დარგებიმეფუტკრეობა

ტყის, ბაღის და სუბტროპიკული თაფლოვანი მცენარეები

წაბლი

წაბლი, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული დასავლეთ საქართველოში და ტყის მცენარეულობაში საკმაოდ დიდი ხვედრითი წილი უკავია (20-25%). აღმოსავლეთ საქართველოში იგი გვხვდება ყვარლისა და ნაწილობრივ ლაგოდეხის, აგრეთვე ხაშურის რაიონებში. ყვავილობას იწყებს ივნისში და ვერტიკალური ზონალობის მიხედვით გრძელდება დაახლოებით 3 კვირას. საკმაოდ უხვი თაფლოვანია (230-260 კგ/ჰა), მისი ყვავილობის პერიოდი ნაწილობრივ ემთხვევა ცაცხვისას და ორივე ერთად ტყის ძირითად თაფლოვან მცენარეს წარმოადგენს. თაფლი მუქი აქვს, ძლიერი არომატით, მომწარო გემოთი (შერეული თაფლი), სუფთა სახით საკმაოდ მწარეა, თითქმის არ კრისტალდება, შეიცავს ალკალოიდებს, აღნიშნულია, როგორც კარგი საშუალება გულსისხლძარღვთა მკურნალობაში, კუპაჟირებისას მისი ხვედრითი წილი 10%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

ცაცხვი

ცაცხვი ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო თაფლოვანი მცენარეა ტყის ზონაში. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი რაიონებისა, შედარებით მცირე რაოდენობით გვხვდება ფშავის ხეობაში. ცნობილი ლიტერატურული წყაროების მიხედვით სათაფლე პროდუქტიულობა 1000 კგ/ჰა-ს აღწევს, საკონტროლო სკის დღიური წონამატი კი 10 კგ-ს. საქართველოში ეს მაჩვენებელი 3-4 კგ-ს არ აღემატება, რაც იმითაც არის განპირობებული, რომ მისი ხვედრითი წილი ტყის თაფლოვნებში ძალიან დიდი არ არის. ვერტიკალური ზონალობის გათვალისწინებით ყვავილობს 3 კვირამდე. მისი თაფლი გამჭვირვალე, ძლიერი, სასიამოვნო არომატის მქონეა, ღია ფერის, წარმოქმნილი კრისტალები სხვადასხვა ზომისაა, კრისტალდება 2-3 თვეში.

აკაცია

აკაცია  ფართოდ გავრცელებული თაფლოვანია პარკოსნების ოჯახიდან. იგი პირველი მნიშვნელოვანი თაფლოვანი მცენარეა გაზაფხულის პერიოდში. დაბლობ ზონაში ყვავილობას იწყებს 20 აპრილიდან, მისი ხანგრძლივობა 10 დღეს არ აღემატება. შესაფერისი ამინდების (მზიანი, უქარო, ნოტიო) პირობებში ნექტარს უხვად გამოყოფს, მაგრამ ყვავილობის პერიოდი თითქმის ყოველთვის უამინდობით აღინიშნება და შესაბამისად სასაქონლო თაფლს მცირე რაოდენობით იძლევა (სკის დღიური წონამატი არა უმეტეს 2,5 კგ-სა). თაფლი გამჭვირვალე, სუსტი არომატის მქონეა, ფრუქტოზის მაღალი შემცველობით, რის გამოც ძნელად კრისტალდება, ან შეიძლება სულაც არ დაკრისტალდეს. იგი მაღალხარისხოვან თაფლად ითვლება, თუმცა არ გამოირჩევა განსაკუთრებული მიმზიდველობით. მასში საქაროზის დასაშვები რაოდენობა 10%-ს შეადგენს, დიასტაზური აქტივობა _ 5 ერთეულს (გოტე).

სურო

სურო, როგორც თაფლოვანი, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია: ყვავილობს დაბლობ ზონაში სექტემბრის შუა რიცხვებიდან და ეს გრძელდება 12-15 დღეს. იგი უზრუნველყოფს ფუტკრის ოჯახში ბარტყის რაოდენობის ზრდას და საგვიანო ღალას, მაგრამ ზამთრის საკვებ მარაგში მისი მოხვედრა სახიფათოა სწრაფი დაკრისტალების უნარის გამო, რამაც შეიძლება

ფუტკრის შიმშილობა და დაღუპვა გამოიწვიოს. თაფლი მუქი მოწითალო ფერისაა, ძალიან ბლანტია, დამწიფებული პროდუქტის გამოწურვა ფიჭებიდან ძალიან ძნელია, რის გამოც მეფუტკრეები უმწიფარ თაფლს წურავენ, რომელიც შემდგომში თუ არ შესქელდება ხელოვნურად, საკმაოდ ჩქარა მჟავდება. გამლღვალი თაფლი ისევ სწრაფად კრისტალდება და ორგანოლეპტიკურად მიმზიდველია.

შქერი და იელი დასავლეთ საქართველოში ფართოდ გავრცელებული მცენარეებია. ყვავილობენ ივნისში, ფუტკრისათვის ნაკლებად მიმზიდველია ვეგეტატიური ნაწილების ტოქსიკურობის გამო, მაგრამ კონკურენტი თაფლოვანების არარსებობიდან გამომდინარე ფუტკარი მათგან სასაქონლო თაფლს აგროვებს, რომელიც ზოგიერთ წელს მომწამვლელია (ე.წ. მათრობელა). თაფლი მუქია, მოწითალო ფერის, აქვს დამახასიათებელი სიმწკლარტე, მომწამვლელ თვისებებს დიდხანს (წლობით) ინარჩუნებს, გაუვნებლების შემდეგ საკმაოდ მიმზიდველია.

ტყის თაფლოვანი მცენარეებიდან აღსანიშნავია ნეკერჩხალი, ზღმარტლი, წყავი (დასავლეთ საქართველოში), მაგრამ ეს მცენარეები მნიშვნელოვან მასივებს არ ქმნიან და შესაბამისად სასაქონლო თაფლს არ იძლევა.

 ბაღის თაფლოვანი მცენარეები

1) თესლოვნები:

 _ ვაშლი, მსხალი, კომში.

2) კურკოვანი მცენარეები:

 _ ქლიავი, ატამი, ნუში; ალუბალი, ბალი.

3) კენკროვანი თაფლოვნები:

 _ ჟოლო, შავი მოცხარი, ხურტკმელი;

4) ბოსტნეული კულტურები:

 _ კიტრი, ნესვი,  გოგრა,  საზამთრო.

 ამ მცენარეთა საერთო დამახასიათებელი ნიშანია დაბალი სათაფლე პროდუქტიულობა (20-100 კგ/ჰა), რაც ნაწილობრივ იმით აიხსნება, რომ მათი ყვავილობის პერიოდი გაზაფხულზე მოდის, როცა ამინდის არამდგრადობა უარყოფით გავლენას ახდენს სანექტრე ჯირკვლების ფუნქციონირებაზე. ამიტომ მათგან მიღებული ნექტრისა და ყვავილის მტვრის მოსავალი ფუტკრის ოჯახის განვითარებას ხმარდება (საარსებო ღალა). პირიქით, თქვენი მცდელობა იქით უნდა იყოს მიმართული, რომ ამ პერიოდში უზრუნველყოთ ჩამოთვლილ მცენარეთა ფუტკრისმიერი დამტვერვა.

   სუბტროპიკული თაფლოვანი მცენარეები

ა) მანდარინი;  ბ) ფორთოხალი;  გ) ლიმონი.

ამ თაფლოვნებიდან ფორთოხალი ყველაზე მნიშვნელოვანია, გარდა ამისა, მისგან მიღებული თაფლი ხარისხით ყველაზე უკეთესია. ჩვენი ქვეყნის პირობებში ციტრუსოვანი მცენარეები მაღალი სანექტრე პროდუქტიულობით არ გამოირჩევიან. მეტიც, ფუტკრის მიერ დამტვერვის შედეგად, ფორთოხალში გაზრდილი რაოდენობით წარმოიქმნება კურკები, რაც სარეალიზაციო ნაყოფისათვის სასურველი არ არის. მიუხედავად ამისა, ფუტკრისთვის ამ მცენარეთა საარსებო ღალა ნექტრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა გაზაფხულზე.

გიორგი მაძღარაშვილი, სმმ დოქტორი