავე ვაძლევთ. თუ განაყოფს მწიფე სადედით ვაყალიბებთ, მაშინ მწიფე სადედე 4—8 საათის გავლის შემდეგ ან მეორე დღეს ეძლევა.

ხელოვნური განაყოფის ფორმირებისთვის შეგვიძლია ავიღოთ როგორც ღია, ასევე გადაბეჭდილბარტყიანი ჩარჩოები. მთავარი აქ არის მიზანი, რისთვისაც განაყოფს ვქმნით. ვაროატოზის პირობებში კარგი იქნება, თუ განაყოფის ფორმირებასა და ვაროატოზთან ბრძოლის ზოოტექნიკურ მეთოდს ერთმანეთს დავუკავშირებთ. განაყოფიერებულდედიანი განაყოფი უმჯობესია, ღია-ბარტყიანი ჩარჩოებით დავაკომპლექტოთ და ამავე დროს შევწამლოთ რომელიმე აპრობირებული აკრიციდით. მწიფესადედიანი განაყოფი, პირიქით, უმეტესად გადაბეჭდილბარტყიანი ჩარჩოებით კომპლექტდება, ხოლო ვაროას წინააღმდეგ წამლობა ფორმირებიდან მე-12—14 დღეს ხდება. ნაკრები გამონაყოფის ფორმირება არაფრით განსხვავდება ინდივინდუალური განაყოფების ფორმირებისაგან, გარდა იმისა, რომ ნაკრები განაყოფებისთვის ჩარჩოებს ზედ მსხდომი ფუტკრით სხვადასხვა ოჯახებიდან ვიღებთ. სხვადასხვა ოჯახებიდან აღებული ფუტკრიანი ჩარჩოების განაყოფად ფორმირების დროს ჩემს პრაქტიკაში არასდროს მიხმარია არომატიზებული სიროფები (პიტნის, კამის ან სხვა). თუ გეშინიათ, რომ სხვადასხვა ოჯახის ფუტკრები ერთმანეთში ბრძოლას დაიწყებენ, შეგიძლიათ ხელოვნური განაყოფის ყველა ჩარჩო ფორმირების  პროცესში პირდაპირ კი არ ჩადგათ ახალ სკაში, არამედ ჯერ იქიდან ფუტკარი ჩაფერთხოთ. ახალ სკაში ჩაფერთხილი ფუტკრები კარგავენ წინააღმდეგობის გაწევის უნარს, ერთმანეთში ირევიან და თავდაცვაზე აღარ ფიქრობენ.

ფუტკრის ოჯახის გამრავლება, ოჯახების შუაზე გაყოფა დაფრენით

ამ მეთოდით ფუტკრის ოჯახის გაყოფის უპირატესობა ის არის, რომ საკვები, ბარტყი და მოღალე ფუტკარი შედარებით თანაბრად ნაწილდება, რაც აადვილებს ახლად შექმნილი ოჯახების მოვლასა და დაცვას. თუმცა ეს მეთოდი უფრო შრომატევადია, ვიდრე წინა თავში აღწერილი მეთოდი.

შუაზე გაყოფა-დაფრენით ოჯახების გაყოფის დროს უნდა ავიღოთ ძირეული ოჯახის ფორმისა და ფერის სკა, რომელსაც ვდგამთ ძირითადი ოჯახის გვერდით და მასში ძირითადი ოჯახიდან გადმოგვაქვს ნახევარი რაოდენობის ჩარჩოები ზედ მსხდომი ფუტკრით, ბარტყითა და საკვებით. ამის შემდეგ ორივე სკას ისე ვალაგებთ, რომ ძირითადი სკის საფრენის ადგილიდან თანაბრად იყვნენ დაშორებული. რამდენიმე წუთში ვუბრუნდებით გაყოფილ ოჯახს და ვაკვირდებით მოფრენილი (შემოსული) ფუტკრის განაწილებას. თუ ის არათანაბარია, სკების რამდენიმე სანტიმეტრით გაწევით ვცდილობთ მათ თანაბრად განაწილებას. ამ პროცედურის ჩატარება შეიძლება კიდევ მოგვიწიოს 15—20 წუთის შემდეგ. ჩვეულებრივ, ამ დროს დედა ფუტკარს არ ვეძებთ, რაც ძლიერ ამარტივებს გაყოფის პროცესს. უდედო გამონაყოფს მეორე-მესამე დღეს ვადგენთ ჩამოშენებული სადედეების მოხედვით. ამ განაყოფს ვაძლევთ მწიფე სადედეს ან განაყოფიერებულ დედა ფუტკარს გალიით,  ან ვაცლით, თვითონ გამოიყვანოს დედა ფუტკარი.

ცხადია, ზემოთ განხილული გაყოფის დროსაც უმჯობესია, დედა ფუტკარი და ღიაბარტყიანი ჩარჩოები ერთ სკაში მოვაქციოთ, ხოლო გადაბეჭდილბარტყიანი ჩარჩოები — მეორეში, რომელსაც ახალ დედას ან მწიფე სადედეს მივცემთ. პირველი, დედიანი განაყოფი გაყოფის დღესვე შეიძლება დამუშავდეს ვაროას საწინააღმდეგო რომელიმე პრეპარატით, ხოლო მეორე  გადაბეჭდილბარტყიანი განაყოფი მუშავდება ორჯერ: გაყოფიდან 7—8 დღისა და 14—15 დღის შემდეგ. ამ პროცედურებით ტკიპით დაინვაზირების ხარისხი რამდერჯერმე მცირდება, რაც ზაფხულის განმავლობაში სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა.

ვახტანგ ღოღობერიძე „ელკანას” მრჩეველი მეფუტკრეობის დარგში

ჟურნალი „აგრარული საქართველო“ #16