ფუტკრის ძირითადი დაავადებების მკურნალობა ბიომეთოდით
დაიმახსოვრეთ! ქიმიური წამალი, რომელსაც ჩვენ ვხმარობთ ფუტკრის ოჯახის სამკურნალოდ გადადის ცვილში, სადაც ის 15 წლის განმავლობაშია. ჩაასხამს რა ფუტკარი ნექტარს ფიჭაჩი ცვოლიდან ყოველივე გადადის თაფლში. თაფლი მიღებიდან 40 წუთში გადადის ადამიანის სისხლში თავისი შემცველობით. ეკოლოგიურად სუფთა თაფლის მისაღებად უნდა ვეცადოთ გამოვიყენოთ ბუნებრივი სამკურნალო საშუალებები.
ფუტკრის უამრავლი სამკურნალო საშუალებები არსებობს. ამ სტატიაში გიამბობთ იმ სამკურნალო საშუალებებზე რომელსაც თვითონ ვიყენებ საფუტკრეში.
ტკიპების ჩამოსაყრელად ინერტული მასალების შეფრქვევა
ვაროას ტკიპები ფუტკრებზე მაგრდებიან ფეხების ბოლოზე არსებული ჩაღრმავებებით. თუ ისინი ამოივსო ინერტული მასალის წვრილი მტვრით, ტკიპი კარგავს ფუტკარზე დამაგრების უნარს და ძირს ეცემა. ამ მიზნით იყენებენ კარტოფილის ფქვილს, შაქრის პუდრს, ტალკს, თამბაქოს მტვერს. ყველა ეს ნივთიერება იწვევს ფუტკარზე მსხდომი ტკიპების ცვენას. ამათგან სხვაზე უვნებელი და ადვილად ხელმისაწვდომი შაქრის პუდრია. მას შედეგიანად იყენებენ პოლონელი მეფუტკრეები. ისინი თითოეულ ოჯახში აფრქვევენ 25-50 გრამ პუდრს 5-6 დღეში ერთხელ.
ცხარე, წითელი წიწაკის ნაყენი ვაროატოზის საწინაარმდეგოდ
ვაროატოზის საწინააღმდეგოდ ნ. შტემპელევსკიმ იმუშავა წითელი წიწაკის ნაყენის გამოყენება (“პჩელოვოდსტვო”, №7, 1987წ.). რეცეპტი და გამოყენების მეთოდი შემდეგია: ნაყენის მოსამზადებლად მაკრატლით ან დანით იჭრება 50-60 გრ გამხმარი წითელი წიწაკა 1სმ-იან ნაჭრებად, იყრება თერმოსში და ესხმება ერთი ლიტრი მდუღარე წყალი. ნაყენი იხუფება და ჩერდება 10-20 საათს. მიღებული ნაყენი შეიძლება შევასხუროთ ჩარჩოზე მსხდომ ფუტკარს. შესხურება შეიძლება ბარტყიან ჩარჩოებზეც. შესასხურებელ 1 ლიტრა ნაყენს ემატება 200 მლ რძე და 200 გრ შაქარი. ამ დროს ჰაერის ტემპერატურა 15 გრადუსზე ნაკლები არ უნდა იქნეს. შესასხურებლად ვიყენებთ ხელის პულვერიზატორს, ან საღებავების გამფრქვევს.
შესხურება წლის განმავლობაში ტარდება სამჯერ: 1. ადრე გაზაფხულზე, თაფლის გამოწურვის შემდეგ, და შემოდგომაზე, უბარტყო პერიოდში. თუ ოჯახს ბარტყი არ ჰყავს, მაშინ ერთხელ შესხურებაც საკმარისია. როცა ბარტყი ჰყავს, წიწაკის ნაყენს ვასხურებთ სამჯერადად 5-6 დღის ინტერვალით.
იმავე ნაყენით შეიძლება დავამუშაოთ ზაფხულის განმავლობაში შექმნილი უბარტყო ხელოვნური, ან დაჭერილი ბუნებრივი ნაყარები.
ნიორის წყალხსნარი და ექსტრატი
ნიორის წყალხსნარი მზადდება შემდეგი პროპორციით. 200 გრამ ხორცის საკეპ მანქანაში გატარებულ ნიორს ვათავსებთ მინის ქილაში და ვასხამთ 500 მლ წყალს. ქილას 24 საათით ვათავსებთ მაცივარში. წყალხსნარს ვაშხურებთ ჩარჩოებს ბუდეში ჩალაგების წინ, გამოიყენება ფუტკრის ოჯახების შეერთებისასაც.
ნიორის ექსტრატი მზადდება შემდეგნაირად: ვიღებთ 200 გრამ გატარებულ ნიორს, ვასხამთ 500 მლ 70º-იან სპირტს ან არაყს, ვაჩერებთ 14 დღეს მაცივარში. ასევე ვიღებთ 20 გრამ დიდგელს და ვასხამთ 500 მლ ისეთივე სპირტს და მასაც ვაჩერებთ 14 დღეს მაცივარში. ვფილტრავთ, შევურევთ თანაბარი რაოდენობით და ვაძლევთ 5 მლ-ს 1 ლიტრ სიროფზე. ეძლევა 200 გრამი სიროფი ოჯახზე 7 დღის განმავლობაში ადრე გაზაფხულზე.
მოქმედება: ასკოსფეროზის პროფილაქტიკა, ფუტკრის სტიმულაცია.
ქრისტესისხლას ნაყენი
ქრისტესისხლა გამოიყენება ყვავილობის დროს როგორც ნედლი ასევე ხმელი. მცენარე შხამია. 100 გრამ ახალ მცენარეს ყრიან ახალგადმოდუღებულ 2.0 ლიტრ წყალში. 25-30 წუთის შემდეგ მიიღება ნაყენი. გამხმარი ქრისტესისხლა გამოიყენება აპრილში, აგვისტო-სექტემბერში 6 სუფრის კოვზი იყრება 2.0 ლიტრ წყალში და ადუღებენ 5 წუთის განმავლობაში აშხურებენ ჩარჩოებს ჩალაგების წინ, სკის კედლებს, ძირს. სისტემური გამოყენებისას ფუტკარი კარგად მიდის ზამთარში.
მოქმედება: ანტისეპტიკური, კარგია ასკოსფეროზის და სიდამპლეების საწინააღმდეგოდ.
ბეგქონდარა
ბეგქონდარას ყვავილობის ფაზაში ახლად მოჭრილ მწვანე მასას ვატარებთ მანქანაში. ვიღებთ 100-150 გრამს და ვდებთ ორმაგ დოლბანდში. ედება ჩარჩოებს ზემოდან საფარი ტილოს ქვეშ. ბარტყიანობის დროს 12-15 დღეში ვცვლით. 1,5-2 თვეში ფუტკრის ოჯახი მთლიანად თავისუფლდება ტკიპიდან.
ცხარე, წიწაკის ნაყენის გამოყენება ნოზემატოზის საწინააღმდეგოდ
ვამზადებთ მწარე წიწაკის ნაყენს ზემოთ აღწერილი მეთოდით. მიღებული ნაყენის ერთი სუფრის კოვზი ერევა შაქრის სიროფს და ეძლევა ნოზემატოზით დაავადებულ ფუტკრის ოჯახს სამჯერადად 5-7 დღის ინტერვალით, 100-150 გრამი ერთ ჩარჩო ფუტკარზე.
აღსანიშნავია, რომ მწარე წიწაკის ნაყენი ძალიან მდიდარია ვიტამინებით, რითაც ხელს ვუწყობთ ფყუტკარს ოჯახის გამრავლებაში.
პრეპარატი КАС-81
ამ პრეპარატის სახელი მისი შემქმნელების გვარების საწყისი ასოებია. იგი ფიჭვის კვირტებისა და მწვავე აბზინდის ნახარშია, მომწარო გემოს ყავისფერი სითხეა. ფიჭვის კვირტებს ახალგაზრდა ყლორტებთან ერთად ამზადებენ ადრე გაზაფხულზე. ყლორტის სიგრძე 4-5 სმ-ს არ უნდა აღემატებოდეს. მწარე აბზინდა მზადდება ორ ჯერზე. პირველად გაზაფხულზე ფოთლები, ხოლო მეორე – ყვავილობის ფაზის დაწყებისას. ყველა შემადგენელი ნაწილი დამზადების შემდეგ შრება ჩრდილში და ინახება ქაღალდის ან ტილოს ტომრებში. ფიჭვის კვირტები შეიძლება ჰომეოპათიურ აფთიაქებშიც შევიძინოთ. პრეპარატის დამზადების რეცეპტურა შემდეგია: 50 გრ ფიჭვის კვირტებს, 50 გრ გაზაფხულის აბზინდას, 900 გრ ყვავილობის ფაზაში შეგროვებულ აბზინდას ჩაყრიან ემალირებულ ქვაბში, ასხამენ 10 ლ წყალს და ადუღებენ ნელ ცეცხლზე 2-3 საათის განმავლობაში. მიღებული ნახარში რჩებაა დათბუნებულ მდგომარეობაში რამოდენიმე საათს. 30-35 მლ ნახარში ერევა ერთ ლიტრ სიროფს. სამკურნალო სიროფი ეძლევა 3-4-ჯერ ადრე გაზაფხულზე ან საშემოდგომო მზადებისას 100-150 მლ-ის ოდენობით ყოველ ჩარჩო ფუტკარზე.
აღნიშნული ნახარში შეიძლება შეერიოს ყანდთან ერთად შაქრის პუდრს (50 მლ ყოველ კილოგრამზე). სამკურნალო პრეპარატი ეძლევა ოჯახს როგორც თებერვალ-მარტში, ასევე აგვისტო-სექტემბერში დაზამთრების წინ.
პრეპარატი “პჩოლკა” და მისი გამოყენება
პრეპარატი “პჩოლკა” ნივრისა და ფიჭვის წიწვების ეკსტრაქტია. იგი გაუმჭვირვალე სქელ ვაჟინისმაგვარ სითხეს, აქვს სპეციფიკური ნივრის სუნი, დაფასოებულია 60 მლ ჭურჭელში.
მეფუტკრეობაში მისი გამოყენება რეკომენდებულია ასკოსფეროზის, ვარიატოზის საწინააღმდეგოდ და დედა ფუტკრის საგაზაფხულო კვერცხდების სტიმულირებისათვის.
ეს პრეპარატი 1998-2000 წლებში კომპლექსურად შემოწმდა რიბნოეს მეფუტკრეობის აკადემიაში: ცდებით დადგინდა, რომ: 1. პრეპარატი 27%-ით ადიდებს ფუტკრის ოჯახში ბარტყის რაოდენობას. 2. შაქრის სიროფთან კვებისას მისი ასკოსფეროზის საწინააღმდეგო ეფექტურობა 80-88%-ია. 3. წვეთოვანი გზით ჩარჩოებს შორის ჩასხურებისას – 70-78%. 4. ჩარჩოებზე 10-12 მილილიტრის ოდენობით შესხურებისას კი ეფექტურობა 90-92% აღწევს. ასკოსფეროზის წინააღმდეგ იგი უფრო ეფექტური აღმოჩნდა, ვიდრე ასკოცინი. მისი გამოყენების წესი ასეთია:
1. როდესაც არ არის ასკოფეროზით დაავადების საშიშროება, და “პჩოლკას” პროფილაქტიკისა და ფუტკრის ოჯახის სტიმულირებისთვის ვიყენებთ. 3 მლ პრეპარატი გაერევა 1 ლ სიროფს, რომელსაც ჩავასხამთ საკვებურებში ან ცარიელ ფიჭებში – 100-150 გრამის ოდენობით ყოველ ჩარჩო ფუტკარზე. სამკურნალო სიროფი მიეცემა ოთხჯერ სამი-ოთხდღიანი ინტერვალით.
2. ასკოსფეროზის შემთხვევაში 1 ლ სიროფს უმატებენ 10 მლ პრეპარატს და აძლევენ ფუტკრის ოჯახებს ზემო აღნიშნული რაოდენობითა და ჯერადობით. წვრილ ნაკადად ჩარჩოებს შორის ჩასხმის მეთოდს მიმართავენ როცა ტემპერატურა 150ჩ-ზე დაბალია და შაქრის გაჭირვებაა.
სამკურნალო სიროფს ამზადებენ ხმარების წინ. ყოველ 100 გრ შაქარის სიროფს უმატებენ 3 მლ პრეპარატს და მორევით აზავებენ. მიღებულ სიროფს ასხამენ ჩარჩოებს შორის 10-15 მლ რაოდენობით თითო ჩარჩო ფუტკარზე. სანკურნალო სიროფი შეაქვთ 3-4 ჯერადად 3-დღიანი ინტერვალით.
4. აეროზოლური მეთოდით (შესხურებით). ყოველ 100 გრ. წყალს უმატებენ 6 მლ. პრეპარატს და ურევენ. მიღებულ ხსნარს ასხურებენ ყოველ ჩარჩო ფუტკარს 10-15 მლ რაოდენობით. სამუშაო სრულდება 3-ჯერადად 3 დღიანი ინტერვალით.
ბოლო დამუშავებიდან 14 დღის შემდეგ ფუტკრის ოჯახებს ათვალიერებენ. თუ აღმოჩნდა ასკოსფეროზით დაავადებული ბარტყი, მკურნალობას იმეორებენ. პროფილაქტიკის მიზნით სრულიად საკმარისია წელიწადში პრეპარატის ორჯერადად გამოყენება.
ფიჭვის წიწვის ექსტრაქტი ვაროატოზის საწინააღმდეგოდ
ფიჭვის წიწვის ექსტრაქტი ჩვენც შეგვიძლია დავამზადოთ. ამისთვის უმჯობესია ადრე გაზაფხულზე შეგროვებული მწვანე წიწვები და კვირტები. ისინი უნდა დავჭრათ კუნძზე ნაჯახით 2-3 სმ-იან ნაჭრებად. კუნძის ქვეშ უმჯობესია დავაფინოთ ბრეზენტი ან პოლიეთილენი, 1კგ დაკეპილ ფიჭვის წიწვებს ესხმება 4 ლ მდუღარე წყალი და კარგად დათბუნებული ინახება 10-12 საათს. 200 გრ. ექსტრაქტი ერევა 3 ლ სიროფს და ეძლევა ფუტკრის ოჯახს იგივე ჯერადობით.
აღსანიშნავია ისიც, რომ ფიჭვის ექსტრაქტი ფუტკრის ოჯახზე სტიმულატორად მოქმედებს. გრიგორიევისა და პოლტევის მიხედვით 15-20%-ით ზრდის გაზაფხულზე ბარტყის რაოდენობას. ფიჭის ექსტრაქტის გამოყენების დროს ვაროა კარგავს გამრაბლების უნარს ამიტომ მას ვიყენებ მთელი გაზაფხული აკაციის აყვავილებამდე და შემოდგომაზე ფუტკრის საშემოდგომო კვების დროს.
გადაბეჭდილი სამამლე ბარტყიანი ჩარჩოების ამოცლა და განადგურება
მეთოდის საწყისს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ სამამლე ბარტყში 4-ჯერ – 5-ჯერ მეტი ტკიპა შედის კვერცხის დასადებად, ვიდრე სამუშეში. აქედან გამომდინარე, ადრე გაზაფხულზე, როცა ოჯახში ბარტყიანი ჩარჩოების რაოდენობა 4-5-6-ს მოაღწევს, ბუდის შუაში ათავსებენ ასაშენებელ სამამლეუჯრედებიან, ან ჩვეულებრივი ხელოვნური ფიჭის წვრილ ზოლს (“ნიმუშს”) მიწებებულ ჩარჩოს, რომელზედაც ფუტკარი სამამლე უჯრებს Aაშენებს. ეს ჩარჩო მასში სამამლე ბარტყის უმეტესობის გადაბეჭდვის შემდეგ ამოაქვთ ოჯახიდან. ამოღებულ სამამლე ბარტყიან ჩარჩოს ადნობენ. უმჯობესია, სამამლე ბარტყი გამოვიყენოთ ცხოველების, ფრინველების ან ფუტკრის საკვებად. ფუტკრის საკვებად ახლად დაბეჭდილი ბარტყი ხელით იჭყლიტება და მიღებული სქელი რძისმაგვარი სითხე ისხმება შავ ფიჭებში და ეძლევა ფუტკრებს. შეიძლება ეს გამონაწური გავასტერილოთ 3 ლიტრიან ქილებში და შევინახოთ შემოდგომისათვის ფუტკრის საკვებად. ადრე შემოთავაზებული მეთოდი გადაბეჭდილი სამამლე ბარტყის დანით თავის გადაჭრისა და ისევ ოჯახში ჩაბრუნებისა ამჟამად უარყოფილია, რადგან ამ დროს იღუპებიან მხოლოდ ახალგაზრდა ტკიპები, მათი დედები კი ცოცხლად რჩებიან და აგრძელებენ გამრავლებას. გამოცდილი მეფუტკრის თეიმური ღოღობერიძის მიერ ჩატარებული იყო ცდები გადაბეჭდილ სამამლე ბარტყის ხელით ჩაჭყლეტაზე, რის შემდეგაც ზრდასრული ვაროას ტკიპები მამალი ფუტკრის გამონაწურში იხრჩობიან. ასე რომ, ბ-ნ თეიმურაზის რჩევით შეგიძლიათ ახლად გადაბეჭდილი სამალე ბარტყი თითებით ჩაჭყლიტოთ უჯრებში და ჩააბრუნოთ უკან ოჯახში. მას მუშა ფუტკრები თვითონ გადახსნიან, ამოწოვენ და გაასუფთავებენ. ასეთი სამამლე უჯრედებიანი ფიჭები აუცილებლად უნდა იყვნენ ზემოდან მონიშნული და ეს ოპერაციები ჩატარდეს ორ კვირაში ერთხელ. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელს შევუწყობთ ფუტკრის ოჯახში ვაროას ტკიპების გამრავლებას. ერთსა და იმავე პირობებში ვაროა ტკიპების გამრავლების კოეფიციენტი სამამლე ბარტყში 4-5-ის ტოლია, იმ დროს როცა სამუშე ბარტყში გამრავლების კოეფიციენტი მხოლოდ 2-ია.
ნოზემატოზის პროფილაქტიკა ბიომეთოდებით
ნოზემატოზი ფუტკრის ძალიან გავრცელებული და საშიში დაავადებაა. საქართველოში იგი ძირითადად ფარული ფორმით მიმდინარეობს ყველა საფუტკრეში. ჩვენთან ის კლასიკური ფორმით არ ვლინდება (ფაღარათით დასვრილი სკის კედლები, ჩარჩოები და მისაფრენი ფიცარი. ადრე გახაფხულზე ზანტად მცოცავი ფუტკარი და ერთი მუჭა ბარტყი). მეფუტკრეები ამ დაავადების პროფილაქტიკასა და მკურნალობას ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. არადა ეკონომიკური დანაკლისი ფუტკრის ნოზემატოზისგან ძალიან დიდია. ფუტკრებს ფეხებზე 32-400 ნაზემის სპორები აქვთ, ფრთებზე – 200-240, ანტენებსა და ხორთუმზე – 4-10. ამიტომ მკურნალობის გარდა ყურადღება უნდა მივაქციოთ ფიჭებისა და სკების დეზინფექციას. ფუტკრები ნოზემატოზით დაავადებულ დედა ფუტკრებს გაზაფხულზე მასობრივად ცვლიან, რითაც ფერხდება ოჯახის საგაზაფხულო განვითარება
მწარე აბზინდის ნაყენი და ექსტრაქტი ნოზემატოზის პროფილაქტიკისთვის
ნოზემატოზის საწინააღმდეგოდ რუსი მეფუტკრეები იყენებენ მწარე აბზინდის სპირტის ნაყენს. ჭურჭელს, რომელსაც თავი კარგად უნდა ეხურებოდეს, სანახევროდ ავსებენ მწარე აბზინდის (რომელსაც ასევე ვერცხლისფერ აბზინდას ან სამკურნალო აბზინდას ეძახიან) დაკეპილი მასით. ჭურჭელი შეივსება ღვინის სპირტით, დროდადრო თუ შევანჯღრევთ, უკეთესია. ერთ კვირაში ნაყენი მზადაა. ერთი სუფრის კოვზი ნაყენი ერევა ერთ ლიტრ სიროფს, რომელიც ყოველ ჩარჩო ფუტკარზე 100-150 მლ-ის ოდენობით ეძლევა ფუტკრის ოჯახს 3-ჯერ 5-7 დღის ინტერვალით.
ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ აბზინდის ნაყენი, რომელიც შემდეგნაირად მზადდება: ბაღის სეკატორით ვჭრით მწარე აბზინდას ორ-სამ სანტიმეტრიან ნაჭრებად და ვავსებთ 3 ლიტრიან ქილას. მას ესხმება მდუღარე წყალი, ეხურება პოლიეთილენის თავსახური და თბუნდება. გაცივების შემდეგ 0,5 ლ ექსტრაქტი ერევა 30-40 ლ სიროფს. სამკურნალო სიროფი ზემოაღნიშნული დოზებით და ჯერადობით ეძლევა დაავადებულ ფუტკრის ოჯახს. ჩემი რჩევა იქნება, ნოზემატოზის პროფილაქტიკური მკურნალობა ჩაატაროთ ფუტკრის ოჯახის საზამთროდ მზადებისას და ადრე გაზაფხულზე.
იუზა გიგაშვილი,
წყარო: www. bestbee.ge