ფუტკრის მოვლა წოლელა სკაში
ჩვენი ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში მეფუტკრეები ამჯობინებენ წოლელა ტიპის სკებს (საქართველოში ძირითადად გამოიყენება 16, 20 და 24-ჩარჩოიანი წოლელა სკები). მათი გამოყენების დროს მეფუტკრეს არ უწევს მძიმე კორპუსების აწევა და მისი სამუშაო მხოლოდ სკაში ჩარჩოების გადაადგილებით შემოიფარგლება, რაც საშუალებას იძლევა საფუტკრეს მოუაროს ერთმა, თუნდაც ხანდაზმულმა ადამიანმა. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, წოლელა სკების გამოყენება მიზანშეწონილია მცირე სტაციონარულ საფუტკრეებში. წოლელა სკა არ არის სამრეწველო საფუტკრის სკა, ამიტომ დიდ საფუტკრეებში მის გამოყენებას არ გირჩევთ.
ასეთი ტიპის სკების გამოყენების დროს საგაზაფხულო სამუშაოები ჩვეულებრივი სქემით მიმდინარეობს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წოლელა სკაში ბუდის გაფართოებისას ბარტყის გაციების შესაძლებლობა ძალიან მცირეა.
ბუდეს პირველად აფართოებენ, როდესაც ბარტყი გამოჩნდება ბოლოსწინა ჩარჩოზე ან ფუტკარი – უკანასკნელი ჩარჩოს შიდა მხარეს. ასეთ დროს დედა ფუტკრის მიერ დასაკვერცხად გამიზნულ, კარგი ხარისხის მშრალ ფიჭას ათავსებენ უკანასკნელბარტყიან ჩარჩოსა და კიდის ჩარჩოს შორის. ასეთივე წესი გამოიყენება ასაშენებელი ჩარჩოს მისაცემადაც. ბუდის გასაფართოებლად მშრალი ფიჭა და ასაშენებელი ჩარჩოები ბუდის შუაგულში უნდა მოთავსდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ფუტკრის ოჯახი საგრძნობლად გაძლიერდება და ბუნებაში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს (როცა ბარტყი 5-6 ჩარჩოზე იქნება). ასეთ შემთხვევაში ჩვენ გირჩევთ ბუდის შუაში ყოველ ორბარტყიან ჩარჩოზე ერთი ასაშენებელი ჩარჩო მისცეთ.
წოლელა სკებისათვის დამუშავებულია ბუდის ერთჯერადი გაფართოების მეთოდი (ჩაიკინის მეთოდი), რომლის საფუძველს წარმოადგენს ფუტკრის თვისება – განათავსოს ბარტყი საფრენთან ახლოს. ერთჯერადი გაფართოება მიმდინარეობს შემდეგნაირად: როდესაც ოჯახი საკმაოდ მოძლიერდება, ფუტკარი ფარავს მინიმუმ 10 ჩარჩოს, ხოლო ბარტყი – 7-8-ს, ბუდის ყველა ჩარჩო გადააქვთ საფრენის საწინააღმდეგო მხარეს, ხოლო გათავისუფლებულ ადგილას ათავსებენ მორიგეობით მშრალ ფიჭასა და ასაშენებელ ჩარჩოებს. ფუტკრის ოჯახი ყოველთვის ცდილობს, თაფლი საფრენიდან შორს განათავსოს, რათა იგი უკეთესად იყოს დაცული ქურდი ფუტკრებისაგან, ხოლო ბარტყი 100მეფუტკრეობა იმ ჩარჩოებზე დასხას, რომლებიც საფრენთან ახლოსაა. ეს იმიტომ, რომ ბარტყის გამოზრდას დიდი რაოდენობით ჟანგბადი ესაჭიროება. ყოველივე ზემოთქმულის შედეგად ერთჯერადი გაფართოება აიძულებს ოჯახს, სწრაფად ააშენოს და აითვისოს ახალი ჩარჩოები.
წოლელა ტიპის სკების გამოყენების დროს ნაყარიანობის თავიდან ასაცილებლად და ძირითადი ღალისათვის ფუტკრის მაქსიმალური რაოდენობის გამოსაზრდელად ხშირად იყენებენ დამხმარე დედებს. დროებითი ნაყარის ფორმირება შემდეგნაირად ხორციელდება: სკას ყრუ გამყოფით ტიხრავენ, ამასთან, ორივე განყოფილებას უნდა ჰქონდეს თავისი საფრენი. დამხმარე ნაყარის შესაქმნელად, რომელიც წოლელა სკის მეორე განყოფილებაში განთავსდება, იყენებენ განაყოფიერებულ დედას ან მწიფე სადედეს. მას შემდეგ, რაც ახალი დედა ფუტკარი შეუდგება კვერცხდებას, დამხმარე ნაყარს აძლიერებენ გამოსასვლელად გამზადებული ბარტყიანი ჩარჩოებით, რომლებსაც ძირითადი ოჯახიდან იღებენ. ნაყარის ფორმირებიდან ერთი თვის შემდეგ ფუტკარი უკვე 11-12 ჩარჩოს ფარავს. ღალის დაწყების წინ ძირითადი ოჯახის ძველ დედა ფუტკარს სპობენ, შემდეგ ძირითად ოჯახსა და დამხმარე ნაყარს აერთიანებენ, რისთვისაც ამოიღებენ ტიხარს და მის ადგილას ათავსებენ ფიჭას, რომელშიც შაქრის სიროფია ჩასხმული. შედეგად იღებენ ძალზე ძლიერ ოჯახს, რომელსაც 14-16 ჩარჩო ბარტყი ჰყავს. კარგი ღალის დროს ასეთ სკაზე ათავსებენ საკუჭნაოს.
ზოგირთი მეფუტკრე ძირითადი ოჯახის დედა ფუტკარს იყენებს 2-3 ჩარჩოიანი დროებითი ნაყარის შესაქმნელად, რომელსაც საშემოდგომოდ აერთიანებს ძირითად ოჯახთან. ეს საშუალებას გვაძლევს ზამთრისათვის ფუტკრის დამატებითი რაოდენობა გამოვზარდოთ. გვიან შემოდგომაზე ძველ დედას სპობენ და ძველ დედაზე შექმნილ განაყოფს ძირითად ოჯახს უერთებენ.
„მეფუტკრეობა“
თემურ ღოღობერიძე, გოგი მაძღარაშვილი, მაია ფეიქრიშვილი, ცირა ნაფეტვარიძე, ლიზა ბალიაშვილი, ალექსანდრე კორძახია, შალვა კვეზერელი