დარგებიმეფუტკრეობა

ფუტკრის მოზამთრე გუნდის მოძრაობა,შიმშილისგან დაცვა, მოზამთრე გუნდის ხმა

ფუტკრის მოზამთრე გუნდის მოძრაობა იწყება ფიჭის ქვემო ნაწილიდან, საფრენის სიახლოვეს და თანდათან ზემოთ მიიწევს, ბოლოს სკის უკანა კედლისაკენ მიიმართება, რასაც გუნდისათვის დაცვითი ფუნქცია აქვს:

ზამთრობის ბოლოს იგი აღმოჩნდება იმ ადგილზე, სადაც უფრო მეტია სითბო და ნაკლებია ჰაერის ცივი ნაკადის მოხვედრა, რაც კვერცხდების დაწყებას ხელს უშლის.

შესაძლებელია, ფიჭაში აღმოჩნდეს ადვილადკრისტალებადი თაფლის გარკვეული ფენა, რომლის გადალახვა ფუტკრის გუნდს არ ძალუძს. ასეთ შემთხვევაში გუნდი შეიძლება შიმშილით დაიღუპოს, თუნდაც უფრო ზემოთ თხევადი თაფლის მარაგი იყოს. იგივე შემთხვევასთან გვექნება საქმე, თუ ფიჭის ერთ მხარეზე საკვების მარაგის შეზღუდულობაა და სკის გარეთ არსებული უამინდობა გუნდს გადაჯგუფების საშუალებას არ აძლევს. სხვა შემთხვევაში გუნდს შეუძლია, დაძლიოს ასეთი სირთულეები და შიმშილს გადაურჩეს.

შიმშილისგან დაცვა

ზამთრობის პერიოდის გაუთვალისწინებელი სახით მიმდინარეობისას (ამინდის არატიპიური ცვალებადობა, ცივი პერიოდის გახანგრძლივება) შეიძლება ბუდეში შეიქმნას საკვების დეფიციტი, რომლის დასაძლევად მეფუტკრემ უნდა ჩაატაროს დამატებითი გამოკვება. ამ შემთხვევისათვის გამოყენებული საკვები საშუალებები, როგორც წესი, ნახშირწყლებისაგან შედგება და ორი სახეობისაა: თხევადი და ცომისებრი. თხევად საკვებად იყენებენ შაქრის კონ-ცენტრირებულ სიროფს (Буренин и Котова,1984), აგრეთვე მაღალკონცენტრულ (76-77მას.%) ინვერსიულ სიროფს. თხევადი საკვების უპირატესობა ისაა, რომ იგი კონცენტრაციით თაფლის ანალოგიურია, თუმცა იმის გამო, რომ სიროფის ნაწილი ფუტკარს ფიჭაში გადააქვს, ინვერსიული სიროფის დაკრისტალებისა და ამჟავების საფრთხეც ნაკლებია მაღალი კონცენტრაციის გამო.

დამატებითი საკვები ფუტკარს მაშინ მიეცით, თუ გუნდმა ჩარჩოს ზედა თამასას მიაღწია, ე.ი. საკვებთან უშუალოდ აქვს შეხება, წინააღმდეგ შემთხვევაში საკვები აუთვისებელი რჩება.

ინვერსიული სიროფის ერთ-ერთი უპირატესობა ის არის, რომ მისი მიცემისას მოზამთრე გუნდი არ აქტიურდება, რაც არსებითია ფუტკრისთვის ამ პერიოდში. 0,5-0,8 ლ ინვერსიული სიროფი ფუტკრის ოჯახისათვის საკმარისია 15-20 დღის განმავლობაში. უფრო ხშირი კვება სასურველი არ არის.

ტრადიციულად ცომისებრი საკვების გამოყენება ზამთრობის პერიოდში უფრო გავრცელებულია იმის გამო, რომ მეფუტკრეთა საზოგადოება მას უკეთესად იცნობს, მაგრამ კანდის მოხმარებას აქვს რიგი უარყოფითი მოვლენებისა: კანდი ძვირადღირებულია იმის გამო, რომ მისი დამზადება ტექნიკურად უფრო რთულია (ინვერსიული სიროფის მომზადებაკონდიცირება, შაქრის დაფქვა, კომპონენტების შერევა, მოზელა, შეფუთვა). ამის გამო კანდის ღირებულება ინვერსიული შაქრის ამ მაჩვენებელზე ორჯერ მეტია. ჯერჯერობით კანდის გამოყენების ერთ-ერთი დადებითი მხარე იმაშია, რომ მასში შეიძლება ჩაირთოს არაწყალხსნადი პროტეინოვანი საკვები საშუალებები ნებისმიერი რაოდენობით და ნაზავი ხანგრძლივად ინარჩუნებს ფიზიკურ ფორმას.

მოზამთრე გუნდის ხმა

ნორმალურად მოზამთრე ფუტკარს ახასიათებს მშვიდი, თანაბარი ზუზუნი. თუ მას რაიმე აწუხებს (დაავადებები, ბუდეში გაჩენილი თაგვი, საზამთრე ნაგებობაში, მაღალი ტემპერატურა), ხმაური მატულობს, შიმშილობის გამო გუნდი გამოსცემს შრიალისმაგვარ ხმას.

მეფუტკრემ პერიოდულად უნდა შეამოწმოს მოზამთრე გუნდის ხმა, გამოარკვიოს გაზრდილი ხმაურის მიზეზი და შეასრულოს ყველა სამუშაო მდგომარეობის ნორმალიზაციისათვის.

გიორგი მაძღარაშვილი, 

სოფლის მეურნეობის მეცნიერების დოქტორი